პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ფულის ზომიერად ხარჯვას

ყველას აწუხებს ბავშვის დაუსრულებელი „მინდა“. ბავშვი მოითხოვს, როდესაც არ ესმის უარის მიზეზი: ფული არ გვაქვს; ძვირია; უაზრო შენაძენია; მავნეა ჯანმრთელობისთვის… გაგაცნობთ პრაქტიკულ ხერხებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მიაჩვიოთ ბავშვი ზომიერ ხარჯვას და თავიდან აგაცილებთ მაღაზიებში დაუსრულებელ ისტერიკებს.

 

ძვირია

სამი წლის ბავშვი ძნელად გაიგებს ფრაზების „ძალიან ძვირია“ ან „ფული არ გვაქვს“ მნიშვნელობას, ამიტომ გასაგებ ენაზე აუხსენით საოჯახო ბიუჯეტის არსი:

  1. დაჭერით მუყაოს ფურცელი ნაწილებად – საყიდლების პროპორციულად.
  2. სქემატურად გამოსახეთ ხარჯები
  3. აჩვენეთ, ფულის რა ნაწილი იხარჯება სურსათზე, გადასახადებზე, ექიმებზე და ა.შ.
  4. აუხსენით, რომ თუ ამ ძვირიან სათამაშოს იყიდით, მოგიწევთ, ფული სხვა რამეს მოაკლოთ. საკვებსა და გადასახადებზე უარს ვერ იტყვით, გამოდის, რომ სხვა რამეზე მოგიწევთ უარის თქმა. აირჩიეთ ისეთი რამ, რაც დაენანება. მაგალითად, ზოოპარკში ან გასართობ ცენტრში წასვლა.

 

მასთან ერთად დაგეგმეთ ოჯახური ხარჯები

იმისთვის, რომ ბავშვი ფინანსურ აზროვნებას მიაჩვიოთ, ჯერ თქვენ უნდა გაიწაფოთ. სამაგიეროდ, შემდგომში ერთად შეგეძლებათ საოჯახო ბიუჯეტისა და ხარჯების გაკონტროლება და დაინახავთ, როგორ ეტევით ამა თუ იმ ხარჯვით ნაწილში. ასე ეჩვევა ბავშვი იმის გაგებას, თუ როგორ ნაწილდება ფული ოჯახში.

 

მასთან ერთად გააკეთეთ სათამაშოები

თუ თქვენს გოგონას თოჯინის ეტლის ყიდვა მოუნდა, ფული კი არ გყოფნით, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ სახელმძღვანელო ან თავად მოიფიქროთ, როგორ გააკეთოთ სათამაშო საკუთარი ხელით.

 

მავნეა

შინ მოამზადეთ ნუგბარი  კერძები და დესერტი. ბავშვებს უყვართ საჭმლის მომზადებაში მონაწილეობა. თუ გემრიელი და სასარგებლო საკვების მომზადებაში მონაწილეობას მიაღებინებთ, გარეთ მათი გასინჯვის ნაკლები სურვილი ექნება.

 

მიეცით სწორი კვებითი ჩვევების მაგალითი

ბავშვებს ტკბილეულის ჭამას ვუშლით. აქაც საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ: თუ ბავშვისთვის არ შეიძლება კანფეტი, კოკა-კოლა და ჩიპსი, ისინი არც მშობლებისთვისაა კარგი. ფრაზას „დიდებისთვის შეიძლება, ბავშვებისთვის – არა“ ყავლი გაუვიდა.

როცა ბავშვი სკოლაში წავა, კონტროლი უფრო მეტად გაძნელდება, მანამდე კი დრო ჩვენს ხელთაა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბავშვის სასარგებლოდ.

 

ვისწავლოთ ეკონომია ბავშვთან ერთად

სუპერმარკეტებში ხშირია ფასდაკლების აქციები. კარგიი ქნება, თუ ამ აქციების სარგებელს დაითვლით და რვეულში ჩაიწერთ. თუ ამაში ბავშვსაც გაარკვევთ, პერიოდულად ის შეგახსენებთ, რაზეა ფასდაკლება ამა თუ იმ დღეს.

 

მაღაზიაში წასვლის წინ ბავშვთან ერთად ჩამოწერეთ საყიდლების სია

ერთი მხრივ, ეს სია დაგიცავთ ზედმეტი შენაძენისგან, მეორე მხრივ, მშვენიერი წინასასკოლო მომზადებაა წერა-კითხვაში.

 

როდესაც ბავშვი თვლას ისწავლის, მიეცით ჯიბის ფული

ბავშვი მიეჩვევა საკუთარის აჭიროებებისთვის ფულის შეგროვებას. თუ რამის ყიდვა უნდა, შეუძლია, ის თავისი დანაზოგით შეიძინოს.

 

ვჩუქნით დაბადების დღეზე ფულს, თანხის რაოდენობას წინასწარ ვახმოვანებთ

ეს მეთოდი გამართლებულია დაახლოებით 4 წლიდან, როცა ბავშვმა უკვე იცის ციფრების ცნობა. როდესაც საჩუქრის ფასი წინასწარ ეცოდინება, უფრო ძვირიან სათამაშოს აღარ მოითხოვს. ოღონდ ამ ფულის ხარჯვაში არ უნდა ჩავერიოთ –  დაე, იყიდოს, რაც უნდა, თუნდაც ჩვენ ეს სისულელედ მოგვეჩვენოს.

ნივთი უაზროა ჩვენი გაგებით, თორემ ბავშვისთვის ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

როდესაც ბავშვი გაიგებს, როგორ დგება ოჯახის ბიუჯეტი და რომ დანახარჯის კონტროლი გარდაუვალია, უაზრო საყიდლებზე უარის თქმა გაუადვილდება. უფრო მნიშვნელოვანია, არ მოვატყუოთ ბავშვი. თუ ვეტყვით, რომ ახალი სათამაშოსთვის ბიუჯეტში ფული არ არის, მერე კი თავად ვიყიდით ახა სამკაულს ან კაბას, ბავშვი მიხვდება, რომ ვატყუებთ.

 

ასწავლეთ ბავშვს ეკოლოგიურად მოქმედება

აუხსენით, რომ პლასტიკის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები მრავლად ყიდულობენ და მერე სანაგვეში ისვრიან, ძალიან აბინძურებენ გარემოს. აჩვენეთ ინტერნეტში ნაგვის ოკეანეები, რომლებიც წყლისა თუ ხმელეთის ბინადრებს საფრთხეს უქმნიან. საკუთარი მიდგომა აქაც  უნდა შეცვალოთ და პირადი მაგალითი დაანახოთ: დააცალკევეთ და დაახარისხეთ ნაგავი და ბავშვიც მიაჩვიეთ იმავეს. ის მიხვდება, რატომ უნდა იყიდოს ნაკლები ნივთი, რატომ გამოიყენოს ისინი სწორად და ბოლოს სწორ უტილიზაციაზეც იზრუნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი