შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კითხვის მნიშვნელობა

კითხვის მნიშვნელობა მხოლოდ მოცემული ტექსტის
გააზრებით არ შემოიფარგლება. კითხვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ ზეგავლენას
ახდენს სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე. აღნიშნული ზეგავლენის ხარისხი დამოკიდებულია
კითხვის მოცულობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად ბევრს კითხულობს ბავშვი.   

მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ბავშვები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან კითხვის უნარის ფლობის თვალსაზრისით. მკვლევარები ხაზს უსვამენ ბეჭდურ
მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. წიგნის და ზოგადად, კითხვის მიმართ
ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპირობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად და
რა სიტუაციებში ჰქონდა ბავშვს, სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება (მაგალითად,
რამდენად ხშირად უკითხავდნენ წიგნებს, ან რამდენად უკავშირდებოდა წიგნის კითხვა სხვა
სასიამოვნო პროცესებს). კითხვის უნარის დაუფლების პროცესში მნიშვნელოვანია მიბაძვის
ფაქტორი: ბავშვის გარშემო მკითხველების არსებობა ხშირად აისახება კითხვის მიმართ მის
დამოკიდებულებაზე მომდევნო წლებში.

კითხვის უნარის განვითარების შეფერხების მიზეზი,
რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა. აქედან გამომდინარე, განათლების
მიღების საწყის ეტაპზე მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპეციალური
საჭიროებების მქონე ბავშვებთან მიმართებაში.  

ბავშვებს კითხვას იმისთვის ვასწავლით, რომ მათ
ცოდნის მიღება შეძლონ. საწყის ეტაპზე კითხვა ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს,
ნელ-ნელა კი ის ავტომატურ პროცესად ყალიბდება. ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების
შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით
დამოკიდებულებას უჩენს, რის გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება.  

 

განათლების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ
ბავშვის ლექსიკის ძირითადი ნაწილის განვითარება სწავლების პროცესში არ ხდება. ბევრი
მკვლევარი დარწმუნებულია, რომ სწორედ კითხვა და არა ზეპირი მეტყველება ახდენს ზეგავლენას
ლექსიკურ სიმდიდრეზე. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვადასხვა ტექსტის ლექსიკური
სიმდიდრე გააანალიზეს. ეს მახასიათებელი იმის მიხედვით განისაზღვრა, თუ რამდენად იშვიათი
სიტყვები იყო მოცემული თითოეულ ტექსტში. სიტყვის ,,იშვიათობა” ინგლისური სიტყვების
სტანდარტული სიხშირეების მიხედვით დადგინდა. მაგალითად, ხშირად გამოყენების თვალსაზრისით,
სიაში პირველ ადგილზეა სიტყვა “the” (არტიკლი
ინგლისურ ენაში), მე-100 ადგილზე არის სიტყვა “ცოდნა”, მე-16000 ადგილზე კი _ სიტყვა
“გამაძლიერებელი”. მკვლევარებმა ტექსტის ლექსიკური სიმდიდრე ზემოაღნიშნულ სიაში მისი
სიტყვების ადგილმდებარეობის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე შეაფასეს. ანალიზის შედეგების
განხილვისას ცხადი გახდა, რომ ზეპირი მეტყველება (სატელევიზიო გადაცემები, ზრდასრულთა
საუბარი) ბევრად უფრო ღარიბია ლექსიკური თვალსაზრისით, ვიდრე ნაბეჭდი ტექსტები (ჟურნალ-გაზეთების
სტატიები, ზრდასრულთა და საბავშვო წიგნები, სამეცნიერო სტატიები და ა.შ.). აღსანიშნავია,
რომ საბავშვო წიგნებშიც კი უფრო იშვიათი სიტყვები გვხვდება, ვიდრე ზეპირ მეტყველებაში
(პოპულარული სატელევიზიო გადაცემები, საბავშვო გადაცემები ა.შ.).

 

სხვადასხვა ტექსტს შორის განსხვავება, იშვიათი
სიტყვების გამოყენების კუთხით, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენს ბავშვის ლექსიკის განვითარებაზე.
თუ ძირითადი ლექსიკური მარაგის შევსება ფორმალური სწავლების პროცესის მიღმა ხდება,
მაშინ ახალი სიტყვების სწავლის საშუალებად ზეპირი მეტყველება და წერილობითი ტექსტები
რჩება. ვინაიდან იშვიათი სიტყვები უფრო ხშირად წერილობით ტექსტებშია გამოყენებული,
კითხვა ბავშვს მათი ათვისების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ამ შემთხვევაში, იშვიათ სიტყვად
ითვლება ყველა ის სიტყვა, რომელთა ადგილი ინგლისური სიტყვების სტანდარტულ სიხშირეთა
ჩამონათვალში 10 000-ზე ზემოთ არის; ანუ ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე-4-მე-6 კლასელის
ლექსიკური მარაგის მიღმაა. პოპულარული ჟურნალიც კი, სატელევზიო გადაცემასთან და ზრდასრულთა
საუბართან შედარებით, სამჯერ მეტ “იშვიათ” სიტყვას იყენებს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის
აზრით, ამ კუთხით, ბეჭდური ტექსტის მნიშვნელობა გაზვიადებულია და მათში გამოყენებული
“იშვიათი” სიტყვები აკადემიური, ან კონკრეტული სფეროსთვის დამახასიათებელი ტერმინებია,
ან ისეთ სიტყვებია, რომლებსაც რეალური ფუნქციური დანიშნულება არ აქვთ. აღნიშნული არგუმენტის
მცადრობას ადვილად შევამჩნევთ, თუ “იშვიათ” სიტყვებს დავაკვირდებით. მათ კატეგორიაში
ხვდება: “მონაწილეობა”, “ფუფუნება”, “გამოწვევა”, “მანევრი”, “გათანაბრება”, “უსასრულო”
და ა.შ. ეს ის სიტყვებია, რომელთა ცოდნაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენს გარშემო არსებული
ფიზიკური და სოციალური სამყაროს აღქმა და კრიტიკული შეფასება მოვახდინოთ. ,,ადამიანი,
რომელიც ცხადად ვერ ხედავს განსხვავებას განზრახვის გამოხატვასა და დაპირებას, შეცდომასა
და გაუგებრობას, მცდარი შეხედულების ქონასა და ტყუილს შორის, უნდა ერიდოს იურისტის
ან თუნდაც თეოლოგის კარიერას”, _ აღნიშნავს წიგნიერების სფეროს მკვლევარი დ. ოლსონი. 

 

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, რამდენიმე მკვლევარმა
(ანდერსონი, უილსონი და ფილდინგი) მე-5 კლასის მოსწავლეთა მიერ, რამდენიმე თვის მანძილზე,
კლასგარეშე მასალების ყოველდღიური კითხვის ხანგრძლივობა გააანალიზა. ანალიზის შედეგები
განსაცვიფრებელია: კითხვის მოყვარული ბავშვები, რომლებიც, კითხვის ხანგრძლივობის თვალსაზრისით,
ზედა 10%-ს შეადგენენ, წელიწადში, საშუალოდ, 200-ჯერ მეტ სიტყვას კითხულობენ, ვიდრე
ისინი, რომლებიც კითხვას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ (ქვედა 10%). მეცნიერები ვარაუდობენ,
რომ სწორედ ბავშვებს შორის კითხვაზე დახარჯულ დროში ასეთი დიდი განსხვავება და ბეჭდური
ტექსტის ლექსიკური სიმდიდრე იწვევს მათ შორის, ლექსიკის ფლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან
განსხვავებას.  

 

მიუხედავად აღნიშნული დასკვნისა, რთულია ამ
ფაქტორის როლის საბოლოოდ განსაზღვრა. მკვლევარები ქანინგემი და სტანოვიჩი შეეცადნენ,
გამოეკვლიათ და შეეფასებინათ კლასგარეშე კითხვის მოცულობის უნიკალური როლი კითხვის
უნარის, ვერბალური ინტელექტისა და ზოგადი ცოდნის განვითარებაში მე-3-მე-5 კლასების
მოსწავლეებს შორის. მკვლევარები უშვებდნენ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ,
ტექსტის გაგების უკეთესი უნარი აქვთ, რაც თავისთავად ხელს უწყობს ლექსიკის განვითარებას.
ამ შემთხვევაში კი, რთულია, ცალკე გამოიყოს მხოლოდ კითხვის მოცულობის ეფექტი. სხვადასხვა
კვლევისა და სტატისტიკური მეთოდის გამოყენების შედეგად, მკვლევარები იმ დასკვნამდე
მივიდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კითხვის მოცულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
ბავშვების ლექსიკურ მარაგსა და ზოგად ცოდნაზე. ტექსტის გაგების ერთნაირად სუსტი უნარისა
და ერთნაირად სუსტი ზოგადი უნარების მქონე ბავშვებს შორის განსხვავება, ლექსიკური მარაგისა
და ზოგადი ცოდნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს კითხულობს
ბავშვი. რაც უფრო მეტს კითხულობს ის, მით უფრო მდიდარია მისი ლექსიკა და ფართოა ზოგადი
ცოდნა, მიუხედავად ისეთი შემაფერხებელი ფაქტორებისა, როგორიცაა: შედარებით დაბალი ინტელექტის
კოეფიციენტი, სისუსტეები ზოგადი უნარებისა და ტექსტის გაგების უნარის კუთხით. ერთ-ერთი
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების ზოგადი ცოდნა, მიუხედავად მათი
ზოგადი უნარებისა, უფრო ფართო იყო აქტიური მკითხველების შემთხვევაში და უფრო ვიწრო
_ სატელევიზიო გადაცემის აქტიურ მაყურებელთა შორის. ამრიგად, ყველაზე მეტად ინფორმირებულია
ის, ვინც ყველაზე მეტს კითხულობს და ყველაზე ნაკლებად უყურებს სატელევიზიო გადაცემებს.

 

როგორც აღვნიშნეთ, მრავალი კვლევა ადასტურებს,
რომ კითხვის მოცულობა სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას.
საინტერესოა, რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას.
მრავალწლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, ამ მხრივ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს
კითხვის უნარის ადრეულ ასაკში დაუფლება წარმოადგენს. პირველ კლასში სიტყვის ცნობის
და ტექსტის გაგების უნარი მნიშვნელოვნად განაპირობებს ამავე ბავშვების მიერ მე-11 კლასში
წაკითხული მასალის მოცულობას. საინტერესოა, რომ, ამ თვალსაზრისით, პირველკლასელთა ინტელექტის
კოეფიციენტი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. როგორც აღნიშნული შედეგი მიანიშნებს,
ის მოსწავლეები, რომლებიც თავიდანვე სწრაფად და ეფექტურად სწავლობენ კითხვას, მომდევნო
წლებში უფრო მეტს კითხულობენ. გარდა ამისა, ხშირმა კითხვამ შესაძლოა, შედარებით დაბალი
კოგნიტური შესაძლებლობების კომპენსირებაც მოახდინოს ბავშვის ლექსიკისა და ზოგადი ცოდნის
განვითარების გზით.  

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი