პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქალების განდევნა

ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოსჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.

ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც, ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც. და ორივეს ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას, ვიდრე ახლა ჩამოდგა. და მივხვდი, რომ ხვალინდელი დღეც ასეთი იქნება. ზუსტად ასეთი. განა მარტო იმ სოფელში. ყველგან. შევეშვათ ეთნოსებისკენ ცალი ხელის გაშვერას და ცალით საკუთარი უსინდისობის და უმაქნისობის ჩუმად მოწმენდას. ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის. ეს ქალების განდევნის ხელობაა. ყოველდღე და ყველგან.
კვირაში ორ სოფელს მაინც ვსტუმრობთ. როცა წიგნებს ვარიგებთ, უმეტესად მასწავლებლები პატარა ბიჭებს გამოუშვებენ ხოლმე წიგნებისკენ და გოგონები მორცხვად, შორს დგანან. არადა, ორ-ორ წიგნს ვურიგებთ თითოს სიმბოლურად, განა რამე მძიმეს და შეუძლებელს.
იქაც ვამბობ და აქაც ვიტყვი: ყველაფერი ასეთი მცირე, შეუმჩნეველი ამბებით იწყება და ჩვენ მომავალშიც გუშინდელივით დავმარცხდებით, თუ არ მივხვდით და:
თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ წიგნებისკენ ისინიც ბიჭებთან ერთად უნდა გამოიქცნენ!
თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ სირცხვილი არ არის, თუ გოგონები წიგნებისკენ ბიჭებთან ერთად მორბიან!
თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები, ლაღები უნდა იყვნენ. მხოლოდ საკუთარი თავის საკუთრება, მხოლოდ საკუთარი ფიქრის მძევალი.
თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა – გატეხო.
თუ არ ვასწავლეთ აქ დ ახლა. თუ არ ვასწავლეთ და არ ვისწავლეთ. ჩვენც და თქვენც!

საქმე მართლაც ის გახლავთ, რომ რიგ შემთხვევებში ჩვენი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ყოფით ნაწილში, ინერციული აზრით გულისხმობს ქალის განდევნას და შესაბამისად, ეს მოცემულობა აუცილებლად არის დასამარცხებელი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რომ მე თვითონაც ამ სტერეოტიპების  მსხვერპლი ვიყავი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მე თვითონაც უამრავი შეცდომა დამიშვია და ჩემი აზრიც, უმეტესწილად, ჩემს შეცდომებს ეფუძნება და არა სხვის განქიქებას ან სხვებისკენ ხელის გაშვერას.

მე გარკვეულწილად ასეთ საზოგადოებაში გავიზარდე. ცხადია, ეს უპირატესობა  იყო სრულიად ხელოვნური იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მიდგომა და განწყობები არ არის ძირეული და ფუნდამენტური ქართული ტრადიცია. მეტიც, მაგალითად, სვანეთში გენდერული თანასწორობა დღესაც  დაცულია და მე ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე ამას, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ და ეს მშვენიერი მაგალითია იმის, რომ ტრადიციული გაგებით საქართველოში ქალი და კაცი თანასწორია. ხოლო ის განცდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ თითქოს ეს უთანასწორობა რაღაც ტრადიციებთან არის თანხვედრაში, აბსურდია. ამიტომ ეს საკენკი, რომ თითქოს ჩვენ ტრადიციებით გვერთმევა გენდერული თანასწორობა, არ არის სწორი და არ უნდა დავუყაროთ მომავალ თაობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი