ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

“მოსიარულე გაკვეთილები”

ერთმა ჩვეულებრივმა დღემ ქალაქში შესაძლოა ფერადად გაიაროს. იგივე დღე კი სოფელში უფერულად დაღამდეს. არადა, სოფლად უფრო მეტი ფერები ერევა ერთმანეთს. თანაც ბუნებრივი ფერები: ხეების, მინდვრების, ცის, მდინარეების. ქალაქში კი, მართალია ცა იგივეა, თუმცა კორპუსების სინაცრისფერე ყველაფერს ერთფეროვანს ხდის.  მიუხედავად ამისა, კონტრასტი მაინც გვაქვს: სინაცრისფერეში პოულობენ ფერებს და სიფერადე ხანდახან მოსაწყენი ხდება.  რადგან სინამდვილეში ყველანაირი ფერების და ხასიათის შემქმნელები, ადამიანები და მათი განწყობაა, ამიტომ ხშირად ასეა: ქალაქში მყოფი ათი ბავშვი ერთად ყოფნით ისეთ სამყაროს იქმნის, რომ კორპუსების ერთფეროვნება და უჰაერობა უმეტესად მათ ყურადღებას ვეღარ იქცევს. სოფელში მყოფ ერთ ბავშვს კი, თუნდაც მდინარის პირას, მწვანე ბალახსა თუ ნაძვნარში წამოგორებულს, მარტოობის გამო ყველაფერი ისე მობეზრდება ხოლმე, რომ აღარაფრად უღირს. არაფერმა ისეთი მოძულება არ იცის, როგორც გაუთავებელმა სიჩუმემ, როცა ძალიან გინდა შენი თანატოლის ხმა გაიგონო და ირგვლივ, ამხელა აუთვისებელ ტერიტორიებზე, მასთან ერთად ირბინო. ეს ორი რეალობაა. ერთ სივრცეში პარალელურად თანაარსებული, თუმცა კი ადამიანს ეგონება, რომ ეს სხვადასხვა განზომილებაში ხდება.  და მიუხედავად იმისა, რომ ყველა წერტილში დაკიდებული საათი ერთსა და იმავე დროს უჩვენებს, განსხვავება სოფელსა და ქალაქში ცხოვრებას შორის კიდევ უფრო დიდია. ორივე რეალობას სჭირდება თუნდაც მცირედი ცვლილება და მინიმუმ ერთი ადამიანი-მიწისძვრა, რომელმაც იცის, რომ მხოლოდ მოცემულობის შეცვლას აქვს აზრიც და შედეგიც, რომ ყოველთვის შეიძლება ცხოვრება თავიდან დაიწყო და შენი ერთი ახალი ცხოვრებით ათობით სხვისას დაუდო დასაბამი.

ასე ღამდებოდა ერთი ჩვეულებრივი დღე თბილისში. დღის ნათება კორპუსებს შორის დარჩენილ პატარა სივრცეებში ნელ-ნელა მიიპარებოდა და ცაზე ფერად ნაკვალევს  ტოვებდა. ერთ-ერთ კორპუსში მჯდარი გოგონა მორიგ დღეს აცილებდა და კვლავ თავის ოცნებაზე ფიქრობდა: მაღალმთიან რაჭაში მასწავლებლად სურდა წასვლა. პარალელურ რეალობაში – სოფლად, ჰაერში ნაძვების სურნელი ტრიალებდა, რიონი ჩვეულ რიტმში მოგრუხუნებდა და ქარი თავისუფლად დაჰქროდა უზარმაზარ ხეებს შორის, ცას აქაც ღებავდა მიწურული დღე და ღამე თავისი ამალით სოფლისკენ მოემართებოდა. სიწყნარეში ჩაძირულ სოფელს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მალე აქ ერთი გოგო გადმოსახლდება და ყველაფერს  აახმაურებს. სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მალე ოცნების მასწავლებელი მართლაც ეწვევათ. ქალაქში ჩუმად მჯდომ გოგოს, ჯერ საკუთარი თავის არ სჯერა. ვერ იჯერებს, რომ მალე მისი ფიქრები მყარ გადაწყვეტილებად გადაიქცევიან, ოცნებები გაცოცხლდებიან და იდეები ხორცს შეისხამენ. გაივლის ბევრი დღე და ამ ამბებს ერთად და ძალიან ხშირად მოჰყვებიან ის ადამიანები, რომლებსაც ახლა ერთმანეთის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ.

ზუსტად ასე იწყება ლელა კოტორაშვილის ამბავი, რომელიც  ერთის ნაცვლად სამ წელიწადს გაგრძელდა და რომელმაც ჯამში ათობით უცხო ადამიანი შეახვედრა და დააახლოვა ერთმანეთს. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბავს აქვს დასასრული, მგონია, რომ ეს ამბავი არცერთი წამით და არსად არ დასრულებულა. პირიქით, სულ პოულობდა ძალას გაგრძელებულიყო. თუკი სწავლების ერთ წელს მეორე მოჰყვა, მეორეს კი – მესამე, მაშინ ამ ყველაფერს ერთად ბლოგები მოჰყვა, ლიტერატურული შეკრებები, ქვეყნისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებთან დაკონტაქტება, უამრავი სტატია, არნახული გამოცდილება, პიროვნულად გაზრდილი მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც და ბოლოს ერთი დიდი წიგნი, რომელმაც ყველა, ამ ამბებისა თუ  უბრალოდ, ამბების მოყვარულები ისე შეგვკრა ერთად, როგორც ლელას სჩვევია: ვარსკვლავი მზესავით, ირგვლივ პლანეტები რომ დაუცურავენ. მერე კი  სხვა უამრავი ადამიანი-პლანეტაც დაგვემატა.  ასე განვაგრძეთ ერთად სიარული, ერთად გადავწყვიტეთ მოგზაურობა და ყველაზე მთავარი – მისგან  ვისწავლეთ, როგორ შეგვეყვარებინა ჩვენი საქმე, რადგან ეს ყველაზე მთავარია, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. თუმცა, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მხოლოდ სიყვარული თითქმის არასდროსაა საკმარისი. პასუხისმგებლობის გრძნობა, სიახლეების მიღების უნარი, შენი პროფესიის, კოლეგებისა და  ირგვლივ მყოფი ადამიანების პატივისცემა სულ მცირე ჩამონათვალია იმისათვის, რაც აუცილებლად გვჭირდება საკომუნიკაციოდ ახალი გზების გამოსანახად. კომუნიკაცია კი ბევრნაირად შეიძლება შედგეს და სხვადასხვანაირად წარიმართოს, შედეგი კი, თუ სურვილია, ყოველ ჯერზე საუკეთესო იქნება.

ლელა კოტორაშვილის მზაობა სიახლებიისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. შედეგმაც არ დააყოვნა და მისმა რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიანსა და ულამაზეს სოფელში გატარებულმა დღეებმა და ჩატარებულმა გაკვეთილებმა პირად ბლოგზე გადმონაცვლება დაიწყეს. თვეების მანძილზე იწერებოდა სოფლის ის ამბები, რომლებიც, რომ არა ლელა, სარაიონო ცენტრამდეც კი ვერ ჩააღწევდა. ლელა კოტორაშვილი წერდა არამხოლოდ თავის მოსწავლეებსა და მათ თავგადასავლებზე, არამედ სხვა მასწავლებლებზე, მეზობლებზე, ამბებზე, რომლებიც შესაძლოა სკოლასთან და საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებული არ იყო, მაგრამ სოფელში მუდამ ასე ხდება, თითოეული ამბავი სხვა მეორე ამბავთან გაკავშირებს, თითოეული ადამიანი კი სხვა მეორე ადამიანთან.

თუმცა წლების მანძილზე სათავგადასავლო ამბების პარალელურად  გამოცდილებაც დაგროვდა. ნაცად აქტივობებთან ერთად, ლელა კოტორაშვილს თანდათან ახალი იდეებიც დაებადა.  წიგნში „მოსიარულე გაკვეთილები“, რომელშიც მთელი სამი წლის ამბებია თავმოყრილი, ყველა ამ აქტივობასა და სწავლების სხვადასხვა მეთოდს შეხვდებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დაინტერსებული მასწავლებელი ამ აქტივობების პრაქტიკაში განხორციელებისას, აუცილებლად მიხვდება, რომ პირველ რიგში მათი უნიკალურობა ის არის, რომ წრეზე არ გატრიალებს, ჩარჩოებში არ გაქცევს და პირიქით, ახალ და ახალ იდეებს ბადებს, რაც ერთიანად კარგია მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც.

ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მასწავლებლებისთვის მოსწავლეების ლიტერატურასთან მიყვანაა. სამწუხარო რეალობაა, რომ ბავშვების უმეტესობას იმის წაკითხვაც კი ეზარება, რაც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში კლასგარეშე ლიტერატურაზე მით უმეტეს არავინ იფიქრებს. ამ პრობლემის აღმოფხვრა ყველაზე მეტად მასწავლებლის საქმეა და აუცილებლად გამოუვა კიდეც, ოღონდ, ერთია: ზოგი მასწავლებელი უბრალოდ არ ცდილობს.

დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია ბავშვები ათასგვარ გასართობს მოწყვიტო და წიგნთან მიიყვანო. თუმცა ყოველთვის შეიძლება რამე ისეთის მოფიქრება, რისი საშუალებითაც ბავშვებს წიგნში შევიტყუებთ. რაც უფრო პატარა ასაკის არამკითხველთან გვაქვს საქმე, მით უფრო მარტივია ყველაფრის გამოსწორება. პირველ რიგში იმიტომ, რომ პატარა ასაკში ბავშვები ყველაფერს მიბაძვით სწავლობენ. შესაბამისად თუ ხედავენ, რომ მათი მასწავლებელი ძალიან ბევრს და გატაცებით კითხულობს, ბუნებრივია, პირველ ჯერზევე სურვილი თუ არა, ინტერესი მაინც გაუჩნდებათ, თუ რა შეიძლება იყოს ასეთი ამ წიგნებში.

ლელა კოტორაშვილი თავადაც ძალიან აქტიური მკითხველია. მსგავსი სიყვარული ყოველთვის გადამდებია, თუმცა გადადებისას მაინც საჭიროებს დახმარებას. კითხვის ინტერესის გასაღვივებელი ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მან თავის წიგნში შემოგვთვაზა, გაკვეთილის ერთგვარი  გეგმაა და შესაძლოა სახელად „ერთი ლექსი, ერთი ნახატი, ერთი მუსიკალური ნაწარმოები“ ვუწოდოთ. ამ ასოციაციურ თამაშში ვიღებთ ერთ ლექსს, ვფიქრობთ, რომელ ნახატს, მხატვარს, კომპოზიტორსა თუ კომპოზიციას გვახსენებს. შემდეგ ამ სამს ერთმანეთს ვუკავშირებთ და მიღებული ინფორმაცია დოზაზე მეტი გამოდის. თუ კლასში იშვიათია მოსწავლე, რომელიც კითხულობს, მის პარალელურად შეიძლება იჯდეს ერთი ან რამდენიმე მოსწავლე, რომელსაც სახვითი ხელოვნება აინტერესებს უფრო მეტად, ან იქნებ ხატავს კიდეც, ხოლო იშვიათია მოსწავლე, რომელიც მუსიკას არ უსმენს. სწორედ ასე შეიძლება მოვარგოთ თითოეულ განსხვავებულ და ტექსტებისადმი ჩაკეტილ ინდივიდს თავისი გასაღები. მთავარია, მოსწავლეების ინტერესებს პატივი ვცეთ და დავანახოთ, რომ ლიტერატურას შეუძლია ყველაფერი თანაბრად დაიტიოს. რომ ლიტერატურაში ჩვენი ყველა არსებული ინტერესი შეგვიძლია ვიპოვოთ და ახალიც აღმოვაჩინოთ.

მეორე და ყველაზე საინტერესო მეთოდი ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების საშუალებასაც იძლევა. გარდა იმისა, რომ ტექსტის მრავალმხრივ გააზრებაში გვიწყობს ხელს, კითხვის პროცესში იმ მოსწავლეებსაც რთავს, რომელთა საყვარელი საგანიც, შესაძლოა, ქართული ენა და ლიტერატურა სულაც არაა, თუმცა განსაკუთრებით აინტერესებთ ისტორია-გეოგრაფია. მათ შეუძლიათ ტექსტის მიღმა არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული ფონი იკვლიონ, რაც, როგორც წესი, ტექსტზე უდიდეს გავლენას ახდენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარება. მსგავს სიტუაციებში ასევე შეიძლება დავიხმაროთ ხელოვნების მასწავლებელიც. თუკი რომელიმე მოსწავლე, რომელსაც ხატვა განსაკუთრებით უყვარს, წიგნიდან ეპიზოდის დახატვას შევთავაზებთ, მასში შესაძლოა დიდი ინტერესი აღიძრას და უფრო მეტი იკითხოს. თუმცა ხატვა ბავშვებისთვის თვითგამოხატვის პირველი საშუალებაა, ამიტომ კითხვის პარალელურად მუდამ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ხატონ. ასე პროცესი ბევრად უფრო მხიარული გახდება. ამასთანავე არ შეიძლება არ ვახსენოთ წიგნში არსებული კიდევ ერთი ნაცადი მეთოდი: ჯგუფური კითხვა და თანაც გარემოს გამოცვლით. ამას „მოსიარულე გაკვეთილებში“ ბუნებაში კითხვა ჰქვია. სოფლის პირობებში ბევრად მარტივია, მოსწავლეები სადმე სკოლის ეზოს გარეთ, ტყის პირას გაიყვანო, პლედებითა და სენდვიჩებით. თუმცა შეუძლებელი არც ქალაქშია. მართალია, აქ შედარებით რთულია ახლომახლო იპოვო საპიკნიკე ადგილი, თუმცა გარემოს შეცვლა, თუნდაც ორი ოთახით, ყოველთვის დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ თუნდაც მხოლოდ ერთ გაკვეთილს კლასის მაგიერ, მაგალითად, სკოლის ეზოში ჩაატარებთ.

მწერლის დაბადების დღის აღნიშვნა, რაც ლელა კოტორაშვილის წიგნში  „ასტრიდობის“ სახელით შეგხვდებათ, თანაკლასელის დაბადების დღის აღნიშვნასავით მხიარული შეიძლება გახდეს. თუმცა, ვიდრე ბავშვები საყვარელ მწერალს დაასახელებენ, მანამდე საკმაოდ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. კითხვის დაძალება რომ ყველა ვარიანტში უნდა გამოვრიცხოთ, ამის შეხსენება არავის სჭირდება. „წიგნების სამყაროსთან დამეგობრება ადვილი არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბებისას. კითხვის პროცესი თავისუფალ არჩევანს გულისხმობს. ამის გარეშე არაფერი გამოვა“, – წერს ლელა კოტორაშილი. იგი პატარა ბავშვების წიგნებით დაინტერესებისთვის გვთავაზობს, რომ ჩვენც მათთან ერთად, იმავე ტემპით  ვიკითხოთ ის, რასაც ისინი კითხულობენ. ეს ერთგვარი წახალისება იქნება პატარებისთვის, ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ შანსი ექნებათ თავიანთი ემოცია ვინმეს გაუზიარონ, რაც მკითხველად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.

ავტორი  საკმაოდ გრძელ თავს  უთმობს „ვეფხისტყაოსანზე“ საუბარსაც. ძალიან ხშირად სავალდებულო სასწავლო ლიტერატურა ბავშვებს ტექსტის სწორად აღქმაში უშლის ხელს. მსგავს შემთხვევაში  მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ლელა კოტორაშვილი გვირჩევს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ პატარებს ისე მოვუყვეთ, როგორც ზღაპარი და ვიზრუნოთ, რომ ეს ამბავი პატარა ასაკიდანვე შეუყვარდეთ. მაღალ კლასებში კი უმჯობესია, ბავშვებს არაფორმალური გზები შევთავაზოთ ტექსტთან დასაკავშირებლად. მის შემთხვევაში ეს ლიტერატურული კაფესთვის „ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით შექმნილი კომიქსები იყო, რაც ბავშვებს დაეხმარა რთული ტექსტის სწორად აღქმაში, პოემასთან ისევ და ისევ მიბრუნებაში და ერთმანეთის ნამუშევრების მიმართ ინტერესის გამოვლენის გამო ურთიერთობის დამყარებაში.

ავტორი  ლიტერატურული დღიურების გამოყენებასაც გვთავაზობს, რაც მანამდეც ნაცადი და წარმატებული ხერხია, თუმცა ყველაზე საინტერესო, რაც კი ამ სამი წლის მანძილზე შექმნილა, ჩემი აზრით, პროექტი „წაიკითხე ჩემი წიგნია“. ამ პროექტის იდეა ლელა კოტორაშვილის ერთ-ერთ მოსწავლეს ეკუთვნის, იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: მე ვკითხულობ წიგნს, ვნიშნავ საყვარელ ადგილებს, გიწერ წერილს ან წერილებს, რომლებიც უნდა წაიკითხო წიგნის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ და ამ წიგნს გიგზავნი შენ. ანალოგიურად იქცევი სხვისთვის, სხვა კიდევ სხვისთვის და ასე უსასრულოდ. მსგავსი ქმედებით კითხვის პროცესში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩავრთოთ, თანაკლასელიდან მშობლამდე, მასწავლებლიდან მეზობლამდე. მთავარი კი ისევ და ისევ ადამიანების წიგნით დაინტერესებაა.

„მოსიარულე გაკვეთილებს“ აქვს რესურსი გახდეს ყველა მასწავლებლის სამაგიდო წიგნი, ამავდროულად არაჩვეულებრივი მასალაა მშობლებისთვისაც. ეს წიგნი უნდა იკითხონ იმ ადამიანებმაც, რომლებსაც გულწრფელად მოყოლილი ამბები აინტერესებთ და უყვართ. ასე რომ, დაიხმარეთ ლელა მასწავლებლის მეთოდები, რომლებიც მან  ყველას აჩუქა და მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ. გაანდეთ მათ შემდეგი: „თქვენ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ და ეს სიტყვები აზრს იძენენ. თქვენ გარეშე ისინი არ გაცოცხლდებიან, მათ არსებობას აზრი არ ექნება. თქვენ ტექსტის შექმნის უშუალო მონაწილე ხართ. კითხვის ყველაზე დიდი მაგიაც, ალბათ, ეს არის: მე, ავტორი და ჩვენ შორის ხიდად გაბმული სიტყვები“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი