ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

დამანგრეველი თუ გამაძლიერებელი? – როგორ გარემოს ვქმნით ბავშვებისთვის

ჩემს წლინახევრის შვილს აქტიურად ვასეირნებ ეზოში, პარკებსა თუ სკვერებში, რადგან გარემო მისთვის განტვირთვის, ენერგიის დახარჯვისა და აქტიური შემეცნების სივრცეა. ირგვლივ მყოფებთანაც მეგობრულ კავშირში ვართ, ვურთიერთობთ ადამიანებთან, ვესაუბრებით ბავშვებს, გვესაუბრებიან თავადაც. ვეთამაშებით და ვცდილობთ, დრო საინტერესოდ გავატაროთ. მოქმედება საქანელასთან ხდება: პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს, მაშოსაც იქ უნდა, მივდივართ და ველოდებით, როდის დადგება ჩვენი რიგი.

 

დიალოგი ძალიან ბუნებრივად იწყება:

მე: რა კარგად ქანაობ, ყოჩაღ!

ის: ფეხებს მაგრად ვამოძრავებ.

მე: შენ ალბათ უკვე ბაღშიც დადიხარ.

ის: ბაღში დავდივარ და საჭმელს ცუდად ვჭამ.

მე: რა კარგად ლაპარაკობ, ალბათ მალე სკოლაშიც წახვალ.

ის: არა, ვერ ვლაპარაკობ კარგად, ბებიამ თქვა, ჩლიფინებო…

უცებ ყველა ის სიტყვა მახსენდება, რომლის მოსმენა ბავშვობაში ძალიან მტკივნეული იყო და უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა. ეს სიტყვები მაეჭვებდა საკუთარ თავში და მაიძულებდა არ ვყოფილიყავი ძლიერი და გაბედული.

პატარა, ძალიან საყვარელი ბიჭი შეცდომაში იყო შეყვანილი… სიმართლე ის გახლდათ, რომ გადასარევად ლაპარაკობდა, ძალიან მეგობრული იყო, ხოლო ბაღის საჭმელი მეც დღემდე საშინლად მახსენდება და მთელი ბავშვობა მეც „ცუდი მჭამელი“ ვიყავი.

„ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია”, „ნახე, სხვა ბავშვები, რა ჭკვიანად იქცევიან, შენ კი როგორ იქცევი?!”, „რატომ არ შეგიძლია ნორმალური იყო?!”, „ყოველთვის შეცდომებს უშვებ, ყოველთვის საშინლად აკეთებ ყველაფერს”, „ნახე, როგორ კარგად სწავლობს სალომე, შენ კიდე ზარმაცი ხარ და სწავლა გეზარება”, „რამდენს კითხულობს ლუკა, რა კარგი ბიჭია, ლუკა ყველაფერს მიაღწევს, შენ კი დარჩები მაჩანჩალა,”, „ზარმაცი ხარ, უდისციპლინო, თუ ასე გააგრძელებ, ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში”, და ა.შ. და ა.შ.

დამანგრეველი ფრაზები კედლებზე გაკრული პოსტერებივით არის, თვალსაჩინოდ წარმოდგენილი, სულ თვალში გხვდება, თვალში გეჩხირება, აღარ გავიწყდება. მათ უდიდესი ზემოქმედების ძალა აქვთ. დარწმუნებული ვარ, ამ მავნე, ეკლიან და ჩხვლეტია სიტყვებს არცერთი მშობელი განგებ, ბოროტად და მიზანმიმართულად არ ეუბნება საკუთარ შვილს. ეუბნება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ იქნებ გამოაფხიზლოს, იქნებ უკეთესი შედეგი და გავლენა მოახდინოს, იქნებ ჯადოსნური ეფექტი აქვს ამ მავნე სიტყვებს და როდესაც სიტყვები ბავშვების მისამართით გაფრინდებიან, ბავშვები მომენტალურად ისეთები გახდებიან, როგორიც მათ სურთ იყონ – ჭკვიანები, მოწესრიგებულები, დინჯები, ყოჩაღები, კარგი მოსწავლეები, დისციპლინირებული და უბრალოდ „საუკეთესოები”.

მაგრამ, ასე ნამდვილად არ ხდება, ეს ყველას გამოგვიცდია. პირიქით ხდება, სიტყვები ხორცს ისხამენ, ცოცხლდებიან, (შეძახილმა ხე გაახმოო, ხომ გახსოვთ?!) ჩვენზე უფრო ძლიერები ხდებიან და მთელი ცხოვრება აჩრდილივით კუდში დაგვდევენ და გვაეჭვებენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. ზოგჯერ ისეც ხდება, ამ მავნე აჩრდილებთან თანაცხოვრებასაც ვსწავლობთ, ზოგჯერ კი, მის სიძლიერეში ეჭვი შეგვაქვს, ბრძოლას ვუცხადებთ, ვამარცხებთ და მაინც ყოველთვის გვახსოვს, როგორც ძალიან ცუდი მოგონება.

გარემოში, სადაც ბავშვისთვის ნაფიქრი, სიყვარულით სავსე, თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებაა, ბავშვი გაბედულად მიიკვლევს გზას, თავდაჯერებულია. მან იცის, რომ რასაც აკეთებს, ეს ყველაფერი კარგია, მოუწონებენ, დაუფასებენ, შეაქებენ; მეორე გარემოში, სადაც ბავშვს ხშირად კიცხავენ, სუსტ მხარეებზე მიუთითებენ გაძლიერების და მასზე მუშაობის ნაცვლად, აქ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, მას არასრულფასოვნების განცდა აქვს. სჯერა, რომ არაა საკმარისი იმდენად, რომ თავი მოაწონოს მის საყვარელ ადამიანებს. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი, მომავალში ან აგრესიულად ეცდება, იყოს მოსაწონი სხვებისთვის, ან ვერ გარისკავს, ვერ გადადგამს გაბედულ ნაბიჯებს, ვერ გამოიჩენს სითამამეს, ვერ აიღებს პასუხისმგებლობებს და ვერ იცხოვრებს სრულფასოვანი ცხოვრებით.

უფროსების მიერ ნათქვამ სიტყვებს შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი და გამაძლიერებელი ეფექტიც ბავშვზე. არსებობს ორი მხარე, სადაც ბავშვის პიროვნება იფურჩქნება და მეორე მხარე, სადაც ბავშვის პიროვნება სუსტდება. გააჩნია, ჩვენ რომელ მხარეს ავირჩევთ, სად დავდგებით მისი პიროვნებად აღზრდის პროცესში.

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ბევრი პატარა პირველად შეაღებს საკლასო ოთახის კარს, ზოგი გაბედული იქნება, ზოგიც მორიდებული, პატარა მშფოთვარე გულებით და დიდი მოლოდინებით სავსეები შემოაბიჯებენ სკოლის კედლებში. მასწავლებელს ყველაზე მეტად შეუძლია, დაარწმუნოს ისინი საკუთარ ძალებში, ნიჭებსა თუ შესაძლებლობებში, გაუღვივოს სწავლის და შემეცნების სურვილი და ინტერესი და მართლაც, უფრო მეტი წარმატებებისკენ გაუკვალოს გზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“