პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ოჯახში ბავშვებს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზები და რეკომენაციები

 

ვფიქრობ, ბავშვებს შორის ჩხუბი იმ მშობლებისთვის, რომელთაც ერთზე მეტი შვილი ჰყავთ, ჩვეულებრივი მოვლენაა. დებისა და ძმების უმრავლესობა, როგორც წესი, ბავშვობაში ჩხუბობენ ერთმანეთში და ამასთან დიდი აზარტითაც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შორის ჩხუბი ერთ ოჯახში გარდაუვალ მოვლენადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ, ის ყველაზე მტკივნეულ თემად რჩება ნებისმიერი მშობლისთვის.

როგორ მოვიქცეთ, როცა ერთი დედ-მამის შვილები ჩხუბობენ ერთმანეთში, როგორ დავამშვიდოთ ისინი სწრაფად და რა შემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ კონფლიქტში საერთოდ. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება ვიპოვოთ ის მიზეზები, რომლებიც ბავშვებს შორის ჩხუბისა და კონფლიქტის აღმძვრელი ხდება.

ოჯახში ბავშვებს შორის  ჩხუბისა და კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • სათამაშოები – პატარებს შორის ჩხუბისა და კონფლიქტების ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება სათამაშოები და მათი გაზიარების სურვილის არქონა. როდესაც ერთი აცხადებს პრეტენზიას მეორის სათამაშოზე, ის კი, როგორც წესი, იცავს საკუთარ სათამაშოს და არ სურს, რომ დაუთმოს თავის პატარა დაიკოს ან ძამიკოს, იწყება ხელჩართული ბრძოლა მათ შორის;
  • პირადი ნივთები და ტანსაცმელი – ხდება ხოლმე, რომ წამოზრდილი ბავშვები იწყებენ ერთმანეთის ნივთების ხმარებას და ოჯახში ერთი აურზაურია. უკვე გარდამავალ ასაკში, როცა ერთი და იცვამს მეორე დის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ან იღებს მის ჩანთას დაუკითხავად, ეს შეიძლება გახდეს მოზარდებს შორის სერიოზული ჩხუბის მიზეზი;
  • მშობლების ყურადღების მიპყრობის სურვილი და ბრძოლა მათი მხრიდან სიყვარულის მოსაპოვებლად – ბავშვებმა შეიძლება იჩხუბონ იმის გამო, რომ ამ გზით ისინი ადვილად იპყრობენ მშობლების ყურადღებას. ამიტომ, იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები მშობლების მხრიდან ყურადღების დეფიციტს განიცდიან, მათ შორის ჩხუბისა და კონფლიქტების შემთხვევები ნამდვილად არ იქნება იშვიათი მოვლენა. ასეთ სიტუაციებში ხშირად ბავშვები იწყებენ ჩხუბს იმისათვის, რომ ამცნონ უფროსებს თავიანთი პრობლემების და ემოციების შესახებ, რადგანაც მათ არ შეუძლიათ ნეგატიური გრძნობების სხვაგვარად, უფრო მისაღები გზით გამოხატვა;
  • „სამართლიანობის აღდგენის“ სურვილი – ხშირად ჩხუბით ბავშვებს „სამართლიანობის აღდგენა“ სურთ. როდესაც ოჯახში უმცროს ბავშვებს მუდმივად იცავენ, ამართლებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის პატარაა, უფროს ბავშვს უჩნდება უკმაყოფილების, წყენის გრძნობა, ხდება აგრესიული და იწყებს ჩხუბს, რომ დაიცვას საკუთარი თავი, შური იძიოს უმცროსზე და „აღადგინოს სამართლიანობა“.   შეიძლება მან ეს უფროსებისაგან შეუმჩნევლადაც კი გააკეთოს. თუ მშობლები სისტემატურად უმცროსის პოზიციას იკავებენ, მას ამართლებენ, ის გამარჯვებულად და დაცულად გრძნობს თავს და ყველანაირი ხერხით, მათ შორის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ირონიული ღიმილით, დამცინავი სახის გამომეტყველებით შეეცდება თავისი უფროსი დის ან ძმის გამოწვევას საჩხუბრად. ბავშვები, რომლებიც დემონსტრირებას უკეთებენ მოჩვენებით უსუსურობას, არასოდეს ჩხუბობენ, თუმცა ყოველთვის ჩივიან, რომ მათ სცემენ, ჩაგრავენ. ამას ისინი აკეთებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათ ოჯახის უფროსი წევრების მხარდაჭერის იმედი აქვთ. ასე, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს შორის ჩხუბისა და კონფლიქტის მაპროვოცირებლები თავად მშობლები ხდებიან და თავისი ქცევით ისინი მხოლოდ აძლიერებენ მეტოქეობას ბავშვებს შორის.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც, ნებით თუ უნებლიედ, ოჯახში ბავშვებს შორის ჩხუბის და კონფლიქტების მოწმე ვხდებით.

    რეკომენდაციები ოჯახში ერთი დედ-მამის შვილებს შორის კონფლიქტების სამართავად და მათ შორის უთანხმოებისა და უკმაყოფილების ხელჩართულ ბრძოლაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად: 

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ მშობლების პოზიცია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელსაც შეუძლია შეასუსტოს, ან პირიქით – გაამძაფროს კონფლიქტები ბავშვებს შორის. როგორც წესი, ისინი უკეთესად აგვარებენ ერთმანეთში ურთიერთობას, როდესაც თვლიან, რომ მშობლებს არ ჰყავთ ფავორიტები და სამართლიანად ეპყრობიან ყველა ბავშვს. თუ მშობლები ყველასთან ამაყობენ ერთი შვილის მიღწევებით, წარმატებებით, მუდმივად აქებენ, მეორისაგან კი დაჟინებით მოითხოვენ, რომ მას მიბაძოს, მისგან აიღოს მაგალითი, მას დაემსგავსოს, იზრდება ბავშვებს შორის კონფლიქტების ალბათობა;
  • გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მისთვის ყველაფრის უფლების მიცემას არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ თანატოლებთან და და-ძმებთან ურთიერთობაშიც კი. ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს შეეძლოთ მკვეთრი საზღვრების დადგენა, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება ბავშვისთვის – ნუ მივცემთ უმცროსს უფლებას დაუკითხავად აიღოს უფროსის სათამაშო. უფროსი ბავშვის სათამაშოები წესით მისია, თუ ისინი მას უყიდეს, ან აჩუქეს. ეს სათამაშოები არ გადადის მემკვიდრეობით, ისინი მის სათამაშოებად რჩება, თუ ის თავად არ გადაწყვეტს ვინმესთვის მის მიცემას. თუ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უფროსმა უმცროსს მისცეს თავისი სათამაშოები, ამით, ჩვენდა უნებურად, დემონსტრირებას ვუკეთებთ ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და შეიძლება უფრო მეტ სიყვარულსაც უმცროსის მიმართ;
  • ნუ ვაიძულებთ უფროსს ყოველთვის დაუთმოს უმცროსს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასზე პატარაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ერთ წელსაც არ აღემატება, უფროსს მუდმივად უმეორებენ, რომ ის დიდია და პატარას უნდა დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უფროსი აღარ „იჩქარებს“ გახდეს უფრო დიდი, უმცროსი კი შეეცდება გამოიყენოს თავისი მდგომარეობა – პატარა ძმის როლში ყოფნა, ისწავლის საბრალო ადამიანის გამომეტყველების მიღებას, პროვოცირებას და მსხვერპლის როლის თამაშს;
  • ოჯახში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, მშობლის წარმატების წინაპირობა ის არის, რომ პატარებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, რომელიმე ერთი მხარის ინტერესების დამცველის როლში არ გამოვიდეს. მშობელს ერთნაირად უყვარს თავისი შვილები და ის ვერცერთის მხარეზე ვერ დადგება. მას არა აქვს ამის უფლება. თუ მშობელი, დედა ან მამა ერთ-ერთი ბავშვის მხარეზეა, თავისი მოქმედებით ის პროვოცირებას უკეთებს ეჭვიანობას მეორე ბავშვის მხრიდან, რომელიც განაწყენებული რჩება მასზე. ნურასოდეს დავიკავებთ რომელიმე ერთის მხარეს, უბრალოდ დავეხმაროთ, რომ მოაგვარონ ურთიერთობა ერთმანეთში;
  • ვიყოთ ობიექტური. არ არის საჭირო დავკავდეთ იმის გარკვევით, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი, ან ვინ არის დამნაშავე, ნება მივცეთ ბავშვებს თავად გაარკვიონ ეს. ვიყოთ მშობელი და არა მოსამართლე. მშობლის მიზანი უნდა იყოს არა დამნაშავის პოვნა, არამედ ბავშვისთვის კონფლიქტის მართვის სწავლება, აუცილებლობის შემთხვევაში ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომების აღიარება;
  • ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა და საკუთარ გრძნობებზე საუბარი. თუ ბავშვი თავის დაიკოს ან ძამიკოს ეტყვის, რომ ის ახლა გაბრაზებულია ან ნაწყენია მასზე, ეს მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედებს მათ ურთიერთობაზე. სამომავლოდ კი ის გაიზრდება ადამიანად, რომელიც კი არ შეიკავებს და საკუთარ თავში ჩაახშობს ყველა ემოციას, არამედ შეძლებს ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე, ემოციებზე, მართოს რთული სიტუაციები და მშვიდად გამოვიდეს კონფლიქტიდან. მნიშვნელოვანია, რომ კი არ ჩავახშოთ ბავშვური ემოციები, არამედ ვასწავლოთ და-ძმებს იურთიერთობონ ერთმანეთთან. ამით ისინი შეძლებენ გაიზარდონ წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებად. კონფლიქტების გადაწყვეტის გამოცდილება, რომელსაც ბავშვები მიიღებენ ბავშვობაში, დაეხმარება მათ მოაგვარონ, როგორც ოჯახური პრობლემები, ისე რთული სიტუაციები სამსახურში. ასეთი ადამიანები უკეთესად არიან მომზადებული ცხოვრებისთვის.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვობაში მუდმივი ჩხუბის და კინკლაობის მიუხედავად, და-ძმებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. პატარები იჩხუბებენ და ისევ შერიგდებიან, ერთადაც ითამაშებენ. უბრალოდ ვიყოთ ყურადღებით, რომ მათ, ჩხუბის შემთხვევაში, ერთმანეთს რაიმე ზიანი არ მიაყენონ, დროულად განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ასაკი გაივლის და, თუ ჩვენ შევარჩევთ მოქმედების სწორ სტრატეგიას და ჩხუბის შემთხვევაში ზედმეტად არ ჩავერევით მათ ურთიერთობაში, მუდმივად ერთის მხარეს არ დავიკავებთ, მეორე მხარეს კი არ გავუმძაფრებთ უსამართლობის განცდას და ამით დიდ ბზარს არ გავაჩენთ მათ ურთიერთობაში, ბავშვები ძალიან დიდხანს მშიდობიანად იცხოვრებენ, მომავალში ყოველთვის დაეხმარებიან ერთმანეთს და არ დაუგროვდებათ გამოუთქმელი წყენა დის ან  ძმის მიმართ ღრმა ბავშვობიდან.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი