პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების განვითარება

უნარების განვითარების პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგიურ მეცნიერებასა და პრაქტიკაში. ადამიანის მრავალ პრობლემას შორის ფსიქომოტორული უნარები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ეს უკავშირდება იმას, რომ ადამიანის ყველა სახის აქტივობა გარკვეულ მოძრაობას გულისხმობს. ფსიქომოტორიკა სენსომოტორულ-იდეომოტორული და ემოციურ-მოტორული რეაქციებია და აქტივობებში ფსიქიკის ობიექტივაციის ძირითადი სახეა. ფსიქომოტორიკა ფსიქიკის მოძრაობითი აქტებისა და რეაქციების საშუალებით გამოვლინებაა.
ყოველი მოძრაობითი აქტივობის სიზუსტე განისაზღვრება მისი გარეგანი ფორმისა და შინაარსის შესაბამისობით. გარეგანი ძალა განსაზღვრავს ცალკეულ მოძრაობით მიმართულებას, ამპლიტუდას, შეთანხმებულობას, ე.ი. ფიზიკური ვარჯიშის ფორმას. მოძრაობითი აქტის შინაგანი მხარე განისაზღვრება ორგანიზმში სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესის ურთიერთკავშირით, გარკვეული ფიზიკური დატვირთვის ზემოქმედებით. რაც უფრო მაღალია ამ პროცესების შეთანხმებულობა, მით უფრო ეკონომიურად სრულდება  მოძრაობითი მოქმედება.
ფსიქომოტორული უნარების ერთიანი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, არსებობს თვისებათა კომპლექსი, რომელიც პირობითად გაყოფილია 2 ჯგუფად: ფიზიკური განვითარების თვისებები და საკუთრივ ფსიქომოტორული თვისებები. 
ფიზიკური განვითარების თვისებებს მიეკუთვნება: სტატიკური ძალა, დინამიკური ძალა, ფეთქებადი ძალა, მოქნილობა, დინამიკური მოქნილობა, საერთო გამძლეობა, სპეციალური გამძლეობა, კოორდინაცია, წონასწორობა. ფსიქომოტორულ თვისებებს მიეკუთვნება: მოძრაობის სიზუსტის რეგულაცია, მოძრაობათა კოორდინაცია, რეაქციების დიფერენცირება, რეაქციის სისწრაფე, ხელის მოძრაობის სისწრაფე, მაჯის მოძრაობის სისწრაფე, თვალყურის მიდევნება, თითების მოქნილობა და სხვ.
ბავშვის ფსიქომოტორული შესაძლებლობები დამოკიდებულია მთელი რიგი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე:  მოძრაობითი შეგრძნებები, სენსომოტორული პროცესები, მეხსიერება, აზროვნება და ყურადღება. უმცროსკლასელებში მოძრაობის სისწრაფე მატულობს, მაგრამ შესრულების სიზუსტე ჯერ კიდევ დაბალია. ბავშვები აკეთებენ ბევრ ე.წ. ”ზედმეტ” და გაუაზრებელ მოძრაობას. ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ გარეგნულად მსგავსი  მოძრაობების დიფერენცირება მართვის ძირითადი პარამეტრების მიხედვით. უმცროსკლასელებს ჯერ კიდევ არასაკმარისად აქვთ განვითარებული აზროვნება, ყურადღების განაწილებისა და გადატანის ჩვევები.  ეს კი ართულებს მოძრაობითი ჩვევების შესწავლასა და ათვისებას.
მოზარდების ინტენსიური ზრდა იწვევს ზოგიერთ დისპროპორციას არა მხოლოდ ტანის აღნაგობაში, არამედ მოძრაობითი აპარატის მართვაშიც. მოუქნელობა შეიძლება მოზარდის მორცხვობის, გაუბედაობის, თავის თავში დაურწმუნებლობის მიზეზი გახდეს. 11-15 წლის ბავშვებში მატულობს მოძრაობის შესრულების სისწრაფე და სიზუსტე და თუ ამ ასაკში არ ვიმუშავებთ მოძრაობის სიმარჯვესა და მოძრაობათა კოორდინაციაზე, მოზარდებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ არასწორი ჩვევები და მოძრაობითი სტერეოტიპები, რომელთა დაძლევაც ზრდასრულობის ასაკში გართულდება.  
გთავაზობთ უფროსკლასელთა ფსიქომოტორული უნარების განვითარების შესამოწმებელ ტესტებს.
რექაციის სისწრაფე ვარდნილ საგანზე
 
შეფასება ხდება „სახაზავის დაჭერის” ტესტის მიხედვით. მოსწავლე იღებს საწყის მდგომარეობას (ს.მ.): ძირითადი დგომი (ძ.დ.) – ხელი მოხრილია იდაყვის სახსარში (კუთხე 90°), ნები შიგნით, თითები გამართულია. მასწავლებელს ვერტიკალურად უჭირავს 40 სმ-ის სიგრძის  სახაზავი თითებიდან 1-2 სმ-ის დაშორებით. სახაზავის ნულოვანი ნიშანი ნების ქვედა ზღვრის დონეზეა. სიგნალის გარეშე მასწავლებელი ხელიდან უშვებს სახაზავს, მოსწავლემ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიჭიროს იგი. მანძილი იზომება სანტიმეტრებში ნულოვანი ნიშნიდან ნების ქვედა ზღვრამდე. მიზანშეწონილია, მოსწავლეს მივცეთ ერთი საცდელი და სამი ჩასათვლელი ცდის უფლება. გამოიყვანება 3 ცდის შედეგის საშუალო არითმეტიკული.

მოძრაობითი ამოცანების გადაწყვეტის ეფექტიანობა
ეს შეიძლება გამოვლინდეს სათვალავის (ფიშკების) არჩევისას და გადაწყობისას. პლასტმასის ყუთში (15X19 სმ) ჩაყრილია სხვადასხვა დიამეტრის სათვალავი (ფიშკები) (მსხვილი 20 მმ, საშუალო 15 მმ, წვრილი 5 მმ), თითოეული დიამეტრის 10-10 ცალი. სიგნალზე „დაიწყე!” მოსწავლეს მსხვილი დიამეტრის სათვალავი ერთი მეორის შემდეგ გადააქვს ახლო მდგომ იმავე ზომის მეორე ყუთში. მას შემდეგ, როცა ყველა მსხვილი დიამეტრის სათვალავი გადატანილია,  ხდება მათი უკან დაბრუნება პირველ ყუთში და მათი შერევა დანარჩენ ფიშკებთან. მოსწავლე ამავე დავალებას ასრულებს საშუალო და პატარა ზომის ფიშკებთანაც ცალ-ცალკე. აღინიშნება ფიშკების გადაადგილების ზუსტი დრო, რომელიც ჯამდება ყოველი ცდის მიხედვით. 

მოცემული მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენის სიზუსტე
თვალდახუჭული მოსწავლე ხელით 3-ჯერ ასრულებს მოძრაობას მასწავლებლის მიერ მონიშნულ ფარგლებში. მოსწავლე იმახსოვრებს მოძრაობას და ხელს აბრუნებს საწყის მდგომარეობაში. შეზღუდვის მოცილების შემდეგ მან 3-ჯერ უნდა გაიმეოროს მოცემული ამპლიტუდის მოძრაობა მხედველობითი კონტროლის გარეშე. აღდგენის სიზუსტე ფასდება ეტალონიდან გადახრის მიხედვით. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3 ცდის უფლება.
სივრცობრივი პარამეტრების აღდგენის უნარი
 
დავალება 1: სრულდება ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (რაც შეიძლება შორს). თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3 ცდის უფლება, აღინიშნება საუკეთესო შედეგი. 
დავალება 2: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გადახტნენ თავისი მაქსიმალური ნახტომის ნახევარ მანძილზე, ჯერ ღია თვალებით, შემდეგ კი დახუჭულით. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა 3-3 ცდის უფლება. გადახრის სიდიდის გაანგარიშება ხდება ღია და დახუჭული თვალებით შესრულებული ხტომების შედეგების საფუძველზე. შეცდომის სიდიდე ფიქსირდება 3 ცდის გაანგარიშების შედეგად.
სტატიკური წონასწორობის შენარჩუნება
იყენებენ ორ პოზიციას: მარტივს და გართულებულს. პირველი: მოსწავლის ტერფები ერთ ხაზზეა, ცალი ფეხის ქუსლი ეხება მეორე ფეხის ცერს; განმკლავი, თვალები დახუჭული. იზომება ამ მდგომარეობაში დგომის მდგრადობის დრო. მეორე: მოსწავლე დგას ცალ ფეხზე, მეორე ფეხი მოხრილია მუხლის სახსარში, მისი ტერფი ებჯინება საყრდენი ფეხის მუხლს; წინმკლავი; თვალები დახუჭული. ასევე, განისაზღვრება ამ მდგომარეობაში დგომის მდგრადობის დრო.

მოძრაობის მაქსიმალური ტემპის შენარჩუნება
მტევნის მოძრაობის მაქსიმალური სიხშირის შენარჩუნება 40 წმ-ის განმავლობაში. ფურცელზე 2 რიგად დახაზულია ერთი ზომის (5X5 სმ) კვადრატები, რომლებიც დანომრილია 1-დან 8-მდე. სიგნალზე მოსწავლემ 5 წამში უნდა დასვას, რაც შეიძლება, მეტი წერტილი პირველ კვადრატში. შემდეგ ნიშანზე სრულდება იგივე დავალება მეორე კვადრატში, შემდეგ – მესამეში და ა.შ. ამრიგად, ყოველ 5 წმ-ის შემდეგ მოსწავლემ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასვას წერტილები ყველა კვადრატში. აღინიშნება მტევნის მოძრაობის მაქსიმალური რაოდენობა 5 წამში. 
ამ ტესტის ვარიანტი: კალათბურთის ბურთის ტარება (დრიბლინგი) ცალი ხელით, 15 წმ-ის განმავლობაში. 
სივრცეში ორიენტაციის უნარი
ეს უნარი შეიძლება შევამოწმოთ შემდეგი დავალებებით: ”ზიგზაგისებური რბენა”, „მიზანში ტყორცნა”. სიგნალზე მოსწავლე 15 მ-ს გარბის მაქსიმალური სისწრაფით (სტარტიდან ფინიშამდე). ამის შემდეგ იმავე მონაკვეთზე (15 მ) დააწყობენ 5 ტენილ ბურთს, რომლებიც განლაგებული იქნება სტარტიდან 1 მ-ის და ერთმანეთისგან 2.5 მ-ის დაშორებით. ბურთების გვერდის ავლით (ზიგზაგისებურად) მოსწავლემ მანძილი უნდა გაირბინოს მაქსიმალური სისწრაფით. დრო იზომება წამზომით. ფასდება განსხვავება „პირდაპირ” და „ზიგზაგისებურ” რბენებს შორის. 
„მიზანში ტყორცნა”. იატაკზე დადებულ რგოლში კალათბურთის ბურთის ნებისმიერი ხერხით ჩაგდება. რგოლის დიამეტრი – 1მ, მანძილი ტყორცნის ხაზიდან რგოლამდე – 5 მ. 10 ცდის შემდეგ აღინიშნება რგოლში ბურთის ჩაგდების რაოდენობა.
უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების სრულყოფას დაეხმარება სპეციალურად შერჩეული ფიზიკური ვარჯიშები. ისინი შედგენილია სპორტის ისეთი სახეობების გათვალისწინებით, როგორიცაა მძლეოსნობა, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. 
  • საწყისი მდგომარეობა (ს.მ.) – სტარტის ხაზთან ზურგით ჯდომში მყოფი მოსწავლის მიცემულ ნიშანზე წამოხტომა, სახით წინ შებრუნება და გარბენა. მანძილი 15-20 მ. ვარიანტები: ს.მ. – სტარტის ხაზთან გვერდულად ჯდომი (მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან).  თითოეული დავალება სრულდება 2-3 ჯერ საწყისი მდგომარეობიდან. რეკომენდებულია ვარჯიშის შესრულება ჯგუფურად (3 – 4 მოსწავლე).

     

  • წახტომი ფეხიდან ფეხზე (მრავალხტომი), მანძილი 15-20 მ, მეორდება 2-3-ჯერ. 
  • ცალ ფეხზე წახტომები ადგილზე, 10-12-ჯერ. ღრმა წინზნექში ფეხის ცვლა და წახტომების გაგრძელება, რიტმისა და წონასწორობის შენარჩუნებით. ფეხის ცვლა მეორდება 3-4-ჯერ. 
  • ცალ ფეხზე ტანვარჯიშულ სკამზე ხტომი (იქეთ-აქეთ), ნიშანზე ფეხის შეცვლა. წახტომები უნდა იყოს რბილად და რიტმულად შესრულებული.
  • ცალი ხელით ხელბურთის ბურთის სწრაფი ტარება კარში ტყორცნით, ტყორცნა ხელის შენაცვლებით. 
  • ბურთის ცალი ხელით მაღლა აგდება, ჩაცუცქება უკან  ხელებზე დაყრდნობით, ადგომა, ბურთის დაჭერა ნებისმიერი ხერხით, ტერფების გადაადგილების გარეშე; მეორდება 6-8 ჯერ, ბურთის გდება ხელების მონაცვლეობით.
  • წახტომები ცალ ფეხზე, მანძილი 10-15 მ, ჰაერში ყოფნისას ბურთის კარში ტყორცნა.
  • ბურთის ცალი ხელით ტარება მოძრაობაში, ყოველ სამ ნაბიჯში ხელების მონაცვლეობა. 3-4 წრე დარბაზის ირგვლივ.
  • ხელბურთის მოედნის ცენტრიდან 10-15 მ-ის დაცილებით (ორივე მიმართულებით) 2 მოთამაშე (ერთს ხელში უჭირავს ბურთი) მირბის ერთმანეთისაკენ. შუა ხაზთან ერთი მოთამაშე მეორეს გადასცემს ბურთს, გარბის მოედნის მეორე მხარეს ნიშნულამდე და ბრუნდება უკან. მოედნის ცენტრში ხდება განმეორებითი გადაცემა. ვარჯიშის ხანგრძლივობა 3-5 წთ. შეიძლება ჩატარდეს შეჯიბრი 2-4  წყვილში. სასურველია, პარტნიორები იყვნენ თანაბარი სიძლიერის.
  • კალათბურთის მოედნის შუა ხაზიდან ნიშანზე საჯარიმო გდების ხაზზე დადებულ ბურთთან მირბენა, ბურთის აღება და ტყორცნა კალათში. 
  • კალათბურთის ბურთის გადაგორება ხელის გულიდან მტევნის ზურგის მხარეზე და პირიქით – 10-12-ჯერ, ხელების მონაცვლეობით.
  • მიდგმითი ნაბიჯებით გადაადგილებისას (მარჯვნივ, მარცხვნივ, წინ და უკან) ორი ხელით მკერდიდან კედელზე ბურთის ტყორცნა და დაჭერა, 2-3 წთ-ის განმავლობაში.
  • მოსწავლეები დგანან წრეზე, ორს ან სამს უჭირავს ბურთები. ისინი  ერთდროულად ბურთებს გადასცემენ უბურთო მოთამაშეებს. არ შეიძლება ბურთის გადაცემა გვერდით მდგომი მოთამაშისთვის. ვარჯიში გრძელდება 5-6 წთ.
  • ფრენბურთის ბურთის ბადის ზევით აგდება, ბადის ქვეშ გასვლით მოედნის მეორე მხარეს ბურთის დაჭერა. 
  • ადგილიდან წახტომი სიგრძეზე და ხტომში ტენილი ბურთის წინ გდება.
  • ნახევარბუქნიდან ტენილი ბურთის გდება წინ და ზევით, გაქცევა და ვარდნილი ბურთის ჰაერში დაჭერა. 
როგორც ცნობილია, უფროსკლასელები ადვილად თანხმდებიან ფსიქომოტორული უნარების დონის შემოწმებაზე. რეკომენდებულია, მასწავლებელმა მოამზადოს და ჩაატაროს კომპლექსური ტესტირება და შეაფასოს თითოეული მოსწავლის უნარი. ეს შეიძლება გადაიზარდოს შეჯიბრებაში, რომელიც მოსწავლეებში ფსიქომოტორული უნარების სრულყოფის სურვილს გამოიწვევს. ამისთვის მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს მოცემული ვარჯიშების რეგულარული შესრულება სპორტის გაკვეთილებზე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი