,,მე ვასწავლი მთელ კლასს, ის ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს“; ,,მაქვს სურვილი თანამშრომლობის, მაგრამ არასდროს გვცალია ამისთვის, ან როცა მოვიცლი, ის უკვე სხვა სამსახურშია“; არანაირი დიალოგი ან კოლაბორაცია ჩვენ შორის არ არის“; (Vakianaki & Zervakis, 2015). ამგვარად პასუხობენ ბერძენი მასწავლებლები სპეციალური და საგნის მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის შესახებ დასმულ კითხვას. „არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი ჩვენი კომუნიკაციით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ურთიერთობა და საუბრები…“, – ამბობს მასწავლებელი ერთ-ერთი ქართული საჯარო სკოლიდან.
თანამედროვე განათლების სისტემისთვის ინკლუზიური განათლების მოდელი და პრინციპები ერთ-ერთი მაგისტრალური საკითხია. ასეთია დეკლარირებული, ოფიციალური პოლიტიკა, რომლის იმპლემენტაციაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ საქართველო არ დგას, ინკლუზიური განათლების პრინციპების განხორციელება გამოწვევაა სხვა ქვეყნებისთვისაც. აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინკლუზიური განათლების ხარისხიან განხორციელებაზე ახდენს გავლენას, არის საგნის მასწავლებლებისა და სპეციალური პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობა, კოლაბორაცია, შეთანხმებული და მხარდამჭერი ურთიერთობები. წინამდებარე სტატიის მიზანია, მიმოვიხილოთ არსებული ცოდნა აღნიშნულ საკითხზე, გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა, არსებული ბარიერები და ადგილობრივ დონეზე გავაუმჯობესოთ არსებული პრაქტიკა.
კოლაბორაცია საგნის მასწავლებლებსა და სპეციალური განათლების პედაგოგებს შორის წარმოადგენს ინტერაქციულ, აქტიურ და ცოცხალ პროცესს, რომელშიც სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები საერთო მიზნის მისაღწევად თანაბრად არიან ჩართული. ეს არ არის უბრალოდ ერთად მუშაობა, ან ერთსა და იმავე აქტივობაში ერთობლივი ჩართულობა. პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ისახავდეს მიზნად და უნდა ეფუძნებოდეს არა ფორმალურ, არამედ რეალურ საჭიროებებსა და გამოცდილების გაზიარებაზე დაფუძნებულ, თანასწორი ურთიერთობის ფორმას, როდესაც საჭიროებები და გადაჭრის გზები ერთობლივადაა გააზრებული და გაზიარებული ორი ან მეტი სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სპეციალისტის მიერ.
რა არის ეფექტიანი კოლაბორაცია? როგორ უნდა ითანამშრომლონ სპეციალურმა და საგნის მასწავლებლებმა ერთმანეთთან? სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია შეიძლება რამდენიმე ძირითად კომპონენტად ჩამოვაყალიბოთ:
- ერთმანეთისთვის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება;
- რეგულარული შეხვედრები მიმდინარე საკითხების განხილვის მიზნით;
- მოსწავლის ერთდროულად შეფასება. მიღებული შედეგების გაზიარება და განხილვა;
- ადაპტაციებისა და აკომოდაციების განხილვა და ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელება;
- გაკვეთილის ერთად დაგეგმვა და წარმართვა, რაც ინკლუზიურობის და ეფექტური სტრატეგიების გამოყენების ალბათობას ზრდის;
- საერთო მიზნების დასახვა;
- გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება;
- პრობლემების გადაჭრის საერთო, შეთანხმებული სტრატეგიების შემუშავება და გამოყენება;
- ცნებებისა და საკითხების შესახებ მსჯელობისას საერთო ენა და ტერმინოლოგია;
- რესურსების, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გაზიარება.
ეფექტური კოლაბორაცია სასკოლო პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის კრიტიკულ გავლენას ახდენს ინკლუზიური განათლების განხორციელების ხარისხზე. კოლაბორაციის ნაკლებობა ნეგატიურად აისახება მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე, ხოლო, არსებული – პირიქით, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის ხარისხზე. მასწავლებლებს შორის კოლაბორაციას შეუძლია სასკოლო კლიმატის შეცვლა, რაც, თავის მხრივ, მიჩნეულია, ძირითად ფაქტორად აკადემიური მიღწევისთვის. მუშაობის პროცესში მასწავლებლების ავტონომიურობა ამ შემთხვევაში, სასწავლო პროცესის ცალკე, განყენებულად დაგეგმვა და განხორციელება, ვერ ახდენს დადებით გავლენას მოსწავლის მიღწევებზე, ხოლო ამის საპირისპიროდ, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას მასწავლებლებს შორის, შეუძლია, პოზიტიური და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოსწავლეების წარმატებაში (Goddard et all., 2007). მოსწავლეთა საჭიროებების გაცნობიერება და მათზე მორგებული სწავლების პრაქტიკა ფრაგმენტული და არასისტემურია, როდესაც არ მიმდინარეობს კოლაბორაციული მუშაობა, სტრატეგიებისა და გამოცდილებების გაზიარება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, გავაცნობიეროთ ამგვარი ურთიერთთანამშრომლობის სარგებელი და საჭიროება და ის ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ნაწილად ვაქციოთ.
აღნიშნულ პროცესს სხვადასხვა ბარიერი უშლის ხელს. მასზე გავლენას ახდენს მრავალი შინაგანი, ფსიქოლოგიური და ტექნიკური ფაქტორი. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე (Alhossyan, 2023), შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგნის მასწავლებლებსა და სპეციალურ მასწავლებლებს შორის ეფექტური კოლაბორაცია არის გამოწვევა, რაც კომპლექსური საკითხია. საინტერესოა, როგორ ურთიერთობენ სხვა ქვეყნების პედაგოგები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საუკეთესო ინტერესებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ სხვადასხვა კვლევაში მონაწილე სკოლების მასწავლებლები ამბობენ (Alhossyan, F. 2023), რომ მათ არ აქვთ ბევრი დრო ხშირი შეხვედრებისთვის და ამიტომ მეილით კომუნიკაცია საუკეთესო გამოსავალია. ასევე, ნაწილი ამბობს, რომ საგნის მასწავლებლები არიან პასუხისმგებელი სასწავლო გეგმის აკომოდაციაზე, გარემოს მოწყობასა და ცვლილებაზე, და სპეციალური მასწავლებლები მხოლოდ კონსულტაციას უწევენ მათ. მკვლევრები რობინსონი და ბული მიიჩნევენ (Robinson, L. and Buly, M.L., 2007), რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად გვევლინება ენობრივი, საერთო გაზიარებული ტერმინები და ცნებები, რომლებიც სხვადასხვაგვარად ესმით საგნის მასწავლებლებსა და სპეციალურ პედაგოგებს (აღნიშნული საკითხი ღრმადაა ნაკვლევი და მოიცავს კონკრეტული ტერმინების გაგებაში განსვლებისა და ამ გაუგებრობის აღმოფხვრის გზების საკითხებს). ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლები კი კოლაბორაციისა და მასალის ადაპტაციისთვის დროის დეფიციტს უჩივიან. იორდანიის სხვადასხვა სკოლაში კოლაბორაციის დაბალი მაჩვენებელი, კვლევის მიხედვით, განსხვავებული ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის მასწავლებელთა გადატვირთული სამუშაო გრაფიკით, კოლაბორაციული მუშაობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დეფიციტით და ასევე, ინკლუზიური განათლების მიმართ არსებული დამოკიდებულებებით. ეს უკანასკნელი, ზოგადად, მიჩნეულია ინკლუზიური განათლების ეფექტური განხორციელების ერთ-ერთ ცენტრალურ ფაქტორად, შესაბამისად, უარყოფითი დამოკიდებულებები კოლაბორაციის თვალსაზრისითაც, ბუნებრივია, სერიოზული ბარიერია.
სხვადასხვა კვლევაში ჩანს, რომ ადმინისტრაციის მხარდაჭერა ამ ტიპის კომუნიკაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციას შეუძლია ადგილობრივ დონეზე შექმნას ისეთი სასკოლო კულტურა, სადაც კოლაბორაცია და ურთიერთმხარდამჭერი კომუნიკაცია იქნება სკოლის სისტემური ხედვისა და პრაქტიკის ნაწილი. არსებული რეალობის მიხედვით კი სპეციალური მასწავლებლები და საგნის პედაგოგები სკოლაში მუშაობას ახორციელებენ, როგორც პარალელური სისტემები. მსგავსი დუალური მოცემულობა ხელოვნურ ბარიერს ქმნის მასწავლებლებს შორის კოლაბორაციული მუშაობის გზაზე (Robinson & Buly, 2007).
პედაგოგებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის და მისი კონკრეტული ფორმების შესახებ. ასევე, მათ განხორციელებაში მხარდაჭერა, მათ შორის, ტრენინგებით. მნიშვნელოვანია, კოლაბორაცია მხარდაჭერილი და წახალისებული იყოს სასკოლო პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე, მათ შორის შეხვედრების ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის თვალსაზრისითაც, რადგან თუკი ბარიერები შეექმნება რეგულარულ და ეფექტურ კოლაბორაციას, სწორედ ადმინისტრაციაა ის რგოლი, რომელმაც მისი იდენტიფიცირება და მხარდაჭერა უნდა განახორციელოს. არსებული გამოცდილებისა და ცოდნის შედეგად, ჩანს, რომ კოლაბორაციის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლები პირდაპირ მუშაობის დროს იგებენ, რაც არაა სწორი პრაქტიკა. აუცილებელია, რომ თანამშრომლობითი მუშაობის შესახებ ასწავლიდნენ სტუდენტებს და აღნიშნული საკითხი მასწავლებლების მომზადების სხვადასხვა პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მოდულად იქცეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და ბარიერები ძალიან ჰგავს ჩვენს რეალობას. საქართველოს სკოლებსაც აქვს საკუთარი ეფექტური გამოცდილებები და ბარიერები, თუმცა მათი გააზრება, გაცნობიერება და სისტემურ პრაქტიკაში დანერგვა უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური განათლების ხარისხიანი განხორციელებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
Alhossyan, F. 2023. Collaboration Between Special and General Education Teachers: A
Systematic Review. Majmaah University.
Dally, K. and Foggett, J. 2016. Journal of Research in Special Educational Needs.
Collaboration Between General and Special Education Teachers in Malaysia.
Goddard et al., 2007. A Theoretical and Empirical Investigation of Teacher Collaboration
for School Improvement and Student Achievement in Public Elementary Schools.
Columbia University.
Landever, G. S. 2010. Collaboration Among General and Special Education Teachers.
Baker University.
Olore, K.L. 2017. Effectiveness of General and Special Education Collaboration in Middle
Schools. Lesley University
Robinson, L. and Buly, M.R. 2007. Breaking the Language Barrier: Promoting
Collaboration Between General and Special Educators. Teacher Education
Quarterly.
Sharpe, M. N. and Hawes M. E. 2003. Collaboration Between General and Special
Education: Making It Work. Issue Brief
Venianaki, A. 2015. Collaboration Practices Between Special Education Teachers and
Mainstream Teachers in Secondary Education. Journal of Education @ Social Policy.