პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გვესმის თუ ვუსმენთ?

ცნობილია, რომ ეფექტური სასწავლო გარემო კომუნიკაციის ხელოვნებაზე დაყრდნობით იქმნება. კომუნიკაციის პროცესი კი, თავის მხრივ, ორ კომპონენტს შეიცავს: თქმა-გადმოცემასა და გაგება-აღქმას. ამ უკანასკნელს ზეპირმეტყველებაში მოსმენის მეშვეობით ვაღწევთ. თუმცა ქართულ სივრცეში, საკლასო ოთახი იქნება ეს, საუნივერსიტეტო აუდიტორია თუ ყოფითი საუბრები, განსაკუთრებულ სირთულეებს მოსმენის უნარ-ჩვევის ნაკლებობის გამო ვაწყდებით.

ინგლისური ენისგან განსხვავებით, სადაც მკვეთრად გამიჯნულია I hear და I listen, ქართულში ზმნებს მესმის და ვუსმენ, მართალია, ერთი ძირი აქვთ, მაგრამ მათ ერთმანეთისგან გამოარჩევს ფსიქიკური ზმნებისთვის დამახასიათებელი მანისა და ვინის ბინარული წარმოება, რაც უმთავრესად აქტიურობა-პასიურობის სემანტიკას უკავშირდება. ცნობილი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი თავის ნაშრომში „არადირექტიული ფსიქოკონსულტაცია” [როჯერსი, 1942] აღნიშნავს, რომ „გაცილებით იოლია, თვალები დახუჭო და არ დაინახო, ვიდრე ყურები მაგრად დაიცო და არ გაიგონო. თუკი I hear (მესმის) არავითარ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, I listen (ვუსმენ) მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას და ეს არცთუ ადვილი პროცესია”. 

მოსმენა კომუნიკაციის პროცესის უცილობელი შემადგენელია. იგი სამეტყველო აქტივობის რეცეფციული ფორმაა, რომელსაც სუბიექტი ახორციელებს გამონათქვამის მიღებისა და გადაცემის გზით. საუბარს მოსმენით აღვიქვამთ და, ამდენად, სმენით შეგრძნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის აღქმისა და გააზრებისას, მხედველობითი შეგრძნებები კი ამ პროცესს კიდევ უფრო აიოლებს. მეთოდური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ რეცეფციული სამეტყველო აქტივობები უმთავრესად აღქმის საფუძველზე მიმდინარეობს და სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მოსმენის შემთხვევაში კი აღქმისა და ყურადღების ფაქტორია გადამწყვეტი [კახიშვილი, გიორგობიანი, ქვლივიძე, მაცხონაშვილი, 2004:151]. მოსმენის პროცესს ართულებს ისიც, რომ იგი ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე, კერძოდ: 1. სენსორულ (ხმის ტემბრი, შეფერილობა); 2. პერცეფციულ (ფონემათა აღქმის, რიტმის); 3. აპერცეფციულ (სიტყვათა მნიშვნელობის იდენტიფიცირების); 4. მომდევნო შინაარსების განჭვრეტის; 5. აზრის დამდგენ (ფრაზათა გააზრების) და 6. ლოგიკურ (მთელი ტექსტის გააზრების) – დონეებზე.

მოსმენის პროცესებში მოქმედებს ლექსიკური და გრამატიკული მოვლენების წინასწარგანჭვრეტის მექანიზმი [Dahlhaus, 1994]. გააზრებას ხელს უწყობს ასევე აზრობრივი პროგნოზირება, რაც გულისხმობს მსმენელის მზაობას, ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ ფაქტორებზე დაყრდნობით მიმართულს გამონათქვამის სავარაუდო შინაარსის გაგებისკენ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციას. სწორედ ინტონაციის საშუალებით ახერხებს მსმენელი გამონათქვამის სინტაქსურ დაყოფას, ფრაზებს შორის კავშირის დამყარებას და ა. შ. 
ენაში ასახული მოსმენის ფსიქოლოგია, ანუ ამ ცნების დაყოფა აქტიურ და პასიურ დონეებად, დიდი ხანია შენიშნულია ზოგიერთი ფსიქოლოგის მიერ. პასიური მოსმენა გულისხმობს განყენებულად ყოფნას, როდესაც მოსმენილის გასაგებად არავითარ ძალისხმევასა თუ რეაქციას არ მივმართავთ. აქტიური მოსმენა იმთავითვე გულისხმობს გაგების პროცესსაც, როდესაც, უბრალოდ, მოსმენასთან ერთად ვცდილობთ, ჩავწვდეთ საუბრის დედააზრს. ალბათ, ამიტომაც არ არის შემთხვევითი ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული დებულება, რომ „კარგი მსმენელი უკეთესი მოსაუბრეა, ვიდრე კარგი მოლაპარაკე”, რომელიც ხშირად ცუდი ან მოჩვენებითად კარგი მსმენელია.

განასხვავებენ ცუდი მსმენელის შემდეგ ტიპებს: 1. „პოლკოვნიკი” – ავტორიტარული მსმენელი („ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით!”); 2. „კურდღელი” – ადამიანი, რომელიც იყენებს მზამზარეულ ფრაზებს: „ამოიგდე ეს თავიდან”, „ასე მოიქეცი და ყველაფერი რიგზე იქნება”, „დრო ყველაფრის მკურნალია”; 3. „ინტელექტუალი”, რომელიც იწყებს „ბრძენკაცობას”, იშველიებს სხვათა გამონათქვამებს… მოჩვენებითად კარგ მსმენელებს ახასიათებთ: „შემფასებლობა”, „ინტერპრეტატორობა”, „გულშემატკივრობა”, „დიაგნოსტირება” [როჯერსი, 1942; სარჯველაძე, 2000].

ფსიქოლოგები ერთხმად ასკვნიან, რომ ურთიერთობის საიდუმლო მოსმენაა, რომ თანამოსაუბრის მოსმენით მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ძენონი შემთხვევით როდი ამბობს, რომ ადამიანებს ორი ყური და ერთი ენა მეტი მოსმენისა და ნაკლები ლაპარაკისთვის მოგვეცა. მოსმენის ხელოვნებას თანამედროვე სამყაროშიც ოქროს ფასი აქვს, რადგან მას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობს. ბევრმა არ იცის, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა მალე ამოიდგას ენა, მაგრამ მინიმალური დრო ეთმობა ბავშვისთვის მოსმენის, სხვისი სიტყვების გაგების სწავლებას. არადა, სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი ჯერ სკოლაში, მერე კი – ცხოვრებაში.

მოსმენის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ისტვუდ ასტვატერი, აქტიური მოსმენის ორ სახეს გამოყოფს: რეფლექსურსა და არარეფლექსურს („ყურადღებიანი დუმილი”). თითოეული მათგანის განვითარება მნიშვნელოვანია. ყურადღებიანი დუმილი ანუ არარეფლექსური მოსმენა არის უნარი, წყნარად, ყურადღებით მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს და არ გავაწყვეტინოთ სიტყვა. ასე კი უმთავრესად მაშინ საუბრობენ, როცა თანამოსაუბრენი თანაბარ მდგომარეობაში არ არიან. მაგალითად, ერთი მათგანი უფროსია, მეორე კი – ხელქვეითი. ბავშვი ასეთ მდგომარეობაშია, როცა მას აღმზრდელი ან მასწავლებელი ელაპარაკება. არარეფლექსური მოსმენა დიდ დახმარებას გაგვიწევს კონფლიქტურ სიტუაციაში, როცა საქმე გვაქვს კონფლიქტურ და ძნელად საკონტაქტო ადამიანთან. ასეთ პიროვნებასთან საუბრისას ერთადერთი გამართლებული ხერხი ჩუმად ყოფნა და ამ გზით თანამოსაუბრისადმი პატივისცემისა და ყურადღების გამოხატვაა. სწორედ ასეთი „ყურადღებიანი დუმილი” უწევს პატარა ბავშვს, როცა მას დირექტიული კილოთი მიმართავს მასწავლებელი.

როგორ ვასწავლოთ პატარას „ყურადღებიანი დუმილი”?

ფსიქოლოგთა რჩევით, აჯობებს, მას დიდობანას თამაში შევთავაზოთ. მაგალითად, ვეთამაშოთ მასწავლებლობანა. თავდაპირველად მოსწავლის როლი თავად ვიტვირთოთ, მასწავლებლობა კი პატარას დავაკისროთ და ვთხოვოთ, ცუდი საქციელისთვის დაგვტუქსოს, ჩვენ კი უსიტყვოდ ვისმინოთ „მასწავლებლის” საყვედურები. შემდეგ როლები გავცვალოთ და ჩვენი საუბარი თანდათან გავახანგრძლივოთ.

არსებობს ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთა მეშვეობითაც თანამოსაუბრეს ყურადღებით მოსასმენად განვაწყობთ. მაგალითად, ასეთი: თანამოსაუბრეს თვალებში კი არა, წარბებს შორის უნდა ვუცქიროთ; გამოვიყენოთ ჟესტების ენა…
გარდა ისტვუდ ასტვატერის მიერ დასახელებული აქტიური მოსმენის სახეებისა, გამოიყოფა აქტიური მოსმენის ტექნიკის შემდეგი ელემენტები: 1. მოსმენის განწყობა და შესაბამისი „სხეულის ენა”; 2. არარეფლექსიური მოსმენა; 3. გარკვევა და დაზუსტება; 4.რეფრაზირება; 5. შეჯამება; 6. გრძნობათა არეკვლა. ჰუსერლის ფენომენოლოგიურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით კარლ როჯერსი აცხადებს, რომ თანამოსაუბრის იმგვარად გაგება, როგორც მას უგრძნია საკუთარი პრობლემა, ერთგვარი ფენომენოლოგიური განწყობაა. ასეთ დროს სასურველია, ჩვენმა „სხეულის ენამაც” გამოხატოს შესაბამისი განწყობა. არარეფლექსიური მოსმენა ყურადღებიანი დუმილის პროცესია და მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც: თანამოსაუბრე მთელი არსებით ელტვის საკუთარი სათქმელის გადმოცემას ან უჭირს თვითგამოხატვა და სტიმულირება სჭირდება. გარკვევა არის მიმართვა თანამოსაუბრისადმი, როდესაც რამის დაზუსტება გვსურს. ეს მეთოდი გვეხმარება, ზუსტად ჩავწვდეთ საუბრის არსს. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზები: „ხომ ვერ ამიხსნიდით, რა იგულისხმეთ?” „ხომ ვერ გაიმეორებდით კიდევ ერთხელ?” „რა ბრძანეთ?” ეს სიტყვები თანამოსაუბრის ინფორმაციაზე ფიქსირდება და არა პიროვნულად მასზე. როგორ ვასწავლოთ ასეთი მოსმენა? რა თქმა უნდა, ისევ პირადი მაგალითითა და თამაშით. მოვუყვეთ ბავშვს რაიმე საინტერესო ისტორიას და შევთავაზოთ, მოსმენისას რაც შეიძლება მეტი კითხვა დაგვისვას. ასეთი თამაში საუბრის ხელოვნების ათვისებასთან ერთად ცნობისმოყვარეობას, მოთმინებას, მიზანსწრაფულობას, საქმის არსის წვდომის უნარსაც ავითარებს. ყველა ეს თვისება აუცილებელია წარმატებული სწავლისა და შემდგომი თვითრეალიზაციისთვის. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური მოსმენის ტექნიკის გამოყენებისას დახურული და რიტორიკული კითხვები არაეფექტურია, რადგან ღია შეკითხვები უკეთ წარმოაჩენს მოსაუბრისადმი ინტერესს.
როჯერსს მიაჩნია, რომ რეფრაზირება გამოსადეგია კომერციული ან სხვა ტიპის მოლაპარაკების დროს, როდესაც სასურველია პარტნიორის ზრახვების, სურვილებისა და ინტერესების ზედმიწევნით გაგება. ეს ხერხი სასარგებლოა კონფლიქტის და დისკუსიის ფასილიტაციის დროსაც. თუ თანამოსაუბრეს რეფრაზირებით გავუმეორეთ მისივე აზრი, შესაძლოა, იგი მეტი ყურადღებით მოეკიდოს ჩვენს აზრს ან საპირისპირო მხარის არგუმენტებს. ვინაიდან გრძნობს, რომ უსმენენ, თავის მხრივ, მასაც უჩნდება სურვილი, მოუსმინოს სხვებს. ამ დროს ძირითადი ფრაზებია „როგორც მივხვდი”, „ესე იგი, თქვენ მიაგჩნიათ, რომ…”, „ამრიგად, თუ სხვაგვარად ვიტყვით…” პარაფრაზირების უნარის ასათვისებლად სასურველია ავირჩიოთ სასაუბრო თემა და აღსაზრდელს ვთხოვოთ, ამ ფრაზების დახმარებით კითხვები დაგვისვას. ამგვარი თამაში მას ასწავლის არა მარტო აქტიურ მოსმენას, არამედ საუბრის არსის გაგებას, დედააზრის წვდომასაც. რეფრაზირება (პარაფრაზირება) აქტიური მოსმენის ისეთი ხერხია, როდესაც მსმენელი თანამოსაუბრის ნათქვამს იმეორებს, მაგრამ მის კოპირებას კი არ ახდენს, არამედ სხვა სიტყვებით გამოხატავს იმავე სათქმელს. რეფრაზირებით თანამოსაუბრეს ლაპარაკი არ უნდა გავაწყვეტინოთ; პარაფრაზი უნდა ეხებოდეს მნიშვნელოვან თუ მთავარ აზრს, სათქმელს.
შეჯამება (რეფლექსია) აქტიური მოსმენის ხერხია, როდესაც საპირისპირო აზრის გამოთქმამდე ჯერ ვაჯამებთ მოკამათის ნათქვამს, მერე კი ლაკონიურად, უკუკავშირის სახით ვაწვდით მას. გრძნობათა არეკვლის დროს ხდება ემოციური მხარდაჭერა. ყველა ამ ხერხს კი აერთიანებს ერთი ნიშანი – უკუკავშირი მსმენელსა და მოსაუბრეს შორის. უკუკავშირის ეფექტურობა საფუძვლად უდევს აქტიური მოსმენის ტექნიკას. თავის მხრივ, აქტიური მოსმენის ტექნიკაში კარგად არის რეალიზებული არადირექტიული ან ჰუმანისტურ-ფსიქოლოგიური მიდგომის ძირითადი პრინციპები. ყოველივე ზემოთქმულის შეჯერებით კი იკვეთება, რომ რეფლექსური ანუ აქტიური მოსმენისას მსმენელი იყენებს სიტყვებს, რათა დაადასტუროს, რომ მას ესმის თანამოსაუბრის სიტყვების აზრი. ასეთი მოსმენა მაშინ არის საჭირო, როცა აუცილებელია უკუკავშირი თანამოსაუბრესთან. ის გამოგვადგება მაშინაც, როცა გვსურს შევამოწმოთ, როგორ ესმით ჩვენი.
აქტიური მოსმენის ეტაპები სქემის სახით შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

ქართულენოვან აუდიტორიაში მოსმენის სირთულეების დასადგენად ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ორი მიმართულებით წარიმართა: 1. მოსმენის ხელის შემშლელი მიზეზების გამოვლენა და 2. დადგენა იმ ფაქტორებისა, რომელთა მეშვეობითაც ვხვდებით, რომ გვისმენენ. კვლევაში მონაწილეობდა 16-იდან 20 წლამდე ასაკის 91 რესპონდენტი. შედეგები ასე გადანაწილდა: შეკითხვაზე, როგორ ხვდებიან, რომ უსმენენ, გამოკითხულთა 61%-მა უპირატესობა სხეულის ენას მიანიჭა. 19%-ისთვის მოსმენისას მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმა აღმოჩნდა. შემაგულიანებელი სიტყვები („უი”, „მართლა?”, „ჰო?” ) არსებითად მიიჩნია 11%-მა, ხოლო პარაფრაზირებას მხოლოდ 9% ხვდა წილად. მომდევნო კითხვა მოსმენის ხელის შემშლელ ფაქტორებს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ტექსტის სირთულე ხელის შემშლელი მხოლოდ 4%-ისთვის აღმოჩნდა. რესპონდენტთა 4%-მა ამგვარ ფაქტორად გარემო პირობები დაასახელა, 9%-მა კი – მეტყველების პრობლემები. ნებელობა 11%-ისთვის აღმოჩნდა ხელის შემშლელი, განწყობის უქონლობა კი რესპონდენტთა 11%-ს უშლიდა ხელს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად თურმე მაშინ არ უსმენენ (54%), როდესაც საუბრის თემა უინტერესოა. 

ასე რომ, ტექსტის სირთულე, მოსაუბრის ემოციურობა, ტემბრი, ინტონაცია და თუნდაც განწყობა გაცილებით ნაკლებ როლს ასრულებს მოსმენისას, ვიდრე საინტერესო თემა. და ვინაიდან აქტიური მოსმენის პროცესი შინაარსისა და დამოკიდებულების დონეებზე თანადროულად მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესია, რამდენად საინტერესოდ წარმოვაჩენთ ამა თუ იმ საკითხს აუდიტორიის წინაშე და, იმავდროულად, შეგვიძლია თუ არა საკუთარი სხეულის ენის ადეკვატურად მართვა. 
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა:
1. Dahlhaus, (1994) – Dahlhaus, Barbara. Ferligkeit, Hören:. Langenscheidt , Goethe Institut. Münhen;
2. KakhiSvili, Giorgobiani, Qvlividze, Matskhonashvili (2004) – კახიშვილი ლ., გიორგობიანი ლ., ქვლივიძე რ., მაცხონაშვილი გ., უცხოური ენების სწავლების თეორია, გამომცემლობა „ენა და კულტურა”, თბილისი
3. Rogers (1972) – Rogers, Carl R.: Die nicht direktive Beratung Counselling und Psychotherapy. Münhen
4. Uznadze (1998) – უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, ტ. III-IV, თბილისი, გამომცემლობა „განათლება”
სხვა სასარგებლო რესურსები:
www. rhetorick.ch/Hoeren/Hoeren.html www. ergo-online.de/site.aspx
Active Listening, Learning Guide. The University of Adelaide. 2010

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი