შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სასკოლო ექსკურსიების ამბავი

მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი, როცა პირველ ექსკურსიაზე წავედი: მასწავლებელმა ხელი მოგვკიდა, ქუჩის გადაღმა გადაგვიყვანა და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე აღმართული მემორიალი გვაჩვენა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ფოტოები იყო დატანებული. წარმოდგენა არ მაქვს, უცნობი ჯარისკაცის ცხედარი ჩვენს სოფელში რატომ ან საიდან ჩამოასვენეს, ერთი პერიოდი ძალიან მაინტერესებდა ეგ ამბავი (მასწავლებელს, როგორც ჩანს, არ აუხსნია, თორემ მემახსოვრებოდა), მერე კი სულ გადამავიწყდა. პერიოდულად მახსენდებოდა ხოლმე, როცა თბილისიდან ჩასული, ავტობუსიდან ამ მემორიალს შევავლებდი თვალს და ოვალური სურათების სიმრავლე მაკვირვებდა. მიკვირდა, ერთი არც ისე დიდი სოფლიდან, რომელიც ომის დროს კიდევ უფრო პატარა იქნებოდა, ამდენი კაცი როგორ დაიღუპა, ვინღა დარჩა და როგორ გავმრავლდით. იმ ადგილს დღესაც უბრალოდ “ობელისკს” ეძახიან, ლამაზადაა შემოღობილი, ნაძვებით დაბურულია და უფროსკლასელებისა და ადგილობრივი უსაქმურების სალოთაო ალაგია. მასწავლებელმა იმ მემორიალური პატარა პარკის ეზოშივე განთავსებული ერთი საფლავიც გვაჩვენა. იქ ერთი ჩვენი თანასოფლელი, ახალგაზრდა კაცი, რაიონული გავლენის მქონე კაცის შვილი, განისვენებს. თუ სწორად მახსოვს, წამალში გაიპარა. მერე მისი წიგნიც გამოსცეს, თურმე მაღალ კლასებში წერდა. მე ეგ წიგნი ძალიან ადრე მაქვს წაკითხული და, რამდენადაც მახსოვს, ლექსები ბავშვური და გულუბრყვილო იყო, მაგრამ იმ წიგნშივე იყო სამი დეტექტიური მინი-რომანი, რომელიც დიდად მომეწონა მაშინ. მეათე-მეთერთმეტე კლასში ჰქონდა ეს რომანები დაწერილი. თუმცა ეს სხვა ისტორიაა. მთავარი ისაა, რომ საერთო სასაფლაო იქვე იყო, მაგრამ ის ბიჭი განცალკევებით დაკრძალეს და მისი საფლავი ჩემი პირველი ექსკურსიის მიმოხილვის ობიექტი შეიქნა.

 

შემდეგ იყო რაიონული მასშტაბის ექსკურსიები: მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ორი ციხესიმაგრის (ერთი მეოთხე საუკუნეშია ნაგები, მეორე კი – მეთვრამეტეში) ნანგრევების მონახულება. ერთხელ იმ მეთვრამეტე საუკუნეში ნაგები ციხის სანახავად მარტო წავედით მოსწავლეები, ანუ თვითორგანიზებული ექსკურსია მოვაწყვეთ. უფრო სწორად, ისტორიის მასწავლებელს უნდა წავეყვანეთ, მაგრამ “გადაგვაგდო”, არ მოვიდა, ამიტომ მარტო წავედით. ამაზე დიდი ამბები ატყდა. მშობლები და მასწავლებლები სწორედ მაშინ დაგვადგნენ, როცა მწვანე მოლზე სახლიდან წამოღებული საჭმელი გვქონდა გაშლილი და ვჭამდით, მეტს არაფერს ვაშავებდით.

 

კიდევ ერთი უცნაური საექსკურსიო მარშრუტი გვქონდა: ერთ მასწავლებელს, გაკვეთილების შემდეგ, თავის სახლში დავყავდით ხოლმე, თავის ძველ ალბომებს გვათვალიერებინებდა, ხოლო შემდეგ კი თხილი უნდა გაგვერჩია. თვითონ ეძახდა ამ ყველაფერს “ექსკურსიას”. ვინც მუდმივად დადიოდა, იმათ მაღალი ნიშნები გარანტირებული ჰქონდა.

 

შემდეგ უკვე ნამდვილი ექსკურსიების ჯერი დადგა. ქუთაისში წავედით, გელათი და ბაგრატის ნანგრევები მოვინახულეთ. მომდევნო წელს ბათუმში წავედით, დელფინარიუმი და მწვანე კონცხი ვნახეთ. მახსოვს, რამდენიმე კლასი წაგვიყვანეს. ერთ ტრაგიკულ შემთხვევას გადავურჩით: ერთმა მაღალკლასელმა გოგომ, რომელსაც თურმე სახლში პრობლემები ჰქონდა, ზღვაში თავის დახრჩობა სცადა, მაშველებმა ძლივს გამოიყვანეს. ექსკურსია უმალვე დამთავრდა და სახლში წამოვედით. მაშინ ზღვა პირველად ვნახე. ასეთ ექსკურსიებზე ხაჭაპურებთან და შემწვარ ქათამთან ერთად, მშობლები ხუთ ან ათ ლარს სულ გვატანდნენ ხოლმე და ჩვენც ვსვამდით და ვსვამდით “სპრაიტს” და “პეპსს”. ახლაც თვალწინ მიდგას ავტობუსის სავარძლების უკან მიმაგრებულ სანაგვე ბადეებში ჩარჭობილი უთვალავი ცარიელი ბოთლი.

 

ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ასოციალური ვხდებოდი და თავს ვარიდებდი მსგავსი ტიპის გასვლებს. სტუდენტობისას ჩემი კურსელები ყოველ სემესტრში დადიოდნენ ექსკურსიებზე. ერთხელ მეც დამითანხმეს. რუსთაველის მეტროსთან უნდა შევკრებილიყავით, მაგრამ დილით რომ გამეღვიძა, აღარ მომინდა წასვლა. ვიფიქრე, რო აღარ მივალ, წავლენ-მეთქი. არც მობილური მქონდა და არც სახლის ტელეფონი, ამიტომ ვერაფრით დამიკავშირდებოდნენ, ხოდა, პირდაპირ სახლში ამომადგნენ, ლამის ძალით ჩამაცვეს და წამიყვანეს. კახეთში ვიყავით, ალავერდი და წინანდალი ვნახეთ.

 

ახლა ვზივარ და ვფიქრობ: ამ ჩემი სიზარმაცის გამო ჩემს ქვეყანაში რამდენი რამე არ მინახავს. ჩვენს ისტორიულ ძეგლებს ტელევიზორში ან ფოტოებზე რომ ვნახულობ, სიამაყის ცრემლები მადგება და ამავე დროს, მრცხვენია, რომ ჩემმა წინაპრებმა ამხელა სისხლი და ოფლი ჩაანთხიეს მათ აგებაში, მე კი ნახვითაც არ მინახავს მათი უმეტესობა. მრცხვენია, მაგრამ ამავე დროს მიხარია, რადგან წინ დიდი ბედნიერებები მელის: მათი პირველად ხილვის ბედნიერებები!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი