შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

“მცირე პროზა“ ანუ საზღვარგარეთის ლიტერატურა სკოლაში

 გია მურღულიას ახალი ინიციატივის შესახებ

კითხვა ემპათიურ ადამიანებად გაქცევთ; მეხსიერებასა და აზროვნებას გაგიუმჯობესებთ; უკეთეს მოსაუბრეს, გულღიას, მეგობრულსა და სოციალურად აქტიურს გაგხდით; შემოქმედებით და წერით უნარებს  განგივითარებთ; სამყაროს უკეთესისკენ შეცვლის მოტივაციას მოგცემთ – ეს კვლევებითაც არაერთგზის დადასტურდა.

რაც უფრო ნაკითხი და გონებაგანვითარებულია ადამიანი, მით მეტი საფიქრალი უჩნდება, რადგან მისი ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო რუტინას სცდება.

ადამიანის გონებრივი და სულიერი განვითარების პროცესში, როგორც ამბობენ, მთავარ როლს სკოლაც ასრულებს. უფროსკლასელები ხშირად სვამენ კლასგარეშე არაორდინალურ შეკითხვებს, აპროტესტებენ კიდეც ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეთავაზებულ ზოგიერთ ტექსტს და ცდილობენ ისინი პროფილიდან დაინახონ.

მაგალითად, ჰაგიოგრაფიული თხზულებების დაზუთხვას მათში წამოჭრილი თუ მიჩქმალული პრობლემების აღმოჩენა – გაანალიზება და მათზე დისკუსია – პოლემიკა  ურჩევნიათ. ისინი ხვდებიან, რომ „ბედნიერი ერი“  ეპითეტების გროვა არ არის, არამედ საფუძვლიანადაა განსასჯელი, რა თქვა ამით ავტორმა, თითოეული რით ჰგავს დღევანდელ ქართველს? ასევეა რომანტიზმის ეპოქის შესწავლის დროსაც – ლექსების დაზეპირება ან  შინაარსის გადმოცემა  კი არ უჭირთ, უბრალოდ, ჰგონიათ, რომ ისინი ზოგადსაკაცობრიო თემებზე დასაფიქრებლად არაჩვეულებრივი მასალაა, რომელიც ხშირად ორაზროვნებას ამძაფრებს და სამყაროსკენ სხვა თვალით გახედებს.

ამბობენ, უინტერესო წიგნი არ არსებობსო, თუმცა ამაზე დავა სასიამოვნოდაც შეიძლება გაგრძელდეს. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ დღევანდელი წიგნის ბაზარი ნაირნაირი ჟანრის ლიტერატურითაა სავსე და ავტორ – მკითხველიც ასეთივე ჰყავს. სამწუხაროდ,  ნამდვილი და ყალბი ლიტერატურის გარჩევა ჭირს.

ნამდვილი და ყალბი ვახსენეთ და, აქვე უნდა დავძინოთ, სიყალბე ხელოვნების ბევრ დარგსაც დამუქრებია. მწერლობის გარდა, მუსიკა, მხატვრობა და არქიტექტურა უნიჭო პლაგიატიზმმა წალეკა. ეს კი, თავის მხრივ, მკითხველთა, დამთვალიერებელთა და მსმენელთა გემოვნებას აუკუღმართებს.

დავუბრუნდეთ ლიტერატურას – მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან, რომელი წიგნი წავიკითხოთო. ამაზე პასუხი იმ სირთულისაა, ვინ  უფრო გიყვარს, დედა თუ მამაო.

რჩევისას ჩემს გამოცდილებასაც ვიყენებ – ბავშვობაში ყოველთვის წინასიტყვაობას ვკითხულობდი ხოლმე. მაშინვე ვხვდებოდი, მიღირდა თუ არა წამეკითხა.

პატარებისთვის გაცილებით მეიოლება ტექსტების შერჩევა, დიდებს კი მხოლოდ რჩევა არ აკმაყოფილებთ და ჩამეძიებიან ხოლმე –  რაზეა, საინტერესოა თუ არა, მე თუ მომეწონა.  სხვათა შორის, უპირველესად, სათაურს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, შემდეგ ავტორის სადაურობას, ბოლოს –  სისქეს.

ასე გავაცანი მათ სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა  ჟანრის  ლიტერატურა და მწერლები, მათ შორის, თომას მანი, აგათა კრისტი, მაინ რიდი, ჟიულ ვერნი, ერნესტ ჰემინგუეი, ვიქტორ ჰიუგო, ალექსის ბუვიე, ჯოვანი ბოკაჩო, ლევ ტოლსტოი, ფეოდორ დოსტოევსკი  და გი დე მოპასანი. რაც შეეხება ქართველ მწერლებს – კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, ვასილ ბარნოვი, ლეო ქიაჩელი და სხვა მისთანანი შეუცვლელია.

კითხვას რა სჯობს, თუმცა მოსწავლეს ამისთვის დრო და განწყობა სჭირდება. სასკოლო სახელმძღვანელოები საკითხავი მასალით გადატვირთულია, თუმცა კლასგარეშე ლიტერატურის წაუკითხაობით გაჩენილ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. დრო ძალიან ცოტაა, სურვილი და ინტერესი – დიდი. ამავე დროს, კლასგარეშე საკითხავ და გასააზრებელ ტექსტებს საგაკვეთილო დროს ვერ ვუთმობთ და მათ შინ ან ლიტერატურული კლუბების ბაზაზე ვაკითხებთ. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელი ერთადერთი გზა „მცირე პროზის“ ე.წ. არჩევით  საგნად დამატება მგონია, რომელშიც მოსწავლეებს მხოლოდ ღირებულ ტექსტებს შევთავაზებთ და აქტივობებსაც იმის მიხედვით დავგეგმავთ.

ამასწინ ლიტერატორმა გია მურღულიამ მასწავლებლები „მცირე პროზის“ შესახებ დაგეგმილ ტრენინგ–სწავლებაზე მიგვიწვია.

„მცირე პროზა“, ანუ „მსოფლიო ლიტერატურა მოთხრობებში“ – როგორც გია მურღულია მის შესახებ წერს,  მსოფლიო პროზის გამორჩეულ ნიმუშთა გაცნობისა და გააზრებისთვის შეიქმნა. სწორედ მათშია თავმოყრილი და წარმოდგენილი ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის, პიროვნებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ფიქრი სამყაროზე, ღმერთზე, საკუთარ თავზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, მოვალეობაზე, თავისუფლებაზე… უამფიქროდ რანი ვიქნებოდით ჩვენ ყველანი და როგორ დავადგებოდით განვითარებისაკენ მიმავალ გზას?

კურსის შექმნისას რამდენიმე მთავარი პრინციპია გათვალისწინებული:

  1. არიან მწერლები, რომლებიც ფიქრისა და პიროვნული ემოციის „ბრენდს“ ქმნიან და სასურველია მათი ჩართვა ადამიანის კულტურული განვითარების საქმეში – ეს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ გემოვნების საკითხიც არის.
  2. ლექციასა თუ გაკვეთილზე შეუძლებელია ვრცელი ნაწარმოებების წაკითხვა და შემდეგ განხილვა თუ დიალოგი. ამიტომ შედარებით მცირე ტექსტებია შერჩეული.
  3. კურსს ახასიათებს ფართო ლიტერატურული გეოგრაფია – აქ შეხვდებით საუკეთესო პროზაიკოსებს მთელი მსოფლიოდან.
  4. წიგნში წარმოდგენილი მოთხრობები ბევრ ისეთ თემას ეხება, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის.

 

გამოცემის სტრუქტურა ასეთია: ჯერ მოცემულია მოკლე ინფორმაცია მწერლის შესახებ (ანოტაციები  ნინო მურღულიამ დაურთო), შემდეგ – მისი ერთი მოთხრობა (გამონაკლის შემთხვევაში – ორი) და ბოლოს – ტექსტის მცირე გზამკვლევი, რომელიც მკითხველს, ერთი მხრივ, გაუადვილებს ნაწარმოების აღქმა-გააზრებას, მეორე მხრივ კი წააქეზებს საიმისოდ, რომ თავადაც გააგრძელოს ფიქრი.

„ამ წიგნის გამოცემით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება საიმისოდ, რომ სკოლებმა თუ უმაღლესმა სასწავლებლებმა არჩევით კურსად შემოიღონ „მცირე პროზა“ და ჩვენი ახალგაზრდობა (ნურც სხვა თაობის დაინტერესებას გამოვრიცხავთ) მსოფლიო ლიტერატურის შესანიშნავ ნიმუშებს აზიაროს“ – წერს გია მურღულია.

„მცირე პროზაში“ 38 ავტორის 40 პატარა მოთხრობაა. აქაა ყველა – აკუტაგავა, აპდაიკი, ბრედბერი, თურბერი, კაფკა, კიროგა, კორტასარი, ლერმონტოვი, ლობატო, ლუისი, მარკესი, მურაკამი, ნესინი, ორუელი, ო′ ჰენრი, საგანი, სელინჯერი, ფიცჯერალდი, შეკლი, ჯოისი, ჰემინგუეი, ჰესე, აკუნინი, ბიოლი და სხვ.

ტრენინგზე მოსწავლეების ამპლუას ვირგებდით და ამ შესანიშნავ მოთხრობებს ხან ბატონი გია გვიკითხავდა, ხან ჩვენ ვკითხულობდით, შემდეგ ვმსჯელობდით, ვაანალიზებდით, სკოლებშიც მიგვქონდა და მოსწავლეებთან განვიხილავდით.

პროექტ „მცირე პროზის“ კოორდინატორებმა ჩვენთვის სპეციალური ფეისბუკჯგუფი „ლიტერატურული პროგრამა „მცირე პროზა“ შექმნეს. იქ  ბატონი გიას დავალებებს ვასრულებდით – შინ წაკითხული მოთხრობების შესახებ ვწერდით, გაკვეთილის გეგმებს ვადგენდით, ტექსტის შინაარსობრივ სირთულეებსა თუ მოსწავლეებთან მიღწეულ შედეგებზე ვსაუბრობდით.

მაგალითად, რიჩარდ ბახის მოთხრობამ „არ არსებობს ადგილი შორეთი“ ასეთი დასკვნები ამაკვიატა, რომელიც ჯგუფის წევრებსაც გავუზიარე:

ყველაფრის მიზეზი შესავალია; ნათლისკენ  ყველაზე დაცემულიც კი მიილტვის; გონითი და სულიერი მეტემფსიქოზი შესაძლებელია; შეიძლება ითქვას, ბახს „გაფრენა“ გამოარჩევს;   ყველა ვერ იქნება „ფთაშესხმული“; ცხოვრებაში რამდენ ადამიანსაც შეხვდებით, იმდენი აზრი მოგეხვევათ თავს; მიზნის მიღწევაში კეთილმოსურნენიც კი უნებლიეთ შეგიშლიან ხელს;  „ჩასწვდები შენ თუ ვერა, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად დარჩება“.

ეს პროექტი მოსწავლეთათვის შეიქმნა და აქ მათი აზრი გადამწყვეტიც კია:

როგორც ჩემი მოსწავლეები აღნიშნავენ, „მცირე პროზის“ განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ მრავალმხრივი მწერლების მრავალწახნაგოვანი მოთხრობების კრებულია:

„მკითხველს გულგრილს არცერთი მოთხრობა არ ტოვებს – ამბობს პირველი – მასში ყველაფერი „მხილებულია“– ტოტალიტარიზმის მანკიერებანი; ბედისწერის ავანჩავანი; გლოვისა თუ ბედნიერების „ინდივიდუალიზმი“; ახალგაზრდობისა და სიბერის ჯახი; ადამიანად ყოფნის წესები…“;

„ … სიყვარულისა და სიძულვილის მარადიული დუელი; სიკეთისა და ბოროტების გზასაწყისობა“ – აგრძელებს მეორე…

მართლაც – „მცირე პროზის“ მიზანეფექტურობა მკითხველზე მისი მოულოდნელი ზეგავლენაა: ზოგი მოთხრობის კულმინაცია ფინალია; ზოგი კი  მარტივად აღქმის გზას განგებ გისპობს და გითრევს და გითრევს თავის წიაღში, მრავალგემოიანი ტროპული ხერხებით გკვებავს – ხან „აღმოსავლეთს“ შეგაჯახებს, ხან – „დასავლეთს“. მძაფრად შეგაგრძნებინებს, აქ „მხოლოდ ღმერთები თუ დაგიხსნიან“. ალეგორიათა კორიანტელში გხვევს და გაფიქრებს, რაზე არ დაგაფიქრებს – სამყარო კაცობრიობის ცხრაკლიტულია? რანაირი რებუსებით გვესაუბრება დამბადებელი? როგორ ესმის ბედისწერას თავისუფლება? სიყვარული სახადია, მარადიული თუ მოხეტიალე?  … და ამეებს ეს პატარა მოთხრობები იტევენ – ზომით მცირენი, გულსართით –  ბუმბერაზნი.

ამ მოთხრობებმა, ჩემი დაკვირვებით, ხელი შეუწყო როგორც აზროვნების, ფიქრის, განსჯის, განჭვრეტის უნარების განვითრებას, ასევე  მკითხველისა და გარესამყაროს  დაკავშირებასა და  განწყობათა ცვალებადობის შესაძლებლობას.

ამავე დროს, მას შემდეგ, რაც ერთობლივად ( გაკვეთილზე ხმამაღლადაც ) და ინტენსიურად დავიწყეთ ამ მოთხრობების კითხვა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის  ტექსტების გააზრება, ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის, ისტორიული და სოციალური ფასეულობების გავლენის ამოცნობა, სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და  კულტურისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა გაუიოლდათ. ამგვარ  ტექსტებში წამოჭრილი თემების, იდეების, პრობლემატიკისა და  მწერლის ენის სხვადასხვა ასპექტის  აღმოჩენა გაუმარტივდათ.

აი რა ხერხებს იყენებდნენ ტექსტების უკეთ აღსაქმელად: 1) წაკითხვამდე სათაურის ან პირველი აბზაცის მიხედვით ვარაუდობდნენ შინაარსს. 2) კითხვისას საკვანძო ფრაზებს გამოჰყოფდნენ, ამოწერდნენ და განმარტავდნენ, თუ რატომ მოეჩვენათ მნიშვნელოვნად, რა აღძრა მათში, რა გაახსენათ (პარალელებს ავლებდნენ), რისი თქმა სურდა ამით ავტორს. 3) პერსონაჟებს ახარისხებდნენ – გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას პერსონაჟის გარეგნობის, ჩაცმულობისა და თვისებების შესახებ.   4) საინტერესო ეპიზოდებს და პერსონაჟებს ხატავდნენ. 5) აზრს ერთმანეთს პრეზენტაციაზე უზიარებდნენ. 6) მართავდნენ დისკუსიას და ა.შ.

 

(ჰ. ბიოლის „ჩემი ნაღვლიანი სახე“ და ე. ჰემინგუეის „კატა წვიმაში“; ნახ. სესილი ჩაჩანიძისა. X კლ.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უნდა აღვნიშნო, რომ „მცირე პროზის“ კითხვის საათს ვატარებდი მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ჯგუფთან – ლიტკლუბის წევრებთან.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ  ჩემ მიერ ჩატარებული ერთ–ერთი აქტივობა:

„მცირე პროზა“ და  ლიტერატურული კლუბი „ლამპარელები“

ლიტკლუბის 40 მოსწავლე (VIII, IX, X, XI კლასი) გავყავი 4 გუნდად და თითოეულს 10 მოთხრობის წაკითხვა დავავალე.

მოთხრობები გია მურღულიას ტექსტური განმარტებების გარეშე ამოვბეჭდე, რათა მათ მხოლოდ თავიანთი აზრი გამოეთქვათ და მისას არ დაყრდნობოდნენ.

თოთოეული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ რვეულებში წერილობით უნდა ეპასუხათ ჩემ მიერ შედგენილი 12 შეკითხვისთვის:

მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა და კლასი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოთხრობის ავტორი და სათაური –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  1. რა ვიცოდი?
  2. რა გავიგე?
  3. რა მინდა ვიცოდე?
  4. რა მომეწონა?
  5. რა არ მომეწონა?
  6. რას შევცვლიდი?
  7. რას არ შევცვლიდი?
  8. რატომ მოხდა ასე? (საუბარია ფაქტზე/ფაქტებზე, რომელიც/რომლებიც თქვენ მნიშვნელოვნად მოგეჩვენათ);
  9. რითია ეს მოთხრობა გამორჩეული? (პასუხი დაასაბუთეთ);
  10. გამორჩეული პერსონაჟი;
  11. რას დავუკავშირებ ამ ამბავს?
  12. როგორია მოთხრობის ავტორი?

 

გზადაგზა ვაკვირდებოდი მათ მუშაობას და ვინიშნავდი, რომელი შეკითხვა დატოვეს უპასუხოდ, როგორი განცდა ეუფლებოდათ კითხვის პროცესში, რომელი მოთხრობა ერთულათ და სხვ.

(დასასრულ, სკოლაში ბატონი გიას, ფსიქოლოგის და ტრენინგში მონაწილე მასწავლებლების მოწვევასა და ამ მოთხრობებზე საუბარს ვგეგმავთ).

ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო მოსწავლეთა მიერ შეფასებულ – აღქმული მოთხრობები იქნება. აი, ერთი  მათგანი:

ჯეიმს თურბერი

ბოლო ყვავილი

ვუძღვნი როზმარის – იმ იმედით, რომ მისი სამყარო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩემი.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.

ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.

ტყეებიც განადგურდა,

ბაღებიც,

ხელოვნების ნიმუშებიც…

კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი ცხოველები იყვნენ.

გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული პატრონები.

დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები თავს დაესხნენ მათ.

წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე, გულხელდაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.

ასე გადიოდა წლები…

რამდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, დაავიწყდა ბოლო მსოფლიო ომის ამბები.

ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს გრძნობდნენ, ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა…

ერთ დღეს ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით წააწყდა ბოლო გადარჩენილ ცალს.

მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.

ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო, მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.

გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.

ერთ დღეს ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.

მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.

ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა…

გოგონა დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა.

ახალგაზრდა კაციც დაინტერესდა  გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა მასთან ყოფნა.

დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.

ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ. მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს:

ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.

ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.

ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.

ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.

ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.

ტრუბადურები და ჟონგლიორები,

მკერავები და მეწაღეები,

მხატვრები და პოეტები,

მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,

და ჯარისკაცები…

… და…

… და…

… და…

… და…

და ლეიტენანტები და კაპიტნები,

და გენერლები და მაიორები,

და გამათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ ხალხის ინტერესებს.

ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად  და ზოგიც სად.

ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება, ხოლო  ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.

გამათავისუფლებლებმა ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად გააღვივეს უთანხმოება.

 

და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში…

ამჯერად ყველაფერი განადგურდა…

და ქვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა…

 

მარტო ერთი კაცი

და ერთი ქალი

და ერთიც ყვავილი!..

 

ნატალია ლილუაშვილი. VIII კლ.

ბოლო ყვავილი

1) რა  ვიცოდი? ვიცოდი, რომ ომებმა ბევრი ცივილიზაცია გაანადგურა. მას მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს. ომში, შეიძლება ითქვას, გამარჯვებული არავინაა.

2) რა გავიგე? ის, რომ ომიანობით განადგურებულ სამყაროში ახალი სიცოცხლე ბევრჯერ დაწყებულა თავიდან. ვიწყებთ და ვსპობთ, ვიწყებთ და ვსპობთ! ყველაზე მეტად XII მსოფლიო ომის წინასწარმეტყველებამ დამაფიქრა.

3) რა მინდა ვიცოდე ? ომის სისასტიკესა და დამღუპველობას რატომ ვერ იაზრებს კაცობრიობა? რატომ არ იბრძვის სიცოცხლისა და კულტურის გადასარჩენად? დედამიწის განადგურებისკენ რატომ ისწარფვის? და საერთოდ, რისკენ უფროა ადამიანი მიდრეკილი – სიცოცხლისკენ თუ სიკვდილისკენ, კეთილისკენ თუ ბოროტისკენ?

4) რა მომეწონა? XII მსოფლიო ომის შემდეგ ისევ გაცოცხლებული სამყარო.

5) რა არ მომეწონა? უსიყვარულობა, უიმედობა, გაუცხოება, რომელიც მოთხრობამ ცოტა ხნით დამაუფლა.

6) რას შევცვლიდი? ადამიანების არასწორ დამოკიდებულებას სიცოცხლის, ცხოვრებისა და  ბედნიერებისადმი. შევცვლიდი მათ წარმოდგენას სამართლიანობის ომით აღდგენის შესახებ.

7) რას არ შევცვლიდი? მთავარ სათქმელს არ შევცვლიდი, ანუ XII მსოფლიო ომის საშინელებას. რადგან მან ადამიანები უნდა დააფიქროს.

8) რატომ მოხდა ტექსტში აღწერილი ამბავი? ადამიანებმა სიტყვის ძალა და დიპლომატიის მნიშვნელობა დაკარგეს. ყველაზე მეტად კი სიყვარულსა და სიკეთეს დაუკარგეს ღირსება.

9) რითია ეს მოთხრობა გამორჩეული? ვფიქრობ, XII მსოფლიო ომის წინასწარმეტყველებით. კაცობრიობა დიდი ხანია III მსოფლიო ომისგანაც შორს იჭერს თავს და XII-ის ხსენება უჩვეულოა.

10) გამორჩეული პერსონაჟი? კაცი, გოგონა და ყვავილი – გადარჩენისთვის მებრძოლი გადარჩენილნი.

11) რას დავუკავშირებ ამ ამბავს? აქ განვითარებულ მოვლენებს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ საომარ პროცესებს დავუკავშირებ – ყველა ომს ერთნაირი შედეგი აქვს – დაღუპვისკენ სწრაფვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი