ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცოდნის აუქციონი – სახალისო აქტივობა

ოცდამეერთე საუკუნეში ნათლად გამოიკვეთა, რომ  სწავლა-სწავლების ტრადიციული მეთოდებით მოსწავლეების  დაინტერესება თითქმის შეუძლებელია.  მოზარდებს მრავალფეროვანი  ინტერესები აქვთ და   მასწავლებელს დიდძალი შრომა სჭირდება  ყველა კატეგორიის მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად.

 

მასწავლებლები  განსაკუთრებით  ბევრს მუშაობენ შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების სხვადასხვა სტრატეგიებზე. გთავაზობთ შემაჯამებელი გაკვეთილისთვის სასარგებლო სტრატეგიას, რომელსაც სპეციალისტები  მოიხსენიებენ  „ცოდნის აუქციონის“ სახელწოდებით.

 

აქტივობა ცოდნის აუქციონი–  მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შემაჯამებელ გაკვეთილზე. ასეთი გაკვეთილისათვის მზადების პროცესში, მოსწავლეები ცდილობენ, დააგროვონ, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო მასალა სხვადასხვა  წყაროდან   (სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი).

 

ცოდნის აუქციონზე მოსწავლეს შეუძლია:

  1. თავისუფლად და შეუზღუდავად გადმოსცეს თავისი ცოდნა, რადგან არ ეშინია ცოდნის შეფასების  –  დაბალი ქულის (ასეთი უბრალოდ არ იწერება).
  2. დაიმსახუროს უმაღლესი შეფასება აქტიურობის ან მოცემული თემის ირგვლივ მო­პოვებული საინტერესო ფაქტების საფასურად.
  3. მოკლედ და დამაჯერებლად გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან ერთი ფაქტის წარსადგენად მას ეძლევა არა უმეტეს ერთი წუთისა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

  1. აუქციონს ყავს წამყვანი და ასისტენტი;
  2. მოსწავლეების ცოდნის კორექცია ხდება აუქციონამდე;
  3. აუქციონში მოსწავლეები მონაწილეობენ არა სახელებით და გვარებით, არამედ სპეციალური ნომრებით.

 

როგორ  მიმდინარეობს ცოდნის აუქციონი?

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს აუქციონის ნომრებს;
  2. აუქციონის წამყვანი აცხადებს აუქციონის თემას, შეახსენებს პირობებს და წარადგენს ლოტებს (მაგალითად:  ლოტი-1: დღეს აუქციონზე გამოდის ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება  ადამიანის ორგანიზმზე.  ლოტი-2: დღეს აუქციონზე გამოდის ნიკოტინის უარყოფითი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ლოტი-3: დღეს აუქციონზე გამოდის ალკოჰოლის უარყოფითი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ლოტი-4:  აუქციონზე გამოდის საშინაო დავალება – ინფორმაციული პლაკატი „ნარკოტიკის, ალკოჰოლის და ნიკოტინის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე“).

 

წამყვანი აგრძელებს: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ცოდნა!

 

ისმის ჩაქუჩის დარტყმის ხმა, მსურველები აუქციონის წამყვანს აჩვენებენ  საკუთარ ნომერს, წამყვანი აძლევს სიტყვის თქმის უფლებას მას, ვინც პირველმა ასწია ნომერი (გამოსვლა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 წუთისა, თუ გადააცილა დადგენილ დროს, აჩერებენ ჩაქუჩის დარტყმით), დანარჩენები კი დასწევენ ნომრებს. პირველი გამომსვლელის შემდეგ, წამყვანი სიტყვას გადასცემს შემდეგ მონაწილეს და ა.შ. თემის ან დროის ამოწურვის შემთხვევაში გაისმის ჩაქუჩის სამი დარტყმა, წამყვანი ამთავრებს    პირველი ლოტის აუქციონს და სიტყვას გადასცემს ჟიურის. შემდეგ წამყვანი აცხადებს მომდევნო ლოტს და ა.შ.

რას აკეთებს ჟიური?

ჟიურის მუშაობაჟიურის წევრები უსმენენ გამომსვლელებს, აკონტროლებენ დისციპლინას, არეგისტრირებენ პასუხებს (”+” ან ”-” ნიშნების საშუალებით), აუცილებლობის შემთხვევაში – თათბირობენ.  წამყვანის მითითებით აცხადებენ შედეგებს.  ხდება შექება, ან შენიშვნებისა და საერთო შთაბეჭდილების დაფიქსირება.

შეფასების კრიტერიუმები: ამომწურავი პასუხისათვის მოსწავლე იმსახურებს ”+” (პლუსს). არასწორი, არასრული პასუხისათვის და დისციპლი­ნის დარღვევისათვის (ადგილიდან წამოყვირება, სხვისი საუბრის გაწყვეტა და სხვ.) _ ”-” (მინუსს).

შენიშვნა –  ერთი მინუსი აბათილებს ერთ პლუსს.

 

დროის ამოწურვის შემთხვევაში წამყვანი   ასრულებს   აუქციონს და სიტყვას გადასცემს ჟიურის. ჟიური აცხადებს საბოლოო ქულებს და დასკვნის სახით, ამ თემასთან დაკავშირებული სამუშაოს შესახებ, გამოთქვამს თავის შენიშვნებს და რჩევებს. აცხადებს გამარჯვებულებს და ანიჭებს “ექსპერტის” წოდებას.

 

ჟიურის სამუშაო ცხრილი

# სწორი პასუხი არასწორი პასუხი დისციპლინა ქულები შედეგი
1          
2          
3          
4          
5          
6          
7          

 

 

 მაგალითად, ასე გამოიყურება მეოთხე ლოტში გამარჯვებული მოსწავლის  თვალსაჩინოება „ნარკოტიკის, ალკოჰოლის და ნიკოტინის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე“:

 

ცოდნის აუქციონის ამა თუ იმ გაკვეთილზე გამოყენება მასწავლებელს საშუალებას  აძლევს ბევრად უფრო პოზიტიური და მოსწავლეზე ორიენტირებული გახადოს სასწავლო პროცესი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი სტანდარტი ბიოლოგიაში (2011-2018)
  2. ინტერაქტიური სწავლება (მეორე ნაწილი) 2020
  3. მასწავლებლის გზამკვლევი ბიოლოგიაში, 2016

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი