შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნაადრევი ქორწინების საფრთხე

2023 წელი, ნოემბერი, დილის შვიდი საათი. „ქალაქ X-ში 13 წლის გოგომ შვილი გააჩინა“.

დილა ასეთი შემაშფოთებელი ამბით რომ დაიწყება, კარგად როგორ უნდა გაგრძელდეს!

თუმცა სკოლაში, მეათე კლასში, ბიჭებისა და გოგოებისთვის დაბეჭდილი ბროშურები რომ დავინახე, თანაც მერხებზე ფორმალურად კი არ ელაგა, კითხულობდნენ კიდეც, იმედი მომეცა. ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს ეხებოდა. ეს ის თემებია, რომლებზეც მოზარდები მშობლებთან ვერ საუბრობენ, დამრიგებელთანაც იშვიათად თუ იტყვიან რამეს. საბედნიეროდ, მეცხრე კლასის ბიოლოგიისა და მოქალაქეობის სტანდარტი მოიცავს ნაადრევ ქორწინებასა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მიმაჩნია, რომ საუბარს ალტერნატივა არ აქვს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად მოქნილია, რომ მასწავლებელს შეუძლია, საკითხი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მიმართულებითაც დაამუშაოს. პროექტის შესრულება შესაძლებელია როგორც საკლასო, ისე სასკოლო დონეზე.

წერილში გთავაზობთ მეათეკლასელების ანასა და მარიამის მოსაზრებებს. ანა „ჰერა XXI-ის“ თანასწორ-განმანათლებელი აქტივისტი, მოხალისე, თბილისის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერია, მარიამი კი ახალგაზრდული ლიდერი, სკოლის კლუბ „იდეაფიქსის“ წევრი. ისინი, უბრალოდ, აქტიური მოქალაქეები არიან. საუბრისას აქცენტს მასწავლებლისა და სკოლის უმნიშვნელოვანეს როლზე სვამენ. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს ნაადრევ ქორწინებასა და მისი თავიდან აცილების გზებზე:

 

  1. რა შემთხვევაში ითვლება ქორწინება ნაადრევად?

მარიამი: კანონით, ქორწინება ნაადრევად 18 წლამდე ითვლება, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე მზად არ იქნება ადამიანი ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად, ქორწინება მაინც ნაადრევია.

ანა: ქორწინება ნაადრევად ითვლება მაშინ, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი მაინც არის სრულწლოვანების ასაკს მიუღწეველი. საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, ახალგაზრდა არასრულწლოვანია 18 წლამდე.

  1. რა საფრთხეს უქმნის მოზარდს – გოგოს, ბიჭს – ნაადრევი ქორწინება?

ანა: ნაადრევი ქორწინება, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობას ანადგურებს, შესაძლოა, უფრო დიდ ზიანს აყენებდეს ფსიქიკას, რადგან ახალგაზრდა ადამიანის გონება არ არის სრულად ჩამოყალიბებული და ხშირად ჩვენდა უნებურად ვუშვებთ შეცდომებს. ნაადრევად დაქორწინებულ ახალგაზრდას უწევს, დატოვოს სასწავლებელი, რაც შემდგომში უმაღლესი განათლების მიღებას შეუშლის ხელს, ეს კი პირდაპირ აისახება მის მომავალ საქმიანობაზე, შემოსავლის წყაროზე. ის პირდაპირ დამოკიდებული ადამიანი ხდება, რადგან მომავალში ვერ შეძლებს, თავად დაფაროს ხარჯები. ვერ გაერთობა თანატოლებთან, რადგან ეყოლება ოჯახი, რომლის ყოლასაც თან სდევს უამრავი მოვალეობა. ვერ რეალიზდება გარემოში, მით უმეტეს, თუ ნაადრევად გახდება მშობელი და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აიღებს.

მარიამი: ნაადრევი ქორწინება როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ ზიანს აყენებს ორივე სქესის ადამიანს. შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ასევე ვეღარ შეძლონ განათლების მიღება და, შესაბამისად, სამსახურის შოვნაც.

  1. რა შეიძლება გახდეს ნაადრევი ქორწინების მიზეზი?

ანა: ნაადრევ ქორწინებას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზებს შორისაა სიღარიბე და დაბალი სოციალური სტატუსი (გათხოვება როგორც გამოსავალი). ზოგჯერ ფიქრობენ, რომ თუ ნაადრევად იქორწინებენ შედარებით მდიდარ ადამიანზე, უფრო ბედნიერები იქნებიან. ხშირად ნაადრევ ქორწინებაში ხედავენ გამოსავალს და სოციალურ სივრცეში ვრცელდება „სახალისო“ პოსტები, – თუ შეიძლება, ამას სახალისო ეწოდოს, – რომლებშიც ეროვნული გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში გამოსავლად წარმოჩენილია თეთრი კაბა და ფატა. უფრო სერიოზული მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, ინფორმაციის ნაკლებობა. მოზარდებმა უბრალოდ არ იციან, რა რისკის ქვეშ დგებიან, როდესაც ამ ასაკში ქორწინდებიან. ვერ გაიაზრებენ, რა დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, როდესაც ოჯახსა და შვილებზე ბედნიერები საუბრობენ. თუმცა ერთია, როდესაც თავად გსურს ქორწინება და ფიქრობ, რომ სამუდამოდ იპოვე ცხოვრების მიჯნური და უარესია, როდესაც ვინმე გაძალებს ქორწინებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და როგორ ცდილობს შენს ნაადრევად დაქორწინებას – იმოქმედე, ილაპარაკე და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარება.

მარიამი: ნაადრევი ქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს ზეწოლა ოჯახის ან პარტნიორის მხრიდან, ინფორმაციის უქონლობა, განათლების დაბალი დონე.

  1. რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლიათ სკოლას, მასწავლებელს და მშობელს ნაადრევი ქორწინების თავიდან ასაცილებლად?

მარიამი: მოზარდის ინფორმირება და პრობლემაზე ღიად საუბრის შესაძლებლობის მიცემა.

ანა: პრევენციის მრავალი გზა არსებობს. სკოლამ უნდა წაახალისოს აქტივობები, სადაც ამ თემებზე ღიად საუბრობენ; მოუწოდოს მასწავლებლებს, რომ ამ თემებზე ისაუბრონ და გულდასმით განიხილონ ისინი. თუ შენ, მასწავლებლმა, შეამჩნიე მსგავი ფაქტი, დაიწყე ღიად საუბარი ნაადრევი ქორწინების ცუდ მხარეებზე, ნუ დაასახელებ დაზარალებულ ახალგაზრდას, ზოგადად ილაპარაკე ამ თემებზე და არ აგრძნობინო მოსწავლეს, რომ მას გულისხმობ. თემები, რომლებიც ბიოლოგიის წიგნში გვხვდება, გულდასმით გაიარე და თუ ვინმე გააპროტესტებს, აუხსენი, რომ ეს ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი მოვლენაა, რომ ადრე თუ გვიან ყველა განიცდის გარდატეხას. მშობლებისთვის ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მართოთ ემოცია, არ იყოთ მეტისმეტად მკაცრი, არ აჰყვეთ საზოგადოების აზრს და ჭორებს. თქვენი შვილი ყველაზე დაუცველია და ერთადერთი მტკიცე საყრდენი მისთვის თქვენ ხართ. მიეცით საშუალება, დაგეყრდნოთ. მოუსმინეთ და თუ საჭირო გახდა, სხვა უწყებებიც ჩარიეთ საქმეში, რათა მოძალადე დაისაჯოს. თუ ნებაყოფლობით გადაწყვიტა თქვენმა შვილმა ქორწინება, ბუნებრივია, გაბრაზდებით. აჩვენეთ გაბრაზება, მაგრამ ისე, რომ მომავალში, სხვა პრობლემის შემთხვევაში, არ შეეშინდეს თქვენთან მოსვლისა და პრობლემის გაზიარების. ამ მომენტში ყველაზე ძნელი ემოციის მოთოკვაა, მაგრამ უნდა ეცადოთ, შვილს სწორი დამოკიდებულება აჩვენოთ.

  1. რა დამოკიდებულება აქვთ შენს თანატოლებს ნაადრევი ქორწინების მიმართ?

ანა: ჩემი თანატოლები, საბედნიეროდ, ჯანსაღად ეკიდებიან საკითხს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნაადრევ ქორწინებას. ჩვენს თაობას ეს აქვს ძალიან დადებითი. არ ვუშინდებით ინფორმაციის მიღება-გაცემას და ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ. ვცდილობთ, ვიპოვოთ სწორი დამოკიდებულება და მას მივყვეთ ბოლომდე. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, ყველა ამბობს, რომ ნაადრევად დაქორწინება ცუდია, მომავლის დანგრევის ტოლფასია და მე ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა, რადგან ვხვდები, რომ ჩემს თემში ახალგაზრდების 90% არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

მარიამი: ვფიქრობ, იციან, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ნაადრევ ქორწინებას, მაგრამ ზოგს მაინც მიაჩნია, რომ ნორმაა და ამით არაფერი შავდება.

  1. როგორ შეიძლება, მიიღოს ახალგაზრდამ ინფორმაცია მსგავსი საკითხების შესახებ?

ანა: დღეს ადვილია, შენთვის საინტერესო თემაზე ინფორმაცია მიიღო, მაგრამ ამას თან სდევს სირთულეებიც. შესაძლოა, ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში წაიკითხოს ყალბი ინფორმაცია და ვერ გაფილტროს, ამიტომ ჩვენ სკოლიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ამომწურავი ინფორმაცია გავცეთ. ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო გზად მიმაჩნია არაფორმალური განათლება, თანასწორ-განმანათლებლობა, როდესაც შენს თანატოლს უხსნი და აცნობ სხვადასხვა საკითხს, ასევე – სკოლაში სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება, სადაც მოსწავლე თავს უშუალო მონაწილედ იგრძნობს და არა უბრალო მსმენელად.

მარიამი: ვინაიდან ყველა წყარო სინამდვილეს არ ასახავს, ჩვენ ბევრ მცდარ ინფორმაციას ვიღებთ, ამიტომ თუ ამას კომპეტენტური ადამიანი ითავებს, კარგი იქნება. მსგავს თემებზე კი სკოლაშიც უნდა ხდებოდეს ინფორმირება.

  1. რას ურჩევდი მასწავლებლებს საკითხის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ჩასატარებელ ღონისძიებებზე?

მარიამი: რაც უფრო თავისუფლად ილაპარაკებენ მასწავლებლები, მით უფრო შეძლებენ მოსწავლეები საკითხის სწორად გაგებას (ის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც სამარცხვინო საქციელი ან სამარცხვინო თემა).

ანა: პირველ რიგში, უნდა მოვწყდეთ ფორმალურ გარემოს და თავი ვიგრძნოთ ერთ სივრცეში, თანატოლებად. შევთავაზოთ მოსწავლეებს ახალი აქტივობები, თუნდაც ის, რომ ერთი გაკვეთილი წრეზე ისხდნენ და არა მერხთან. დავანახოთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის და ვცდილობთ მათ დახმარებას. მოვაწყოთ დისკუსიები, დებატები, ტრენინგები, გასვლითი ღონისძიებები. დავაინტერესოთ ბავშვები, ჩავთესოთ მათში ის მარცვალი, რომელიც გაღვივდება, ამოვა, გაიზრდება და ბოლოს მწვერვალზე ასვლის საშუალებას მოგვცემს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი