რა განაპირობებს ფინეთის ლიდერობას მსოფლიო ბედნიერების ინდექსში?
ფინური ანდაზა ამბობს: „ბედნიერება არის სივრცე ძალიან ცოტასა და ძალიან ბევრს შორის“. სწორედ ამ ბალანსის დაცვა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა განაპირობებს იმას, რომ ფინეთი უკვე ექვსი წელია მსოფლიო ბედნიერების რეიტინგში ლიდერია. ამ წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად მიიჩნევა განათლების სისტემა, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ მიდგომებს, თანასწორობაზე დაფუძნებულ გარემოსა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია აკაკი წერეთლის სიტყვები: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“.
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ფინეთსა და ესტონეთში
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ფინეთსა და ესტონეთში
2024 წლის 19-24 მაისს მომეცა უნიკალური შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი ფინეთისა და ესტონეთის განათლების სისტემებს. Teachers Community Georgia-ის დამფუძნებელთან, ინგა ხარჩილავასთან და თანადამფუძნებელ კახაბერ ჩაკვეტაძესთან ერთად, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში, რომელიც ორგანიზებული იყო EdTrips Global-ის მიერ.
ვიზიტის მიზანი ამ ქვეყნების საგანმანათლებლო პრაქტიკის შესწავლა და ინოვაციური მიდგომების გაცნობა იყო. პროგრამა მოიცავდა ვიზიტებს სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, ასევე ვორქშოფებს თანამედროვე სწავლების მეთოდებზე.
ფინეთისა და ესტონეთის განათლების მოდელები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას წარმატებული სისტემა, რომელიც ეფუძნება კეთილდღეობას, ინდივიდუალურ განვითარებასა და ინოვაციას. ეს გამოცდილება პროფესიულად გამამდიდრა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა განათლების გარდაქმნის მნიშვნელობაში.
ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა
ფინეთის საგანმანათლებლო მოდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ პრაქტიკად ითვლება. ის უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს, მოქნილ სტრუქტურასა და სწავლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. სისტემა მოიცავს ყველა საფეხურს ადრეული ბავშვობიდან უმაღლეს განათლებამდე.
ადრეული განათლება ფინეთში მოიცავს სკოლამდელ საფეხურს, რომელიც უმეტესწილად დღის ცენტრებსა და საბავშვო ბაღებზეა მინდობილი. მისი მთავარი მიზანია ბავშვის ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარება. აქ ბავშვები ეუფლებიან სოციალურ, ენობრივ და მანუალურ უნარებს, რაც მომავალი სწავლისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
სავალდებულო სკოლამდელი განათლება იწყება 6 წლის ასაკიდან და გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ, ბავშვები 7 წლის ასაკიდან იწყებენ სავალდებულო დაწყებით განათლებას, რომელიც მოიცავს 9 წლიან ზოგად სწავლას.
ყოვლისმომცველი განათლების სკოლები გამორჩეულია იმით, რომ მოსწავლეებს ხშირად ერთი და იგივე მასწავლებელი ჰყავთ პირველ ექვს წელიწადში, რაც ქმნის უსაფრთხო და ინდივიდუალურად მორგებულ სასწავლო გარემოს. ყველა მასწავლებელი ვალდებულია ფლობდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხს.
სწავლების პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის საჭიროებებზე. მასწავლებლებს აქვთ ავტონომია სასწავლო პროცესის დაგეგმვისას – ისინი ირჩევენ სწავლის მეთოდებსა და თემატიკას ეროვნული და ადგილობრივი გეგმის მიხედვით.
ფინეთში არ ტარდება ეროვნული გამოცდები. შეფასება ეფუძნება მასწავლებლის დაკვირვებასა და მოსწავლის პროგრესის უწყვეტ ანალიზს. მხოლოდ მეცხრე კლასის ბოლოს ტარდება ზოგადი მონიტორინგი.
უმაღლესი საშუალო განათლება (ზოგადი და პროფესიული სკოლები) – სტუდენტები არჩევენ ორ ძირითად მიმართულებას: ზოგადი საშუალო განათლება ან პროფესიული განათლება.
ზოგადი საშუალო სკოლა: ეს არის სამწლიანი პროგრამა, რომლის შემდეგ სტუდენტები იღებენ დიპლომს და მათ შეუძლიათ უნივერსიტეტში სწავლა.
პროფესიული განათლება: პროფესიული სკოლები გთავაზობენ პრაქტიკულ ცოდნას. სტუდენტები პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადადიან.
IB World Schools პროგრამა — საერთაშორისო ბაკალავრიატია, რომელიც აქვთ ფინეთის ავტორიზებულ IB წამყვან სკოლებს. IB პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომის მიღება შემდგომი სწავლისა და კარიერისთვის.
უმაღლეს განათლებას ფინეთში უზრუნველყოფენ უნივერსიტეტები და გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტები. სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი.
- გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებში სწავლება პრაქტიკაზეა ორიენტირებული. გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხის დასრულებას 3,5–4,5 წელი სჭირდება. თუ სტუდენტს სურს მაგისტრატურის დასრულება, პირველ რიგში უნდა მიიღოს ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე სფეროში.
- უნივერსიტეტებში სწავლებას საფუძვლად უდევს სამეცნიერო კვლევა, ბაკალავრის საფეხური სამ წელს მოიცავს, ხოლო მაგისტრატურა კიდევ 2 წელიწადს. მას შემდეგ, რაც სტუდენტი მიიღებს მაგისტრის ხარისხს, შეუძლია განცხადება შეიტანოს შემდგომი სწავლის დასრულებისა და ლიცენზიის ან დოქტორის ხარისხის მისაღებად.
ესტონეთის საგანმანათლებლო სისტემა
ესტონეთი ყოვლისმომცველ სასკოლო სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, სთავაზობს, მიიღოს საუკეთესო განათლება, განურჩევლად წარმოშობისა. სკოლებს აქვთ ავტონომია და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარი პროგრამა შეიმუშაონ.
სკოლამდელი განათლება ესტონეთში ბავშვებისთვის 18 თვიდან 7 წლამდე ასაკს მოიცავს.
საბაზო განათლება, რომელიც 1-დან 9 კლასამდე გრძელდება, სავალდებულოა. საბაზო განათლების მიღების შემდეგ შესაძლებელია სწავლის გაგრძელება საშუალო განათლების მისაღებად. საბაზო სკოლის დამთავრება მოითხოვს, რომ სტუდენტმა ისწავლოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები დამაკმაყოფილებელ დონეზე მაინც და სამი საბაზო სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩაბარებასთან ერთად შემოქმედებითი დავალებაც შეასრულოს.
ზოგადი საშუალო განათლება გრძელდება 3 წლის განმავლობაში. სკოლის დამთავრებისას სტუდენტმა უნდა ჩააბაროს სამი სახელმწიფო გამოცდა. ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ სტუდენტს უფლება ეძლევა, სწავლა გააგრძელოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მიიღოს პროფესიული განათლება.
პროფესიული განათლება ემსახურება საჭირო უნარებისა და პროფესიული ცოდნის განვითარებას, რაც აუცილებელია მუშაობისთვის.
უმაღლესი განათლება მოქნილი და ხელმისაწვდომია, და მხარს უჭერს სხვადასხვა სასწავლო ფორმას.
ძირითადი ვიზიტები ფინეთსა და ესტონეთში
ვანტაას პროფესიული კოლეჯი
ვანტაას პროფესიული კოლეჯი Varia არის მრავალდისციპლინური სასწავლო დაწესებულება, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის კანდიდატია. მისი მისიაა სტუდენტების კომპეტენციის განვითარება და რეგიონის პროფესიული ზრდის მხარდაჭერა.
ჰელსინკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საშუალო სკოლა
ეს სკოლა მდებარეობს ჰელსინკის უნივერსიტეტის კამპუსში და აერთიანებს სასკოლო და საუნივერსიტეტო რესურსებს. ასეთი თანამშრომლობა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის თანამედროვე განათლებასა და მეცნიერული კვლევის შესაძლებლობებს.
რესუს საბუნებისმეტყველო სკოლა
რესუს სკოლა ფინეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საშუალო სკოლაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, მეცნიერებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმითა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო აქტივობებით. მისი მიზანია, მოსწავლეები უზრუნველყოს ხარისხიანი განათლებით, რომელიც ეხმარება მათ წარმატებულ კარიერასა და კვლევით საქმიანობაში. რესუს სკოლა ასევე განთქმულია საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამით, რაც მას სტუდენტებისთვის კიდევ უფრო პოპულარულს ხდის.
Helsinki Central Library
ჰელსინკის ცენტრალური ბიბლიოთეკა „ოდი“ (Oodi), მდებარეობს ფინეთის პარლამენტის წინ, ჰელსინკის ცენტრში და წარმოადგენს სიმბოლოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების ურთიერთობისთვის. Oodi არის ინოვაციური სივრცე, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზეა მორგებული. ბიბლიოთეკა გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რობოტული სერვისებითა და გრძელვადიანი მდგრადობის მიზნებით. მისი ფართობი 17,200 კვადრატული მეტრია, აქ წიგნებისთვის გამოყოფილია მესამე სართული. პირველ სართულზე მდებარეობს მოედანი, რომელიც გარე ღონისძიებებისთვის გამოიყენება.
Tallinna Saksa Gümnaasium
ეს არის ტალინის გერმანული გიმნაზია, რომელიც ფოკუსირებულია გერმანულ ენასა და კულტურაზე. სკოლა განთქმულია გარემოს დაცვით, მაღალი ხარისხის განათლებითა და თანამშრომლობით მრავალფეროვან კულტურასთან. სკოლებში სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სავალდებულო და არჩევით საგნებს, რომელთა რაოდენობა გაყოფილია სკოლაში არსებული საგნებისა და დარგების მიხედვით.
დასკვნა
ფინური და ესტონური საგანმანათლებლო მოდელები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე განათლების განვითარებაში. ფინეთი მხარს უჭერს პიროვნებაზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებულია ვალიდურობასა და ნდობაზე, ხოლო ესტონური სისტემა ეყრდნობა ტექნოლოგიურ პროგრესსა და ინკლუზიურობას. ორივე ქვეყანა ინოვაციური მიდგომებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოირჩევა, რაც მათ განათლების სისტემებს მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას სძენს.
Teachers Community Georgia-ის ჯგუფი (დამფუძნებელი: ინგა ხარჩილავა, თანადამფუძნებლები: კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიამ მამაგულაშვილი და ნინო ცარციძე) აქტიურად მუშაობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე.
ფინეთსა და ესტონეთში განხორციელებული ვიზიტების შედეგად, ჯგუფის წევრებმა გამართეს ონლაინვებინარი, სადაც მიღებული ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებს გაუზიარეს.
Teachers Community Georgia-ის ჯგუფი საერთაშორისო პროექტებით ხელს უწყობს ქართული განათლების სისტემის ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მიღებული გამოცდილების გაზიარება პედაგოგებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინოვაციური ცვლილებების დანერგვასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.infofinland.fi/en/education/the-finnish-education-system
- https://www.hm.ee/en
- https://en.wikipedia.org/wiki/Ressu_Upper_Secondary_School
- https://saksa.tln.edu.ee/de/
- https://www.facebook.com/edtripsglobal/posts/pfbid0NrmgekKf2tJpMTL9DkkfPgk2ncH2pJV8e4g7hWy8EjpDRuxpwi2vYUfkz9idwnkxl
- https://fb.watch/xbJavDo90b/
- https://www.archdaily.com/907675/oodi-helsinki-central-library-ala-architects
- https://edtripsglobal.com/leadership-programs/finland-discovery/?fbclid=IwY2xjawH7P1RleHRuA2FlbQIxMQABHb_3LdMkBnUHc2L-Z0-f0j_mdhGutCllDodJ1oxLNlY7EbaVv_978toqJQ_aem_mOE65dZPOxOgavYZh173CA
- https://www.facebook.com/georgia.teachers.community