ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ აისახება ტესტების შედეგები მოსწავლეთა განწყობაზე

პასი სალბერგი: „რაც უფრო უკეთესია ტესტების შედეგები, მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს მოსწავლეები“

„ფინური საგანმანათლებლო რევოლუციის“ იდეოლოგი, პასი სალბერგი მოგვითხრობს სმარტფონებისგან მომდინარე ხიფათზე და იმაზე, რატომ ვერ გაუსწრებს ჩინეთი და სხვა აზიური ქვეყნები დასავლეთს მეცნიერებასა და ბიზნესში.

პასი სალბერგი –  ორიათასიანი წლების ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმატორი; ეკავა განათლების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა მსოფლიო ბანკში, წამყვანი ექსპერტისა – ევროპის განათლების ფონდში, გენერალური დირექტორისა – ფინეთის განათლების სამინისტროში; გახლდათ მიწვეული პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში. დღეს, ბ-ნი სალბერგი ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკის პროფესორია (ავსტრალია). ავსტრალიის მთავრობა აპირებს, გამოიყენოს პროფესორ სალბერგის გამოცდილება და ცოდნა (რომლებიც გადმოცემულია სალბერგის ბესტსელერში „ფინური გაკვეთილები 2.0“) ქვეყნის განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად.  

ინტერვიუს პასი სალბერგთან უძღვება https://www.rbc.ru-ს ავტორი მაქსიმ მომოტი.

ბოლო 20-30 წელიწადში ბევრი საუბრობდა კერძო სკოლების უპირატესობაზე, სახელმწიფო სასწავლებლებთან შედარებით. ფინეთი სხვა გზით წავიდა. რა არის თქვენი განათლების სისტემის თავისებურებები?   

– ჩვენთან, სასკოლო განათლების სისტემა მთლიანად მთავრობის მიერ ფინანსდება და კერძო სკოლები თითქმის არ არსებობს. ეს საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ ცოდნის თანაბარი დონე ყველასთვის. სხვა ქვეყნებში კერძო სკოლების სიმრავლე ასუსტებს სახელმწიფო განათლების სისტემას. კიდევ ერთი თავისებურება გახლავთ ის, რომ ფინელ მასწავლებლებს კარგი განათლება აქვთ: მათ აუცილებლად ქვეყნის რომელიმე კვლევითი უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეთ დამთავრებული და დიპლომი ნამდვილი სამეცნიერო ნაშრომით დაიმსახურონ. ამას ახალგაზრდა სწავლულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რათა მალევე შეძლონ სკოლის მოსწავლეების დახმარება, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მასალის ათვისების პრობლემები აქვთ, ვთქვათ, მათემატიკაში ან მეტყველებაში, ან უბრალოდ ყოფა-ქცევაში. დიდი სახსრები იხარჯება იმაზე, რომ ეს სიძნელეები ადრეულ სტადიაზე აღმოიფხვრას. ამიტომაც ფინეთში ცოტანი არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ცუდად სწავლობენ.

 – რა უპირატესობას იძლევა საჯარო (სახელმწიფო) სასკოლო სისტემა?

– თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა და სამართლიანობა, მაშინ მათი მიღწევა უფრო ადვილია ერთიანი სისტემის ფარგლებში. თუ ქვეყანა აქცენტს კერძო სკოლების განვითარებაზე აკეთებს, ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკოსებს ნაკლებად ადარდებს მოსწავლეთა განათლების საშუალო დონე: მათ ყოველთვის შეუძლიათ განაცხადონ, რომ ვიღაცას აქვს საშუალება კარგი განათლება კერძო სკოლებში მიიღოს. მაგრამ თუ განათლების სისტემა სახელმწიფოს ხელშია, როგორც ეს ფინეთში ან კანადაშია, მაშინ პოლიტიკოსებს მოუწევთ პასუხი გაცემა მოსწავლეების განათლების დონის გამო. ამ დროს პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ კარგ სკოლებში სწავლის საშუალება ყველას მიეცეს. გრძელვადიანი პერსპექტივით, განათლების ხარისხის კუთხით ასეთი სისტემა სჯობს. მაგალითად, ავსტრალიაში მოსწავლეების 40% კერძო სკოლებში დადის და ამიტომაც ისინი საუკეთესო მოსწავლეებსა და ყველაზე მეტ რესურსს მიიზიდავენ.

ფინური სკოლა

ფინეთის საშუალო სასკოლო განათლების სისტემის საფუძველში დევს ერთი პრინციპი – მოსწავლეებს არ ჰყოფენ სუსტებად და ძლიერებად. მაგალითად, მოსწავლეებს არ ანაწილებენ სხვადასხვა კლასში მათი მოსწრების მიხედვით. ბავშვები, რომლებსაც რაიმე ფიზიკური ან ფსიკიკური თავისებურებები აქვთ, კლასში ყველასთან ერთად სწავლობენ. დაბალი მოსწრებისათვის არ არსებობს რაიმე სასჯელი. ნიშნების წერას მასწავლებლები მხოლოდ მე-5, მე-6 კლასიდან იწყებენ. ფინეთმა, საგანმანათლებლო რეფორმის წყალობით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია კითხვაში, მათემატიკასა და სამეცნიერო დისციპლინებში.  

„მასწავლებლებს სრული ავტონომია სჭირდებათ“

ალბათ, ფინეთის მსგავს სისტემას განსაკუთრებული მასწავლებლები სჭირდება?

დიახ! მასწავლებლების უმრავლესობისთვის, ამას გეუბნებით როგორც ყოფილი მასწავლებელი, ეს პროფესია მოწოდებაა – დაეხმარო სხვას, რომ მისი ცხოვრება უკეთესი გახდეს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კარგი მასწავლებელი ფულის გამო არ მუშაობს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ მასწავლებლებს ცოტათი მეტს გადავუხდით, როგორც ეს კერძო სკოლებშია, მაშინ განათლებაც უკეთესი გახდება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის ხელფასი კონკურენტული იყოს სხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ხელფასებთან მიმართებაში. თუ ვინმე, ვისაც პედაგოგებისთვის საჭირო მონაცემები აქვს, ფინელი იქნება ის თუ სხვა ერის შვილი, უარს ამბობს ამაზე მხოლოდ ხელფასის გამო, ეს კატასტროფის ტოლფასია. არის ქვეყნები, სადაც ეს მუდმივად ხდება. ხელფასი არ უნდა გახდეს არც ხელისშემშლელი და არც წამაქეზებელი ფაქტორი. ფინეთში ეს გამოგვივიდა. მასწავლებლის საშუალო ხელფასი ჩვენთან საშუალოა ქვეყნის მასშტაბით. ის თვეში დაახლოებით 3.5-4 ათას ევროს უტოლდება.

ხშირად ამბობენ, რომ ფინელ მასწავლებელს ავტონომია აქვს. რას ნიშნავს ეს?

 

მოდით, ამის ახსნას შედარების საშუალებით შევეცდები. წარმოიდგინეთ თავი კლინიკაში, ექიმის ადგილას, რომელსაც მოქმედების თავისუფლება არა აქვს: თქვენ მხოლოდ სტანდარტებით მოქმედების უფლება გაქვთ და მეტი არაფერი, მაშინაც კი, როდესაც დაინახავთ, რომ პაციენტს სხვა სახის მკურნალობა სჭირდება. თუ ჩავთვლით, რომ მასწავლებლის პროფესია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იურისტის, ექიმის ან ინჟინრის, მას გარკვეული ანატომია ესაჭიროება. დამოუკიდებელი მოქმედება იმისთვის, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ მოვიზიდოთ ამ პროფესიაში ძვირფასი მუშაკები/სპეციალისტები. მასწავლებლებს ესმით, რომ იგივე თავისუფლება აქვთ როგორიც ადვოკატებს, რომელიც თვითონ იფიქრებს/არჩევს, როგორ დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ფინეთში, ისევე როგორც რუსეთში, იყო დრო, როდესაც ითვლებოდა, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებელზე უკეთ ერკვევა, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ხოლო განათლების დანიშნულებაა – ამ კონკრეტული ცოდნის მასწავლებლისთვის გადაცემა. ეს დროც უკვე წარსულშია. არავინ უწყის, როგორი იქნება სამყარო ხვალ. ამავე დროს, მასწავლებელმა ბავშვი ამ „ხვალისათვის“ უნდა მოამზადოს. სკოლასა და მასწავლებლებს სრული ავტონომია სჭირდებათ, რათა გადაწყვიტონ, რომელი გზა სჯობს.

 „ტესტები დაზეპირებას გულისხმობენ და არა შინაარსის გაგებას“

გამოსვლებში მუდმივად აღნიშნავთ, რომ ფინეთის სკოლები თავისუფალია სტანდარტიზებული ტესტებისგან. ასე რატომ არ გიყვართ ისინი?

მე სკოლებში ტესტების მოწინააღმდეგე არ ვარ. უბრალოდ იმის ხაზგასმა მსურს, რომ დაბალი ხარისხის სტანდარტიზებული ტესტები ცუდია იდეა გახლავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ჩაბარება ყველა მოსწავლეს უწევს. ჩვენ ფინეთში, ტესტებს შერჩევით ვიყენებთ და მათში სპეციალურად შერჩეული მოსწავლეების 10-13% მონაწილეობს. მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ ეს შერჩევა ქვეყნის მოსწავლეთა შემადგენლობას ასახავდეს. ამ შერჩევაში უნდა იყვნენ ქალაქისა და სოფლის მოსწავლეთა, იმიგრანტთა, ბიჭებისა და გოგონების შესაბამისი პროცენტი ფინეთის სხვადასხვა პროვინციიდან. ასეთი ტესტი საჭიროა ქვეყანაში განათლების დონის შესამოწმებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ ტესტების ჩატარებაზე ჩვენ ბევრად ნაკლებ რესურსს ვხარჯავთ და ეკონომიით მიღებული ფულით მათ ხარისხს ვამაღლებთ. ასეთი შემოწმების შედეგები არანაირ გავლენას არ ახდენენ სკოლაზე, მასწავლებელსა და ბავშვებზე. ტესტები ასეთი სახით კარგია. ამავე დროს, ბევრგან, ასეთ ტესტებს ყველას აბარებინებენ. ასეთი შემოწმება იმდენად ძვირია, რომ ტესტების ხარისხი, ხშირად დაბლდება. ასეთი ტესტები ყურადღებას უფანტავს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და აცდენს მათ ძირითადი საქმისგან.

ტესტების გარეშე როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეების მოსწრება? ნიშნები დავუწეროთ?

 

ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ სკოლიდან. თუ იმის გაგებაა საჭირო, როგორ სწავლობენ ბავშვები, ყველაზე კარგი შემფასებელი მასწავლებელი და მისი აზრია. არა ერთი მასწავლებლის, არამედ პედაგოგთა მთელი კოლექტივის. ისინი თავიანთ აზრს დირექტორს, ადგილობრივ ხელისუფლებას (ვისაც განათლება ეხება) და მშობლებს მოახსენებენ. ეს ასეც უნდა იყოს. ხოლო თუ იმის გაგება გვწადია, როგორ მუშაობს სისტემა ქვეყნის დონეზე, მაშინ შერჩევით ტესტებს ვეყრდნობით, რომლებზეც უკვე მოგახსენეთ. ფინელი პოლიტიკოსები სრულად ეთანხმებიან ასეთ მიდგომას.

რუსეთში სკოლის დამთავრებისას ბარდება ტესტები, რომლის შედეგების მიხედვით მოსწავლეს/აბიტურიენტს უნივერსიტეტის არჩევა შეუძლია.

ჩვენთანაც არის გამოცდები, რომლებსაც მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ აბარებენ. ისინი უკვე სკოლის გარეშე ტარდება და სწორედ უმაღლესში ჩასაბარებლად არის გამიზნული. ეს დამოუკიდებელი შეფასება გახლავთ.

 

რუსეთშიც ეს გამოცდები სახელმწიფო დონეზე ტარდება და არა სკოლაში.

მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. შვედეთში ტესტები გააუქმეს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომა იყო. მასწავლებლები მოეშვნენ, ხოლო მოსწავლეებმა მოტივაცია დაკარგეს. ასეთი ტესტები კარგი საშუალებაა სკოლის დამთავრების შემდეგ განათლების ხარისხის შესაფასებლად.

 

რუსეთში ამ ტესტებს ხშირად აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლებმა საგანი წაუკითხონ ბავშვებს, მხოლოდ ტესტებისთვის ამზადებენ მათ.

ეს თუ ასეა, მაშინ ტესტების ხარისხი უნდა გადაისინჯოს. თუ ტესტები კარგად არის შედგენილი და საგნის ცოდნის შეფასებას ისახავს მიზნად, მაშინ ამაში ცუდი არაფერია. ჩვეულებრივ, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების სისტემა იმით სცოდავს, რომ ტესტებისთვის უბრალოდ დაზეპირებაა საჭირო და არა შინაარსის გაგება. თუ ბავშვებს ასეთი ტესტებისთვის ამზადებენ, მაშინ ეს ცუდია.

თქვენ იმ მიდგომას აკრიტიკებთ, რომელიც ცდილობს ააშენოს სასკოლო სისტემა, რომელშიც სკოლები და მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და გვთავაზობთ მის შეცვლას სხვა მიდგომით. რა არის თქვენი შემოთავაზების მთავარი არსი?

ჩემი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია, სტანდარტიზაცია და ტესტები არ არის საჭირო. ჩემი კრიტიკის არსი უფრო ის არის, რომ თუ კონკურენცია სკოლებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს შორის  საგანმანათლებლო სისტემის ცენტრალურ ელემენტად, ხოლო განათლების სტანდარტიზაცია და ტესტები მთავარ იდეად გადაიქცევა, ეს არასწორი მიდგომა იქნება. მე მხარს ვუჭერ იმას, რასაც ჯანმრთელ კონკურენციას უწოდებენ. მოსწავლეები შეიძლება ერთმანეთს გაეჯიბრონ მეგობრულად, შეეცადონ გააკეთონ რაიმე უკეთ, წაუყენონ საკუთარ თავს უფრო მაღალი მოთხოვნები და არა ისე, რომ თუ ერთი იმარჯვებს, მეორე აუცილებლად აგებს.

 „აზიის სკოლები არ გამოირჩევიან ბედნიერებით“

ბოლო წლებში ფინური სკოლების ტესტების შედეგებმა საერთაშორისო რეიტინგებში იკლეს. უკვე გაჩნდა ეჭვები ფინური განათლების სისტემის უპირატესობებზე. 

დიახ, შედეგები გაუარესდა, თუმცა ამ კლების ახსნა ისეთივე რთულია, როგორც ადრე მათი მოულოდნელი ზრდა. თანაც საქმე მარტო ფინეთში არ არის: შედეგები კლებულობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ინგლ. Organization for Economic Co-operation and Development — OECD) წევრ ბევრ ქვეყანაში. შემიძლია ვივარაუდო, რომ ბოლო წლებში, მოსწავლეთა შედეგების კლება საერთაშორისო რეიტინგებში – განსაკუთრებით კი ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებში – სმარტფონების გამო ხდება. მოსწავლეები დღეს თავიანთ დროს უკვე სხვაგვარად ატარებენ – საათობით ჩასცქერიან ეკრანებს, რაც მათ ნაკლებ დროს უტოვებს არა მხოლოდ კითხვისთვის ან სწავლისათვის, არამედ უბრალოდ ფიქრისთვის, განსაკუთრებით კი ძილის წინ. შეუძლებელია ეს გავლენას არ ახდენდეს სწავლაზე. ის, რომ მოსწავლეები და ყმაწვილები გამოუძინებელნი არიან – საშუალოდ ორი საათით ყოველდღიურად – საგრძნობლად აუარესებს სასწავლო მასალების აღქმას. გარდა ამისა, ბოლო ათი წელია, ფინეთში აღარ გვყოფნის სახსრები განათლების სისტემის დაფინანსებისთვის. ბევრი რაიმე უკავშირდება ფულის არქონას.

მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, ვთქვათ ჩინეთის, განათლების სისტემა მკაცრია, ხოლო შედეგები – კარგი, განსაკუთრებით მათემატიკასა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებში. რატომ აკრიტიკებენ ამ სისტემას ევროპაში, თუ ის ასეთი ეფექტურია?

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმრავლესობაში, განათლების სისტემა კარგ შედეგებზე გადის. ეს სიმართლეა. იქაური მოსწავლეები განსაკუთრებით ბეჯითები არიან და სწავლაზე დიდ დროს ხარჯავენ ჩვენს მოსწავლეებთან შედარებით. სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, სინგაპურსა და ჩინეთში მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში დღეში ორჯერ მიდის – პირველად დილით, მეორედ – საღამოს, დღის შესვენების შემდეგ. ჩემი კოლეგები და მეგობრები ჩინეთიდან და სინგაპურიდან მეუბნებიან, რომ ბეჯითი სწავლების სტიმულს გამოცდების განსაკუთრებული სიმკაცრე წარმოადგენს. ამ გამოცდებს ძალიან სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლეების მომავალზე. ამ გამოცდებზე წყდება, მაგალითად, შეძლებთ თუ არა კარგ უნივერსიტეტში მოხვედრას. მეორე მხრივ, შეიძლება იმასაც დავუკვირდეთ, რამდენად ბედნიერი და ჯანმრთელი არიან მოსწავლეები, როდესაც განათლების სისტემა მათზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს. OECD-ის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ, რაც უფრო კარგია ქვეყანაში ტესტების შედეგები, მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს მოსწავლეები: ცხოვრებით კმაყოფილება – მაჩვენებელი, რომელიც ბედნიერებასთან არის ახლოს – კლებულობს აკადემიური შედეგების ზრდასთან ერთად. ეს ნათლად ჩანს სამხრეთ კორეაში, სინგაპურში და ჩინეთში. აღმოსავლეთ აზიის სკოლებზე ვერ იტყვი, რომ ბედნიერი არიან.

რა უფრო მნიშვნელოვანია – ბედნიერება თუ მაღალი შედეგები?

საკუთარ შვილებს ჰკითხეთ. ჩემი ბიჭები მაშინვე გიპასუხებენ, რომ სურთ ბედნიერი, რამით გატაცებული და ჯანმრთელი იყვნენ. თუ ამ კითხვას სერიოზულად პოლიტიკოსებსა და მშობლებსაც დაუსვამთ, ერთადერთი სწორი პასუხი იქნება: ბავშვები ჯანმრთელი უნდა იყვენ, თავს კარგად გრძნობდნენ და ესმოდეთ ცხოვრების არსი.

 

მაგრამ ამ მკაცრი საგანმანათლელო სისტემის შედეგად, შესაძლოა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები უფრო წარმატებულნი გახდნენ, გაუსწრონ დასავლეთს ბიზნესში, ტექნოლოგიებში და მეცნიერებაში და უფრო მეტად გამდიდრდნენ.

არ მგონია. შემოქმედებით აზროვნებასა და ინოვაციებს, არასტანდარტულად აზროვნების უნარს, მეტი შანსები ჰქონდეს იმ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემის საფუძველს ბედნიერება, კეთილდღეობა და მოქნილობა ქმნის. ბევრი ჩემი კოლეგა ამბობს, რომ თუ ჩინეთში ბავშვების სწავლებას ასე გააგრძელებენ, მათ ვერასოდეს ეყოლებათ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაციების ავტორები. განათლების ასეთი სისტემა ავიწროებს ბავშვების აზროვნების ჰორიზონტს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ცნობილმა ჩინელმა მეცნიერმა საუნივერსიტეტო განათლება აშშ-სა და ევროპაში მიიღეს. არ მგონია, რომ დასავლეთის ქვეყნებს სჭირდებოდეთ აღმოსავლეთ აზიის საგანმანათლებლო სისტემის მიმართულებით მოძრაობა. ჩვენი კულტურები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. უნდა გამოვიყენოთ ის ძლიერი მხარეები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს (ფინეთსა და რუსეთს) აქვთ. თუ კულტურის სიმდიდრეს სწორად გამოვიყენებთ – ფერწერას, მუსიკას, დრამატურგიას, ლიტერატურას, ეს დიდად დაეხმარება ეკონომიკურ კეთილდღეობას.

 

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი