ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მძიმე სტრესის დროს

ჩვენ, მოზრდილები, მიჩვეულები ვართ, ასე თუ ისე,  გავუმკლავდეთ სტრესებს. ამისთვის სხვადასხვა სტრატეგიას მივმართავთ. ბავშვებს არ მოეპოვებათ ასეთი სტრატეგიები. როდესაც მათ ცხოვრებაში რაღაც  მძიმედ გადასატანი ხდება, ბავშვის ემოციები დიდხანს „ბობოქრობს“, რამაც ტრავმული სტრესი შეიძლება გამოიწვიოს. ამერიკელი ფსიქოლოგი ჰილარი იაკობს ჰენდელი ამ საკითხზე  რამდენიმე რჩევას გვათავაზობს.

ყოველდღიურობა სტრესებითაა სავსე. ზრდა-განვითარებისთვის მუდმივად  სიახლეებია საჭირო. ბრძოლა, წინააღმდეგობებისა და წარუმატებლობების გადალახვა ბავშვში თვითდაჯერებას ზრდის, საშუალებას აძლევს ირწმუნოს, რომ  ყველაფერს გაუმკლავდება. მაგრამ ამ ბრძოლის შედეგები უფასურდება, როდესაც სტრესი ძალიან ძლიერია ან გახანგრძლივებული. ნერვული სისტემის მუდმივი დაძაბულობა ტრამვულ სტრესს იწვევს. ტვინის ემოციური ცენტრები მუდმივად ”საშიშროების” რეჟიმში არიან, ორგანიზმი კი ”დაარტყი, გაიქეცი ან გაშეშდი”-ს  რეჟიმში.

მუდმივმა დაძაბულობამ ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოქმნას-თავის ტკივილით დაწყებული,შინაგანი ორგანოების დისფუნქციით დამთავრებული. ამასთან ერთად, ემოციური გადაძაბვა ბავშვს ხელს უშლის, აღიქვას დადებითი მოვლენები, სიახლეები.  გარე სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება როგორც წესი, მშვიდ ემოციურ ფონზე ხდება.

 

ტრავულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ქრონიკული შფოთვა, იზოლაცია ან აგრესია.

 

წარმოიდგინეთ, რომ ძლიერ შეშინებული ხართ. როგორ გრძნობთ თავს ამ მდგომარეობაში? ხართ მზად ისწავლოთ, სიახლეებს ეზიაროთ, აქტიურად იურთიერთოთ? ალბათ  არა!  ჩვენ-ბავშვებიც და მოზრდილებიც- როცა შეშინებულები ვართ, გაქცევა გვინდა,დამალვა და თავშესაფარში დარჩენა მანამ, სანამ საფრთხე არ გადაივლის. ამ დროს ადვილად მოწყვლადები ვართ. ასეთი  მდგომარეობა თუ დიდხანს გრძელდება, გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნება გვეუფლება, გრძნობები გვიჩლუნგდება. ეს უკვე ტრამვული სტრესია, რამაც შეიძლება დეპრესია, ქრონიკული შფოთვა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, იზოლაცია ან აგრესიაც კი გამოიწვიოს.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა ის ტრავმულ სტრესშია? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  1. იყავით მის გვერდით-ახლობლების გვერდით ყოფნა ამშვიდებს მათ. მიჯაჭვულობის თეორიის შემქმნელმა ჯონ ბოულბიმ დაამტკიცა,რომ ბავშვს სრულყოფილი განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოში ყოფნა ესაჭიროება. ტრავმულ სტრესში მყოფი ბავშვი შეშინებულია, ამას შეიძლება ახლობლები ვერც ამჩნევდნენ(ამ შიშმა შეიძლება მოგვიანებით აგრესიის ფორმა მიიღოს). თქვენი გვერდით ყოფნა ბავშვს მდგომარეობას გაუადვილებს. მარტოობა შიშს აძლიერებს!
  2. გამოიჩინეთ სირბილე და ტაქტი.

ტრავმულ სტრესში მყოფი ბავშვის ფსიქიკა ძალიან მყიფე და ადვილად მოწყვლადია. სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში მეტად ფასდება ის, რასაც მარცხენა ნახევარსფერო განაგებს და ჩვენ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმ ემოციურ თავდაცვას, რაც მარჯვენა ნახევარსფეროსთანაა დაკავშირებული. ის პასუხისმგებელია არავერბალურ კომუნიკაციაზე , რასაც ქვეცნობიერად ვიღებთ ურთიერთობისას: ხმის ტონი, თვალებით კონტაქტი, სხეულის ენა. დაშინებულ ბავშვთან ურთიერთობისას ეცადეთ რბილად და ალერსიანად ილაპარაკოთ, თავი აარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს, რათა კიდევ უფრო არ დააშინოთ იგი.

  1. ეთამაშეთ,რათა, კონტაქტი დაამყაროთ და დააწყნაროთ.

თამაში ასტიმულირებს სოციალური ურთიერთობის სისტემას, რაც ცდომილ (n.vagus) ნერვთანაა დაკავშირებული, რაც ეხმარება მოდუნებაში. თამაში აუმჯობესებს ბავშვის თვითშეგრძნებას, ეხმარება დაწყნარებაში სხვებთან ურთიერთობის დროს,დადებითი ემოციების გაცვლას, აქტიურობას. თითქოსდა არასწორად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძლიერ სტრესში მყოფ ბავშვს თამაში შევთავაზოთ, მაგრამ თუ თვითონ წინააღმდეგი არაა, ეს მას სასიკეთოდ წაადგება.

 

4.მიეხმარეთ ბავშვს თავის გრძნობების გამოხატვაში.

 

ემოციების სიტყვებით გამოხატვისას მცირდება სტრესი და დაძაბულობა. ბავშვმა რომ ეს შეძლოს, თქვენი გამოცდილებით უნდა დაეხმაროთ. მაგალითად, თუ მან სტრესი გადაიტანა დედასთან განშორების გამო, შეგიძლიათ მოუყვეთ: ”როცა მე პატარა ვიყავი, ერთხელ დედას დიდი ხნით გამგზავრება მოუწია. ის ავად გახდა და შორს გაემგზავრა, რათა იქაური ექიმები დახმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ  ვიცოდი, ასე იყო საჭირო, მაინც ძალიან ვნაღვლობდი და მეშინოდა,ზოგჯერ დედაზე  ვბრაზობდი კიდეც ჩემი დატოვების გამო. ასეთი გრძნობები ნორმალური და ბუნებრივია.”

სხვადასხვა  მეთოდი არსებობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაეხმაროთ ბავშვს  გრძნობების გამოხატვაში, გაცნობიერებაში, ჯანსაღად აღქმაში. შეგიძლიათ დაათვალიერებინოთ სურათები,  სადაც ადამიანის სახეები სხვადასხვა ემოციას გამოხატავს და შესთავაზეთ, გაჩვენოთ, თუ რომელი შეეფერება და ასახავს მის საკუთარ გრძნობებსდა ემოციას.

ემოციები გარკვეული ტიპის ენერგიას  გამოიმუშავებს.   ამ ენერგიის დახარჯვა კი აუცილებელია. დაეხმარეთ ბავშვს გამოხატოს გრძნობები, დახარჯოს ენერგია. შეთხზეთ ისტორიები, იფანტაზიორეთ, ითამაშეთ  როლური თამაშები. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს და ყურადღებით დააკვირდით რეაქციებს, რათა გაიგოთ და გაერკვეთ, რა მოქმედებს უკეთ. ყურადღება მიაქციეთ, რა მომენტებში გრძნობს ბავშვი სიმსუბუქეს, როდის არის მშვიდად , როდის არის მზად აქტიურად თამაშისთვის და ურთიერთობისთვის.

5. ხშირად ჩაეხუტეთ ბავშვს, თუ ის ამის წინააღმდეგი არაა.

 

ბავშვის ჩახუტება , მუხლებზე დასმა, თავზე ხელის გადასმა  ეხმარება მას მოდუნებაში. მნიშვნელოვანია ყურადღებით დააკვირდეთ რეაქციებს-თუ ბავშვი იძაბება, თქვენი მოხვევა აშკარად არასასურველია. თუკი პირიქით, მოდუნდა და დაწყნარდა,ყველაფერს სწორად აკეთებთ.

6.წაახალისეთ ბავშვი, დაეხმარეთ გაიგოს , თუ რა ხდება მის თავს.

არ მოატყუოთ სტრესში მყოფი ბავშვი. შეარჩიეთ მეთოდი, თუ როგორ აუხსნათ, რა მოხდა და რა ხდება მის თავს. მაგალითად, თუ ის  განიცდის მშობლებთან ხანგრძლივ განშორებას და დროებით თქვენთან იმყოფება, შეგიძლიათ უთხრათ:”დედა და მამა კარგად არიან, მალე მათ ნახავ. მანამდე კი მე ვიქნები შენთან და მოგივლი.” აუცილებელია, ბავშვს აუხსნათ, რომ ის მნიშვნელოვანია და საჭირო ყველასთვის. სხვაგვარად მან შეიძლება თავი არასაჭიროდ და ზედმეტად ჩათვალოს. აუცილებელია ეს ნათლად და მკაფიოდ მიანიშნოთ, ასევე  ხშირად აღნიშნოთ: ”ყველაფერი კარგად გექნება”, ”ეს გრძნობები გაივლის”,” შენ მარტო არ ხარ”, ”შენ ეს არ დაგიმსახურებია”.

ყველა ჩვენგანშია ჩადებული ურთიერთობის მოთხოვნილება , ადამიანური კავშირების გაბმა და  უსაფრთხოების შეგრძნება. თუკი რაიმე მიზეზით ბავშვს ეს შეგრძნებები გაუქრა, გარშემომყოფებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ბავშვს სიმშვიდე, საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა  და უსაფრთხო გარემო დაუბრუნდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი