პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თვალსაზრისი – სკოლების ოპტიმიზაცია

დიდი ხანია დაინტერესებული ვარ განათლების სფეროში არსებული პრობლემებით.

2019 წლიდან მოყოლებული  ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის 25 სკოლაში ვიყავი სხვადასხვა პროგრამითა თუ პროექტით.  ვხედავ სკოლებში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს. მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში. ერთ-ერთ პროექტში გავეცანი უცხოურ გამოცდილებასაც და მცირეკონტიგენტიან სკოლებთან მიმართებით გარკვეული მოსაზრებები ჩამომიყალიბდა.

 

თითქმის ყველა სოფლის სკოლას აერთიანებს ინფრასტრუქტურული პრობლემები. სოფლად არსებული სკოლები და თანამედროვე სტანდარტების ცნება ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. სარეაბილიტაციო შენობები, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, სველი წერტილების არარსებობა, ცარიელი და ცივი კედლები, საკლასო ოთახებში შეშის ღუმელი, ნედლტოტებწაკიდებული და მბოლავი, მორყეული მერხები, კომპიუტერების უფუნქციობა.

 

ასეთ სკოლებში მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც გაკვეთილების დაწყებიდან სახლში წასვლაზე ფიქრობენ. ყველას ერთი სული აქვს, როდის დაირეკება ბოლო გაკვეთილის ზარი. სამწუხაროდ, სკოლებში კვების თემა მოუგვარებელია. ბევრგან უყველო ან მცირეყველიანი ხაჭაპურიც საძიებელია.

 

საქართველოში უამრავი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. მათი უმრავლესობა დეფიციტურია. ანუ ვაუჩერული დაფინანსებით მიღებული თანხა მასწავლებლების ხელფასების გასტუმრებას ხმარდება და აღარ რჩებათ თუნდაც კომუნალური გადასახადების გასასტუმრებელი ფინანსები. საუბარი ზედმეტია მცირე რემონტის, საპირფარეშოების მოწესრიგებაზე და მატერიალურტექნიკური ბაზის განახლებაზე. ასეთ სკოლებს სახელმწიფო დამატებით ეხმარება ფინანსებით.

 

საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდები დისკუსიას მასწავლებელთა კვალიფიკაციის თაობაზე. ფაქტია, რომ მასწავლებელთა გარკვეული პროცენტი ვერ აბარებს საგნის გამოცდას, ან მინიმუმი შედეგის ჩვენების შედეგად ახერხებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაწინაურებას, საფეხურის ცვლას პრაქტიკოსი მასწავლებლობიდან უფროს მასწავლებლად.

 

რეგიონების სოფლების (მათ შორის მცირეკონტიგენტიან) სკოლებში გვყავს კვალიფიციური მასწავლებლები. ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო და მათი დაუფასებლობა მომავალი თაობის შედეგებზე ისახება. ამ მასწავლებლებს საკუთარი ცოდნით, გამოცდილებითა და უნარებით შეუძლიათ XXI საუკუნის მოსწავლის აღზრდა და განათლების მიცემა. ისინი არიან აქტიურები, მოსწავლეებს რთავენ პროექტებში და შინაგანად არიან ორიენტირებულნი პროფესიულ განვითარებაზე. პედაგოგების ეს კატეგორია გაფანტულია სოფლებსა თუ ქალაქებში.

 

აქვე უნდა შევეხო სკოლის დირექტორების კვალიფიკაციას. სამწუხაროდ, დღეს საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას არ აქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა. შესაბამისად გვყავს მოვალეობის შემსრულებლები. ახალი კადრების მოზიდვის მიზნით განათლების სამინისტრო დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.

იცლება სოფლები, მიტოვებული სახლები და მოხუცთა სამყოფელიღაა სოფელი. ამის ერთ-ერთი მიზეზია არათანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე. მშობელს ურჩევნია გადავიდეს საცხოვრებლად მუნიციპალიტეტის ან რეგიონის ცენტრში, დედაქალაქში, სადაც მისი შვილი უკეთეს განათლებას მიიღებს, სკოლის გარდა, აირჩევს სპორტის სახეობებს, მუსიკას თუ ცეკვას.

 

სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის არსებული უთანასწორობა და განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კარგად ჩანს პიზას კვლევის შედეგებში.

„ქვეყნის შიგნით კითხვაში მოსწავლეთა მიღწევებში თვალსაჩინო განსხვავებები იკვეთება. კერძოდ, მიღწევის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქად, ვიდრე სოფლად“, – ვკითხულობთ PISA-ს 2015 წლის კვლევაში.

 

სანამ კონკრეტული მაგალითის განხილვაზე გადავალ, აქვე მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქვემოთ გაჟღერებულ იდეაში არ მოვიაზრებ საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს, სადაც სკოლის თუნდაც 2 მოსწავლისთვის არსებობა გამართლებულია ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.

 

რაში მდგომარეობს იდეის არსი?

 

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 10-15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს სოფლები: ღოუბანი, ბორბალო და  ერტისი (ვაშლოვანი), მარაბდა.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლიდან 10-15 კილომეტრით დაშორებულია შემდეგი სოფლები: მთისძირი, ზინობიანი, სარუსო, თივი, ჩანტლისყურე, ბალღოჯიანი.

 

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სოფელში არის სკოლა საბაზო ან საშუალო საფეხურით. ამ სკოლებში სახელმწიფო ხარჯავს X რაოდენობის რესურსს შრომის ანაზღაურებაში, კომუნალურ გადასახადებებში, რემონტში ანუ სკოლის შენახვაში. დახარჯული რესურსით  სიტუაცია უკეთესობისაკენ არ იცვლება.

 

სოფელ ერტისში (ვაშლოვანში) დგას უზარმაზარი, სკოლა. ოფიციალური მონაცემით დღეს ერტისის (ვაშლოვანის) საჯარო სკოლაში სწავლობს 211, მარაბდაში 138, ღოუბანში 48, ბორბალოში 20 მოსწავლე.

წარმოვიდგინოთ, რომ ერტისის (ვაშლოვანის) სკოლას აქვს თანამედროვე საკლასო ოთახები, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები, მოსწავლეებს სურვილის მიხედვით ასწავლიან ხელსაქმეს. სკოლას აქვს უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც ასწავლიან რობოტექნიკას, გრაფიკულ დიზაინს. მოსწავლეებს ემსახურებათ სასკოლო ავტობუსები (School bus-ები, ფილმებში რომ გინახავს).

 

მცირეკონტიგენტიანი სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული X რესურსი მიემართება საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მოსწავლეების საწრეო და საკლუბო საქმიანობისთვის. ბავშვებს სკოლაში აქვთ თავისუფალი სივრცე და დრო, სადაც ამზადებენ შემდგომი დღის დავალებებს, მუშაობენ პროექტებზე. რაც მთავარია, უზრუნველყოფილნი არიან კვებით.

 

ეს არ იქნება უმტკივნეულო რეფორმა. გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა ამოვიდნენ  ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავსი რეფორმის გატარების შედეგად შემცირდება მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის (დირექტორების, მათი მოადგილეები, ბუღალტერი, საქმის მწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, მნე, დამლაგებელი) რაოდენობა.

 

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. ასაკს მიღწეულმა პრაქტიკოსი მასწავლებლების დიდმა რაოდენობამ უმტკივნეულოდ დატოვა სკოლა. სწორად გათვლილი რეფორმის შემთხვევაში, რისკების შემცირება სავსებით რეალურია.

 

უპირობო სარგებელი:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული თანამედროვე და უსაფრთხო გარემო;
  • მოსწავლეთა/მასწავლებელთა მოტივაციის ზრდა;
  • სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები;
  • კვალიფიციური პერსონალი.

წარმოიდგინეთ იმედდაკარგული მშობელი, რომელიც უკმაყოფილოა სკოლით და ფიქრობს სოფლის დატოვებას, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მის გვერდით სოფელში არსებობს სკოლა, სადაც მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში იღებენ თანადროულ განათლებას, დაკავებულნი არიან ინტერესის სფეროს მიხედვით, მუშაობენ პროექტებზე, სასწავლო დაწესებულებაში იმყოფებიან საღამოს 4-5 საათამდე, რაც მთავარია – უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტითა და კვებით.

სტატიის მიზანი არ არის, ვინმეს კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა. კარგი იქნება, დავიწყოთ დისკუსია ამ თემის ირგვლივ და ერთობლივად შესაძლებელია ხელი შევუწყოთ სასიკეთო ცვლილებებს.

„ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი“, – ამბობს დიდებული ჰუმანისტი ვაჟა-ფშაველა. მასწავლებლის ფიქრები მომავლისთვის ჩვენი პროფესიის გვირგვინად წარმომიდგენია.

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://drive.google.com/open?id=1ZT-WcwbvIHGASNgwZHj5B4D0YjHoqST5 – PISA-ს 2015 წლის ანგარიში

https://drive.google.com/open?id=1ZT-WcwbvIHGASNgwZHj5B4D0YjHoqST5 – სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების მიხედვით

https://catalog.edu.ge/index.php?module=school_info&page=main&district=21&school_type=3 – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი