მოლი

„მწვანედ ბიბინებს მინდორი, მოლი და ველი ცვრიანიო“, – ჯერ კიდევ როდის ამბობდა შიო მღვიმელი. უფრო მეტი ინფორმაციისთვის თუ თვალს გავაპარებთ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისკენ, ვნახავთ, რომ მოლი ახლად აბიბინებული მწვანე ბალახის გამომხატველი სიტყვაა. სინონიმებიც უხვად აქვს: მდელო, მწვანე ახლად მოთიბული ბალახი, ალერდი, დიყი (მაღალი ბალახი მთაში), ჯოყარი (ვაჟას განმარტებით: „მსხვილღეროიანი ბალახი: ჯოყარი ანწლისა, ბორხვენისა, ლემხურასი, დიყისა…“) და ა.შ. მაგრამ გამოხდა ხანი და ამ სიტყვამ სხვა მნიშვნელობებიც შეიძინა. საყიდლებზე სეირნობის მოყვარულებმა, „შოპინგთერაპიას“ რომ ეძახიან მავანნი, კარგად უწყიან გულის ხვაშიადის მოსაკლავი დიდი, ატრიუმიანი სავაჭრო სახლების მისამართები და სახელები. რაგბის მოყვარულთათვის მოლი ყოჩებივით თავდახრილი, ერთ მწკრივად მდგომი მორაგბეების მდგომარეობაა. იმ პატარა არსებასაც მოლი ჰქვია, მთელ სიცოცხლეს მიწის ქვეშ რომ ატარებს და ბაღ-ბოსტნებსა თუ გოლფის მოედნებს ემტერება.

მაგრამ ამ სიტყვას კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს, რომლის ცნობადობის გეოგრაფია ერთი ქვეყნის საზღვრებს აღემატება. ის გაუგონია ყველას, ვისაც კი საშუალო სკოლაში ქიმიის დაწყებითი კლასის სახელმძღვანელო გადაუშლია. ის, შეიძლება ითქვას, ქიმიის „აი იაა“.

მაინც რატომ არის ეს ცნება ასეთი მნიშვნელოვანი?

მოლი ქიმიაში ზომის ძირითადი ერთეულია. სიგრძე მეტრებში იზომება, დრო – წამებში, ენერგია – ჯოულებში, ტემპერატურა – ცელსიუსის გრადუსებში, ნივთიერების რაოდენობა კი – მოლებში. შვედმა ასტრონომმა ანდრეს ცელსიუსმა ტემპერატურის სკალის შემოღებისთვის აიღო წყალი, ჩაუშვა შიგ თერმომეტრი სკალის გარეშე და წყალი გაყინა. როდესაც ყინულის წარმოქმნა დაიწყო, ცელსიუსმა თერმომეტრი გახაზა და ნიშნულს „0“ დააწერა. მერე წყალი ცეცხლზე შემოდგა და გააცხელა, დუღილის დაწყების მომენტი კი ახალი ხაზით აღნიშნა თერმომეტრზე და ხაზს „100“ მიუწერა. ბოლოს კი სკალა 0-დან 100-მდე ას ტოლ ნაწილად დაყო. ასე მივიღეთ ცელსიუსის გრადუსების შესაბამისი თერმომეტრი და ტემპერატურის ზომა. ფარენჰეიტმა იგივე მარილწყალზე გააკეთა. შესაბამისად, ნივთიერების რაოდენობის გასაზომად საჭირო იყო ეტალონი. 1960-იან წლებამდე ასეთ ეტალონად წყალბადის (იზოტოპების გარეშე) ატომი მიიჩნეოდა. მერე წყალბადი ნახშირბად-12-ით ჩაანაცვლეს და მოლი განისაზღვრა როგორც ნივთიერების ოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე სტრუქტურულ ელემენტს (მაგალითად, ატომს, მოლეკულას, იონს, ელექტრონს), რამდენ ატომსაც შეიცავს 12 გრამი ნახშირბადი-12 (12C).

გამოხდა ხანი და ქიმიაში ზომა-წონისა და ტერმინების დამდგენი საერთაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, მოლის განმარტება ისევ შეიცვალა. ახალ რედაქციაში ბატონ ჯუზეპე ავოგადროს რიცხვი აიღეს ბაზისად. ეს ის იტალიელი ავოგადროა, რომელსაც 1811 წელს არ დაეზარა და დათვალა 12 გრამ ნახშირბადში ატომების რაოდენობა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 6.022141003×1023 აღმოჩნდა.

ამჟამად, IUPAC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოლის განმარტება ასეთია: მოლი, რომლის სიმბოლოა მოლი (ლათ.mol), წარმოადგენს ნივთიერების რაოდენობის SI ერთეულს. ერთი მოლი შეიცავს ზუსტად 6.022 140 76 × 1023 ელემენტარულ ნაწილაკს. მოცემული რიცხვი არის ავოგადროს მუდმივას ფიქსირებული რიცხვითი მნიშვნელობა NA, ხოლო ერთეულებში გამოსახულ მოლ-1-ს (mol−1), ეწოდება ავოგადროს რიცხვი.

მოლის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ქიმიკოსებმა არაოფიციალურად მისი საერთაშორისო დღეც კი დავაწესეთ, რომელსაც 23 ოქტომბერს, დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე აღვნიშნავთ. რატომ მაინცდამაინც ამ დღეს და დღის ამ მონაკვეთში, გამოცნობა თქვენთვის მომინდვია.

კომენტარები

comments