ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საჯარო მეტყველების უნარი – სარკმელი მომავალი შესაძლებლობებისკენ

რატომ არის მნიშვნელოვანი საჯარო მეტყველების უნარის განვითარება სასკოლო ასაკში

 იმისთვის, რომ ახალგაზრდები სკოლაში, კარიერასა და, საზოგადოდ, ცხოვრებაში წარმატებისთვის მოვამზადოთ, მათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები უნდა განვუვითაროთ. ეს ის უნარ-ჩვევებია, რომლებიც მათ მოამზადებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის, მუდმივი ცვლილებებისა და მაღალი კონკურენციისთვის გლობალურ ეკონომიკურ სამყაროში. 21-ე საუკუნის დამქირავებლები მოითხოვენ კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ციფრული კომპეტენცია, გლობალური ცნობიერება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ერთ-ერთი უნარი, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნის წარმატებული მოქალაქისთვის, არის საჯარო მეტყველება – ორატორობა და ეფექტური პრეზენტაცია.

საჯარო მეტყველება მეტად მნიშვნელოვანი უნარია, სასიცოცხლოდ აუცილებელი როგორც პოლიტიკოსისთვის, ისე ბიზნესლიდერისა და მასწავლებლისთვისაც. ეს უნარი ნებისმიერ მოქალაქეს სჭირდება, რადგან ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ყველას უწევს, დაარწმუნოს სხვა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი ამა თუ იმ საკითხში, გამოვიდეს სიტყვით ან წარმოთქვას სადღეგრძელო მეგობრის დაბადების დღესა თუ საქორწინო ცერემონიალზე. საჯარო მეტყველება არ ნიშნავს მხოლოდ დიდი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლას; საჯარო მეტყველების უნარი აუცილებელია საკლასო პროექტების განხორციელებისას, გასაუბრებასა თუ ინტერვიუზე, კონფერენციაზე, ფორმალური თუ არაფორმალური დებატების დროს. ეს ცხოვრებისეული უნარია, რომელიც პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა საჯაროდ სიტყვის წარმოთქმას უფრთხის. გლოსოფობია, საჯარო მეტყველების შიში, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფობიად ითვლება. რატომ ეშინიათ ადამიანებს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის? მიზეზი არაერთია: აკლიათ თავდაჯერება; ეშინიათ, არ დასცინონ; უხერხულობას უქმნით ყურადღების ცენტრში მოქცევა… მუხლების კანკალს, ხელისგულების ოფლიანობას, გულის ბაგაბუგს ერთვის შეგრძნება, რომ მომზადებული სიტყვა დაგავიწყდა, რომ უკანა რიგებში შენზე ჩურჩულებენ… ამის მიზეზი კი საჯარო მეტყველების პრაქტიკის ნაკლებობა, არასათანადო წვრთნა, მასწავლებლების მხრივ საკითხის უგულებელყოფა, არასწორი სტრატეგიები და მიდგომებია.

ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს საჯარო მეტყველების მეტ-ნაკლები უნარი, უმეტესობას კი ამ უნარის შეძენა და განვითარება სჭირდება. მასწავლებლის მისიაც ის არის, ამაში დაეხმაროს მოსწავლეებს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სკოლებში დაწყებითი კლასებიდანვე დიდი ყურადღება ექცევა საჯარო მეტყველებისა და დებატების უნარების განვითარებას – იმის განვითარებას, რასაც აქ oracy-ს უწოდებენ.

Oracy მომდინარეობს სიტყვისგან orare, orator. ორატორი კი ის ადამიანია, რომელიც ეფექტურად იყენებს სიტყვებს და დამაჯერებლად ლაპარაკობს. ორატორის ხელოვნების ღერძს, არისტოტელეს თანახმად, სამი კომპონენტი ქმნის: ეთოსი, ლოგოსი და პათოსი. ლოგოსი გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკას, ანალიზს, დაგეგმვას, არგუმენტირებულობას, ეთოსი – მოსაუბრის ეთიკურ ნორმებს, აუდიტორიისადმი მის პატიოსან, გულწრფელ დამოკიდებულებას, პათოსი კი გამოხატავს ემოციურ კავშირს აუდიტორიასთან, ღიმილს, ჟესტების ენას, ხმის ტემბრს, მზერით კონტაქტს, იუმორს.

მინდა, გაგიზიაროთ საჯარო მეტყველებისა და დებატების კლუბის მუშაობის პრაქტიკა საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში. კლუბის მუშაობაში ჩართულნი არიან საბაზო საფეხურის მოსწავლეები. კლუბის წევრები თამაშით და სხვადასხვა კომუნიკაციური აქტივობით სწავლობენ საჯარო მეტყველებას, დებატების წარმართვას, ეფექტურ პრეზენტაციას და, იმავდროულად, იუმჯობესებენ ინგლისურ ენაზე მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევებს. კლუბის მუშაობისას ვაკეთებთ ვიდეოჩანაწერებს და ჩვენს ფეისბუქგვერდზე ვათავსებთ. კლუბის წევრები მონაწილეობენ საჯარო მეტყველების ადგილობრივ და რესპუბლიკურ კონკურსებში, მართავენ მასტერკლასებს სხვა სკოლების მოსწავლეთათვის.

გაგაცნობთ კლუბში გამოყენებულ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს, საზოგადოდ, ზეპირმეტყველების და, კერძოდ, საჯარო მეტყველების, დებატების წარმართვის უნარების განვითარებაში.

 

აქტივობა 1

უკაცრიელ კუნძულზე

დაურიგეთ მოსწავლეებს თაბახის ფურცლები და სთხოვეთ, დახატონ ნებისმიერი ნივთი სურვილისამებრ. დროის ამოწურვის შემდეგ აკრიფეთ ფურცლები და ხელახლა დაურიგეთ, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ნახატი არ მისცეთ. შესთავაზეთ, წარმოიდგინონ, რომ უკაცრიელ კუნძულზე არიან და აქვთ ერთადერთი (ფურცელზე დახატული) ნივთი, რომლის საშუალებითაც თავი უნდა გადაირჩინონ. სთხოვეთ, მოამზადონ მოკლე სიტყვა, რომლს საშუალებითაც დაარწმუნებენ აუდიტორიას ამ ნივთის სარგებლიანობაში.

აქტივობა ავითარებს როგორც საჯარო მეტყველების უნარს, ისე შემოქმედებითობას და კრიტიკულ აზროვნებას. სახალისოა და მოსწავლეები მასში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.

 

აქტივობა 2

დებატები საჰაერო ბურთზე

მოსწავლეებს სთხოვეთ, წებოვან ფურცლებზე დაწერონ ცნობილი (ცოცხალი ან გარდაცვლილი) ადამიანების სახელები და ფურცლები ჩაყარეთ კონტეინერში (ქუდში ან ყუთში). სთხოვეთ რამდენიმე მოსწავლეს, ამოიღონ კონტეინერიდან სახელები, წარმოიდგინონ, რომ ეს ადამიანები არიან და წარმოთქვან სიტყვა აუდიტორიისათვის. სიტყვის მოსამზადებლად მათ მიეცემათ გარკვეული დრო (მასწავლებელს შეუძლია, სიტყვის მომზადება მეორე დღისთვის დაავალოს). დროის ამოწურვის შემდეგ ქმნით სიმულაციურ სიტუაციას – მოსწავლეებს ეუბნებით, რომ ისინი მგზავრობენ ცხელი ჰაერით გაბერილი საჰაერო ბურთით, რომელიც უეცრად ვარდნას იწყებს. ბურთმა ფრენა რომ განაგრძოს, ერთ-ერთმა მგზავრმა უნდა დატოვოს ეს ტრანსპორტი. მოსწავლეებმა სათითაოდ უნდა წარმოთქვან საჯარო სიტყვა და დაარწმუნონ აუდიტორია და ჟიური, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ საჰაერო ბუშტით მგზავრობის გაგრძელებას; ისაუბრონ თავიანთ წვლილზე კაცობრიობის წინაშე. ჟიური აფასებს სიტყვას წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებით. შეიძლება ფარული კენჭისყრით ხმის მიცემაც.

შეგიძლიათ, ცნობილი ადამიანების ნაცვლად აიღოთ ცნობილი ადგილები ან რომელიმე სხვა თემა, მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით.

აქტივობა ხელს უწყობს არგუმენტირებულ მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, ავითარებს კომუნიკაციურ კომპეტენციას. ეს არის ავთენტური როლური თამაში და მოსწავლეების მოტივაცია მაღალია, რადგან ისინი ცდილობენ, აუდიტორიაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ.

 

აქტივობა 3

კარლ პოპერის დებატები

სადებატო თემად ირჩევთ თეზისს. თეზისი ეხება წიგნის ან ფილმის პერსონაჟს, ან საზოგადოებაში არსებულ საკამათო საკითხს. დებატები მიმდინარეობს ორ ჯგუფს შორის. თითოეულ ჯგუფში სამ-სამი მოსწავლეა. ერთ ჯგუფს დადებითი პოზიცია აქვს, მეორეს – უარყოფითი. დადებითი პოზიციის ჯგუფმა უნდა დაიცვას თეზისში მოცემული აზრი, ხოლო უარყოფითი პოზიციისამ გააბათილოს მისი არგუმენტები. რა თქმა უნდა, ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს ეძლევათ განსაზღვრული დრო.

დებატები ზეპირმეტყველებასთან ერთად ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს – კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას, არგუმენტირებულ მსჯელობას.

 

აქტივობა 4

სიტყვა ექსპრომტად

მოსწავლეებს სთხოვეთ, გაიხედონ საკლასო ოთახის ფანჯრიდან და დაასახელონ ერთი საგანი, რომელსაც დაინახავენ: ცა, მანქანა, ბავშვი, ძაღლი… სთხოვეთ, ისაუბრონ მის შესახებ 60 წამის განმავლობაში.

ეს სახალისო აქტივობა ავითარებს მოუმზადებლად  სიტყვის წარმოთქმის უნარს, შემოქმედებითობას და ამზადებს მოსწავლეებს რეალური ცხოვრებისთვის, რადგან რეალურ ცხოვრებაში ადამიანს ყოველ ნაბიჯზე უწევს მოუმზადებლად საუბარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის ციტატა, რომელშიც ის აღნიშნავს რომ კარგი მოუმზადებელი სიტყვის მოსამზადებლად მას სამი კვირა სჭირდება: „It usually takes me more than three weeks to prepare a good impromptu speech“.

 

რჩევები მოსწავლეებს და მასწავლებლებს

იმისთვის, რომ საჯარო მეტყველებაში გაიწაფოთ და კარგ ორატორებად იქცეთ, იმისთვის, რომ საჯარო სიტყვის წარმოთქმისას თქვენმა აუდიტორიამ არ მოიწყინოს, დაგეგმეთ სიტყვა, წინასწარ განსაზღვრეთ აუდიტორია, ივარჯიშეთ სარკის წინ, მიაქციეთ ყურადღება ჩაცმულობას, არ ილაპარაკოთ მონოტონურად, მომზადებული სიტყვა აჩვენეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს, ხშირად უსმინეთ TED Talks და შემდეგ განიხილეთ მოსმენილი, მომზადებული სიტყვა ჩაწერეთ მობილურზე, მოუსმინეთ, შეიტანეთ კორექტივები.

და გახსოვდეთ ოქროს წესი: ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Vika Kuprashvili, Natia Pirtkhalava, Principles and Practices in Creative Speaking
  • International Debate Forum Material, Bulgaria, 1998

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი