ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აქტივობები გაკვეთილებზე სახალისო ვერბალურ-ვიზუალური ტექსტების შესაქმნელად

კომიქსები და გრაფიკული ლექსები – კალიგრამები

ადამიანმა მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყო ინფორმაციის გრაფიკულად გადმოცემის გზების ძიება. პირველი მცდელობა კლდეებზე შესრულებული ნახატები იყო. ასეთი ნახატები პიქტოგრაფიის უძველესი ნიმუშებია.

შემდეგ პიქტოგრამამ ევოლუცია განიცადა და გაჩნდა იდეოგრამა. იდეოგრამა გრაფიკული სიმბოლოა და გამოხატავს მთელ სიტყვას, საგანს, იდეას. დიდი ხნის განმავლობაში პიქტოგრამა და იდეოგრამა ერთობლივად გამოიყენებოდა ინფორმაციის გადმოსაცემად. (მაგ., მაიას ტომების გრაფიკული წერილები).

დროთა განმავლობაში იდეოგრამამაც განიცადა ცვლილება და უფრო აბსტრაქტული ხასიათი მიიღო. ადამიანებისთვის უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი, საგანი და მისი გამომხატველი გრაფიკული სიმბოლო ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო.

დაახლოებით ძვ. წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე დაიწყო გრაფიკული ნიშნების ბგერებით გადმოცემა. დაახლოებით ამ პერიოდში შეიქმნა ანბანი.

ანბანის შექმნის შემდეგ დაიწყო კალიგრაფიის გაუმჯობესება. იმის გამო, რომ ადამიანს საუკუნეების განმავლობაში ხელით უხდებოდა დიდი მოცულობის ტექსტების გადაწერა, მისმა დონემ განვითარების მწვერვალებს მიაღწია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც.

ტერმინი „კალიგრამა“ გვიან გაჩნდა, თუმცა ძვ. წ. აღ. III საუკუნეში უკვე იქმნებოდა კალიგრაფიის ნიმუშები. ის პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, შუა საუკუნეების ევროპაში. კალიგრამების ნიმუშები ახლაც იქმნება, თუმცა არც ისე ცნობილი და გავრცელებულია. საბეჭდი მანქანის გამოგონებამ ახალი შტრიხები შემატა გრაფიკულ პოეზიას, გაჩნდა კალიგრამის სხვადასხვა სახეობა.

კალიგრამა არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. სიტყვა „კალიგრამა“ შეიქმნა ორი ტერმინის – „კალიგრაფიისა“ და „იდეოგრამის“ შერწყმით. ეტიმოლოგიურად ის „ლამაზად ნაწერს“ აღნიშნავს (ბერძ. kali – ლამაზი, gramma – წერილობითი ნიშანი).

„მე ლექსებს არ ვწერ – მე ლექსებს ვხატავ“, – ვახტანგ ჯავახაძის ეს სიტყვები ყველაზე უკეთ შეესაბამება პოეზიაში იმ მიმდინარეობას, რომელსაც ვუწოდებთ კალიგრამს, ვიზუალურ პოეზიას, გრაფიკულ პოეზიას და სხვა. სიტყვა „კალიგრამა“ სიურეალისტური პოეზიის ნიმუშების აღსანიშნავად შემოიღო დიდმა ფრანგმა მწერალმა და პოეტმა გიიომ აპოლინერმა. მან თავის შემოქმედებაში განავითარა კალიგრამა და ევროპაში საფუძველი ჩაუყარა თითქმის ყველა ავანგარდისტულ მიმდინარეობაში პოეზიაში.

გრაფიკული ლექსების ცნობილი ნიმუშები

ფრანგი პოეტი ფიქრობდა, რომ კალიგრამების ანუ „ლირიკული იდეოგრამების“ ტექნიკის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა „მთელი ლექსის წაკითხვა ერთი შეხედვით, თვალის ერთი შევლებით“. „სამყარო წიგნია და მეც, გიიომ აპოლინერი, პოეტი, საკუთარი თავისა და კაცობრიობის მოხეტიალე კალიგრამა, წარმოვადგენ ადამიანთა ისტორიას. მე საკუთარ თავს ვშიფრავ, საკუთარ თავს ვსწავლობ მათ ისტორიაში“, – ამბობდა იგი.

კალიგრამა ერთმანეთში გარდამავალი ვერბალური და ვიზუალური ნიშნები, სრულიად განსხვავებული სემიოტიკური სისტემებია, რომელთა მოშველიებითაც თავისთავად შეიძლება გამოითქვას აზრი განსხვავებული პარამეტრებით. აქ ვერბალური ტექსტი ერწყმის გრაფიკას და გრაფიკა აგრძელებს ვერბალურ ტექსტს.

 

გრაფიკული პოეზიის ექსპერიმენტული ნიმუშები ქართულ ლიტერატურაშიც გვაქვს. ეს არის საინტერესო მცდელობები ულტრათავისუფალი ლექსის შექმნისა.

ამრიგად,

გრაფიკული ლექსი მხატვრული ტექსტია, რომელსაც რაიმე საგნის სპეციფიკური ფორმა აქვს. მისი ვიზუალური მხარე მისსავე თემას შეესაბამება. მაგალითად, თუ ლექსი ხეზეა, ის ვიზუალურადაც ხეს უნდა მივამსგავსოთ, თუ ვარსკვლავზეა – ვარსკვლავს. ასეთი ლექსის წერა აერთიანებს წერისა და ხატვის ელემენტებს, ამიტომაც ის ბავშვებს აუცილებლად დააინტერესებს.

 

 

 

 

 

გრაფიკული ტექსტის „ბრილიანტის“  ერთ-ერთი ვარიაცია

გრაფიკული მწერლობის მარტივი ნიმუშების შემოტანა საგაკვეთილო (ან არაფორმალურ) პროცესზეც შეიძლება. კალიგრამების მარტივი ფორმების შექმნით (ნიმუშების წაბაძვით) ადვილად შეიძლება მოსწავლეთა დაინტერესებაც. მოსწავლეებს, განსაკუთრებით – დაწყებით საფეხურზე, უყვართ თავიანთი ნაწერების ნახატებით გაფორმება. წერა მათთვის ზოგჯერ მოსაბეზრებელი რუტინაა. რატომ არ შეიძლება, ამ რუტინისგან თავდასაღწევად ზოგჯერ ისეთი სახალისო აქტივობაც შევთავაზოთ, როგორიც კალიგრამების შექმნაა?

 

 

 

 

ვიდრე მასწავლებლები გრაფიკული ლექსების დამოუკიდებლად წერას დაიწყებენ, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ერთობლივი მუშაობის პრაქტიკა, ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურებად მიაწოდოს ინსტრუქციები, აუხსნას ბავშვებს, რა ტიპის ტექსტია კალიგრამა, როგორ იქმნება იგი, თვალსაჩინოდ წარმოუდგინოს ბავშვებს მისი შექმნის პროცესი და ასე თანდათანობით ჩართოს ისინი მის შექმნაში. წარმოგიდგენთ ნიმუშებს, რომლებიც ერთობლივი პრაქტიკით მესამე- და მეხუთეკლასელების თვალწინ შეიქმნა:

 

 

 

 

მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად შექმნილი კალიგრამები

 

 

 

 

რამდენიმე რეკომენდაცია დაწყებით კლასებში ქართული ენის გაკვეთილებზე კალიგრამების შესაქმნელად:

აქტივობა კომპლექსური ხასიათისაა. ის ემსახურება როგორც წერითი მეტყველების, ასევე ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობა ოთხ ეტაპს მოიცავს: წაკითხვას – განხილვას – სიტყვებით ხატვას – აღწერას.

აქტივობის მიზნებია: ვიზუალური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება დეტალებზე კონცენტრირებით, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება, ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

აქტივობის პირველ ეტაპზე მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ, მეორეზე წაკითხულს განიხილავენ, აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს, შემდეგ ქმნიან კალიგრამებს, უკანასკნელ ეტაპზე კი მათ კლასის წინაშე წარადგენენ და აღწერენ.

სასურველია ჩაატაროთ საკლასო ინტერაქცია შერჩეულ თემაზე.

  • აქტივობა „წავიკითხოთ-განვიხილოთ-დავხატოთ სიტყვებით/ასოებით-აღვწეროთ“.
  • კალიგრამის შესაქმნელად ტექსტის წაკითხვა არ არის აუცილებელი; შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი თემა და მოსწავლეებს შევთავაზოთ მასზე კალიგრამების შექმნა.
  • თავდაპირველად ბავშვებს საინტერესო ნიმუშები შესთავაზეთ, – რა თქმა უნდა, მარტივი, მისაწვდომი.
  • შეიძლება შესთავაზოთ კონტურული ნახატები. უმცროსკლასელები გამოსახულების კონტურებზე სიტყვებს ადვილად განალაგებენ.
  • ბავშვებს უყვართ ფერადი ნახატები, მიეცით საშუალება, ნიმუშები სურვილისამებრ გააფერადონ.
  • ნუ შეზღუდავთ, ნუ მოაქცევთ ჩარჩოში ბავშვების ფანტაზიას, მიეცით უფლება, თავიანთი სურვილების შესაბამისად ხატონ და წერონ.
  • მუდამ პოზიტიურად შეაფასეთ ბავშვების ნამუშევრები.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ ზემოთ აღწერილი აქტივობა სახალისოა. თუ მას სისტემატურად გამოიყენებთ, მოსწავლეებს მობეზრდებათ ეს საქმიანობა და ის ხიბლს დაკარგავს.

 

რა არის კომიქსი?

კომიქსიც ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, ეს არის პატარა მოთხრობა, რომელშიც ამბავი სურათების თანმიმდევრობით, მოკლე-მოკლე ტექსტებითა და დიალოგებითაა გადმოცემული. პერსონაჟების ნათქვამი კომიქსში სპეციალურ ბუშტშია მოთავსებული. ბუშტი წვერით იმ პერსონაჟის გამოსახულებას უერთდება, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. ყოველი ნახატი, წესისამებრ, სწორკუთხა ჩარჩოში თავსდება. ეს წესი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ირღვევა.

ე.ი. კომიქსი შედგება: ნახატისგან, ტექსტისა და გარკვეული გრაფიკული ნიშნებისგან.

თავდაპირველად კომიქსი გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა. ეს ჟანრი ამერიკული კულტურის ნაწილია, თუმცა თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც იხვეჭს პოპულარობას. მაგალითად, იაპონიაში კომიქსი (იაპ. მანგა) გასართობი ინდუსტრიის საკმაოდ დიდ სეგმენტს წარმოადგენს. არსებობს მოსაზრება, რომ კომიქსი სულაც იაპონელებმა გამოიგონეს. მისი წინამორბედი, პირველი სურათებიანი მოთხრობა, მეთორმეტე საუკუნეში გაჩნდა. ის ცნობილ ბუდისტ ბერსა და მხატვარს ტობას ეკუთვნოდა.

თანამედროვე მსოფლიოში კომიქსების გამოშვებაში ერთმანეთს ორი გიგანტი ეჯიბრება: „მარველი“ (Marvel Comics) და „დი სი“ (DC Comics).

კომიქსების შექმნისა და გამოცემის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, თუმცა ამ მიმართულებით უფრო და უფრო საინტერესო ახალი გამოცემები ჩნდება. მაგალითად, ახლახან წიგნად გამოვიდა დათო მაჭავარიანის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე შექმნილი კომიქსი.

ზოგი მოყვარული კომიქსს ვიზუალურ პოეზიას უწოდებს და მასში განსაკუთრებით მოსწონს სიტყვისა და გამოსახულების ბალანსი, ამბავი, რომლის გადმოცემაში ტექსტთან ერთად ნახატიც მონაწილეობს.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ კომიქსი ზედაპირულია და სიღრმეები, შრეები, განზომილებები არ გააჩნია, არ შეუძლია გადმოსცეს მნიშვნელოვანი სოციალური და ადამიანური პრობლემები. კომიქსების ცნობილი ავტორი ვენ ჯენსენი მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ჯერ კარგ კომიქსს არ გადაჰყრიან. არსებობს უამრავი საინტერესო და ჭკვიანური კომიქსი, ზოგი მათგანი ლიტერატურული შედევრია.

გრაფიკული წიგნების კიდევ ერთ ცნობილ მწერალს ჯოშუა ელდერს მიაჩნია, რომ კომიქსებს შეუძლიათ, ბავშვებს სქელტანიანი წიგნები შეაყვარონ.

„კომიქსებს ჩვენი გადარჩენა ძალუძთ“, – ამბობს ელდერი და მაგალითად თვითმფრინავის მგზავრებისთვის განკუთვნილი ისტორია მოჰყავს, რომელსაც გრაფიკული რომანისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს. უმარტივეს ნახატს, რომელსაც რამდენიმე წამი სჭირდება აღსაქმელად, მართლაც შეუძლია გადაგვარჩინოს.

ელდერის აზრით, კომიქსი ეფექტური საგანმანათლებლო რესურსია, რომლის გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლებისას შეიძლება. კომიქსებს აქვთ პოტენციალი, რომ განათლების მიმართ უამრავი მიდგომა გაათანამედროვეონ და შეცვალონ.

კომიქსების მთავარი ხიბლი ნახატისა და ტექსტის ჰარმონიული ერთიანობაა. „კითხვა აქტიური პროცესია. როდესაც ფილმს ვუყურებთ, ან მუსიკას ვუსმენთ, პასიურები ვართ, რადგან მათი აღქმა თავისთავად ხდება. როდესაც ხელში ნახატებიანი წიგნი გვიჭირავს, თითქოს წიგნში ვართ, ამ დროს წიგნს უფრო ვგრძნობთ, აქ მოთხრობილ ამბავში აქტიურად ვმონაწილეობთ… კომიქსის კითხვის დროს ჩვენი ტვინი ერთდროულად ამუშავებს ტექსტსა და გამოსახულებას. ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად მისი სხვადასხვა ცენტრი ირთვება“.

ამერიკელი ავტორი მასწავლებლებს ურჩევს საგანმანათლებლო პროცესში კომიქსების გამოყენებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც: „მახსენდება შემთხვევა, როდესაც ასეთი მოსწავლეები ისე დაინტერესდნენ კომიქსებით, რომ მასწავლებელმა სათითაოდ უყიდა. ხშირად ხდება, რომ ბავშვს კითხვა არ უყვარს, არც დაძალებას აქვს აზრი. ასეთ დროს კომიქსები ძალიან გვეხმარება“.

ელდერის აზრით, კომიექსების გამოყენება იმ ბავშვების სწავლებაშიც შეიძლება, რომლებსაც კითხვა უყვართ. კომიქსებით მიწოდებულ ინფორმაციას ჩვენი ტვინი 10-ჯერ სწრაფად ამუშავებს.

ჯოშუა ელდერი ირწმუნება, კომიქსების მკითხველი ბავშვები კლასიკური ლიტერატურითაც ინტერესდებიან. კომიქსები ბევრ მოზრდილსაც აყვარებს კითხვას. „მიუხედავად იმისა, რომ კომიქსი შედარებით ახალგაზრდა ჟანრია, მას დიდი პერსპექტივა აქვს“, – მიიჩნევს ის.

კომიქსები როგორც ეფექტური სასწავლო რესურსი ფეხს იკიდებს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეშიც. ის თანდათან მკვიდრდება ჩვენს სახელმძღვანელოებში, საბავშვო ჟურნალებსა თუ წიგნებში. ამ ჟანრის ლიტერატურა უყვართ ყველა ასაკის მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასელებს. მათ კომიქსების არა მარტო კითხვა, არამედ შექმნაც ძალიან მოსწონთ. კომიქსი, პირველ რიგში, ახალისებს კითხვის პროცესს, ეხმარება მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გააზრებაში, პერსონაჟების ქმედებათა გაცნობიერებაში, ორგანიზებული წარმოსახვის განვითარებაში. კომიქსის შექმნისას მასწავლებელი, რა თქმა უნდა, არ მოითხოვს მოსწავლისგან ვიზუალის სრულყოფილებას, – მას ბავშვი საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით ქმნის. ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეს კი კომიქსი თვითრეალიზების ასპარეზს აძლევს.

კომიქსი, ისევე როგორც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებისა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების დროს.

ჩვენ ვსწავლობთ კითხვით, მოსმენით, დაკვირვებით, მსჯელობით, კეთებით. ამ არხებით ვიღებთ ინფორმაციას. ის, რასაც ადამიანი იმახსოვრებს, ითავისებს და შეიმეცნებს, უკვე ცოდნაა.

სწავლის პროცესი კი მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო მაღალია მასში მოსწავლის თანამონაწილეობის ხარისხი. მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ახალ ინფორმაციას ადამიანი სხვადასხვანაირად შეიმეცნებს.

ცნობილია, რომ ადამიანი იმახსოვრებს წაკითხულის მხოლოდ 10%-ს. ამ დროს მისი თანამონაწილეობის ხარისხი დაბალია. შეუძლია დაიმახსოვროს მოსმენილის 20% და ნანახის 30%, თუმცა მისი თანამონაწილეობის ხარისხი ამ დროსაც დაბალია. კვლავ დაბალია, თუკი ერთდროულად ესმის და კიდეც ხედავს – 50%.

თანამონაწილეობის ხარისხი მაღლდება, როდესაც ადამიანი მსჯელობს, საუბრობს იმაზე, რაც მოისმინა – ის უკვე 70%-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა იწევს, როდესაც მკითხველი ახალ ინფორმაციას პირად გამოცდილებასთან აკავშირებს, აკეთებს, ქმნის ამ ინფორმაციის შესაბამისად. ამ დროს თანამონაწილეობის ხარისხი უკვე 90%-ია.

 

ვინაიდან მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასელებს, ხშირად უჭირთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრება, სწავლებაში კომიქსების გამოყენება ეფექტური იქნება. 

 

ერთხელ მე და ჩემმა მესამეკლასელებმა

გადავწყვიტეთ, წაგვეკითხა ვრცელი მოთხრობა უძველეს ადამიანებზე. ძირითადი ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეებს პირველ ადამიანებზე კომიქსი შევთავაზე. ბავშვები მას ხალისით გაეცნენ, ადვილად გამოთქვეს ვარაუდები და დიდი ინტერესით წაკითხეს ძირითადი ტექსტი, რადგან ძალიან აინტერესებდათ პარალელები კომიქსებსა და ტექსტს შორის.

კომიქსები „პირველ ადამიანებზე“ მოსწავლეებს ტექსტის წაკითხვამდე შევთავაზე. ბავშვებს დავალება ძალიან მოეწონათ, მათ ადვილად გაიაზრეს წაკითხულის შინაარსი და სურვილი გამოთქვეს, ნაწარმოების მომდევნო თავებსაც გასცნობოდნენ. ეს საბავშვო მოთხრობა, რომელიც 22 თავისგან შედგება, დიდი ინტერესით წავიკითხეთ. ეს ინტერესი კითხვის დასრულებამდე არ განელებულა.

ასეთი მოტივირებული კითხვის შემდეგ მოსწავლეებმა ადვილად შეასრულეს სხვადასხვა ტიპის წერითი დავალებები: მოქმედებათა რიგის დალაგება, კითხვებზე პასუხის გაცემა, ეპიზოდების შინაარსის წერა, კომიქსის მიხედვით ამბის შედგენა და სხვა.

 

 

 

ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე სხვა ლიტერატურის გაცნობაც მოისურვეს. ამ მიზნით წავიკითხეთ ნინო ნაკაშიძის „უღუ და თეთ“. ნაწარმოები კლასში განვიხილეთ და შევაფასეთ.

კომიქსების გამოყენება კითხვის შემდეგაც შეიძლება. ჩემმა მოსწავლეებმა მოისურვეს, თვითონაც შეექნათ ისინი ტექსტის გასააზრებლად ან სულაც ახალი, დამოუკიდებელი ტექსტის შესაქმნელად.

შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს გაკვეთილისთვის, როცა კომიქსი გამოყენებულია ძირითადი ტექსტის წაკითხვამდე შერჩეულ თემაზე საკლასო ინტერაქციისთვის, ვარაუდების გამოსათქმელად, შემდეგ კი – წაკითხულის გასააზრებლად.

 

გაკვეთილის თემა: კომიქსები საბავშვო მოთხრობისათვის „პირველი ადამიანები“

. აქტივობა: ინტერაქცია შეთავაზებულ თემაზე;

ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ინფორმაცია დედამიწის პრეისტორიული წარსულის შესახებ. განსაკუთრებით ხშირად სვამენ კითხვებს პირველ ადამიანებზე. ამ მიზნით ჩვენმა საავტორო ჯგუფმა საგანგებოდ შექმნა კომიქსები, რომლებიც მცირედ მაინც დააკმაყოფილებს მეორეკლასელთა ცნობისმოყვარეობას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია აქ მხოლოდ იმდენია, რამდენის აღქმაც შეუძლია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეს. სასურველია, მასწავლებელმა ბავშვებს მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე მოუთხროს დმანისის აღმოჩენებზე, შეიძლება საპრეზენტაციო სლაიდებიც შესთავაზოთ ან დმანისში სასწავლო ექსკურსია დაგეგმოთ.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კომიქსები ვრცელი საბავშვო მოთხრობის, „პირველი ადამიანების“, ერთგვარი ინტერპრეტაციაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე ინტერნეტში უამრავი სასწავლო ფილმი მოიპოვება, სასაურველია, ერთი მათგანი შეარჩიოთ და მოსწავლეებს მოტივირების მიზნით გააცნოთ.

მოსწავლეები საუბრობენ აღნიშნულ თემაზე, მასწავლებელი აკვირდება, რა ინფორმაციაა მათთვის ცნობილი.

. აქტივობა: ნახატების დათვალიერება.

მოსწავლეები ათვალიერებენ ილუსტრაციას და გამოთქვამენ ვარაუდს, რის შესახებ იქნება ამბავი.

. აქტივობა: დიალოგების წაკითხვა

მოსწავლეები კითხულობენ დიალოგებს სათანადო ინტონაციით, გამოხატავენ წინადადებების მოდალობას.

. აქტივობა: კომიქსებში წარმოდგენილი ინფორმაციის გაგებაგააზრებისკენ მიმართულ სავარჯიშოებზე მუშაობა. ამ დროს შეიძლება გამოიყენოთ გრაფიკული სქემები: „მოქმედებათა თანმიმდევრობა“, „პერსონაჟის დახასიათების სხვადასხვაგვარი სქემა“, „გრაფიკული სქემა მიზეზშედეგობრივი კავშირების დასამყარებლად“ და სხვა.

სახელმძღვანელოში აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე კომიქსია. ცალ-ცალკე მათ დახასიათებას საჭიროდ არ მივიჩნევთ, რადგან მასწავლებელს მათზე მუშაობა საკუთარი ინტერპრეტაციითაც შეუძლია. ასევე, მას შეუძლია აღნიშნულ თემაზე დაგეგმოს წერითი სავარჯიშოები და საინტერესო აქტივობები.

შეიძლება შევთავაზოთ საინტერესო თამაშებიც. მაგალითად: „წარმოიდგინე თავი თუთის ადგილას და დაარქვი საგნებს სახელები შენი წარმოდგენით“.

შემოგთავაზებთ საორიენტაციო შეკითხვებს:

  • რა აშინებთ გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანებს, რა სურთ მათ?
  • თუთის და თეას ძაღლის მოშინაურება რატომ უხარიათ?
  • რა სარგებლობას მოუტანდა ცეცხლის პოვნა პირველ ადამიანებს?
  • რა შეიძლებოდა შემდეგ მომხდარიყო, როგორ შეიცვლებოდა პირველი ადამიანების ცხოვრება ძაღლის მოშინაურებისა და ცეცხლის გამოყენების შემდეგ?

სამუშაო რვეულში მეტი ყურადღება წინადადებათა თანმიმდევრულად დალაგებაზეა გადატანილი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ამბის გაგება-გააზრებასაც.

ნაწარმოების მომდევნო თავების წაკითხვის შემდეგ შეიძლება, მოსწავლეებმა თვითონაც შექმნან კომიქსები. ისაუბრონ თავიანთ ნამუშევარზე.

უმცროსკლასელებს ძალიან მოეწონათ არჩილ სულაკაურის ცნობილი ზღაპარი „სალამურას თავგადასავალი“. არანაკლებ ისიამოვნეს ამ ზღაპრის მიხედვით კომიქსების შექმნით. ფაქტია, რომ ეს მათ ტექსტის ღრმად გააზრებაში დაეხმარა. მოსწავლეთა ნამუშევარი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ამ პროცესის დროს მოსწავლეთა წარმოსახვა განსაკუთრებით აქტიურდებოდა, მით უმეტეს – თუკი ამ სამუშაოს წინ უძღოდა ტექსტის, პერსონაჟთა ქმედებების გასააზრებლად განკუთვნილი რომელიმე ეფექტური სტრატეგია. ჩემს მესამეკლასელებს განსაკუთრებით მოეწონათ სტრატეგია „ცხელი სკამი“.

ტექსტის კარგად გააზრების შემდეგ მოსწავლეები ქმნიდნენ კომიქსებს – სურვილისამებრ, ტექსტის სიუჟეტის მიხედვით ხატავდნენ ან თვითონვე აგრძელებდნენ ამბავს და პერსონაჟებზე ახალ-ახალ თავგადასავლებს თხზავდნენ.

ასევე დაინტერესდნენ ბავშვები როალდ დალის ცნობილი ნაწარმოებით „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.

მოსწავლეების მიერ შექმნილი კომიქსები

 

 

დასკვნა

ვინაიდან უმცროსკლასელებს ხშირად უჭირთ წერითი დავალებების შესრულება, სასურველია, პერიოდულად გავუხალისოთ წერის პროცესი, ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ბავშვურ სამყაროს გაალამაზებს, გააფერადებს, მაგალითად, კალიგრამებისა და კომიქსების შექმნით.

თუ მოსწავლეებს მივცემთ ზუსტ, რამდენიმესაფეხურიან ინსტრუქციას, ვუჩვენებთ მარტივ ნიმუშებს, თავისუფლებას მივანიჭებთ მუშაობის პროცესში, მათ ნამუშევრებს პოზიტიურად შევაფასებთ, შევძლებთ, კალიგრამები და კომიქსები წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩევების განსავითარებლად გამოვიყენოთ, თანაც ისე, რომ გაკვეთილები მოსწავლეებს საინტერესო და მომზიდველ პროცესად ვუქციოთ.

დასასრულ, შემოგთავაზებთ სახალისო გრაფიკულ-ვიზუალურ ტესტს – კალიგრამას, რომელიც ზაფხულის არდადეგების მომლოდინე მესამეკლასელებისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობის პრაქტიკითააა შექმნილი:

 

ჰა,

კალმით

დახატული

მოგვდგომია კარს

ზაფხული. უზრუნველი,

მხიარული ისმის ჩვენი ჟრიამული.

მასწავლებელი იცინის: ეს სასწავლო წელიც

მორჩა. მესამეში დაგტოვებდით? წინ მეოთხე კლასი

მოჩანს. ზაფხულის არდადეგებით იხალისეთ, გვრიტუნებო,

გაზრდილები დამიბრუნდით, ჩემო კარგო ჩიტუნებო! ახლა ლექსს

ვწერთ და ვხალისობთ, ისევ ერთად ყოფნა გვინდა… აი, ისიც, ავაშენეთ

ჩვენ სიტყვების პირამიდა! მეგობრობის პირამიდა! ჩვენი კლასის პირამიდა!

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024 წ.წ.
  2. ჯენ ვენსენი, კომიქსების შესახებ
  3. ლელა კოტორაშვილი, იდეის დაბადება – კომიქსები და არაფორმალური განათლება
  4. ირმა კახურაშვილი, კომიქსები – ახალი სიტყვა განათლებაში
  5. კითხვის ეფექტური მეთოდები (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი)
  6. USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED: წერისა და კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი