ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ამბავი, რომელიც მორალს შეიცავს?

„მორალი არ არის დოქტრინა, როგორ გავხდეთ ბედნიერები,მორალი არის იმისთვის, რომ გავხადოთ საკუთარი თავი ბედნიერების ღირსი”.

 

იმანუელ კანტი

როგორც ცნობილია, იგავ-არაკი პატარა ისტორიაა, რომელიც სხვა ტრადიციული ლიტერატურული ნაწარმოებებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი დასასრული მორალურ დასკვნას შეიცავს. ის ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის თხზულებაა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დაწყებით კლასებშივე განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იგავ-არაკების სიღრმისეულ შესწავლას, მოსწავლეთა მიერ ეთიკური საკითხებისა და მორალური ღირებულებების შესახებ მსჯელობას.

იგავ-არაკების შესწავლა ხელს უწყობს:


·

წიგნიერების უნარების განვითარებას;

იგავ-არაკის სტრუქტურა, მისი მარტივი და გასაგები ენა ეფექტურ გავლენას ახდენს პატარა მკითხველებსა და “მწერლებზე”, ადვილად დასამახსოვრებელს ხდის ტექსტს და უბიძგებს მოსწავლეებს, ხალისით ჩაერთონ კითხვის პროცესში და თავადაც შექმნან მორალური ამბის შემცველი წერილობითი ნაშრომები.


·

ეთიკური და მორალური ღირებულებების განვითარებას;

ეთიკური საკითხების შესახებ დისკუსიები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აწონ-დაწონონ განხილვის შედეგები, გააანალიზონ, შეაფასონ და შეადარონ საკუთარ ღირებულებებს.


·

საკლასო საზოგადოების განვითარებას;

ეთიკურ საკითხებზე დიკუსიებისა და დებატების საშუალებით, მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, საკუთარი მოსაზრებების გამოხატვასა და დასაბუთებას, მსჯელობის შედეგების რეალურ ცხოვრებაში განზოგადებას. ასეთი სახის რეფლექსია მოსწავლეებს უბიძგებს, იფიქრონ მორალურ საკითხებზე და ხელს უწყობს კლასის საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებას.


·

მეტაფორული აზროვნების განვითარებას.

იგავ-არაკების სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ასოციაციური კავშირების დახმარებით ახსნან და გაიგონ რთული კონცეფციები. ამ ტიპის აზროვნება ასევე ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრასა და ახალი იდეების გენერირებაში.

სტატია განიხალავს რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც ეფექტურია იგავ-არაკების შესასწავლად, 8-დან 11 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.

სანამ უშუალოდ აღნიშნული სტრატეგიების განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ იგავ-არაკის ძირითადი ლიტერატურული ელემენტები.

იგავ-არაკის ამბავს თხრობითი სტრუქტურა აქვს, რომელიც შეიცავს შედარებით მოკლე დასაწყისს, გარემოს აღწერას, პერსონაჟებს, პრობლემას, პერსონაჟების მოქმედებას პრობლემების გადასაჭრელად და დასკვნას. არაკი უნიკალურია იმით, რომ მისი ფინალი მორალს ან ცხოვრებისეულ გაკვეთილს შეიცავს.

იგავ-არაკის დასაწყისი მოკლეა და ხშირად გამოხატულია პერსონაჟებისა და მათი მოქმედებების აღწერით. დრო და გარემო ზოგჯერ დასახელებულია, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, დრო შეიძლება აღნიშნული იყოს: “ერთ დღეს” ან “ერთ ცხელ ზაფხულს”. გარემო შეიძლება აღწერილი იყოს, როგორც “სეირნობა ტყეში” და ა.შ.

იგავ-არაკის პერსონაჟები უფრო ხშირად სტერეოტიპულად წარმოდგენილი, გასულიერებული ცხოველები, მცენარეები ან საგნები არიან, მაგ., ბუ ბრძენია, ლომი – ძლიერი, კატა _ ეშმაკი.

ავტორი მოქმედების გასავითარებლად და პერსონაჟების შესაქმნელად დიალოგის ფორმას მიმართავს. მისი ოსტატობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ხერხით საშუალებას აძლევს მკითხველს, სწრაფად გაიცნოს პერსონაჟები და ადვილად მიადევნოს თვალი მოქმედების განვითარებას.

ფაბულა ძირითადად პერსონაჟებს შორის მორალთან დაკავშირებულ კონფლიქტს შეიცავს. პრობლემის გადასაჭრელად პერსონაჟების მოქმედება, ჩვეულებრივ, ერთ-ორ ეპიზოდშია გადმოცემული, იგავ-არაკის დასასრულს კი ცხოვრებისეულ გაკვეთილამდე ან მორალამდე მივყავართ.

იგავ-არაკების საკითხავად

სასურველია, იგავ-არაკების სწავლება მასწავლებელმა მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაყრდნობით წარმართოს. ამისათვის მან შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ საკუთარი ამბავი, რომლიდანაც ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეს, წაახალისოს ისინი, რომ გამოიტანონ დასკვნა და აღნიშნონ, თუ რა ისწავლეს ამ სიტუაციიდან, გაუზიარონ თანაკლასელებს და იმსჯელონ ერთმანეთის მონათხრობზე.

იგავ-არაკის ელემენტების უკეთ გაგებისთვის მასწავლებელმა მოსწავლეებათან ერთად უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, ცნობილი მეიგავის, ეზოპეს “ლომი და თაგვი”.

დრო და გარემო

როგორც წესი, დრო იგავ-არაკებში იშვიათად არის აღნიშნული და ისიც _ მნიშვნელობის გარეშე. ჩვენ მიერ შერჩეულ იგავში – „ლომი და თაგვი” დრო ნახსენები არ არის. რაც შეეხება გარემოს, პირველი ეპიზოდი ლომის ბუნაგში ვითარდება, ხოლო მეორე _ ტყეში.

პერსონაჟების ტიპების განსაზღვრა

იგავ-არაკის პერსონაჟები, როგორც აღვნიშნეთ, სტერეოტიპულად წარმოდგენილი გასულიერებული ცხოველები, მცენარეები ან საგნები არიან. მთავარი გმირების რაოდენობა ძირითადად ერთი ან ორია.

განსახილველ იგავ-არაკში ორი მთავარი გმირია: ლომი და თაგვი. მათ თვისებებში გარკვევისთვის მასწავლებელმა შესაძლებელია იგავის შესწავლამდე მოსწავლეებს სთხოვოს, დაწერონ ლომის და თაგვის დახასიათება, ან თავად ჩამოწეროს ის თვისებები, რომლებიც ნაწარმოებში გვხვდება და მოსწავლეებს მისცეს საშუალება, მიუსადაგონ ისინი წარმოდგენილ ცხოველებს. საკითხის შესწავლის შემდეგ კი, შეკითხვების დახმარებით, მასწავლებელმა მათთან ერთად უნდა მოახდინოს ჩამოწერილი თვისებების კორექტირება. მაგალითად:


·

“ვინ არიან ამ არაკის პერსონაჟები?”


·

“აქვთ თუ არა ამ პერსონაჟებს ის თვისებები, რომლებსაც თქვენ მოელოდით?” და ა.შ.

სიუჟეტი

იგავ-არაკში “ლომი და თაგვი” ორი მოვლენა ვითარდება. პირველი, თაგვის დატყვევება და გათავისუფლებაა, ხოლო მეორე _ თაგვის მიერ ლომის გადარჩენა. ნაწარმოების დასკვნა თაგვის სიტყვაა, რომლიდანაც შეგონება გამომდინარეობს.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაუადვილდეთ იგავ-არაკში გადმოცემული

მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნება, შედეგის შეჯამება და მორალური დასკვნის გამოტანა, მასწავლებელმა შესაძლებელია დასვას ასეთი შეკითხვები:


·

რამდენი მოვლენაა გადმოცემული? რა მოვლენებია ესენი? შეგიძლიათ მოუძებნოთ მათ სახელწოდებები?


·

რას გვასწავლის იგავ-არაკი?


·

როგორ მივყავართ ავტორს იგავ-არაკის მორალამდე? და ა.შ.

იგავ-არაკის რუკა

იგავ-არაკის რუკა, რომელიც მის შემადგენელ ყველა ძირითად ელემენტს მოიცავს, ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეები ადვილად გაერკვნენ ამ ტიპის ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურაში. ამისათვის მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა სთხოვოს, რომ შეავსონ ორსვეტიანი ცხრილი და პასუხი გასცენ მის მარცხენა გრაფაში წარმოდგენილ დამხმარე შეკითხვებსა და დავალებებს (იხ. ცხრილი 1.).

იგავ-არაკი „ლომი და თაგვი”

დამხმარე შეკითხვები

და დავალებები

პასუხები

იგავ-არაკის დასაწყისი

აღწერეთ დრო და გარემო, სადაც იგავ-არაკში გადმოცემული ამბავი ხდება.

დრო არ არის წარმოდგენილი

გარემო _ ლომის ბუნაგი, ტყე

პერსონაჟები

რა თვისებებით გამოირჩევიან იგავ-არაკის პერსონაჟები?

ლომი – ძლიერი და ძლევამოსილი

თაგვი – პატარა და სუსტი

ეპიზოდი პირველი – თაგვის დატყვევება და გათავისუფლება

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ლომი თაგვის შეჭმას აპირებს.

როგორ გადაიჭრა პრობლემა?

ლომმა თაგვი შეიწყალა, რადგან თაგვმა უთხრა, რომ შეიძლება ოდესმე ისიც დახმარებოდა მას.

მეორე ეპიზოდი: ლომი თაგვმა სიკვდილს გადაარჩინა

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ლომი მონადირის ხაფანგში გაება.

როგორ გადაიჭრა პრობლემა?

თაგვმა გაღრღნა თოკი და ლომი გაათავისუფლა.

დასკვნა, რომელსაც მორალთან მივყავართ

თაგვი ახსენებს თავის დანაპირებს ლომს, რომ ოდესმე ისიც შეძლებდა მის დახმარებას.

მორალი

პატარა მეგობარსაც შეუძლია დაამტკიცოს დიდი მეგობრობა.

ცხრილი 1.


იგავ-არაკების დამოუკიდებლად წერისთვის

მოსწავლები იგავ-არაკის სტრუქტურასა და არსს კიდევ უფრო კარგად დაინახავენ

და გაიაზრებენ, როდესაც ისინი თავად შექმნიან მას. ამისათვის, მასწავლებელმა უნდა სთხოვოს მოსწავლეებს, რომ დამოუკიდებლად მოიფიქრონ მორალი, ან აირჩიონ მის მიერ წინასწარ გამზადებული ჩამონათვალიდან. მან უნდა წაახალისოს ისინი, რომ შეავსონ არაკის რუკა (იხ. ცხრილი 2.).

ცხრილი 2.

გარდა ზემოთ აღნიშნული რუკისა, ასევე ეფექტურია, მოსწავლეებმა იგავ-არაკების შესაქმნელად შემდეგ დამხმარე შეკითხვებს გასცენ პასუხი:


·

რა მორალი გინდათ, რომ ასწავლოთ სხვებს?


·

ვინ იქნებიან თქვენი პერსონაჟები?


·

რა თვისებები ექნებათ თქვენს პერსონაჟებს?


·

რა პრობლემის გადაწყვეტა მოუწევთ თქვენს პერსონაჟებს?


·

როგორ დამთავრდება თქვენი იგავ-არაკი? და ა.შ.

სანამ მოსწავლეები საკუთარ იგავ-არაკებს საბოლოო სახეს მისცემენ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ საკითხზე, ამაში კი შემდეგი კითხვები დაეხმარებათ:


·

საიდან და რატომ აირჩიეთ ეს მორალი? რას გვასწავლის ის? როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ მორალის შესახებ მსჯელობა?


·

როგორ შეარჩიეთ პერსონაჟების თვისებები? როგორ ფიქრობთ, ეს თვისებები ამყარებს მორალს?


·

ეფექტურად იყენებთ თუ არა დიალოგს მოქმედების გასავითარებლად?


·

თქვენი იგავ-არაკის ფინალს პირდაპირ მივყავართ მორალამდე? და ა.შ.

როგორც განხილული თემიდან ჩანს, იგავ-არაკების საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის პერსონიფიცირება, სტერეოტიპული პერსონაჟებისა და მათი თვისებების გააზრება, რთული ცნებების გაგება და პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა; ივითარებენ წიგნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს და, რაც ყველაზე მთავარია, ითავისებენ გარკვეულ მორალურ ღირებულებულებებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი