შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოზარდს პროფესიის არჩევაში

ყველა მოზარდის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნდა გადადგას – თავისი მომავალი განსაზღვროს, პროფესია აირჩიოს, თუმცა მოზარდების უმრავლესობა მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, რადგან არც საკუთარ არჩევანშია დარწმუნებული და არც იმაში, რომ ეს არჩევანი გაამართლებს. რას ნიშნავს “სწორი არჩევანი” და რა მოეთხოვებათ სკოლას, მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მოზარდს მის გაკეთებაში დაეხმარონ? ამის თაობაზე ვესაუბრეთ და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ გრაცის უნივერისტეტის პროფესორს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, განათლების ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ მანუელა პეხტერს

და ამავე დეპარტამენტის მკვლევარს სილკე ლუტენბერგერს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ამ საკითხებზე მუშაობენ.

                                                                                                      

-ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანი. რას გულისხმობს ცნება “სწორი არჩევანი” და რა ახდენს გავლენას მოზარდის პროფესიულ არჩევანზე?

– პროფესიის არჩევა მოზარდის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს არ არის მარტივი პროცესი. არჩევანის გასაკეთებლად მოზარდმა, ერთი მხრივ, უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესების სფერო და რა უნარები და კომპეტენციები აქვს ამ სფეროში, მეორე მხრივ კი თანხვედრაში მოიყვანოს ისინი სასურველი პროფესიის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი გულისხმობს სწორედ სრულ თანხვედრას ამ სამ ფაქტორს – “მინდას”, “შემიძლიასა” და “საჭიროას” – შორის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი შეიძლება განვიხილოთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების ჭრილში. ხშირად ესა თუ ის პროფესია სხვებზე მეტად მოთხოვნადია და ახალგაზრდებიც მას ირჩევენ, თუმცა ეს არჩევანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სწორი შესაძლოა არ იყოს.

სოციალურ-კოგნიტიური თეორია (Lent, Brown, & Hackett, 1994) ამ პროცესის უკეთ გასაგებად გვთავაზობს თეორიულ მოდელს, რომლის თანახმადაც პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პროფესიულ ქცევაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: კოგნიტიურ-პიროვნულ ფაქტორებად, როგორიცაა თვითშეფასება, მოლოდინები, მიზნები, მოტივები, და კონტექსტურ ფაქტორებად, როგორიცაა სქესი, მშობლებისა და თანატოლების მხარდაჭერა, პროფორიენტაცია და სხვა.

– რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდის სასურველი პროფესია თანხვედრაში უნდა იყოს მის პიროვნულ და პროფესიულ ინტერესებთან (Holland, 1997). პროფესიული ინტერესები დროში შედარებით სტაბილურია და ადვილად არ ექვემდებარება ცვლილებებს, ამიტომ მცდარმა არჩევანმა შესაძლოა ხანგრძლივი არასასურველი შედეგი მოგვიტანოს პროფესიით უკმაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდის სახით. ამის კვალობაზე, პირველი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი ის არის, რომ პროფესიის არჩევამდე მოზარდმა გააცნობიეროს თავისი ინტერესები და გადაწყვეტილება მათზე დაყრდნობით მიიღოს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოზარდის არჩევანზე, არის ინდივიდის თვითეფექტურობის განცდა. ეს არის საკუთარი ძალების რწმენა, რწმენა იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ის წარმატებას მიაღწევს. თვით ეფექტურობის განცდას უშუალო კავშირი აქვს პროფესიით კმაყოფილებასთან და მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ინდივიდი საკუთარი პროფესიის პრაქტიკაში რეალიზებას (Bandura, Barbaranelli, Caprara, & Pastorelli, 2001), ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებაა.

ამასთანავე, ხშირად ახალგაზრდებს არ აქვთ რეალური ინფორმაცია პროფესიების შესახებ, არ იციან, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ პროფესიის წარმატებით დასაუფლებლად და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კონკრეტული პროფესიის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხშირად ეყრდნობიან პროფესიებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს. სწორედ ამის ბრალია, რომ ახალგაზრდები ძირითადად იმ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ტიპობრივი და პრიორიტეტულია მათი სქესისთვის. რეალისტური და სწორი არჩევანის გასაკეთებლად კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა, გვქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პროფესიების შესახებ.

აი, ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წარმატებული არჩევანის გასაკეთებლად.

– რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რის გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

– პრინციპში, სკოლის მთავარი და პრიორიტეტული მიზანი უნდა იყოს, მოზარდს ყოველგვარი პირობა შეუქმნას ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელებისთვის. არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელსაც სკოლა უნდა სთავაზობდეს მოსწავლეს, მაგალითად, პროფორიენტაციული შეხვედრები, ინფორმაციის მიწოდება პროფესიების ტიპებსა და თავისებურებებზე, ექსკურსიები სხვადასხვა პროფესიულ გარემოში, სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ სკოლამ უნდა წაახალისოს მოსწავლე, დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია სასურველ პროფესიებზე, გააცნობიეროს თავისი პრიორიტეტები და შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და უნარები ამ პროფესიის მოთხოვნათა ჭრილში.

გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაში.

– რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

– მოსწავლეთა პროფესიული არჩევანი ნაწილობრივ სწორედ მშობლებისა და მასწავლებლების გავლენით აიხსნება. კვლევები (მაგ., Miller, 1994) გვიჩვენებს, რომ მშობლები ხშირად თვითონ წარმოადგენენ შვილებისთვის პროფესიული ინტერესების, პროფესიული წარმატებისა და არჩევანის მაგალითს. წარმატებული და პროფესიულად შემდგარი მშობელი კარგი მოდელია შვილისთვის. მოზარდები ხშირად ირჩევენ მშობლის პროფესიის ანალოგიურ პროფესიებს. თუმცა ეს გავლენა ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. ის დამოკიდებულია იმაზეც, გრძნობს თუ არა მოზარდი მშობლის მხარდაჭერას თავისი ინტერესების შესატყვისი არჩევანის გაკეთებაში. როდესაც ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, გვახსოვდეს, რომ მშობელი ორიენტირებული უნდა იყოს შვილის ინტერესებსა და უნარებზე და არა საკუთარ სურვილებსა და კულტურულ სტერეოტიპებზე.

აქვე შევჩერდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოზარდ ასაკში, როგორც ვიცით, წამყვანი ქცევა პიროვნული ურთიერთობებია და მოზარდის სოციალური კავშირებიც ფართოვდება. მშობლებთან ერთად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თანატოლები და სხვა ავტორიტეტული პირები. მოზარდის პროფესიულ არჩევანზე ხშირად თანატოლების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე მშობლებისა ან ოჯახისა. მეგობარი, რომელსაც მომავლის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, შესაძლოა ძლიერ კატალიზატორად იქცეს მეორე მოზარდის ასეთივე ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისთვის და პირიქით – მეგობარი, რომელსაც არცთუ დიდ იმედს ამყარებს საკუთარ თავსა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე, შესაძლოა ცუდი მოტივატორი აღმოჩნდეს მეორე მოზარდის პროფესიული არჩევანისთვის.

– რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ავსტრიაში და რას აკეთებს სკოლა, საზოგადოდ, განათლების სისტემა სწორი არჩევანის გაკეთებაში მოზარდის დასახმარებლად? როგორ მუშაობს პროფორიენტაციის სისტემა ავსტრიის სკოლებში და, თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იგი?

– ჩვენი აზრით, ავსტრიის სკოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოზარდს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ. ჩვენ გვაქვს ევროპის მასშტაბით უნიკალური სისტემა. მე-7 და მე-8 კლასებში ყველა საშუალო სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს პროფორიენტაციის კურსებს. ამ პერიოდში მოსწავლეები 13-15 წლისანი არიან. კურსი კვირაში 1 საათს მოითხოვს. გვაქვს მოსამზადებელი პროფესიული სკოლებიც (მე-9 კლასი). ამ სასწავლებლებში უმთავრესად ის მოზარდები სწავლობენ, რომლებიც მომავალში რაიმე ხელობის შესწავლას აპირებენ. ეს სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ პროფორიენტაციულ სერვისს უკვე კვირაში 2 საათის დატვირთვით.

თავად სკოლებში პროფორიენტაციული სერვისი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სკოლის ტიპზე, მის სპეციფიკასა და პროფილზე. ჩვენ გვაქვს სასკოლო განათლების ძალიან დიფერენცირებული სისტემა. კერძოდ, მერვე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლე არჩევანის წინაშე დგება, სად და რა ტიპის სკოლაში გააგრძელოს სწავლა. ამრიგად, პროფესიული თვალსაზრისით პირველი გადაწყვეტილების მიღება მას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში უწევს. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია – მას შეუძლია, სწავლა გააგრძელოს ზოგადსაგანმანათლებლო აკადემიური ტიპის სკოლაში (AHS), მაღალი საფეხურის ტექნიკურ ან პროფესიულ სკოლაში (HBS), საშუალო პროფესიულ სკოლაში (MBS) ან მოსამზადებელ პროფესიულ სკოლაში (PS). შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, როგორ დავეხმარებით მოსწავლეს, ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს ამ გადამწყვეტ ნაბიჯს.

თუმცა პროფორიენტაციული სერვისის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნაკლოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერვისი გაუმჯობესებას მოითხოვს. პირველი, რაზეც ფოკუსირება უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ აკადემიური ტიპის საშუალო სკოლებში სხვა სკოლებზე ნაკლები ყურადღება ექცევა პროფორიენტაციის საკითხს, რადგან იგულისხმება, რომ მათი მოსწავლე მომდევნო საფეხურზეც ამავე ტიპის სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ამ ტიპის სკოლები კი ორიენტირებულნი არიან საუნივერსიტეტო განათლებაზე და მიაჩნიათ, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მე-8 კლასში პროფორიენტაციის კურსი. ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.

საყურადღებოა ისიც, რომ პროფორიენტაციის კურსი ძირითადად მოსწავლის ინფორმირებაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ზრუნავს მის პიროვნულ მხარეზე. სასურველია, უფრო ძლიერი აქცენტი დაისვას დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე.

რას ურჩევდით მასწავლებლებსა და მშობლებს, რით შეიძლება დაეხმარონ ისინი მოზარდს სწორი არჩევანის გაკეთებაში?

– მასწავლებელი მოტივირებული უნდა იყოს, გამუდმებით უბიძგოს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების გაცნობიერებისკენ, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეების გააზრებისაკენ. მან უნდა წაახალისოს მოზარდი, მისი არჩევანი თანხვდებოდეს მის შესაძლებლობებსა და პიროვნულ ინტერესებს. ასევე სასურველია, მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის თვითეფექტურობის განცდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს სასწავლო პროცესისგან დამოუკიდებლადაც, პროფორიენტაციის კურსის ფარგლებში სპეციალური მოდულითა და რეკომენდაციებით (Luttenberger & Paechter, 2012). მაგრამ მასწავლებელმა ეს რომ შეძლოს, იგი უნდა იცნობდეს მოსწავლის ოჯახურ ფონს, მაშასადამე, თანამშრომლობდეს მშობელთან.
მშობელმა კი ამ კუთხით ზრუნვა ადრევე უნდა დაიწყოს და არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინ. იგი შვილს გამუდმებით უნდა უწყობდეს ხელს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს საკუთარი თავის შესახებ, აძლევდეს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში მოსინჯვის საშუალებას, ხშირად ესაუბრებოდეს პროფესიულ გეგმებზე და ამგვარად შეამზადოს იგი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად. ნუ გავაკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად. გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ელიტური პროფესიის არჩევა წარმატებული მომავლის გარანტია არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი