ო, ეს საოცარი თომა! ბიჭი ჰიპერაქტიურობის დიაგნოზითა და ამოუწურავი ფანტაზიით

ერთ საოცარ ბიჭზე მინდა მოვყვე, რომელიც მუდამ მემახსოვრება და ყოველთვის, როცა მასზე ფიქრს დავიწყებ ან გავიხსენებ, რაც არ უნდა მიჭირდეს და ცუდად ვგრძნობდე თავს, მაინც გამეღიმება.

თუმცა ჩვენი პირველი შეხვედრა ღიმილით არ დაწყებულა, დაიწყო დიდი გაოცებითა და შიშებით – ახლა რაღა ვქნა.

მასწავლებლობა ახალი დაწყებული მქონდა, ანუ ახალი დაწყებული მქონდა ის ღელვები და ემოციები, ამ საქმიანობას რომ ახლავს თან, პირველი კლასი ამყავდა ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მშობლებთან და ბავშვებთან ინდივიდუალურ შეხევდრებს ვგეგმავდი და გულის ფანცქალით მოველოდი იმ პატარა ადამიანების გაცნობას, შემდეგი ოთხი წელი ერთად რომ უნდა გაგვეტარებინა, ერთად გვეცინა, ერთად გვეთამაშა, გვესწავლა, გვენერვეულა და ერთმანეთის ცხოვრების ნაწილები გავმხადრიყავით.

ოთხი წელი სულ არ არის ცოტა დრო, პირიქით, საკმაოდ დიდი დროა, ოთხ წელში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს და უამრავი რამ შეიცვალოს. ამიტომაც, პირველი შეხვედრები, პირველი შთაბეჭდილებები მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.

მოდიოდნენ პატარა გოგოები, პატარა ბიჭები გაფართოებული თვალებით, ღიმილებით, ზოგი შიშებითაც, დედიკოსთან ხელჩაჭიდებულები, მის ზურგს ამოფარებულები, რაღაცნაირი ეჭვიანი გამოხედვებით. მიხატავდნენ აწოწილ ფერად გოგონებსა და მწვანე დინოზავრებს. მიტოვებდნენ და დამშვიდებულები მიყვებოდნენ  მშობლებს, ფიქრებით, რომ  – სკოლა, კლასი და მასწავლებელი არ აღმოჩნდა  ისე ცუდი.

უკვე გათამამებული პატარების ემოციებით, რომ მასწავლებლობა არც ისე რთული ყოფილა, ჩემს ბოლო მოსწავლეს ველოდებოდი. გაიღო კარი და კარში  ქარიშხალივით შემოიჭრა პატარა, ქერა, გამხდარი ბიჭი,  მას უკან მშობლები მოყვნენ. ბიჭს მივესალმე, ხელი ჩამოვართვი, გავეცანი და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო იქვე, მერხთან, შემდეგ კი მშობლებს მივუბრუნდი.

ბიჭი დგას, არ ინძრევა, არც მიყურებს, არც მისმენს, რაღაცაზე ფიქრობს, ოღონდ ვერ ვხვდები რაზე. ვიფიქრე –  შევეშვები, იქნებ რცხვენია, უხერხულადაა, ვაცდი.

მე და მშობლები ვსაუბრობთ, თვალი ბიჭისკენ გამირბის. დგას ისევ ისე, თითქოს არც არავის მიუმართავს მისთვის და არც არაფერი უთხოვიათ. ვაკვირდები მის მზერას, რომელიც ღია ფანჯარას წვდება. ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით, საკმაოდ ახლოს მიწასთან (კიდევ კარგი!),  ვაიმე, ვფიქრობ, ნეტა ხომ არ უნდა… ფიქრს ვერ ვასრულებ, რომ ეს პატარა, გამხდარი, ქერა ბიჭი ადგილს წყდება, შურდულივით გარბის, შემხვედრ მერხს ევლება, ფანჯარასთან მირბის, ელვის სისწრაფით ხტება რაფაზე და უკვე ეზოშია. უკან კმაყოფილი იხედება, მეჩვენება, რომ ცალყბად იღიმის და თავქუდმოგლეჯილი გარბის.

ასე გავიცანით მე და თომამ ერთმანეთი და ვინ იცის, რამდენჯერ მიმიტოვებია კლასი და გამვკიდებივარ კლასიდან გაქცეულს, მთელს ეზოში გვირბენია და მერე ორივე დაღლილები ამოვსულვართ და გაკვეთილის ჩატარება გაგვიგრძელებია. კითხვაზე, თუ რატომ გარბოდა, თომას ყოველთვის სხვადასხვა პასუხი ჰქონდა, აინტერესებდა, ფანჯრიდან რომ მოჩანდა მტრედი, ნამდვილი იყო თუ არა, ან გარეთ როგორი ამინდი იყო, ან რამდენი წუთი დასჭირდებოდა სტადიონამდე მიღწევას და ა. შ. მისი ყველა ქმედება ექსპერიმენტული იყო, სულ ცდიდა საკუთარ თავს და გარემოს, შიშის განცდა არ ჰქონდა, რაც ძალიან მაღელვებდა. იმიტომ, რომ ერთხელ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან გადმოხტა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა. ერთხელ სპეციალურად დაგორდა პატარა გორაკიდან, ერთხელ გუბეში ჩახტა, რომ ახალი ბოტები გამოეცადა.

თომა ჰიპერაქტიური იყო, ამ სიტყვის სამედიცინო მნიშვნელობით. ის არ იყო მხოლოდ ცელქი ან მოუსვენარი,  მას ჰქონდა ყურადღების დეფიციტი, მუდმივი შფოთვა, გაკვეთილებზე დასწრება მალევე ბეზრდებოდა ხოლმე, ამის მერე იწყებდა ფანჯრისკენ ყურებას (ფანჯრებს უკვე ვკეტავდი), ან მერხის ქვეშ  შეძვრომას, ან ნივთების, წიგნების სროლას, სიმღერას, სხვადასხვა ცხოველის ხმების მიბაძვას ან უბრალოდ, კლასში სეირნობას.

მე გამოუცდელი მასწავლებელი ვიყავი და თავიდან ცოტა არ იყოს დავიბენი, ვერ ვხდებოდი, რა უნდა მექნა ამ დროს, ვდარდობდი სხვა ბავშვებზეც, ვაითუ, თომას ნასროლი ნივთი მოხვედროდათ ან გაკვეთილზე რაიმე ვერ გაეგოთ.

ინტერნეტში ვეცნობოდი ბევრ მასალას მშბლებმაც მომიტანეს რეკომენდაციები. თუმცა არც შესაბამისი რესურსი მქონდა და არც საკლასო გარემო მიწყობდა ხელს. რადგან ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ როცა დაიღლება წამოწვეს ან გარემო შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური სკამი ჰქონდეს, სხვადასხვა ნივთი – სენსორული სტიმულაციისთვის დ ასე შემდეგ.

დავიწყე პლასტელინით და თიხით. გაკვეთილებზე შეეძლო,  პლასტელინით ეძერწა. ჩემი დაკვირვებით ამ დროს უკეთ ახერხებდა ყურადღების მოკრებასა და სასწავლო პროცესში ჩართვას. თუმცა მხოლოდ პლასტელინი გამოსავალი ვერ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ თომა ძალიან, ძალიან გონიერი ბიჭი იყო, დასწავლის პრობლემა არ ჰქონდა, რომ იტყვიან, ჰაერში იჭერდა სიტყვებს, ძალიან კარგად აზროვნებდა, თუმცა იმის გამო, რომ დეტალებისადმი კონცენტრაცია უჭირდა, მათემატიკას ბოლომდე გულს ვერ უდებდა და ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებდა, წესით, რომ არ უნდა დაეშვა, რადგან მითითების შემთხვევაში ასწორებდა კიდეც.

თომას უყვარდა მარტივი თავსატეხები, რთულებზე გული უცრუვდებოდა და ნებისყოფა არ ყოფნიდა. დავიწყეთ ლაბირინთებით, ეს კარგი გამოსავალი იყო და რამდენიმე ხანი შემეშველა კიდეც. როცა მობეზრდებოდა მისთვის ცალკე გამზადებულ ლაბირინთებს ვუდებდი და ისიც თავაუღებლად დაეხეტებოდა ამ ლაბირინთებში. ერთ გაკვეთილზე დაახლოებით ათი ლაბირინთის ამოხსნას ახერხებდა. ზღვა მასალა და რესურსი მჭირდებოდა, ამისთვის პრინტერიც კი შევიძინე, მაგრამ შედეგად მიღირდა. ამასობაში, ნელ-ნელა შეეჩვია გაკვეთილზე მშვიდად მუშაობას. პლასტელინი თუ ყურადღების კონცენტრაციაში მეხმარებოდა, ლაბირინთებმა თომას გაკვეთილზე ყოფნა ასწავლა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას მაინც სჭირდებოდა გასვლა და გარემოს შეცვლა, ამიტომ ათას საქმეს მხოლოდ მას ვავალებდი, ვაგზავნიდი, ასისტენტად ვნიშნავდი. ეს მარტივი სულაც არ იყო, სხვა ბავშვები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რადგან აღნიშნული პრივილეგიად მიაჩნდათ და უკვირდათ, რატომ ჰქონდა თომას ეს პრივილეგია, როდესაც ის მაინცდამაინც არ იცავდა საკლასო წესებს.  უხეშად და მათ ენაზე რომ ვთქვათ, ცუდად იქცეოდა. რთული იყო ამ ყველაფერთან გამკლავება, ვცდილობდი სხვებისთვისაც გამენაწილებინა მსგავსი უპირატესობები.

ამასობაში გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო სპექტაკლი დაგვედგა. ვნერვიულობდი, თომა როგორ შეასრულებდა როლს, თუმცა პირველივე რეპეტიციაზე, იმდენად გავოგნდი, რომ კარგა ხანი დამჭირდა იმის დასაჯერებლად,  რომ თურმე ჩვენი თომა ძალიან მაგარი მსახიობი ყოფილა. ის ისე შედიოდა როლში, რომ  თვალს ვერ მოწყვეტდი. ამან დამაფიქრა მის შემოქმედებით უნარებზე და უკვე გამართულად წერა რომ ვისწავლეთ, თომას ერთი დიდი რვეული გამოვუყავი და ვთხოვე, მის მიერ გამოგონილი თამაშები ჩაეწერა. ის ხომ გიჟდებოდა ვიდეო თამაშებზე და ოცნებობდა, თავადაც შეექმნა, კომპიუტერს, ელექტრონულ მოწყობილობებს საოცრად ფლობდა, თუმცა მის ერთ-ერთ პრობლემას სწორედ კომპიუტერულ თამაშებზე მიჯაჭვულობაც წარმოადგენდა. რადგან ამ თამაშების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის დიდოსტატი გახლდათ, თომას ფანჯრიდან გადახტომები და  საოცარი სისწრაფით სირბილიც სწორედ აქედან იყო ინსპირირებული.  თავიდან ჩემს შეთავაზებას ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ ამასობაში ჩვენ კარგ მეგობრებად ვიქეცით, ამიტომ უარი ვერ მითხრა და დაიწყო წერა. დაიწყო წერა და არც გაჩერებულა, წერდა და წერდა,  გაშალა ფანტაზიები, თამაშებიდან მოგონილ თავგადასავლებში გადაეშვა, ხან მეკობრე იყო, ხან მოსნტრი, ხან მოჩვენება. მის ნაწერებს როცა ვკითხულობდი, კარგად ვერთობოდი და ვაქებდი კიდეც, თუმცა თომასთვის შეფასება უმნიშვენლო იყო, მთავარი მისთვის პროცესი გახდა. ლაბირინთები წერამ ჩაანაცვლა. იქამდე სანამ გამართული კითხვა არ ისწავლა და ჰარი პოტერის წიგნები არ ჩაუვარდა ხელში.

აი, მაშინ დავიჯერე, რომ კარგ წიგნს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩაუჯდა და რა ჩაუჯდა, ხელიდან აღარ აგდებდა, მისთვის არც მათემატიკა  არსებობდა, არც ქართული და არც ბუნებისმეტყველება. ხშირად კარადაში მიყუჟული მიპოვია ჰარის სამყაროში გადაშვებული. მესამე კლასში როულინგის ყველა წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა. მეოთხეში კი  უკვე სხვა წიგნებს ეძებდა და ამ დროს რიკ რიორდანის ტომები აღმოაჩინა.

კითხვამ თომას ბევრი რამ ასწავლა. თუმცა, ის თვისება, რომ წაკითხული ან ნანახი რეალობაში გადმოეტანა, არ გაქრობია, პირიქით, გულწრფელად სჯეროდა ჰარის ჯადოქრობის და ეზოდან ხან როგორ ჯოხს ამოიტანდა, ხან როგორს, მიმტკიცებდა, რომ მაგიური ჯოხი ჰქონდა. ერთხელ ერთი კრისტალი ვაჩუქე და ვუთხარი, რომ ჯადოსნური იყო, როცა ცუდად იგრძნობდა თავს, აუცილებლად დაეხმარებოდა. ეს კრისტალი მუდამ თან დაჰქონდა, მერე მთხოვა, იქნებ გულზე ჩამომიკიდოთო და მიმტკიცებდა, რომ ძალიან შველოდა.  შევესწარი კიდეც, ამ კრისტალით და მზის სხივებით ცისარტყელას როგორ ქმნიდა, თან მეძახდა, ინა მას, თქვენი კრისტალი ნამდვილიაო.

ბევრი  დაგვრჩა სამუშაო, ბევრი შეცდომაც დავუშვით, თუმცა მთავარი ისაა, რომ თომას რწმენა გაუჩნდა, თავისთავის და სამყაროსი.

სულ მინდოდა თომაზე დამეწერა და მესაუბრა, იმდენი მაქვს კიდევ მოსაყოლი, ალბათ ერთი წიგნიც კი გამოვა.  მადლობა ამ საოცარ პორტალს, რომ მომცა საშუალება, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ამ გასაოცარი ბიჭის ამბავი, ის ხომ, ზუსტად ასეთი, ნამდვილად არსებობს და ახლაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საკუთარ ექსპერიმენტებს ატარებს. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თომა ნამდვილ ექსპერიმენტებს ჩაატარებს და მას მთელი სამყარო გაიცნობს. მანამდე კი  დარჩეს ის ასეთი: ძალიან გულუბრყვილო და ამავე დროს ყველაზე დიდი აღმომჩენიც – სასწაულების და ჯადოსნურობისა.

 

 

კომენტარები

comments