ვფიქრობ, დამოუკიდებელი ბავშვი ნებისმიერი მშობლის ოცნება უნდა იყოს. სწორი აღზრდის პირობებში, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, მშობლები ცდილობენ, ასწავლონ პატარას ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა, დამოუკიდებლად ჭამა, დასაძინებლად დამოუკიდებლად დაწოლა, სათამაშოების დალაგება. როდესაც პატარა იზრდება და სკოლაში მიდის, დგება დამოუკიდებლად სწავლის დრო. თუმცა, სასკოლო ცხოვრების დასაწყისში, პირველი კლასიდანვე ბევრი მშობელი იმდენად ეჩვევა ბავშვის დახმარებას სწავლაში, რომ მოგვიანებით, სწავლების შემდეგ საფეხურზე გადასვლისას მისი საშინაო დავალებების შესრულება მათ აწვებათ მხრებზე, მათ ტვირთად იქცევა. თავად პატარა კი ხშირად კმაყოფილიც კია პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერავინ ეხმარება, მან უბრალოდ არ იცის საიდან დაიწყოს, რას მოჰკიდოს ხელი, როგორ მოიქცეს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა. რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელიც კია პატარის მხარდაჭერა და დახმარების აღმოჩენა, განსაკუთრებით სასკოლო სწავლების პირველ პერიოდში, როდესაც ის ეჩვევა ცხოვრების ახალ რიტმს, ახალ გარემოსა და პასუხისმგებლობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ და მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლის საშუალება. თუმცა იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს, საჭიროა, ვასწავლოთ დამოუკიდებლად სწავლა, გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა:
- მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, აირჩიოს, რა ისწავლოს და როგორ ისწავლოს – როდესაც უფროსები ბავშვის ნაცვლად ვწყვეტთ ყველაფერს, როგორც საოჯახო, ისე სასკოლო საქმეებში, მისთვის ძალიან რთული იქნება დამოუკიდებელ მოქმედებაზე გადაწყობა, გადასვლა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სულ პატარა ასაკიდან თანდათან იღებს სულ უფრო და უფრო მეტ თავისუფლებას თავის მოქმედებებსა და სურვილებში, მისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება სწავლის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მუდმივად დასჭირდება უფროსებისთვის მიმართვა დასახმარებლად. პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ნაწილს მათზე გადაიტანს და ყოველთვის მათ დაადანაშაულებს საკუთარ წარუმატებლობაში. იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს პასუხისმგებლობა და მიხვდეს, რომ ის არის მთავარი სწავლის პროცესში, საჭირო იქნება მისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება. იმის ცოდნა, რომ ის წყვეტს კონკრეტულ საკითხს და ის, თუ როგორ იმოქმედებს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ეხმარება ბავშვს ისწავლოს დამოუკიდებლობა, გამოიმუშაოს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. მაგ. მოსწავლეს შეუძლია, აქვს იმის უნარი, რომ თავად აირჩიოს, გადაწყვიტოს, რომელი საგანი ისწავლოს, თუ რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო დაწესებულება იძლევა ასეთი არჩევანის თავისუფლებას. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, სკოლაში უამრავი შესაძლებლობა შეიძლება გამოინახოს ბავშვის ინდივიდუალურობის გამოსავლენად, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებულობაა. ბავშვს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავად აირჩიოს თემები ესეისთვის, რეფერატისთვის, პრეზენტაციისთვის. სრულიად ნორმალურია, რომ თავად აირჩიოს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა იმისათვის, რომ შემდეგ კლასს წარუდგინოს, გააცნოს. საკმაოდ ბევრი სიტუაცია გვხვდება, სადაც ბავშვს შეუძლია იგრძნოს, რომ ის არის მთავარი და შესაბამისად პასუხისმგებლობაც გადაწყვეტილებაზე თავად უნდა აიღოს.
- ვესაუბროთ ბავშვს, შევიდეთ მასთან დიალოგში – ბავშვის აღზრდისას უფროსებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პიროვნებასთან თავისი აზრებით, ხასიათით, შეხედულებებით, განწყობებით, მიზნებითა და გეგმებით. უფროსები, როგორც წესი, ჩვენი ავტორიტეტითა და ასაკით ვცდილობთ მოზარდზე ზემოქმედების მოხდენას. ზრდასრულებს ხშირად გვეჩვენება, რომ ბავშვი, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა, არ არის საკმარისად დიდი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს საერთო პრობლემების განხილვაში და მით უმეტეს გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა, ეს დამოკიდებულება საფუძველშივე არასწორია. სამწუხაროდ, მოზარდი ეჩვევა ასეთ დამოკიდებულებას და დროთა განმავლობაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადმოგვცემს საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეებს. საკუთარ ცხოვრებასთან, საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა უბრალოდ აუცილებელია დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. ამაში დახმარება ბავშვისთვის, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს შეუძლია. ოჯახის ყველა წევრის მთავარი ამოცანა უნდა იყოს დიალოგის წარმართვა ბავშვთან და მისი აზრის გათვალისწინება. რა თქმა უნდა, არ ღირს მეექვსეკლასელი ბავშვის ჩართვა ყველასათვის საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ძალიან კარგად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საუბარში, თუ საუბრის თემა და განსახილველი საკითხი მისი ასაკის შესაბამისად იქნება შერჩეული. მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, საკუთარი თვალსაზრისის დაფიქსირება შეიძლება ფილმის ყურებისას, წიგნების კითხვისას, სეირნობისას. თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამ შემთხვევაში მთავარია არა მხოლოდ შეკითხვების ცალმხრივად დასმა, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ უფროსები, არამედ დიალოგის წარმართვა. საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცების სწავლება ბავშვისთვის საკმაოდ მარტივია, თუ თავად ვისაუბრებთ არგუმენტირებულად და მისგანაც იმავეს მოვითხოვთ.
- ვასწავლოთ ბავშვს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა – საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის გაგება-გააზრების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. ამ საქმეში ბავშვს ჩვენი დახმარება აუცილებლად სჭირდება. თუ მოზარდი ხედავს, როგორ გეგმაზომიერად მივდივართ დასახული მიზნისკენ, ყველაფრის მიუხედავად, და ვაღწევთ მას, მისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ირწმუნოს საკუთარი ძალების. ვერ მოვითხოვთ ბავშვისგან, აიღოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს დამოუკიდებლად დასახული მიზნის მისაღწევად, თუ მისთვის ავტორიტეტული უფროსი ადამიანი რთულ სიტუაციაში უარს ამბობს დასახულ მიზნებსა და გეგმებზე. დავეხმაროთ ბავშვს, დაისახოს რეალისტური მიზნები, რომლებიც სტიმულს მისცემს მის შემდგომ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მიზნები იყოს მიღწევადი, რადგან განუხორციელებელმა მიზნებმა შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება და მოტივაციის დაქვეითება სწრაფი შედეგების არარსებობის გამო. თუ ბავშვს ექნება სირთულეები მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ მას მიზნის მიღწევის პროცესის მცირე ნაწილებად დაყოფაში, იმისათვის, რომ მან დაინახოს შედეგი თითოეულ ეტაპზე და გაუჩნდეს წინსვლის მისწრაფება. მიზნის დასახვისას მნიშვნელოვანია ნათლად ესმოდეს ბავშვს, რა იქნება საბოლოო შედეგი. როცა მოსწავლე დადის სკოლაში, დიდ დროს უთმობს საშინაო დავალებებს, ემზადება გამოცდებისთვის, განიცდის სტრესსა და დაღლილობას, მისთვის აუცილებელია იცოდეს, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო და რას მოუტანს მას ეს შრომა. საბოლოო შედეგის ცოდნა და გააზრება, მაგ. პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სასურველ სპეციალობაზე ჩაბარება, დაეხმარება მოზარდს საკუთარი მოქმედებების სისწორის რწმენის გაძლიერებასა და წინსვლაში.
- ვიზრუნოთ ბავშვის ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებაზე – ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბავშვებში ისეთი რამაა, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. სწავლა-სწავლების ეფექტიანობა ხომ დიდწილად დამოკიდებულია ყურადღების კონცენტრაციისა და ინფორმაციის ყურადღებით შესწავლის უნარზე. კონცენტრაციის მაღალი დონე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ახალი ცოდნის მიღების პროცესს. განსახილველ საკითხზე კონცენტრირებით ბავშვი მას უფრო სწრაფად გაიგებს, ვიდრე მაშინ, როდესაც მუდმივად გაფანტულია. მასალის სწრაფად ათვისების უნარი კი, თავის მხრივ, ზოგადად სწავლისადმი ინტერესის ზრდას იწვევს. ბავშვისთვის ხომ სწავლა მაშინ ხდება საინტერესო, როდესაც ნაკლებად ხვდება სირთულეებს და წარმატების განცდის შესაძლებლობა ეძლევა. არცთუ იშვიათად შეიძლება დავაფიქსიროთ მოსწავლეებში ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მის სასწავლო საქმიანობაზე. ამიტომ, ეს საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების მიზეზი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. შეიძლება ბავშვი ძალიან გადაიღალა წლის განმავლობაში და ამიტომ ვეღარ ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას სწავლაზე ისე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. ან შეიძლება ბავშვს დაერღვა დღის რეჟიმი – ცოტა სძინავს, გვიან იძინებს, დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან, იკვებება არაჯანსაღი პროდუქტებით, ნაკლებად იმყოფება სუფთა ჰაერზე. გარე ჩარევები ასევე აქვეითებს კონცენტრაციის დონეს. სკოლაში ეს შეიძლება იყოს ხმაურიანი თანაკლასელები, ღია ფანჯრიდან შემოსული უცხო ხმები, კარგი ამინდიც კი, რომელიც შეიძლება მაცდუნებელ ფაქტორად მოგვევლინოს და გარეთ გასვლისკენ უბიძგოს. ყურადღების გამფანტავი ფაქტორები ბავშვს შეიძლება სახლშიც ელოდეს – უფროსი, ან უმცროსი და-ძმები, ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი, შორიახლოს დადებული გაჯეტი, ხმამაღალი საუბრები ოჯახის წევრებს შორის, შინაური ცხოველები. რაც არ უნდა იყოს იყოს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების მიზეზი, ის სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს სწავლის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის.
- ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა – დროის სწორად მართვის უნარი დამოუკიდებლად სწავლის განუყოფელი ნაწილია. ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი დროის დაგეგმვა, მიზნების დასახვა და მათი მიღწევისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება. დავეხმაროთ მას იმის გაგებაში, რომ დროის ეფექტიანად გამოყენება დაეხმარება მას მეტის მიღწევაში და სტრესის შემცირებაში.
- ავუხსნათ ბავშვს, რომ არ არის საგანგაშო შეცდომების დაშვება სწავლის პროცესში და ამის არ უნდა ეშინოდეს – მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეცდომები სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია. ნუ შეგვეშინდება შეცდომების დაშვების და ვასწავლოთ ბავშვს, რომ შეცდომებს შეხედოს, როგორც რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობას. მივცეთ მას საშუალება დამოუკიდებლად იპოვოს შეცდომების გადაჭრის გზები და ისწავლოს ამ შეცდომებზე.
დაბოლოს, დამოუკიდებლად სწავლა მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ბავშვს ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს მას საშუალებას მისცემს გახდეს უფრო დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი და შემოქმედებითი. დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებაში დახმარებით ჩვენ ვამზადებთ მას მომავალი გამოწვევებისთვის და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ვეხმარებით.