პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვები იცვლებიან, როცა მშობლები ცვლიან აღზრდის მეთოდებს

დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს ძალიან უჭირთ გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, ათვისების უნარებიც  გაუარესებული აქვთ წინა თაობებთან შედარებით და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. რამდენიმე ხნის წინ არაქართულ საგანმანათლებლო საიტზე წავაწყდი ფსიქოლოგის განსჯებს ამავე თემაზე, თავისი განმარტებებითა და რჩევებით და მინდოდა, ჩვენი მკითხველისთვის გამეზიარებინა. სწორედ ამ პერიოდში დედამიწა კორონას სადარდებელმა მოიცვა და მოვლენებიც ელვის უსწრაფესად განვითარდა. მიმდინარე პროცესებმა ამ საკითხებზე კიდევ ახალი კუთხით შეგვახედა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ტვინი ,,დამყოლია“ და გარემო ფაქტორების მიხედვით ვითარდება. შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ,,ძლიერი“ , ან  ,,სუსტი“. ბუნებრივია, მშობელს ბავშვთან მიმართებაში საუკეთესო სურვილები ამოძრავებს, მაგრამ ხშირად მაინც არასწორი გზით მიდის.

დღეს ბავშვების უმეტესობა მყისიერად ისრულებს ყველა სურვილს: იტყვიან ,,მშია“ და მშობელი წუთში შესთავაზებს იქვე შეძენილ რამეს, ,,მწყურიასაც“ იგივე პასუხი მოსდევს, ,,მომეწყინა, რა გავაკეთო?“ იტყვის ბავშვი და მაშინათვე ტელეფონს მივაჩეჩებთ.

ამგვარი რეაგირებით მშობელი მოკლე ხნით ,,აბედნიერებს“ ბავშვს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი  წარუმატებლობისთვის იმეტებს. ეს მიდგომა გზას უჭრის ბავშვს, განივითაროს მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გადადების უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის გზაზე  საკვანძო უნარს წარმოადგენს. თუ ადამიანს შეუძლია, გადადოს/შეაყოვნოს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ის სტრესულ სიტუაციაშიც ინარჩუნებს ფუნქციონირების უნარს. საწინააღმდეგო მიდგომით, ბავშვები ვეღარ უმკლავდებიან უმნიშვნელო სტრესულ სიტუაციებსაც კი, რაც უდიდეს წინააღმდეგობას უქმნის ცხოვრებაში.

ყველა წავწყდომივართ ბავშვის მიერ გათამაშებულ მძაფრ სცენებს ქუჩაში, ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში, როცა  რაიმე სურვილზე ,,არას“ ეუბნებიან. ეს არის რეაქცია მისი ტვინისა, რომელიც მიეჩვია, უმალ მიიღოს ყველაფერი, რაც მოუნდება.

იგივე ქცევა გრძელდება ზრდასრულობაშიც. სამწუხაროდ, გვაქვს უახლესი მაგალითები: საშიშროება კი არის, მაგრამ ევროპაში მოგზაურობა რატომ უნდა გადავდო? თვითიზოლაციაში კი ვარ, მაგრამ თუ გარეთ გასვლა ან ვინმეს მონახულება მინდა, რას დაველოდო? და ასე შემდეგ.

ეს პრობლემა ბავშვობიდან იღებს სათავეს. ბავშვმა ველოსიპედით რომ იაროს, ამისთვის უნდა ვავარჯიშოთ, ასევე სჭირდება ვარჯიში ბავშვის ტვინს, რომ მან მოცდა, მოთმინება ისწავლოს.

მშობლები ბავშვს უქმნიან ხელოვნურ სამყაროს, სადაც სულ გართობა და მხიარულებაა და არ არის მოწყენილობა. თუ შევნიშნეთ, რომ ბავშვი მოწყენილია, მაშინათვე მივრბივართ, რომ ახალი გასართობი მივუმარჯვოთ. ასე გვესმის კარგი მშობლის როლი. ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ,  ბავშვები – ხელოვნურში; მშობლები – შრომის, პრობლემების სამყაროში არიან, ბავშვები – მხიარულების სამყაროში.

მშობლები არიდებენ ბავშვს მონოტონურ საქმეებს სამზარეულოში, სახლში, საკუთარ  სათამაშოებსაც კი არ აკრეფინებენ, არ უნდათ დაღალონ ისინი. არადა, ასეთი უბრალო, მონოტონური სამუშაო ავარჯიშებს ტვინს, იფუნქციონიროს მოსაწყენი მოვალეობების შესრულების დროს. ეს სწორედ ის „კუნთია“,  რომელიც მას აუცილებლად სჭირდება სწავლისთვის.

როცა ბავშვები სკოლაში მიდიან და დგება ანბანის შესწავლის, წერის ეტაპი, ხშირად ისინი წუწუნებენ: ,,აღარ შემიძლია, ეს ძალიან რთულია, ძალიან მოსაბეზრებელი“. რატომ? იმიტომ, რომ უსასრულო მხიარულებაში მათ საქმის კეთების ,,კუნთი“ არ განუვითარდათ. ეს ,,კუნთი“ მხოლოდ მუშაობაში ვითარდება.

მეორეც, დღეს გაჯეტები იქცნენ ჩვენი ბავშვების  ძიძებად. ამ სამსახურისთვის ჩვენ ძალიან ძვირს ვიხდით. ვიხდით  ჩვენი ბავშვების ნერვული სისტემით, მათი სხვადასხვა საჭირო უნარების – ყურადღების, მოთმენის დეფიციტით.

ყოველდღიური ცხოვრება ვირტუალურთან შედარებით მოსაწყენია.  ბავშვები მოდიან სკოლაში და აწყდებიან რეალურ ადამიანურ ხმებს, შესაბამის ვიზუალურ სტიმულატორებს, განსხვავებულს  გრაფიკული აფეთქებებისა და სპეცეფექტებისაგან, რომელთა ყურებასაც ისინი ეკრანზე მიეჩვივნენ.

ვირტუალურ სამყაროში გატარებული საათების შემდეგ ბავშვებს სულ უფრო უძნელდებათ კლასში მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, რადგან ისინი მიეჩვივნენ სტიმულაციის მაღალ დონეს, რომელსაც სთავაზობს ვიდეოთამაშები. ბავშვებს არ შეუძლიათ გადაამუშაონ ინფორმაცია უფრო დაბალი დონის სტიმულაციით და ეს უარყოფითად მოქმედებს მათ შესაძლებლობაზე, აკადემიური ამოცანების გადაჭრის თვალსაზრისით.

ტექნოლოგიები  ემოციურადაც გვაშორებენ ჩვენს ბავშვებს, ოჯახებს. მშობლებთან ემოციური კავშირი – ეს არის ძირითადი ,,საკვები ნივთიერება“ ბავშვის ტვინისთვის. სამწუხაროდ, ეს ,,საკვები“ მათ თანდათან ეზღუდებათ.

,,არ უყვარს ბოსტნეული“, ,,არ უყვარს ადრე დაძინება“, ,,არ უყვარს საუზმე“, ,,არ უყვარს სათამაშოები, მაგრამ კარგად ერკვევა პლანშეტში“, ,,არ უნდა თვითონ ჩაიცვას“,  ,,ეზარება, რომ თავად ჭამოს…“. ასეთ ფრაზებს ხშირად მოისმენთ მშობლებისგან.

შეუძლიათ თუ არა ბავშვებს, განსაზღვრონ, რა არის მათთვის სასარგებლო და აუცილებელი და რა – არა? თუ ბავშვებს ვკითხავთ, უმრავლესობა თავის რაციონს ,,ჩიპსებითა“ და მისთანებით შეადგენს, დღის რეჟიმს კი – მხოლოდ ტელევიზორის ყურებით, პლანშეტში თამაშით და ძილს არასდროს მოისურვებს. მშობლები კი პასუხისმგებლები არიან, რომ განსაზღვრონ, რა არის მათთვის კარგი და რა  – არა.

ამას გარდა, ბავშვებს აბნევთ მშობლის არასწორი მესიჯები, რომელთა თანახმად, ისინი სწავლობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. მათთვის უცხო რჩება გაგება  ,,უნდა გავაკეთო“; ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად კი  უფრო ხშირად გვიწევს გავაკეთოთ, რაც აუცილებელია, და არა – რაც გვსურს.

ბავშვები ისახავენ ცხოვრებისეულ მიზნებს, მაგრამ მათთვის მძიმე ხდება გააკეთონ ის, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. ამას მივყავართ მიუღწეველ მიზნებამდე და დიდ განხიბლვამდე.

აღზრდა რთული საქმეა,  გავითვალისწინოთ ფსიქოლოგთა რჩევები:

არ მოერიდოთ იმ ჩარჩოების შეთავაზებას, რომლებიც ბავშვისთვის სასარგებლოა.

ასწავლეთ მოთმინება და ლოდინი, ეს მათ ძალიან გამოადგებათ.

აცალეთ, მოიწყინონ, ეს ნორმალური განცდაა, პირველი ნაბიჯია შემოქმედებისკენ.

თანდათანობით გააზრდევინეთ შუალედი ,,მე მინდასა“ და ,,მე მივიღეს“ შორის.

შეუზღუდეთ გაჯეტების ხელმისაწვდომობა და აღადგინეთ ემოციური სიახლოვე  მათთან.

შეეცადეთ თავადაც არ გამოიყენოთ გაჯეტები მათთან ერთად – ესაუბრეთ, ეთამაშეთ.

პატარაობიდანვე  შეასრულებინეთ  ყოველდღიური, მონოტონური სამუშაო, ამით საფუძველს ჩაუყრით მათ შრომისუნარიანობას.

იყავით შემოქმედებითი, ეს ვალდებულებები შეასრულებინეთ ხალისიანად, რომ ტვინმა მოახერხოს მათი ასოცირება  რაიმე პოზიტიურთან.

ასწავლეთ განაწილება, დამარცხება და გამარჯვება, სხვების შექება, მადლობის თქმა, სხვისი აზრით დაინტერესება.

ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ბავშვები იცვლებიან იმ მომენტში, როცა მშობლები ცვლიან აღზრდის მეთოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი