ბოლო წლებში მოიმატა ყურადღებამ ისეთი კომპეტენციების მიმართ, როგორიცაა საკუთარი თავის მართვა, ჯანსაღი ურთიერთობა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება. ამ კომპეტენციების დადებითი შედეგები მრავალი კვლევით არის დადასტურებული. კერძოდ, როცა მცირდება რთული ქცევის შემთხვევები, უმჯობესდება აკადემიური მოსწრება და იზრდება მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობა.
აქ მასწავლებელს განსაკუთრებული როლი ეკისრება. მას შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეს, გაიგოს და გაუძღვეს საკუთარ ემოციებს. სწავლას ემოციური საფუძველი აქვსო, ამბობდა პლატონი მრავალი საუკუნის წინათ. ემოციები ნამდვილად მრავალმხრივ გავლენას ახდენს სწავლაზე. კერძოდ, ისეთმა ძლიერმა ემოციამ, როგორიცაა, მაგალითდ, ბრაზი, შესაძლოა ხელი შეუშალოს გადაწყვეტილების მიღებას და სწავლა-სწავლების პროცესს.
ბავშვებმა ხშირად არ იციან ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ისინი სწავლობენ, გაუმკლავდნენ მათ, როგორც შეუძლიათ:
ა) როდესაც მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ მისი მოსწავლე აღელვებული ან შეწუხებულია, უნდა მოახდინოს რეაგირება.
ბ) იმედგაცრუებულ მოსწავლეს ხშირად იპყრობს ბრაზი და ამ ეტაპზე მასწავლებლის უკუკავშირი დაუყოვნებლივ საჭიროა.
გ) მასწავლებელმა თუ გაბრაზებულ მოსწავლეს ყურადღება არ მიაქცია, მოსწავლეს შეიპყრობს მრისხანება.
ფსიქოლოგ დევიდ მაიერის აზრით, ადამიანის ემოცია მოიცავს ფიზიოლოგიურ აღგზნებას და ექსპრესიულ ქცევას. ემოციის ინდივიდუალური გამოხატულება კი ყველაზე ცვალებადია. მაგალითად, შფოთვა ძირითადად ჩნდება მაშინ, როცა ინდივიდი სიტუაციას სახიფათოდ ან ხელის შემშლელად აღიქვამს. შფოთვის გამომწვევი შეიძლება იყოს: ა) მარცხის მოლოდინი; ბ) მოულოდნელი ცვლილებები.
ემოციები შეიძლება წარმოვადგინოთ ილუსტრირებული ბორბლის სახით, სადაც ჩალაგდებიან: სიხარული, ნდობა, შიში, გაოცება, მოწყენა, ზიზღი, ბრაზი და მოწადინება.
21-ე საუკუნის საბაზისო ემოციებია: ზიზღი, შიში, გაოცება, ბედნიერება, სევდა, ბრაზი.
ადამიანების სახეები ფოტოებზე შეიძლება იყოს: მხიარული, გაბრაზებული, გაკვირვებული. ჩვენც შეიძლება, ისინი განსხვავებულად აღვიქვათ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ემოცია, სხეული, მიმიკა და გამოხატულება.
საკლასო გარემოში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
ა) სასწავლო მასალის შინაარსი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს, რათა გაიზარდოს ემოციური ჩართულობა.
ბ) ყურადღება უნდა მიექცეს შფოთვისა და სტრესის შემცირებას კლასში. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ემოციურ კეთილდღეობას და სწავლას.
ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ სტაბილური რუტინა ბავშვის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს კი ბავშვს გონებრივ და ემოციურ უსაფრთხოებას სთავაზობს. პირველი ნაბიჯები, რომლებსაც ბავშვები დილით დგამენ, არსებით გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ჩაივლის დღე. მტკიცდება, რომ დილის რუტინა, რომელიც მოიცავს გაღვიძებას, მცირე ფიზიკურ ვარჯიშს, თუნდაც მუსიკის მოსმენას, დღის განმავლობაში გონებისა და სხეულისთვის საჭირო მობილიზაციას განაპირობებს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს კომფორტს, ამცირებს სტრესს და სწავლაში მონაწილეობის სურვილს ზრდის. ლაურა მარკჰემი აღნიშნავს, რომ დილის რუტინა ბავშვს ემოციურ მხარდაჭერას უწევს და მას მშვიდ გარემოში სწავლისთვის ამზადებს.
ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება, ჩვენ კი მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის მათთან უნდა ვიმეგობროთ.







