პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის ხმა: დედის ნაანდერძევი პროფესია

სვანეთის მიწაზე ფეხი პირველად ექვსი წლის წინ დავადგი. ხაიშს მივლინებით ვეწვიე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბევრი ოჯახის კარი შევაღე. არასდროს დამავიწყდება, ჭუბერში მცხოვრები მეფუტკრე როგორი სიყვარულით მესაუბრებოდა თავის ფუტკრებზე და ის მოულოდნელი საჩუქარი, მეორე დღეს პირველი თოვლით ჩახერგილი სოფლიდან ნატურალური თაფლის სახით რომ ,,დამაწია“.

,,მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ – ეს ფრაზა მეც უამრავჯერ მითქვამს, მაგრამ სწორედ სვანეთში გავიაზრე ბოლომდე ამ სიტყვების მნიშვნელობა. იმ ისტორიებმა და ლეგენდებმა, რომელიც სიყვარულის კოშკზე, წყვილ ლოდსა თუ ოქროს მოპოვებაზე მოვისმინე, ამ საოცარ მხარეზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება შემიქმნა. მოგვიანებით, მესტიისა და უშგულის  მონახულებისას, თითოეულ ქვაში, ნაგებობასა თუ ადამიანში ამ თქმულებების ანაბეჭდს ვეძებდი. სოფელი ჭუბერი კი ჩემს მეხსიერებას იმ მეფუტკრე კაცის მორთმეული ფიჭვის თაფლის ტკბილ-მწარე გემოსავით შემორჩა. შემდეგ ჭუბერის სკოლაში დამკვირვებლის ამპლუაში მოვხვდი და იქაური მასწავლებლების გაცნობის საშუალებაც მომეცა. ამ წერილში სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებ.

ჭუბერის თემი რამდენიმე სოფელს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭუბერი ხაიშთან უფრო ახლოა, ვიდრე – მესტიის მუნიციპალიტეტთან და მეზობელ რეგიონთან (სამეგრელო) დაკავშირება უფრო ადვილია, მიგრაციის პრობლემა მაინც დგას. 2002 წლის აღწერის თანახმად, თემში 1 257 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი მოსახლეთა რაოდენობა 945-მდე შემცირდა. ამ პრობლემაზე ჩემი რესპონდენტი – ჭუბერის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ჩხვიმიანიც ამახვილებს ყურადღებას:

,,ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, რადგან აქ გავიზარდე და ჩემთვის ბუნებრივი გარემოა. ახალგაზრდობას კი გული ქალაქისკენ მიუწევს. მიდიან ოჯახები, იცლება სოფლები. ყველა რომ ქალაქში წავიდეს, სოფელში ვინღა დარჩება?! ან ქალაქს შეუძლია ამდენი ადამიანის რჩენა?! ბევრი ჩემი მოსწავლის მშობელი საზღვარგარეთ იმიტომ გადაიხვეწა, რომ მის შვილებს არ მოშივდეთ… სხვის შვილებს უვლიან საკუთარის გადასარჩენად“.

ქ-ნი მაიას თქმით, მაღალმთიანი რეგიონის სკოლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობა უმშობლოდ დარჩენილი ბავშვების ,,გამხნევებაცაა“. თვითონ ობლობაში გაიზარდა და დღემდე უზომოდ მადლიერია იმ პედაგოგების, რომლებმაც შორეულ ბავშვობაში მის ტკივილს მიაგნო და ცოტათი მაინც გაუყუჩა. მასწავლებლის პროფესიას სწორედ ნაადრევად გარდაცვლილი დედის თხოვნით დაეუფლა. ,,მასწავლებლობანას“ თამაში უნივერსიტეტშიც გააგრძელა და მშობლიურ სკოლას ოცი წლისა, ახალბედა პედაგოგის სტატუსით დაუბრუნდა.

,,ათი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მისი სურვილი იყო, რომ მასწავლებელი გამოვსულიყავიმამიდაჩემი ხშირად მახსენებდა დედის ნათქვამს, მაგრამ მარტო ამას ვერ დავაბრალებ. მეც მქონდა რაღაცნაირი ინტერესი, თამაშითაც ხშირად მასწავლებლობანას ვთამაშობდი. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი (სოხუმის ომის გამო ჩემი უნივერსიტეტი ლტოლვილად იყო და ორწლიანი შესვენების აღება მომიხდა), ჭუბერის სკოლის დირექტორმა რომ შემაგულიანა – მოდი, სცადეო! ძალიან მერიდებოდა, ჩემს ყოფილ მასწავლებლებს როგორ გავუთანაბრდე-მეთქი, მაგრამ ქ-ნი ნატო (დირექტორი) არ მომეშვა და ასე აღმოვჩნდი 20 წლისა სკოლაში.  რაღაც დროის შემდეგ თბილისში დავბრუნდი სწავლის დასამთავრებლად. თუმცა დაუსწრებლად ვსწავლობდი, მასწავლებლობისთვის თავი არ დამინებებია. მას შემდეგ ოცდაშვიდი წელი გავიდა“.

როგორც ვხედავთ, ჩვენს რესპონდენტს მთელი ცხოვრება, ჯერ მოსწავლის, შემდეგ კი -მასწავლებლის სტატუსით სკოლაში აქვს გატარებული. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა სკოლა მისი ბავშვობიდან დღემდე, მან, პირველ რიგში, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილებას გაუსვა ხაზი:

,,მასწავლებელმა ბავშვს მასთან მისასვლელი გზა არ უნდა გადაუკეტოს. ჩემს ბავშვობაში ძალიან დიდი დისტანცია იყო ბავშვსა და მასწავლებელს შორის. ერთეულების გარდა, ყველა მკაცრად იცავდა ამ საზღვრებს. მე ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი, თან ობლობა ძალიან რთული ამბავიათუმცა იყო ერთი-ორი გამორჩეული მასწავლებელი, დღეს როგორც იტყვიან, თითოეულ ბავშვზე ახერხებდა ყურადღების განაწილებას. თან განსხვავებული დამოკიდებულება იგრძნობოდა მისგან. დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას, მაგრამ მის გაკვეთილში ჩართვის, ხელის აწევის სურვილი მიჩნდებოდა. სწორედ მაშინ გამიელვა თავში აზრმა, თუ ოდესმე მასწავლებელი გავხდებოდი, საკუთარი თავისთვის ბავშვის თვალით უნდა შემეხედა და ეს მიკარნახებდა სწორ გეზს. მას შემდეგ ვცდილობ, ასე მოვიქცე. რამდენად კარგად გამომდის, ამას ჩემი მოსწავლეები შეაფასებენ.

ჩემს რესპონდენტს დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონია. ქალაქელ მოსწავლეებთან მუშაობა იმდენად გასჭირვებია, რომ სიხარულით დაბრუნებია თანასოფლელ აღსაზრდელებს. ქალაქის სკოლების მთავარ სირთულედ ისევ დამოკიდებულებას ასახელებს, ოღონდ ამჯერად, მოსწავლეებისას – მასწავლებლებისა და, ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ.

განსაკუთრებით მაშფოთებდა დისციპლინის საკითხი, უფრო სწორად, ბავშვების სწავლისადმი, მასწავლებელთა მიმართ დამოკიდებულება. რა ვქნა, ვფიქრობ, რომ  რეგიონებში უფრო მეტად აფასებენ სკოლის საქმიანობას. ჩვენ გვყავს მობარებული  საკმაოდ რთული ოჯახების შვილებიც, მაგრამ მათთან მუშაობა გაცილებით მიადვილდება, ვიდრე იმ მოზარდებთან, ვინც არაფრად აგდებს სკოლას, მასწავლებელს, გარშემომყოფებს“.

ქ-ნი მაიას ერთი სამუშაო დღის აღწერა რომ მოვინდომოთ, მას ხან საგაკვეთილო პროცესში უნდა შევუღოთ კარი, ხანაც – სადამრიგებლო კლასში უნდა ვეწვიოთ. თუ თვალს მოეფარა, ესე იგი, რომელიმე მოსწავლესთან განმარტოვდა, ნაადრევი დარდით დამძიმებული ფიქრები ცოტათი მაინც რომ შეუმსუბუქოს.

,,ვერ უძლებენ დიდურ სირთულეებს ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე პატარა ადამიანები და ხშირად აგრესიით გამოხატავენ თავიანთ გასაჭირს. სოფელმა უფრო იცის თითოეული ოჯახის ავიც და კარგიც. ეს კარგიცაა და ცუდიც. ბავშვებს დიდად არ უხარიათ მათი უბედურების მაყურებელი ხალხი და ამიტომაა ძნელი მათი ნდობის მოპოვება. შეცდომისთვის კი არ განსაჯო, სწორი მაგალითი აჩვენე, გაუგე, ხანდახან თვალიც დახუჭე… ნურავის წაართმევ შეცდომის დაშვების და გამოსწორების უფლებას!“

ქ-ნი მაიას აზრით, ბავშვის სიყვარული რომ არა, ალბათ სკოლები დაიცლებოდა ომიანობის პერიოდში. მისთვის ბავშვისა და საკუთარი საქმის სიყვარული დღემდე ყველაზე დიდი მოტივატორია.

,,90-იან წლებში კაპიკებზე მიმუშავია და ხანდახან ისიც დამიკარგავს. ახლა მიკვირს ეს ამბავი, როგორ გავძელი?! მაგრამ მაშინ წასვლა არ შეიძლებოდა. შენ რომ წახვიდე, სხვაც რომ წავიდეს, ვინ დარჩება?! მაშინ გადასარჩენი იყო ქვეყანა – ასე ვუყურებდით უხელფასობას, უშეშობას, უგზოობას… დაცხრილულ, გაყინულ კედლებში ვატარებდით გაკვეთილებს. ბავშვს სწავლა უნდა, მისი რა ბრალია, რომ რთულ პოლიტიკურ პერიოდში გაჩნდა?! ის სკოლის ასაკს ერთხელ გადის ცხოვრებაში და არავის აქვს უფლება, განათლების მიღების შესაძლებლობა შეუზღუდოს.“

სოფლის სკოლის ერთ-ერთ პრობლემად ჩემი რესპონდენტი დამატებით მუშახელად ქცეულ მოსწავლეებს ასახელებს. ეს ბავშვები საკლასო ოთახს იშვიათად სტუმრობენ და უმეტეს შემთხვევაში სკოლასაც ვერ ამთავრებენ. ქ-ნი მაია ამბობს, რომ იმ მშობლებთან მოლაპარაკება, რომლებიც ,,დღევანდელ კვერცხს ამჯობინებენ ხვალინდელ ქათამს“, ძალიან ძნელია. მათ თავიანთი სიმართლე აქვთ – ,,საყოლი“ დასაპურებელია, ეზო-კარი მოსავლელი, ყანა დასათესი, გასათოხნი ან გასამარგლი… ამდენ საქმეს მხოლოდ უფროსები ვერ აუვლენ. ბავშვები კი არა, ხშირად მასწავლებლებიც ვერ ახერხებენ დროის გამონახვას პროფესიული განვითარებისთვის. ,,ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა პირველ ადგილზე დგას და რაც არ უნდა თავდადებული იყო საკუთარი საქმისთვის, შორს არ გაგიშვებს“.

აქვე მშობელთა ჩართულობაც განვიხილეთ. ჩემი რესპონდენტის თქმით, მის სოფელში ცოტა ადამიანი ინტერესდება შვილის აკადემიური განვითარებით. შეიძლება შვილები სკოლაში გამოუშვან, მაგრამ სწავლას მოწადინებულ ბევრ ბავშვს სახლში არანაირი ხელშეწყობა არ აქვს (სამეცადინო კუთხე, დრო მეცადინეობისთვის და ა.შ.).  ქ-ნი მაიას აზრით, მშობლებს შვილებისთვის ზოგადი განათლების მიცემა კანონით უნდა ევალებოდეთ (იხსენებს გახმაურებული რეპორტაჟის მთავარ გმირს – რვა შვილის მამას, რომელმაც ბავშვებს განათლების მიღების და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების უფლება პირად შეხედულებებზე დაყრდნობით შეუზღუდა) და სოციალური სამსახურები ბავშვთა უფლებების დაცვას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

,,მშობლები, რომლებიც აზიანებენ მოზარდებს თავიანთი უყურადღებობით, მავნე ჩვევებით, ოჯახური ძალადობის შემთხვევებით. ვერ აკონტროლებენ, ბავშვი ცუდ წრეში ტრიალებს თუ კარგში, ბულინგის მსხვერპლი როგორ გახდა, რატომ არ სძინავს ღამღამობით და ა.შ. ასეთ ოჯახში ცხოვრება, ჩემი აზრით, ბავშვისთვის ზიანის მომტანი უფროა და აქ უნდა ერთვებოდეს სწორედ სახელმწიფო“.

ქ-ნი მაიას აზრით, თანამედროვე მოსწავლე დამცირებას აღარ მოგითმენს. მისი ჰორიზონტი გაცილებით ვრცელია, რადგან დღეს განვითარების ათასგვარი შესაძლებლობა არსებობს. მასწავლებელმა მოსწავლესთან დიალოგი უნდა გამართოს, აჩვენოს, რომ ყველა აზრს, პოზიციას აქვს არსებობის უფლება. თვითგამოხატვის საშუალება კი მას თავისუფალ პიროვნებად აქცევს.

,,ჩემთვის  ბავშვობაში რომ გეკითხათ, რა არის თავისუფლებაო, ძალიან გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა. სიტყვაც კი არ განიხილებოდა, არათუ ის, რაც მასში იგულისხმება.  ,,რამე არ შემეშალოს“ შიშით ხშირად შემიკავებია თავი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან. მარტო შერცხვენის არა, სასჯელის შიშითაც (მოსწავლეების საჯაროდ გაროზგვის სცენასაც შევსწრებივარ). ე.წ. დისციპლინის ბერკეტით გვმართავდნენ  და ეს უკან დახევისადმი მიდრეკილება დღემდე აქვს ჩემი თაობის ხალხს შემორჩენილი“.  

ქ-ნი მაია არც იმას  უარყოფს, რომ შეიძლება პირიქითაც მოხდეს და თანამედროვე მოსწავლემ აქეთ შეძლოს მასწავლებლის ,,დაშინება“. თუმცა თუ ორივე მხარე გაიაზრებს, სად გადის თავისუფლების ზღვარი (,,საკმაოდ რთული გაკვეთილია“), მსგავსი პრობლემა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში არასდროს გაჩნდება.

რას ნიშნავს თქვენთვის მეამბოხეობა?  

,,ყოველთვის ვერ დაიცავ წესებს. ვერ იტყვი, ასეა დაწერილი და უნდა ვქნაო!  ზოგჯერ ბრმა კანონმორჩილებაა დანაშაული. ლუარსაბისა არ იყოს, რომ უკვირს, ღმერთო, კაცი არ მომიკლავს და რა დაგიშავეო?! განა მარტო კაცის კვლაა ცოდვა?!  რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის თუ არა, შენი თავისთვის მაინც. პერიოდული ამბოხი და ბარიერების გადალახვა აუცილებელია წინსვლისთვის. მაგრამ თუ რამის დამტკიცება გინდა, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის ,,რაღაც“ ბრძოლად ღირს.

თქვენი აზრით, მასწავლებელი შეიძლება იყოს მეამბოხე?

მეამბოხე მასწავლებლები სასკოლო რუტინას, როგორც წესი, ნაკლებად ემორჩილებიან. თუმცა მათ მიერ მიღწეული შედეგი გვაჩვენებს, რომ თავიანთი დრო და რესურსი გაცილებით მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეს. პარალელი რომ გავავლოთ,  ,,იდეალის“ გამოცხობა ბევრმა იცის, მაგრამ თუ მასში რაღაც შენეულს ჩართავ, განსხვავებულ ინგრედიენტს შეურევ, ყველა ამოიცნობს შენს ნახელავს. ჩემი აზრით, მასწავლებლის ამბოხის მიზანი სწორედ ასეთი ,,გამორჩეული გემოს“ აღმოჩენაა“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი