„განათლება არ ახდენს ცვლილებას სამყაროში. განათლება ცვლის ადამიანს. ადამიანი კი ცვლის სამყაროს”.
პაულუ ფრეირი (XX საუკუნის ბრაზილიელი მოაზროვნე, განმანათლებელი)
„განათლება არ გახლავთ ფაქტების შესწავლა, ის გონების სავარჯიშოა, რომელიც გვასწავლის ფიქრს“.
ალბერტ აინშტაინი (XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე,
ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი)
ფსიქოლოგიის პროფესორები, პიტერ გრეი და კირსტენ ოლსენი, სასკოლო გამოცდილებასა და მოგონებებზე
ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ტექსტიდან, რომლებიც სკოლასა და სასკოლო მოგონებებს შეეხება. ეს მოთხრობა, ბოსტონის კოლეჯის პროფესორმა (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ), ფსიქოლოგიის დოქტორმა, პიტერ გრეიმ შემოგვთავაზა თავის ბლოგში – Psychology Today (https://www.psychologytoday.com/). დოქტორი გრეი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს, თავის კოლეგასთან, დოქტორ კირსტენ ოლსონთან (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი) შეხვედრის შესახებ.
საკითხი, რომელსაც დოქტორი გრეი ეხება, საჭირბოროტო და ყურადსაღებია:
- რა კვალს ტოვებს სკოლა და სასკოლო წლები ადამიანზე?
- რამდენად კარგია სასკოლო გამოცდილება ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სკოლას ამთავრებს და „ზრდასრულ“ ცხოვრებაში მიდის?
- რამდენად საჭიროა „სასკოლო გამოცდილება“ მომავალი ცხოვრებისთვის?
ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც ეხებიან ავტორი და მისი რესპონდენტი, დოქტორი ოლსონი.
პიტერ გრეი: გაიცანით დოქტორი კირსტენ ოლსონი. ის არის განათლების მკვლევარი, აქტივისტი, კონსულტანტი და მწერალი, რომელსაც გულით აწუხებს ბავშვების, სწავლებისა და ჩვენი სკოლების მდგომარეობა. ის, სხვათა შორის, გახლავთ IDEA-ს (ამერიკის ინსტიტუტი დემოკრატიული განათლებისთვის) დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი.
მე მას პირველად ორი კვირის წინ შევხვდი ლანჩზე, შემდეგ კი დიდი ინტერესით წავიკითხე მისი ბოლო წიგნი „სკოლით დაჭრილნი: როგორ დავიბრუნოთ სწავლების სიხარული და დავუპირისპირდეთ ძველი სკოლის კულტურას” [1]. თუ ოდესმე სკოლაში გივლიათ, გყავთ სკოლის მოსწავლე ბავშვი ან უბრალოდ ზრუნავთ სკოლაში მყოფ ბავშვებზე, ამ წიგნის წაკითხვას გირჩევთ.
წიგნი „სკოლით დაჭრილნი“ არის კვლევის შედეგი, რომლის წერაც ოლსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, განათლების კურსის დოქტორანტურაში სწავლისას დაიწყო. როგორც ადამიანს, რომელიც დიდად აფასებდა სწავლასა და განათლებას, ოლსონს სურდა, გამოეკვლია სასწავლო პროცესში მიღებული სიხარული და შთამაგონებელი გამოცდილებები, დაკავშირებული სწავლისა და სწავლების პროცესებთან. მაგრამ როდესაც მან დაიწყო ადამიანების გამოკითხვა მათი დადებითი სასკოლო გამოცდილების შესახებ, აღმოაჩინა, რომ ისინი უფრო მეტად სკოლით მიყენებულ ტკივილზე საუბრობდნენ…
აი, როგორ აღწერს ამას კირსტენ ოლსონის დისერტაციის ხელმძღვანელი, სარა ლოურენს-ლაიტფუტი, წიგნის წინასიტყვაობაში: „პირველად ამ თემაში ღრმად ჩასახედად ავტორმა სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარა გამოჩენილ არქიტექტორთან (რომელიც საერთაშორისო არქიტექტურული პრემიის ლაურეატია), ღვაწლმოსილ პროფესორთან, გამოჩენილ მწერალთან და დიდი კორპორაციის მარკეტინგის დირექტორთან. ოლსონი, უდავოდ, ელოდა რომ მათგან მოისმენდა საინტერესო და ხალისიან ისტორიებს ნაყოფიერ სწავლებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული სერიოზულობა და თავგადასავალი, სიამოვნება და შრომა, სურვილი და საქმისადმი ერთგულება… ამ ყველაფრის ნაცვლად, დოქტორი ოლსონი, მისთვის მოულოდნელად, რესპონდენტთა მიერ გადმოცემულ მკვეთრ და ხატოვან სასკოლო მოგონებებში, დაეჯახა ტკივილით, იმედგაცრუებითა და ზოგჯერ, ცინიზმით გაჯერებულ აჩრდილებს. იგი ელოდა ნათელს და შეეჯახა ბნელს. თან, ეს მონათხრობი არ გახლდათ ძველი, დიდი ხნის დავიწყებული და უკვე შეხორცებული ჭრილობების გახსენება! ძველი, სასკოლო ისტორიები რესპონდენტს ახსენებდნენ იმ ღრმა იარებს, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევდნენ ტკივილს.
თავისი პროექტის გაფართოებისას, ოლსონმა დაიწყო ინტერვიუების ჩატარება ყველა ასაკის ადამიანთან – დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან დამთავრებული ბებია-ბაბუებით – რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფისა და განსხვავებული პროფესიული გამოცდილების ადამიანები იყვნენ.
დოქტორი ოლსონი გაოცებული იმ გულწრფელობითა და ემოციურობით, რომლითაც ადამიანები სკოლის წლების შემდეგ დარჩენილ ჭრილობებზე საუბრობდნენ. ის, ფაქტობრივად შეუდგა ახალ, უცნობ გზას, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაგვეცნობიერებინა, როგორ მოქმედებს სკოლა ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. მსგავსი გამოცდილების რესპონდენტებს პირდაპირ უსვამდა კითხვას: როგორ იმოქმედა სკოლამ მათზე?
„საშუალო ბავშვი, რომელიც სკოლაში არ იღებს სპეციალურ ინსტრუქციას, ან სათანადო ყურადღებას, ალბათ, ჩვენი სკოლის სისტემაში ყველაზე ნაკლებად იდენტიფიცირებული, [სისტემის გულგრილობით] „დაჭრილი“ ბავშვია. ბევრი მოსწავლე, სკოლას იმ შეგრძნებით ტოვებს, რომ ის არ არის ჭკვიანი და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი განიცდის სირცხვილის გრძნობას, რაც ტკივილად და მწველ მოგონებებად რჩება მის გონებაში. ბევრს ეუფლება ბრაზი და რისხვა, მასწავლებლებისა და ხელისუფლების მიმართ. „სწორად“ მოქცევა და რისკის თავიდან აცილების გრძნობა, ბავშვს მარტივი დავალების შესრულებისკენ უბიძგებს, რაც დაბალი მოთხოვნებით დაკმაყოფილებას იწვევს… განათლებისა და სწავლის ირგვლივ დაუმუშავებელი, ძლიერი გრძნობები მოსწავლეებში რჩება და ისინი ამ შეგრძნებებით შედიან ზრდასრულ სამყაროში. ეს ჭრილობები, ძირითადად არსად არ განიხილება და ყურადღების მიღმა რჩება სკოლის განვითარებისა და განათლების რეფორმის დისკურსში. მოსწავლეები კარგავენ ხალისს სწავლის მიმართ და ამ საკითხებთან შეხებისას თავს უხერხულად გრძნობენ. ისინი ადვილად კარგავენ მოტივაციას და მოკლებულნი არიან სწავლისგან მიღებულ სიამოვნებას“, – წერს წერს თავის მიმოხილვაში, ბლოგერი და მწერალი, დაგ უილიამ გრინი, კირსტენ ოლსონის წიგნის ერთ-ერთ მიმოხილვაში.
„თავის ახალ და პროვოკაციულ წიგნში, განათლების სფეროს მკვლევარი და კრიტიკოსი, კირსტენ ოლსონი ააშკარავებს იმ დამანგრეველ შედეგებს, რომლებიც თან ახლავს განათლების სფეროში გაბატონებულ ისეთ მიდგომებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კონფორმიზმს; თრგუნავს სტუდენტთა ინტერესებს და აქრობს განსხვავებებს მოსწავლეებს შორის. ის ასევე გვიზიარებს იმ მოსწავლეთა გამოცდილებებს, რომლებმაც შეძლეს ამ მტკივნეული განცდების დაძლევა. ოლსონი გვიჩვენებს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუდენტებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ წონასწორობა და დარჩნენ საღი, – წერს თავის მიმოხილვაში დოქტორი ოლსონი წიგნის გამომცემელი, Teachers College Press (ნიუ იორკი, ნიუ იორკი, აშშ).
(პირველი ნაწილის დასასრული)
[1] Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture. იხ. ბმული: https://www.amazon.com/Wounded-School-Recapturing-Learning-Standing/dp/0807749559