ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა სასწავლო გეგმის მიღმა

ნინო რევიშვილი

განათლებაში, რაც მარტივი შესაფასებელია არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შესაფასებლადაც რთულია” ადამ გარმორანი სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა სოციალიზაციის უწყვეტი პროცესია. სკოლა ნორმებსა და ქცევის წესებს აწესებს, რაც მოსწავლეებს, მომავალში, საკუთარი როლის განსაზღვრაში ეხმარება. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ემილ დურკჰაიმი მიიჩნევდა, რომ ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის აღზრდაზე და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სკოლამ კი მოსწავლეები უფრო დიდი საზოგადოების მოქალაქეებად უნდა აღზარდოს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო ცხოვრების თითოეულ ასპექტს, რომელიც მოსწავლეს მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადებს.

 

განათლების სპეციალისტებისადა პედაგოგების აზრი ხშირად იყოფა, როდესაც საუბარი ფორმალური განათლების საუკეთესო მეთოდებზე ან მიდგომებზეა. ფორმალური განათლება და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ზოგადიგანათლების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია,ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული საგანმანათლებლო პროცესისათვის. არანაკლებ საგულისხმოასასწავლო გარემოსსხვა ასპექტები, რომლებიც ასევე დიდგავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

საგანმანათლებლო გამოცდილება შეგვიძლია სამ ასპექტად დავყოთ:

 


·

ფუნდამენტური ცოდნის გაზიარების პროცესი, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით, კურიკულუმით გათვალისწინებული საკითხების სწავლებას;


·

სკოლის ფიზიკური გარემო და სტრუქტურა, რაც სასწავლო გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სკოლის ფიზიკურ სტრუქტურას წარმოადგენს არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, აღჭურვილობა, არამედ საგაკვეთილო გეგმა, გრაფიკი, დროისა და სივრცის რესურსები;


·

სასკოლო ცხოვრების გარკვეული ასპექტები, რომელთა სწავლება არ არის ასახული ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მაგრამ სკოლაში სწავლის დროს მოსწავლები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იძენენ ცოდნის, უნარების ან გამოცდილების სახით.

წარმატებული საგანმანათლებლო პროცესი ამ სამი ასპექტის სწორი კომბინაციის შედეგად მიიღწევა.


რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლაში?

სკოლაში მიღებული განათლება ოფიციალურ სასწავლო გეგმებში ასახულ საგნებსა და მისაღწევ შედეგებს აღემატება. მოსწავლეები, აკადემიურ საკითხებთან ერთად, სოციალურ წესებსა და მოლოდინებს ეცნობიან. ეს მორალური თუ სოციალური მნიშვნელობის მქონე ინფორმაციაა და გარკვეულ სოციალურ უნარებს, ლექსიკას, მეტაფორებს გულისხმობს.


სასკოლო განათლების არაფორმალური ასპექტები


ფორმალური განათლების კვლევა მუდმივ ჩაღრმავებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა გამუდმებით ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსწავლეებს გადასცეს პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ გადაწყვიტონ მნიშვნელოვანი პრობლემები. თუმცა ამ უნარის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სწავლა-სწავლების არა მხოლოდ აკადემიური ასპექტის გათვალისწინება, არამედ განათლების არაფორმალური ასპექტებზე დაკვირვებაც. სწორედ განათლების ფორმალური და არაფორმალური ასპექტების ერთობლიობა განაპირობებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს და გავლენას ახდენს მათ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.


1970-80-იანი წლებიდან მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში სტანდარტიზებული ტესტები შემოიღეს, რის შედეგადაც სწავლების ”გაუზომვადი” ან უფრო რთულად გაზომვადი ასპექტების კვლევა მეორეხარისხოვანი გახდა. მიუხედავად ამისა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტესტების საშუალებით მხოლოდ ცოდნის გარკვეული ნაწილი იზომება. მოსწავლის უნარების ჩამოყალიბებაზე კი არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება ახდენს გავლენას, არამედ ისეთი ასპექტებიც, როგორიცაა სასკოლო გარემო, მასწავლებლების მოტივაცია და განწყობა მოსწავლეების მიმართ, სკოლის რესურსები და ა.შ.


სკოლის კლიმატი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე მათ სოციალურ ქცევაზეც. კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი ადვილად ამჩნევენ იმ დეტალებსაც კი, რომლებიც თითქოს მათი ყურადღების მიღმა უნდა რჩებოდეს, ვთქვათ, როგორია სკოლის მართვის პრინციპი, როგორი ურთიერთობაა მასწავლებლებს შორის. შესაბამისად, სკოლის გარემოს როლის უგულებელყოფით, შესაძლებელია, მოსწავლის ჯანსაღი სოციალური განვითარებისთვის არაკეთილსაიმედო გარემო შეიქმნას.


სასწავლო პროცესი სოციალური ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას მოიცავს. ამ ფორმებს ხშირად მასწავლებლები კი არ ამკვიდრებენ, არამედ მოსწავლეები. რიგ შემთხვევებში, მასწავლებლები გაუცნობიერებლად იღებენ ამ ღირებულებებს. სკოლაში დამკვიდრებული ეს დაუწერელი კოდექსი ძალიან დეტალიზებულია და ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა: როგორ ჩაიცვან მოსწავლეებმა? როგორ ისაუბრონ? როგორ ატარონ ჩანთა? როგორ მიესალმონ მეგობრებს? როგორ გაერთონ შესვენებების დროს? რა ლექსიკა გამოიყენონ ერთმანეთთან საუბრისას? ვისთან იმეგობრონ და ვისთან არა? რომელ ხუმრობებზე გაიცინონ? რა არის “მაგარი” და რა არა?


მოსწავლის მიერ სკოლის აღქმა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორია სკოლის შენობა. მუდმივად კონტროლირებად, ჩაკეტილ, ჩაბნელებულ სკოლაში მოსწავლე თავს სისტემის ტუსაღად აღიქვამს, ხოლო დიდ, ნათელ, სუფთა გარემოში ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ამასთანავე, სკოლაში მოსწავლეს ხშირად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სწავლა ძალდატანებითი ”სამუშაო” იყოს. ის ემზადება იმისათვის, რომ ისწავლოს სწორხაზოვნად, მასწავლებელზე ორიენტირებული მეთოდით. მისი შეხედულებით, სწავლა მუშაობასთან არის გაიგივებული, ხოლო თამაში სასწავლო პროცესში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება. ამ დამკვიდრებული პარადიგმის რღვევა და ”თამაშით სწავლება” (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) ბავშვს დადებით განწყობას შეუქმნის და მისთვის სწავლა სასიამოვნო პროცესთან გაიგივდება.


მზადება შრომის ბაზრისათვის

განათლების თეორეტიკოსები სკოლას სოციალური კონტროლის ერთ-ერთ უძლიერეს მექანიზმად მიიჩნევენ. შესაბამისად, გასაგებია, რომ სკოლის ყოველდღიური რუტინა წინასწარ განსაზღვრულ ნორმებს, ღირებულებებს, წარმოდგენებს აყალიბებს. ის მოსწავლეს უქმნის მოლოდინს საკუთარ მომავალზე, სოციალურ ურთიერთობებსა და სტატუსზე. ამგვარად, სკოლის იდეოლოგიის გავლენით ხშირად მოსწავლეები აღარ ცდილობენ საკუთარი მომავლის შეცვლას უკეთესობისკენ, უფრო ამბიციური მიზნების დასახვას. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ სოციალური კონტროლის ასეთი იარაღი აკონტროლებს შრომით ბაზარსაც.


სკოლის სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შრომის ბაზრისთვის მოსწავლეების მომზადებაა. თავად სკოლის პარაგდიგმაც _ სპეციალური, შეფასებადი დავალებების შესრულება _ მათ სწორედ შრომის ბაზრისათვის ამზადებს. სკოლაში მოსწავლეები პუნქტუალობას, ავტორიტეტების მორჩილებას, დავალებების შესრულებისათვის მზაობას, დროის რაციონალურად განაწილებას, საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების დაცვას ეჩვევიან. ამ უნარებს მათ მასწავლებელი უვითარებს, შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მართავს პედაგოგი კლასს. რამდენად პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე იქნება მოსწავლე მომავალში _ ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წესრიგია საკლასო ოთახში. როდესაც მასწავლებელი ავტორიტარია, მოსწავლეები სასწავლო პროცესს ძალდატანებით პროცესად აღიქვამენ, სადაც დაკავებული უნდა იყო და სკოლის განრიგს მორჩილად მიჰყვებოდე. ლიბერალი მასწავლებლების მოსწავლები კი სამუშაოს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, სკოლა ხშირად განაპირობებს იმას, თუ სად აგრძელებს სკოლადამთავრებული სწავლას.


როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სკოლის გარემო მოსწავლეებში სწორი ღირებულებების დასამკვიდრებლად?


მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს ვერ მიაღწევს, თუ არ გაითვალისწინებს სასკოლო გარემოს და ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მოსწავლეების ინტერესები, საჭიროებები, შეხედულებები, მოლოდინები, მოტივაცია.


მასწავლებელი სრულად ვერ გამორიცხავს კლასში არასასურველი სოციალური თუ ეთიკური ნორმების დანერგვას, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს მოსწავლეების სწორი სოციალური და აკადემიური უნარების განვითარებას. მან უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის თავისებურებები, სასწავლო ჯგუფის ფორმირებისას კი ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეების შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და ქცევის ნორმებზე.


კვლევა ცხადყოფს, რომ იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესი მოსაწყენ რუტინად არ აქციოს, მოსწავლეებს უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ სწავლის მიმართ და ისინი უფრო მოტივირებულები არიან. ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლები გაკვეთილს კი არ ხსნიან, არამედ მოსწავლეებს ზედაპირულ ინსტრუქციას აწვდიან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულონ მათ საშინაო დავალება. რიგ შემთხვევებში, მოსწავლეებს შემოქმედებითობა საერთოდ არ მოეთხოვებათ. არადა, აზროვნების ჩამოყალიბებას მასწავლებელი ხელს მხოლოდ მაშინ უწყობს, როდესაც ის მოსწავლეებს ექსპერიმენტებისაკენ, სიახლეებისაკენ უბიძგებს.


იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებს თავისებური წარმოდგენა აქვთ სასკოლო ცხოვრებაზე, მასწავლებელი (ასევე სკოლის ადმინისტრაცია) კარგად უნდა იცნობდეს მათ მოთხოვნებსა და ინტერესებს, ცდილობდეს მათ მიერ დაწესებული კანონების “გაფილტვრას” და იმ წესებისა და უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჯანსაღი სასკოლო გარემოს ფორმირებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, მასწავლებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ მოსწავლე სკოლაში შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით გამოცხადდეს და ამავე დროს მისი ინივიდუალური ჩაცმის წესი არ შეიზღუდოს.


მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ისინი თავაზიანად უნდა ექცეოდნენ სხვა მოსწავლეებს, თავს უნდა იკავებდნენ მუქარისგან, ცილისწამებისგან, დამცინავი განცხადებებისგან. ამავე დროს, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მიუთითოს, თუ ვისთან უნდა იმეგობროს, რომელი მოსწავლეა სამაგალითო ყოფაქცევის მქონე და ა.შ. მასწავლებლის შეფასებები კონკრეტულ ქმედებებსა და მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს და ზოგად დასკვნებს არ უნდა წარმოადგენდეს.


მასწავლებელმა მოსწავლეების მიერ შექმნილი კანონების უარყოფითი მხარეები უნდა გაითვალისწინოს და მათი აღმოფხვრა სცადოს. მაგალითად, მოსწავლეებს ხშირად სჩვევიათ გარკვეული ტიპის თანატოლების გამორჩევა, დაცინვა და დამცირება. მასწავლებელმა, პირველ რიგში, საკუთარი ქმედებით უნდა აჩვენოს მათ საპირისპირო მაგალითი. იმისათვის, რომ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, პედაგოგმა არასდროს უნდა გაიცინოს ისეთ ანეგდოტზე, რომელიც დისკრიმინაციულია გარკვეული ტიპის მოსწავლეების მიმართ. ასეთი უნებური ქმედება გაუცნობიერებლად ახდენს იმ აზრის ინდოქტრინაციას, რომ ამ ტიპის მოსწავლეები სხვა მოსწავლეებზე დაბლა დგანან.


მასწავლებელი ხელს არ უნდა უწყობდეს სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამკვიდრებას. ვთქვათ, პედაგოგმა არასდროს უნდა უთხრას ბიჭს: “რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?” ან გოგოს: “რა ცელქი ხარ, ბიჭივით რატომ იქცევი?” ასეთი მიდგომა ბავშვებს მცდარ წარმოდგენას უყალიბებს, რომ ბიჭის ცელქობა მისაღებია, ტირილი კი მხოლოდ გოგოს ეპატიება.


პედაგოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გამოხატვის როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ ფორმებს. მაგალითად, მასწავლებელმა შესაძლოა მოსწავლეს არაფერი უთხრას დამამცირებელი, მაგრამ მისი მიმიკა იყოს ასეთი.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეებს ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, სათქმელის ბოლომდე თქმა არ სურთ. მასწავლებელმა მათ ჟესტებში, მიმიკებში უნდა ამოიკითხოს განწყობა.


ასევე აუცილებელია, რომ პედაგოგმა საკლასო ოთახში ისეთი გარემო შექმნას, რომელშიც მოსწავლეები თავს კომფორტულად იგრძნობენ. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აგრძნობინოს, რომ მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია მისი ინტერესები, თავისებურებები. მან უნდა უბიძგოს მოზარდებს შეკითხვების დასმისკენ და ამ გზით დაეხმაროს ცოდნის შეძენაში და არა ფაქტების მექანიკურად დამახსოვრებაში. ამავე დროს მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეების კულტურულ და სოციალურ გამოცდილებებზე, ის ყოველდღიური რიტუალები უნდა გაითვალისწინოს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.


როგორც ჩანს, სკოლებს და განსაკუთრებით, მასწავლებლებს უფრო რთული მისია აკისრიათ, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აკადემიური მიზნების მიღწევაა. ასე რომ, აუცილებელია, მასწავლებლები თავიდან ბოლომდე აცნობიერებდნენ ფარულ რისკებს დაცდილობდნენ, ნეგატიური სოციალური ღირებულებები დადებით უნარებად გარდაქმნან და დაამკვიდრონ სკოლასა და მოსწავლეებში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი