ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბაგების სტუდქალაქი

ვდგავარ აივანზე და ბაგებს გავყურებ. ჯერ კიდევ კარგად ჩანს სტუდქალაქის ორი მაღალი შენობა. „ჯერ კიდევ” იმიტომ, რომ მშენებარე კორპუსი სულ მალე ბაგების ხედსაც დაფარავს. სულ რაღაც სამიოდე წლის წინ მაღლობზე მდგარი ჩემი კორპუსიდან ხელის გულივით ჩანდა მთელი ქალაქი: ლოტკინის ფერდობი, საბურთალო, ვაკე, შორს, ჰორიზონტზე – აეროპორტის შემოგარენი, სამების ტაძარი, ოდნავ მარჯვნივ – ფუნიკულიორი და მთაწმინდა, კიდევ უფრო მარჯვნივ – ბაგები. მიყვარდა ღამით განათებული ქალაქის ყურება. განსაკუთრებით 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე, როცა მთელი ქალაქის ცა ფეიერვერკებით იყო განათებული, იმ სანახაობას არაფერი სჯობდა. ახლა კი ელვის სისწრაფით ამოზრდილმა ამ კორპუსებმა თითქმის მთლიანად ჩამიხერგეს თვალსაწიერი. მხოლოდ ბაგები დარჩა, ამიტომ შევყურებ სინანულით ჩემი სტუდენტობის სასიამოვნო მოგონებას. რამდენი წელია იქ აღარ ვყოფილვარ.
ჩემი კლასელებიდან ვინც უნივერსიტეტში ჩააბარა, თითქმის ყველა ბაგების სტუდქალაქში ცხოვრობდა. ამიტომ უმეტეს დროს იქ ვატარებდი, ყოველდღე, ლექციების მერე, ბაგებისკენ გავუდგებოდი გზას. ჩემი რამდენიმე კურსელიც იქ ცხოვრობდა და ერთად მივდიოდით ხოლმე. ქავთარაძიდან რომ აუხვევდი, პირდაპირ, საბაგიროს სადგური იყო, ათი თეთრი უნდოდა და ორ წუთში ვერეს ღრმა ხეობის გაღმა, მეორე ნაპირზე, მოხვდებოდი. მაგრამ, თუ მარტო ვიყავი, საბაგიროთი იშვიათად ვსარგებლობდი. ცოტა ქვევით, „მაღლივის” წინ, ბიოლოგების კორპუსთან, ე. წ. „განივთან” რომ მოუხვევ, ხიდია, და იმ ხიდზე გადასვლა მიყვარდა. საფეხმავლო ხიდს ერთ მხარეს საფეხურებიანი ასასვლელი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ზოგი რეგვენი სამანქანოდ იყენებდა, ამიტომ ხიდის ორივე მხარეს სინკარები დააწყვეს და ვიწრო გასასვლელები დატოვეს. ლამაზი და ქართული რეალობისთვის უჩვეულო არქიტექტურის მქონე იმ ხიდიდან ყურება მიყვარდა, შიშის მომგვრელი იყო ღრმა ხევში ყურება, რომლის ძირას მიიკლაკნებოდა პატარა ვერე. ხიდზე გადასვლა განსაკუთრებით ექსტრემალური იყო ქარიან ამინდში. ქიმიდან დაშვებული მკლავის სიმსხო გვარლები ზრიალებდნენ და ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, რომ მთელი ხიდი ქანაობდა. ხშირად შევსწრებივარ, როგორ ხტებოდნენ „როუფ – ჯამფინგის” მოყვარულები, ფეხებზე მობმული თოკებით, ხიდის მოაჯირიდან. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ხოლმე. მერე, ღამით, მესიზმრებოდა, რომ მეც ვხტებოდი, უფრო სწორად, ძალით მაგდებდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფეხებზე თოკი არ მქონდა მობმული, და დაფეთებულს მეღვიძებოდა.
იმ ხიდის გადაივლიდი თუ არა, იწყებოდა ცალკე ქალაქი, გეტო, კომუნა (რაც გნებავთ, ის უწოდეთ), რომელსაც ამერიკულ ფილმებში ნანახ კამპუსებთან არაფერი ჰქონდა საერთო. ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ სტუდქალაქის დაბალი კორპუსები მთლიანად სტუდენტებს ეკავათ, კარისკაცები შემსვლელ-გამომსვლელებს მკაცრად აკონტროლებდნენ, ღამით კარები იკეტებოდა და ინფრასტრუქტურაც შედარებით მოწესრიგებული იყო. მაღალ კორპუსებში კი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ შესახლებულნი, მაგრამ, ცხადია, სტუდენტებიც ცხოვრობდნენ. ერთი ბეწო ოთახებში, როგორღაც, ოთხი-ხუთი სტუდენტი ეტეოდა. ჩემი რამდენიმე კლასელი პირველივე მაღალ შენობაში, ა ბლოკში, მეექვსე სართულზე, ცხოვრობდა. ბ ბლოკის მესამე სართულზე, ერთადერთ ონკანში მოდიოდა ხოლმე წყალი (ისიც გრაფიკით) და იქიდან უნდა გეზიდა. უშველებელი რიგები იდგა ხოლმე.

ა და ბ ბლოკების შუაში მოზრდილი დერეფანი იყო, სადაც მუდამ ორპირი უბერავდა, მაგრამ უცვლელი თავშეყრის ადგილი იყო, იქ იმართებოდა ქეიფები, ჩხუბები და ა. შ. ერთხელ სახლში რემონტი გვქონდა და რამდენიმე კვირით სტუდქალაქში, ძმაკაცებთან გადავედი საცხოვრებლად (ჩემები ჩვენს ნათესავებთან წავიდნენ). თან დიდი ყუთი წავიღე, სადაც წიგნები და ბავშვობის დროინდელი ჩემი ნახატები ეწყო. ბიჭებმა იცოდნენ, რომ ვხატავდი და დაინახეს თუ არა ნახატები, ამოალაგეს და კედლებზე ჭიკარტებით გააკრეს, მერე დიდი აფიშები დაამზადეს, სადაც ეწერა, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ სართულზე, ამა და ამ ოთახში, ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართებოდა, მყიდველებს შეეძლოთ ნატურით გადაეხადათ. ამ ყველაფერს, ცხადია, სიცილით შევხვდი და არც ველოდი არავის, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მართლა მოვიდა უამრავი გარეკილი სტუდენტი და რამდენიმე ნახატი გაიყიდა კიდეც პურის, მჭადის ფქვილის, საწებლის, მურაბის და სხვა პროდუქტების სანაცვლოდ.
კარგად მახსოვს, რომ დავალიანების გამო მთელ სტუდქალაქს შუქი გამოურთეს და კარგა ხანი არ იყო. ამიტომ დავირაზმეთ და წყნეთის გზა გადავკეტეთ, საბურავებს ვწვავდით და რამდენიმე დღე ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან. წყნეთში მცხოვრები მაღალჩინოსნები სახლებში ვერ მიდიოდნენ. ამიტომ, როგორც მახსოვს, შუქი მალევე მოვიდა.
სწავლის დასრულების მერე ჩემი კლასელები ზოგი რაიონში დაბრუნდა, ზოგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და სულ უფრო იშვიათად მიწევდა სტუდქალაქში მისვლა. ერთი-ორჯერ პოეტ პაატა შამუგიასთან ვიყავი (იქ ცხოვრობდა მაშინ) და რამდენჯერმე პოეტ რობერტ მესხთან (ახლაც იქ ცხოვრობს). რამდენი წელი გავიდა, იქ არ ვყოფილვარ.

 

ჩემი სახლის უკან, კორპუსის მშენებლობა რომ დასრულდება და სტუდქალაქი საბოლოოდ გაქრება, მაღლივის ხიდის ქიმს შევხედავ ხოლმე, რომელიც ჩემი აივნიდან კარგად ჩანს. შევხედავ და ძველ დროს გავიხსენებ, სანამ ისიც ახალაშენებულ კორპუსს მოეფარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი