პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სოციალური სიზარმაცის ფენომენი

ცნობილია, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეების მიერ სამუშაოს ჯგუფურად შესრულებას არაერთი დადებითი მხარე აქვს: ის ხელს უწყობს ისეთი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, როგორიც არის სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, კონფლიქტების მართვა, საკუთარი ძლიერი მხარეების სხვებისთვის გაზიარება და შედარებით ნაკლებად განვითარებული უნარების სრულყოფა, ინტერპერსონალური უნარების განვითარება და სხვ. თუმცა სწორედ ჯგუფური მუშაობის დროს ვლინდება ის ფენომენიც, რომელიც სოციალური სიზარმაცის სახელწოდებით არის ცნობილი.


რას გულისხმობს სოციალური სიზარმაცის ფენომენი?
სოციალური სიზარმაცის ფენომენი ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი თავისებურებაა. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთობლივი მოქმედებისას ჯგუფის წევრები იმაზე ნაკლებ ძალისხმევას იჩენენ, ვიდრე ინდივიდუალური მუშაობის დროს გამოიჩენდნენ.
სოციალური სიზარმაცის ფენომენის გავლენა ჯგუფის დინამიკაზე პირველად XX საუკუნის დასაწყისში შენიშნა ფრანგმა პროფესორმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა, მაქს რინგელმანმა (იხ. ღინგელმანნ, 1913; აგრეთვე რავიტზ&Mარტინ, 1986). კვლევის კლასიკურ ვარიანტში მონაწილეობდნენ მოზარდები, რომლებსაც ევალებოდათ, ბაგირის გაწევისას რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა გამოეჩინათ. შედეგი ასეთი აღმოჩნდა: როდესაც ცდისპირები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ინდივიდუალურად მოქმედებდნენ, გაცილებით მეტ ძალისხმევას იჩენდნენ, ვიდრე ბაგირის ერთობლივად გაწევისას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სოციალური სიზარმაცის ფენომენი ჯგუფური მუშაობისას ყოველთვის როდი იჩენს თავს.
სოციალური სიზარმაცის განმაპირობებელი ფაქტორები დღესაც მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს. ამ მიმართულებით მრავალი კვლევა ტარდება. ასახელებენ ამ ფენომენის რამდენიმე მიზეზს, რომელთა ცოდნა და გათვალისწინებაც საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ სოციალური სიზარმაცის გამოვლინება. აღსანიშნავია, რომ სოციალური სიზარმაცის ეფექტი მეტ-ნაკლებად განსხვავებულ ხასიათს იძენს კულტურული, ეთნიკური, ასაკობრივი და სხვა ფაქტორების კონტექსტში. ეს წერილი ძირითადად იმ მიზეზებს ეხება, რომელთა განზოგადებაც შესაძლებელია ყველანაირი ტიპის ჯგუფისათვის.
რა განაპირობებს სოციალური სიზარმაცის ფენომენის გამოვლინებას?
მასწავლებლისთვის, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ხშირად მიმართავს ჯგუფურ მუშაობას, ალბათ უცხო არ არის სოციალური სიზარმაცის ფენომენი, როდესაც ერთობლივ საქმიანობაში ჯგუფის ყოველი წევრი ერთანირი ინტერესითა და ენთუზიაზმით არ მონაწილეობს.
განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ხელს უწყობს სოციალური სიზარმაცის ფენომენის გამოვლინებას:
ანონიმურობა, როდესაც საქმიანობის დასასრულს ჯგუფის წევრების წვლილი შეუმჩნეველი რჩება და საბოლოო მიღწევასთან ერთად არ იზომება თითოეულის ინდივიდუალური ძალისხმევა. ამ შემთხვევაში ერთობლივ საქმიანობაში შეტანილი წვლილი არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტულ პიროვნებასთან და წინასწარი განწყობა იმისა, რომ ინდივიდუალურად შესრულებული საქმიანობის შედეგი ყურადღების მიღმა დარჩება, აქვეითებს მოსწავლის მოტივაციას, აქტიურად ჩაერთოს ჯგუფურ სამუშაოში.
მოსწავლე ელის, რომ სხვები იზარმაცებენ. როდესაც ჯგუფის რომელიმე წევრი თანაჯგუფელებისგან ნაკლებ ძალისხმევას ელის, თავადაც ცდილობს, რაც შეიძლება, ნაკლები ძალისხმევა დახარჯოს და შედეგზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. ეს ფაქტორი, ერთი მხრივ, დაბლა სწევს ჯგუფური მუშაობის ხარისხს და მის საბოლოო პროდუქტზეც უარყოფითად აისახება, მეორე მხრივ კი ხელს უშლის ისეთი მნიშვნელოვანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, როგორიც არის გუნდის წინაშე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განცდა.
სტანდარტების არქონა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯგუფმა წინასწარ არ იცის, რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მისი საქმიანობა, ბუნდოვანია დავალების მიზანი და გაურკვეველია შედეგი. თუ გავიხსენებთ, რომ მოტივაცია სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესია, იოლი მისახვედრი გახდება, რატომ იჩენს თავს ასეთ შემთხვევებში სოციალური სიზარმაცის ფენომენი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ურთიერთობაში სიცხადისა და სიზუსტის შეტანა. ბუნდოვანება თავისთავად უწყობს ხელს დავალების სპონტანურად, გაუაზრებლად შესრულებას, ყოველგვარი შეთანხმებისა და ფუნციების გადანაწილების გარეშე. მისი შესრულების ხარისხი დამოკიდებული ხდება ჯგუფის წევრების სუბიექტურ აღქმაზე, რაც შესაძლოა სრულიადაც არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ სიტუციასა და მიზანს.
დავალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც ჯგუფის წევრებსთვის დავალება უინტერესოა და მისი შესრულება მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ. ამ შემთხვევაში მოსწავლეები კარგავენ მოტივაციას და ნაწილი მას მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად, სასჯელის შიშით ან წახალისების სურვილით აკეთებს, ნაწილი კი პასიურ მდგომარეობაში გადადის. ცნობილია, რომ სწავლება-სწავლის პროცესში საკითხის მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს, ხალისით ჩაერთონ ჯგუფურ მუშაობასა თუ, საზოგადოდ, სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში.
დავალების სირთულე, როდესაც ჯგუფის რომელიმე წევრს მიაჩნია, რომ არ აქვს სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები დასახული ამოცანის შესასრულებლად. ასეთ დროს ის უარს ამბობს საბოლოო შედეგის მიღწევაში წვლილის შეტანაზე, ასეთ მდგომარეობაში ხშირად აღმოჩენა კი მას საკუთარი თავის რწმენას უკარგავს _ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ხომ სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა და შინაგანი მოტივაციის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი წევრი თანდათანობით ჯგუფისთვისაც უმნიშვნელო ხდება, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მისდამი არასასურველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
როგორ დავძლიოთ სოციალური სიზარმაცე?
ჯგუფური მუშაობის ეფექტურად წარმართვისა და სოციალური სიზარმაცის ფენომენის გამოვლინების მაქსიმალურად შემცირებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:
პირადი პასუხისმგებლობის განცდის ამაღლება
მნიშვნელოვანია ჯგუფის წევრების პასუხისმგებლობის ამაღლება, რაც თითოეულის მოქმედების სათანადოდ შეფასებით მიიღწევა. შეიძლება, ჯგუფური დავალება დაიყოს პატარა ამოცანებად და განაწილდეს ისე, რომ ყველას, თავ-თავისი შესაძლებლობების კვალობაზე, საკუთარი საქმე ჰქონდეს. როგორც კვლევებმა აჩვენა, წინასწარ განსაზღვრული როლები და ფუნქციები ამაღლებს რწმენას, რომ ჯგუფის ყოველი წევრის ძალისხმევა და შრომა დაფასდება.

. დააკვირდით ჯგუფის მუშაობას, აღიარეთ თითოეულის დამსახურება, გამოიყენეთ ეფექტური უკუკავშირის ტექნიკა მოსწავლეების ძლიერი მხარეების აღსანიშნავად და, საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული შესწორებების შესატანად.

. წაახალისეთ როგორც გუნდი, ასევე მისი თითოეული წევრი. ალაპარაკეთ მოსწავლეები იმის შესახებ, ვინ რა გააკეთა საბოლოო შედეგის მისაღწევად.

. დაეხმარეთ მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რომ სხვადასხვა საქმის შესრულებით მიიღწევა ჯგუფის საერთო შედეგი და თითოეულის ძალისხმევაზეა დამოკიდებული მისი წარმატება. აგრძნობინეთ მათ საკუთარი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა.
მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა
პირადი პასუხისმგებლობის განცდა და დავალებების გადანაწილება ხელს უწყობს საქმიანობაში ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართვას. როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ ჯგუფის სხვა წევრებიც მაქსიმალურად არიან ჩართულნი პროცესში, დიდია ალბათობა, რომ სოციალური სიზარმაცის ფენომენი აღარ გამოვლინდეს.
ეცადეთ, ჯგუფური მუშაობისას დავალებები ისე გაანაწილოთ, რომ ყველა წევრი, თავ-თავისი შესაძლებლობისამებრ, მაქსიმალურად იყოს ჩართული პროცესში.
დავალების ეფექტურად განსაზღვრა
ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გააცანით საქმიანობის განმსაზღვრელი სტანდარტები, ნათლად დაუსახეთ მიზნები ან/და დაეხმარეთ, თავად დასახონ ისინი.

ამსჯელეთ თითოეული მოსწავლე იმის შესახებ, რა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი კონკრეტული დავალება, რა შედეგს მოუტანს ჯგუფს და თავად მას, როგორ და სად გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას და ა.შ.
მოსწავლეთა ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩიეთ მათთვის საინტერესო და სახალისო დავალებები.

საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება
იმისთვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ ჯგუფურ სამუშაოსა თუ სხვა სასწავლო დავალებების შესრულებაში, მათ უნდა სწამდეთ საკუთარ შესაძლებლობებისა, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ დასახული მიზნის მიღწევაში.

ჯგუფში დავალებების განაწილებისას გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებელობები. მიეცით მათ ისეთი დავალებები, რომელთა შესრულებასაც შეძლებენ. აღნიშნეთ საერთო საქმეში მოსწავლეების მიერ შეტანილი წვლილი. ამით მათ საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებთ და შინაგან მოტივაციას გაუზრდით. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, დააფასონ ერთმანეთი და განიმტკიცონ ურთიერთნდობა.
როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს, სოციალური სიზარმაცის თითოეული მიზეზისა და მათი დაძლევის გზების გათვალისწინება საშუალებას იძლევა, შევქმნათ კლასში ჯგუფური მუშაობისთვის ეფექტური გარემო და ხელი შევუწყოთ გუნდურობის მნიშვნელობის გააზრებას, ასევე _ იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რასაც ასეთი ტიპის მუშაობა ისახავს მიზნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი