შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უწყვეტი პროფესიული განვითარება, მისი მნიშვნელობა და მახასიათებლები

აღარავინ დავობს, რომ ახალმა ათასწლეულმა ცხოვრების ყველა სფერო ძირეულად შეცვალა.მოთხოვნების შესაბამისად იცვლება ზოგადი განათლების მიზნებიც და მასწავლებლებიც უფრო მეტი გამოწვევის პირისპირ დგანან. უახლეს კვლევებში არაერთხელ იქნა ხაზგასმული მასწავლებელთათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვნება.

 

საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სატრეინინგო კურსების გავლა ამჟამად სავალდებულო არ არის, თუმცა სქემაში ჩართულ მასწავლებლებს, რომელთაც ამგვარ პროგრამებზე დასწრებით კრედიტების მოპოვება შეუძლიათ, უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, გაიარონ კურსები. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ არასერტიფიცირებული მასწავლებლები გამოცდებისთვის მოსამზადებელ პერიოდში სხვადასხვა სატრეინინგო პროგრამით ინტერესდებიან. არსებული მონაცემებით, საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელთა ჩართულობა უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში არცთუ მაღალია. ამ აქტივობათაგან ბევრი მხოლოდ სატრეინინგო კურსებსა და პროგრამებს ასახელებს. საჭიროა, მასწავლებლებს უფრო მკაფიოდ განემარტოთ, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვნება, მერე კი ის კომპონენტები, რომლებიც მათ ამგვარი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობას ერთხმად აღიარებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პროფესიონალები. აშკარაა, რომ ზრდა და განვითარება არასდროს არ უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით კი ისეთ ცვალებად სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. და მაინც, რა კომპონენტების ერთობლიობა განაპირობებს ხარისხიან უწყვეტ პროფესიული განვითარებას?

გამოცემაში „წინსვლა: უწყვეტი პროფესიული განვითარება ინგლისური ენის მასწავლებელთათვის” (UK, 2011.4), ეს პროცესი შემდეგნაირად არის განმარტებული:


·

პროფესიონალები გამუდმებით უნდა ეძებდნენ გზებს, გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს და გაიუმჯობესონ სამუშაო პრაქტიკა;


·

მასწავლებელი თვითონ განსაზღვრავს საჭიროებებს და სახავს მათი დაკმაყოფილების საშუალებებს;


·

უწყვეტი პროფესიული განვითარება უფრო მეტად შეფასებითია, ვიდრე აღწერითი და, შესაბამისად, მასწავლებელს ესმის ამ აქტივობის მნიშვნელობა;


·

ეს პროფესიული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და არა მისი დამატება;


·

ეს არის საკუთრება იმ დაწესებულებისა, რომელშიც მასწავლებელი მოღვაწეობს;


·

ეს პროცესი მიმდინარეობს მასწავლებლის კარიერული ზრდის ყველა ეტაპზე;


·

ეს პროცესი ინსტიტუტსა და ინდივიდს მიზნების მიღწევაში ეხმარება.

უწყვეტი პროფესიული განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისი მთავარი მახასიათებლები შემდეგნაირად განისაზღვროს:


·

თვითრეფლექსია. მასწავლებელი მუდმივად უნდა ახდენდეს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიას, რათა განსაზღვროს ის სფეროები, რომლებშიც უფრო მეტი მუშაობა სჭირდება (რიჩარდზი და ნუნენი, 2008.4). თვითრეფლექსია – ეს არის უმთავრესი ფაქტორი განვითარების განსაზღვრისას, რამდენადაც სწორედ ამგვარად შეძლებს მასწავლებელი, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი პრაქტიკა და/ან მისი ეფექტიანობა მოსწავლეებზე. მხოლოდ საკუთარი სწავლების პრაქტიკაში მუდმივი ჩაღრმავება ქმნის განვითარების წინა პირობას.


·

დაგეგმვა.ყველა მასწავლებლი თვითონ არის პასუხისმგებელი, დაგეგმოს საკუთარი განვითარების გზა დამოუკიდებლად ან იმ ადამიანთან ერთად, რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კოორდინირება. რამდენადაც ჩვენ ვცხოვრობთ ანგარიშვალდებულების ეპოქაში, საკუთარი განვითარების სწორად დაგეგმვა ნიშნავს, რომ სამუშაო საათების მიღმა დახარჯული დრო და ამ საქმეში ჩადებული ფულადი რესურსი უაზროდ არ არის გაფლანგული. უფრო მეტიც: პროფესიული განვითარების დაგეგმვა ეხმარება მასწავლებელს, ფოკუსირება მოახდინოს საკუთარი პრაქტიკის სპეციფიკურ ასპექტებზე და არა, უბრალოდ, დაესწროს სხვადასხვა ტიპის ტრეინინგებსა თუ სესიებს ფორმალური მოთხოვნების შესასრულებლად. ცხადია, საკუთარი განვითარების დაგეგმვა მასაწავლებელს ამავე განვითარების შეფასებაში დაეხმარება.


·

სატრეინინგო შესაძლებლობების მრავალფეროვნება.მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთსაშუალება, თვითონ განსაზღვრონ, რას ამოირჩევენ მათთვის შეთავაზებული სხვადასხვა აქტივობიდან. ბოლიტოს (1996) ფორმულირების მიხედვით, მასწავლებელთათვის შეთავაზებული ტრეინინგები მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ისინი ერთნაირად შეესაბამება ინსტიტუციურ და მასწავლებელთა პირად საჭიროებებს.


·

პროფესიული განვითარების სხვა ფორმების გამოცდილება. თუ მოხდა ისე, რომ პროფესიული განვთარებისათვის შეთავაზებული აქტივობები არ პასუხობს მასწავლებელთა სწავლების სფეროში წამოჭრილ კითხვებს, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, თვითონ მოიძიონ პასუხები ამ კითხვებზე. მათ უნდა შეეძლოთ მცირემასშტაბიანი კვლევების ჩატარება, ურთიერთდაკვირვების განხორციელება და ა.შ.


·

ახალმიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება. ნებისმიერი ტიპის სატრეინინგო კურსებზე დასწრება სრულიად უსარგებლოა როგორც მასწავლებელთათვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც, თუ არ მოხდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აუცილებელია მასწავლებელთა წახალისება, რათა მათ ობიექტურად შეაფასონ, როგორ გამოიყენეს მიღებული ცოდნა და ისიც, რადენად ეფექტიანი იყო ახალი პრაქტიკა, იდეა თუ აქტივობა მოსწავლეებთან მუშაობისას.


·

ევალუაცია. უწყვეტი პროფესიული განვითარება გარკვეულწილად გულისხმობს მასწავლებლის ზოგადი პროფესიული განვითარების ეფექტიანობას და მის ჩართულობას სატრეინინგო პროგრამებში, ეხმარება მასწავლებელს იმის გაცნობიერებაში, მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს და რა გავლენას ახდენს განსაზღვრული მიზნის მიღწევა მის მოსწავლეებზე. Guskey, 2000:IX მიხედვით, „ევალუაცია გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ პერსონალის განვითარება, რათა ის შემდგომ უფრო გაძლიერდეს და განვსაზღვროთ, რა ეფექტი აქვს მას”.


·

აღიარება და დაჯილდოება. უნდა არსებობდეს გარე მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც წაახალისებს და გაააქტიურებს მასწავლებლებს – ხელფასის მომატება, დაწინაურება, სატრეინინგო პროგრამების უფასოდ გავლის საშუალება და ა.შ. გლუსაკის (Glusak) (2012) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ჩართულნი არიან სატრეინინგო პროგრამებში, გამოთქვამენ სურვილს, მათი ძალისხმევა აღიარონ, თუნდაც ეს არ მოიაზრებოდეს მათ განვითარებაში წამყვან ძალად.


·

სხვადასხვამხარისმ ჩართულობა. უდავოა, რომ არც უწყვეტი პროფესიული განვითარება და არც სატრეინინგო პროგრამებში ჩართულობა არ წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობას – ეს სკოლის, საზოგადოებისა და მთელი სისტემის პასუხისმგებლობაა. ხარისხიანი უწყვეტი პროფესიული განვითარება, სატრეინინგო პროგრამების ჩათვლით, არის შედეგი სხვადასხვა ჩართული მხარის ერთობლივი ძალისხმევისა. სკოლამ, საზოგადოებამ და სისტემამ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა, წარმოადგინონ რეკომენდაციები, შესთავაზონ მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა და სხვა წამახალისებელი ღონისძიებები, რათა მასწავლებლებმა არ დაკარგონ ინტერესი და მოტივაცია, მუდმივად იზრუნონ საკუთარ პროფესიულ წინსვლაზე. ეს მთელი სისტემისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ მასწავლებლების განვითარებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს.

ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ხარისხიან უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ერთი მათგანიც რომ გამოაკლდეს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი განვითარების ხარისხის ან უწყვეტობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს მასწავლებელთათვის უწყვეტი პროფესიული განვითარება და შემდგომ – ანალიზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი