პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სახით ბავშვისკენ

„არ არსებობენ ბავშვები, არსებობენ მხოლოდ ადამიანები”.
 იანუშ კორჩაკი
ყველა დედის ცხოვრებაში დგება დრო, როცა შვილი კალთიდან უნდა მოიშოროს და სკოლაში მიაბაროს. მშობელთა უმეტესობა დიდი სიფრთხილით ირჩევს პირველ მასწავლებელს, რომელმაც მათ პირმშოს პირველი იმედგაცრუების, პასუხისმგებლობისა და სიბეჯითის ტვირთი ოდნავ მაინც უნდა შეუმსუბუქოს.

რას ნიშნავს იყო მომავალი თაობის აღმზრდელი? ამ კითხვას მეოცე საუკუნეში მოღვაწე პედაგოგ-ნოვატორთა წყალობით, მგონი, ამომწურავი პასუხი გაეცა, მაგრამ პედაგოგიური სისტემის რეფორმირებისკენ სწრაფვა გაცილებით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩეხი პედაგოგი იან კომენსკი ამტკიცებდა, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა გაუღვიძოს სწავლისადმი ინტერესი გრძნობის, გონებისა და რწმენის დახმარებით. ჟან-ჟაკ რუსოს აღზრდის მთავარ პრინციპად თავისუფალი განვითარება მიაჩნდა, ინგლისელი ნოვატორი ჰერბერტ სპენსერი კი ამ იდეის პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვას ცდილობდა („განვავითაროთ მხოლოდ ადამიანი”). შვედეთში მე-19 და მე-20 საუკუნეების გასაყარზე მოღვაწე ქალთა უფლებების დამცველ და თავისუფალი განათლების მხარდამჭერ ელენ ქეის სწამდა, რომ დრო დადგა, მოვიდეს „ბავშვის საუკუნე” და უფროსებმა ბავშვებისადმი დამოკიდებულება შეიცვალონ.

დღეს მოგიყვებით მეოცე საუკუნის ორ საუკეთესო პედაგოგზე, რომლებსაც პროფესიულ სულისკვეთებასთან ერთად ფაშისტური რეჟიმის ბორკილებიც აკავშირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმა მათგანმა ამ ბორკილებისგან თავის დახსნა მოახერხა, მეორემ კი თავისი ნებით შეაბიჯა სიკვდილის ბანაკში.

„მასწავლე, როგორ ვისწავლო”

მარია მონტესორი 1870 წლის 31 აგვისტოს იტალიაში დაიბადა. თავის ქვეყანაში იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც მედიცინის კურსი დაამთავრა და 26 წლისა ექიმი გახდა. იტალიელმა ქალბატონმა სახელი გაითქვა ბავშვის დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდის შემუშავებით. მონტესორის მეთოდი ემყარებოდა თითოეული ბავშვისადმი მასწავლებლის ინდივიდუალურ მიდგომას. იტალიელი პედაგოგი სამჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.

სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მარია მონტესორიმ რომის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ მიეცა საშუალება, დაკვირვებოდა შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მკურნალობას. ახალბედა ექიმი ხედავდა, რომ მედიკოსები არაფერს აკეთებდნენ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების დასახმარებლად. პატარა პაციენტებს ისინი მხოლოდ გარესამყაროსგან მოწყვეტით უზრუნველყოფდნენ. არავინ ზრუნავდა მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. „მცირეწლოვან პატიმრებს” არ ჰქონდათ სათამაშოები და წიგნები.

მარია აღაშფოთა ამ შემზარავმა უმოქმედობამ და გადაწყვიტა, საფუძვლიანად შეესწავლა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგების გასპარ იტარისა და ედუარდ სეგენის ნაშრომები. მონტესორი აღაფრთოვანა მათ მიერ გამოგონებულმა სენსომოტორულმა სავარჯიშოებმა, რომლებიც გონებრივად ჩამორჩენილი მოსწავლეების განვითარებისთვის შეიქმნა. მათი „ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები” იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ დღესაც წარმატებით იყენებენ მთელ მსოფლიოში. მარიამ გადაწყვიტა, თავად ეთარგმნა სენეგისა და იტარის წიგნები, ასე ვთქვათ, საკუთარი ხელით გადმოწერა, რათა უკანასკნელ სიტყვამდე გაეაზრებინა მათი შინაარსი და შეეგრძნო ავტორთა სულისკვეთება.

პედაგოგიკისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ მონტესორი მიხვდა, რომ გონებრივი ჩამორჩენილობა არა მარტო სამედიცინო, არამედ პედაგოგიური პრობლემაც იყო. იგი ამტკიცებდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობა ექიმებზე მეტად პედაგოგებს ევალებოდათ. მარიამ სწორედ ამ იდეის განხორციელებისკენ სწრაფვას შეალია სიცოცხლე. „მონტესორის მეთოდი” ტრადიციული სკოლების რეჟიმის შეცვლასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების გადატრიალებისკენ მიმართული რევოლუციური სვლა გახლდათ.

იმ დროს რომის უნივერსიტეტში ფუნქციობდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ცენტრი, სადაც მარია მონტესორი ბავშვებზე დაკვირვებას აწარმოებდა. თავდაპირველად მან ყურადღება შეაჩერა პატარა აღსაზრდელების გარემომცველ საგნებზე და იმაზე, როგორ ზემოქმედებდა ეს საგნები ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებზე. დაკვირვების შედეგად მან ჩამოაყალიბა მეთოდი, რომელიც გამოსცადა „იტალიელ ქალთა ლიგის” მიერ 1900 წელს დაარსებულ სკოლაში, სადაც დირექტორის თანამდებობაზე მიიწვიეს. სამი თვის შემდეგ ნოვატორმა პედაგოგმა განათლების სამინისტროს დელეგაციის წინაშე თავისი მეთოდის დახმარებით მიღებული დაუჯერებელი შედეგის დემონსტრირება მოახდინა. კითხვაზე, როგორ მოახერხა ასეთ მოკლე ხანში ერთი შეხედვით უიმედო „ყინულის გალღობა”, მარიამ მიუგო: „იმისთვის, რომ აღვზარდოთ ბავშვი, უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება; რათა შევისწავლოთ მისი ბუნება, უნდა ვაკვირდებოდეთ მას, ხოლო რომ დავაკვირდეთ, უნდა მივცეთ მას თავისუფლება”. 

ბავშვთა ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკასთან ერთად მონტესორის ყურადღების ცენტრში მოექცა ანთროპოლოგიაც – ადამიანის ევოლუციური განვითარება და ის ბუნებრივი ფაქტორები, რომლებიც ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ახდენს გავლენას. მარიას ანთროპოლოგიურმა კვლევებმა „მონტესორის მეთოდს” მეტი გამოცდილება და სიზუსტე შესძინა. იტალიელი ქალბატონის პედაგოგიურ რევოლუციას მალე მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

1907 წლის 6 იანვარს სან ლორენცოში გაიხსნა პირველი „ბავშვის სახლი”, რომელიც მონტესორის სწავლების პრინციპებს ეყრდნობოდა. მარიას ბაღი ისე იყო მოწყობილი, რომ მასში სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთნაირად მყუდროდ და მოხერხებულად გრძნობდნენ თავს. მონტესორის მოწაფეები სენსომოტორულ განვითარებასთან ერთად სოციალურ უნარ-ჩვევებსაც იძენდნენ და გარემოთიც მეტად ინტერესდებოდნენ. სკოლის გახსნიდან ორი წლის შემდეგ მონტესორის მეთოდი უკვე ისწავლებოდა, იტალიელი ქალბატონის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიოდნენ.

მაგრამ დადგა დრო, როცა მონტესორის სკოლები ერთიმეორის მიყოლებით დაიკეტა მთელ მსოფლიოში, მათ შორის – ფაშისტურ იტალიაშიც. მარია მიხვდა, რომ სამშობლოში აღარ დაედგომებოდა. მან ჯერ ესპანეთს, მერე – ჰოლანდიას, 1936 წელს კი ინდოეთს შეაფარა თავი. შვიდი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მადრასში და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, 76 წლისამ მოახერხა ევროპაში დაბრუნება. მონტესორის იდეებს ყველაზე მეტად ჰოლანდიური საზოგადოება თანაუგრძნობდა. ხანდაზმულობის მიუხედავად, მარიამ ჰოლანდიაშიც მისთვის დამახასიათებელი შემართებით გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აქვე დაიწერა მისი მთავარი პედაგოგიურ-ანთროპოლოგიური ნაშრომები. მარია მონტესორის ლექციების კურსის მიხედვით გამოიცა წიგნი „ანთროპოლოგიური პედაგოგიკა”. ერთი წლის შემდეგ კი დღის სინათლე ისევ იხილა „მონტესორის მეთოდმა”, რომელიც მალევე ითარგმნა ოცამდე ენაზე და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. 
გაიცანით – ჰენრიხ გოლდშმიტი

ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თითოეული პიროვნება თავად ირჩევს სახელს და ცხოვრების გზასაც საკუთარი სურვილით აძლევს სასურველ მიმართულებას. შესაძლოა, სახელი ჰენრიხ გოლდშმიტი არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ დავიწყებულ ფესვებთან სულ სხვა მიზეზით დაბრუნებულ ბავშვთა უფლებების თავგამოდებულ დამცველს, იანუშ კორჩაკს, მთელი მსოფლიო იცნობს.

ჰენრიხ გოლდშმიტი 1878 (79) წლის 22 ივლისს დაიბადა პოლონეთში. მშობლები თითქმის არაფერს უყვებოდნენ მისი ებრაული წარმოშობის შესახებ, მაგრამ პოლონურ საზოგადოებას არ დავიწყებია იანუშ კორჩაკის ებრაული ფესვები. ჰენრიხ გოლდშმიდტს მშობლებმა კარგი განათლება მისცეს. მან აისრულა ოცნება და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ იმხანად „დაიბადა” იანუშ კორჩაკი, ავტორი არაჩვეულებრივი ნაშრომებისა: „ქუჩის ბავშვები”, „ბავშვის უფლება – პატივისცემით ეპყრობოდე მას”, „მეფე მათიუშ პირველი” და „როგორ გვიყვარდეს ბავშვი”. მეოცე საუკუნის ათიან წლებში იანუშ კორჩაკმა პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ებრაელი ობლების თავშესაფარში, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა.

პოლონელ მწერალა მიაჩნდა, რომ „მსოფლიოს რეფორმირება იგივეა, რაც აღზრდის რეფორმირება” და როცა აღზრდის პროცესზე ვსაუბრობთ, უნდა ვიგულისხმოთ კონკრეტული ბავშვი, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მას უნდა დავაკვირდეთ სულიერი და ფიზიკური განვითარების პროცესში და აქედან გამომდინარე შევიმუშაოთ მისთვის ეფექტური აღზრდის მეთოდი.

პოლონელი ექიმი ხშირად სტუმრობდა კლინიკებს, საავადმყოფოებს, ობოლთა თავშესაფრებსა და არასრულწლოვან დამნაშავეთა სახლებს. ამ ვიზიტების წყალობით კორჩაკმა დიდი გამოცდილება შეიძინა. იგი დეტალურად იწერდა დაკვირვების მიმდინარეობას. მისი ეს ჩანაწერები ფასდაუდებელ არქივს წარმოადგენდა. ექიმი ფაშისტური ოკუპაციის პერიოდშიც ამ მასალების გადარჩენაზე ფიქრობდა.

ნოვატორი მეცნიერის აზრით, პედაგოგიური სისტემის მთავარი მიზანია „ბავშვობის დაფასება”, რადგან ვისაც არ ჰქონია უდარდელი, ნამდვილი ბავშვობა, მთელი სიცოცხლე იტანჯება. იანუშ კორჩაკი ამტკიცებდა, რომ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები ბევრად აღემატება ზრდასრული ადამიანისას, მის წარმოსახვას არ აქვს მუხრუჭი და არც ინტელექტუალური კუთხით ჩამორჩება უფროსს, მას მხოლოდ გამოცდილება არ ჰყოფნის. „ბავშვს სჭირდება თავისუფლება, უფროსებს კი არ შეუძლიათ ამის დაშვება, რადგან თავადაც ბორკილებით ცხოვრობენ”. 

პოლონელი ექიმი აღშფოთებული ეწინააღმდეგებოდა „ბავშვთა დამცირების საუკეთესო მაგალითს” – არასწორ აღმზრდელობით სისტემას, რომელსაც მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო არავინ ცვლიდა. მან შექმნა ერთგვარი პედაგოგიური კოდექსი, რომლის მიხედვითაც ყველა აღმზრდელი ვალდებული იყო აღსაზრდელისთვის ესწავლებინა: სიყვარული და სიძულვილი, პატივისცემა და შეუწყნარებლობა, მორჩილება და დაუმორჩილებლობა… ბატონი იანუში დიდ ყურადღებას უთმობდა თვითაღზრდას, რომელიც უნდა დაყრდნობოდა დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას. აღმზრდელს კი ამ პროცესში დამხმარეს როლი ერგო. ასე შეიქმნა კორჩაკის „აღმზრდელობითი კოდექსი” ე.წ. „მეგობრული სასამართლოსათვის”, სადაც ბავშვებს შეეძლოთ დაეცვათ თავიანთი უფლებები როგორც ბავშვების, ასევე უფროსების წინაშეც. „მეგობრულ სასამართლოში” ყველა გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღებოდა. მოსამართლეები ბავშვები იყვნენ, აღმზრდელები კი მდივნის მოვალეობას ასრულებდნენ. 

კორჩაკის მიერ ობოლთა თავშესაფარში აღმზრდელობითი სისტემის რეფორმის გატარების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბავშვებს მიეცათ საშუალება, რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებულ პირობებში ეცხოვრათ. ისინი ზრდასრული ადამიანების მსგავს საქმიანობებს ეწეოდნენ, თავად თათბირობდნენ და უფრო მეტი მონდომებით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. მიუხედავად მცირე ასაკისა, ისინი უკვე სრულფასოვან მოქალაქეებს ჰგავდნენ. სპეციალური სამუშაოების შესრულებისთვის მათ ფულსაც უხდიდნენ.  

იანუშ კორჩაკის სახელს უკავშირდება პირველი ბავშვთა გაზეთის გამოცემაც პოლონურ ენაზე. იგი მთლიანად ბავშვების განკარგულებაში იყო, მისი რედაქტორები და ჟურნალისტები ბავშვები იყვნენ, უფროსები მხოლოდ ეხმარებოდნენ მათ.

ებრაელი ობლების თავშესაფარში მუშაობის პარალელურად ცნობილი მწერალი, ექიმი და პედაგოგი პოლონურ რადიოში უძღვებოდა გადაცემათა ციკლს „მოხუცი ექიმის საუბრები”, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის თავისუფალ უნივერსიტეტში და უმაღლეს ებრაულ პედაგოგიურ კურსებზე, დიდხანს მუშაობდა არასრულწლოვან დამნაშავეთა სასამართლოში… მაგრამ მალე ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. პოლონეთში სკოლების ნაცვლად გეტოები გაიხსნა. მალე მათ რიცხვს კორჩაკის ბავშვთა სახლიც მიემატა და ებრაული მოსახლეობის მასობრივი განადგურებაც დაიწყო. 

იანუს კორჩაკმა კარგად იცოდა, სად მიიყვანდა არჩეული გზა, მაგრამ მაინც უკანასკნელ წუთამდე ასწორებდა მოსწავლეთა რვეულებს, თვალყურს ადევნებდა მათ ჩვეულ საქმიანობას…
1942 წლის 5 აგვისტოს გდანსკის ვაგზლიდან „სიკვდილის ბანაკისკენ” კიდევ ერთი ეშელონი გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გავლენიანი, იანუშ კორჩაკის შემოქმედების გულშემატკივარი ფაშისტი შეეცადა მწერლის გადარჩენას, ის თავის აღსაზრდელებთან დარჩა, უკანასკნელ წუთამდე იბრძოლა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის და ტრებლინკის გაზის კამერაშიც თავის 200 აღსაზრდელთან ერთად შევიდა.
დაბოლოს
სანამ მასწავლებლებს ვირჩევთ, ვიწუნებთ ან ვსაყვედურობთ, უმჯობესია დავფიქრდეთ, თავად როგორი აღმზრდელები ვართ. რა თქმა უნდა, ყველას მოსდის შეცდომა, დიდ ადამიანებსაც კი. მაგრამ როგორ უნდა უსაყვედურო პედაგოგს, რომელმაც საკუთარი შვილის მიტოვების სანაცვლოდ სხვა ასობით მოზარდს უპატრონა, ან არ იწამო მასწავლებლის უსაზღვრო შესაძლებლობების, როცა იხსენებ აღმზრდელს, რომელმაც მთელი სიცოცხლე და სიკვდილიც კი აღსაზრდელებს მიუძღვნა? პირადად მე, როგორც მშობელს, მწამს იანუშ კორჩაკის ათი მცნების და ჩემი ცრემლების, რომლებიც ამ შესანიშნავი ადამიანების ცხოვრების გზის გახსენებისას წამსკდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი