პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი- უჯრედი

მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც უწყვეტ განვითარებას მოითხოვს. მოსწავლეები მუდამ ელიან სიახლეებს გაკვეთილზე, რათა ხალისით და მარტივად აითვისონ მასალა. მეც ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვარ. ინტერნეტიდან გადმოვიწერე უჯრედის ორგანოიდები და Power Point-ის დახმარებით გავაკეთე მცენარეული და ცხოველური უჯრედების შემადგენლობის ამსახველი ანიმაცია. ანიმაციაში ცარიელ უჯრედში თითო-თითოდ შემოდიან ორგანოიდები და მათთვის განკუთვნილ ადგილას განლაგდებიან.

დავგეგმე სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი X კლასში თემაზე „უჯრედი“. (შემაჯამებელი).

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

კვლ. X. 3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად; იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

ბიოლ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს ორგანიზმისთვის მათი მნიშვნელობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს როგორც ერთ მთლიანს.

გაკვეთილის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე დამოუკიდებლად ამოიცნობს უჯრედის ორგანოიდებს; ახასიათებს ორგანოიდების ფუნქციებს; ამოიცნობს მცენარეულ, ცხოველურ და ბაქტერიულ უჯრედებს; ააწყობს კომპიუტერში მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს; ჩამოაყალიბებს მცენარეულ და ცხოველურ, ბაქტერიულ და ეუკარიოტულ უჯრედებს შორის მსგავსება-განსხვავებას; იმსჯელებს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს როგორც ერთ მთლიანს.

წინარე ცოდნა და უნარები: მოსწავლეებმა იციან: რომელ ჯგუფებად იყოფიან ცოცხალი ორგანიზმები; უჯრედის შემადგენელი ორგანოიდები; ერთმემბრანიანი და ორმემბრანიანი ორგანოიდები; იციან მცენარეული და ცხოველური უჯრედის ორგანოიდები და მათი ფუნქციები.

სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდი; სლაიდზე დატანილი კითხვები; ელექტრონული დაფა; კომპიუტერები თითოეულ მერხზე; მასწავლებლის მიერ მომზადებული და კომპიუტერში ჩატვირთული ანიმაციები; ტესტები.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1 .საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (3 წთ). აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოაგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. გააცნობს შეფასების რუბრიკებს, გაკვეთილის ორგანიზების ფორმებს, ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზნებს.

აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება (5 წთ). აქტივობის აღწერა: მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს ჩხირები. მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს:

– რომელ ჯგუფებად იყოფიან ცოცხალი ორგანიზმები?

– რა არის ორგანიზმის შემადგენელი უმცირესი ერთეული?

– დაასახელეთ უმემბრანო ორგანოიდები.

– დაასახელეთ ერთმემბრანიანი ორგანოიდები.

– დაასახელეთ ორმემბრანიანი ორგანოიდები.

–  რისგან შედგება უჯრედის გარსი?

– გარსის რომელი შრე აქვთ განსხვავებული მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს?

– რა არის ცხოველური უჯრედის გარეთა შრე?

– დაახასიათეთ გლიკოკალიქსი.

– რა არის მცენარეული უჯრედის გარეთა შრე?

– დაახასიათეთ უჯრედის კედელი.

–  დაახასიათეთ პლაზმური მემბრანა;

აქტივობა 3. შინაარსის რეალიზება. (17 წთ). აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ამოიცნობენ მცენარეული და ცხოველური უჯრედების ფოტოებს. მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს ცხოველური და მცენარეული უჯრედების აგებულების ამსახველი ანიმაციები. ანიმაციაში თითო-თითოდ შემოდიან უჯრედის ორგანოიდები. მოსწავლეები ანიმაციაში ამოიცნობენ ჯერ ცხოველური, შემდეგ მცენარეული უჯრედების ორგანოიდებს და ახასიათებენ თითოეულ მათგანს აგებულებისა და ფუნქციის მიხედვით. ისაუბრებენ უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავენ უჯრედს როგორც ერთ მთლიანს.

აქტივობა 4. უჯრედების აწყობა (3 წთ). (დავალება 1) გაკვეთილი ტარდება ჯეოსელის კლასში. მოსწავლეები დაყოფილი არიან სამეულებად და წყვილებად. მასწავლებელს კომპიუტერში წინასწარ აქვს ჩატვირთული ანიმაცია: ცარიელი ცხოველური და მცენარეული უჯრედები და გარშემო – უჯრედის შემადგენელი ორგანოიდები. მოსწავლეები მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით ცარიელი უჯრედის გარშემო მყოფი ორგანოიდებისგან აწყობენ ჯერ ცხოველურ, შემდეგ მცენარეულ უჯრედებს და თითოეულ ორგანოიდს მისთვის განკუთვნილ ადგილას ათავსებენ. უჯრედების აწყობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციას, რომელიც ასახავს მცენარეული და ცხოველური უჯრედების აგებულებას. მოსწავლეები შეადარებენ თავიანთ აწყობილ უჯრედებს მასწავლებლის მიერ ნაჩვენებს.

აქტივობა 5 (5 წთ). აქტივობის აღწერა: (დავალება 2) მასწავლებელს წინასწარ აქვს ჩატვირთული კომპიუტერში ცხრილი. მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ის და ერთმანეთს შეადარონ მცენარეული და ცხოველური უჯრედები, ჩაწერონ ცხრილში მათი შემადგენელი საერთო და განსხვავებული ორგანოიდები.

ცხოველური უჯრედი საერთო მცენარეული უჯრედი
 

 

 

 

 

   

აქტივობა 6. (5 წთ) T სქემის შევსება. მასწავლებელს აქვს ჩატვირთული წინასწარ კომპიუტერში პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების ილუსტრაციები და შესავსები T სქემა. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ მსგავსება-განსხვავებები უჯრედების აგებულებაში და კომპიუტერში შეავსონ T სქემა, რომელშიც ჩაწერენ პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების შემადგენელ კომპონენტებს.

პროკარიოტული უჯრედი ეუკარიოტული უჯრედი
 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 7 (3 წთ). რეფლექსია. (დავალება 3) მასწავლებელს წინასწარ მომზადებული და ჩატვირთული აქვს კომპიუტერებში easyQuizy-ს პროგრამაში აწყობილი უჯრედის ტესტები. მოსწავლეები შეავსებენ ტესტებს. ტესტების ბოლოს დაიწერება, რამდენ ტესტზე უპასუხეს მოსწავლეებმა სწორად.

აქტივობა 8. საშინაო დავალება (2 წთ). მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს, მოიძიონ და დაისწავლონ ინფორმაცია პროკარიოტულ უჯრედებსა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე. იმსჯელონ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების შესახებ. შექმნან პლასტლინისგან ან თიხისგან პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების მოდელები.

შეფასება (2 წთ). სამეულები და წყვილები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით; გამოვიყენე კომენტარი, დაკვირვება. გამოვიყენე ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა და 10 მოსწავლე შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა

საკლასო სამუშაოში ჩართულობა 2
კითხვებზე პასუხის გაცემა 2
უჯრედების აწყობაში მონაწილეობა 2
არგუმენტირებული მსჯელობა 2
ცხრილების შევსებაში მონაწილეობა. 2

მასწავლებლის შეფასება: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და დამსწრე კოლეგებმა კომენტარით შეაფასეს გაკვეთილი.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საინტერესო იყო ჯეოსელის კლასში მუშაობა, ანიმაციების აწყობა, ცხრილების შევსება. გამოთქვეს სურვილი, ხშირად გამოვიყენო ჯეოსელის კლასი და კომპიუტერებთან მუშაობის მეთოდი, ანიმაციები, რაც დაეხმარება მათ მასალის ადვილად და ინოვაციურად ათვისებაში.

დამსწრე კოლეგებმა აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და ინოვაციური. განსაკუთრებით მოეწონათ ანიმაციები, ასევე – მოსწავლეთა კომპიუტერული დავალებები და მათი მაქსიმალური ჩართულობა. გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა იყო მიზნის შესაბამისი. მივაღწიე ყველა დასახულ მიზანს. ანიმაციების დახმარებით მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ამოიცნეს უჯრედის ორგანოიდები; დაახასიათეს მათი ფუნქციები; ამოიცნეს მცენარეული, ცხოველური და ბაქტერიული უჯრედები; ააწყვეს კომპიუტერში მცენარეული და ცხოველური უჯრედები; ჩამოაყალიბეს მსგავსება-განსხვავება მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის; იმსჯელეს უჯრედის სტრუქტურული   კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილეს უჯრედი როგორც ერთი მთლიანი; შეავსეს ცხრილები და დაახასიათეს მცენარეული და ცხოველური; პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები მსგავსება-განსხვავებათა მიხედვით. გაკვეთილის ბოლოს შეასრულეს easyQuizy-ს პროგრამაში მომზადებული ტესტები. ტესტებზე მუშაობისას, ოთხი წყვილის გარდა, ყველა კომპიუტერთან ტესტის ყველა პასუხი სწორი იყო. მოსწავლეებმა ტესტებს წარმატებით გაართვეს თავი. easyQuizy-ს პროგრამა გვაძლევს იმის ნახვის საშუალებას, სად დაუშვა მოსწავლემ შეცდომა. მივედი იმ მაგიდებთან, სადაც მოსწავლეებმა შეცდომები დაუშვეს და დავუსვი კითხვები, რომლებიც მათ დაეხმარა, თავად შეესწორებინათ შეცდომები.

ყველაზე საინტერესო და ინოვაციური იყო ის, რომ ყველა მოსწავლემ ყოველგვარი ტიპის დავალების შესრულებაში მიიღო მონაწილეობა და გაკვეთილში მაქსიმალურად ჩაერთო, რაც მიზნების მიღწევაში დამეხმარა.

ყველა სკოლაში არ არის ჯეოსელის კლასი, მაგრამ მსგავსი გაკვეთილი შეიძლება ჩატარდეს ინფორმატიკის კაბინეტში. მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩატვირთოს ყველა კომპიუტერში ანიმაციები და ცხრილები. შეიძლება, მოსწავლეებს შევთავაზოთ, თავად ააგონ უჯრედების შესადარებელი ცხრილები.

ვფიქრობ, გაკვეთილი ინოვაციური და საინტერესო იყო. ვურჩევ ჩემს კოლეგებს, გაიზიარონ ჩემი გამოცდილება და ჩაატარონ ამ ტიპის გაკვეთილი. თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, გავუზიარო ჩემ მიერ შექმნილი ანიმაციები და easyQuizy-ს ტესტები.

მასწავლებლის შექმნილი რესურსები

https://drive.google.com/file/d/1FewdqEnoDjH2J4h50iw8i9LXqs-32WET/view

https://drive.google.com/file/d/1vhg3S6YMb04h4lQVY9yDQkl1nDeNx3_g/view

https://drive.google.com/drive/folders/1hNqjP9K8xXbK4GwfXD8Y4UxLvMmnjPQK

გამოყენებული ლიტერატურა:

მოსწავლის სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებაში. ბიოლოგია.  მარინე სეხნიაშვილი; მალხაზ მაყაშვილი; ,მარინა ჯალიაშვილი; X კლასი.

https://www.google.com/search?client=opera&biw=1289&bih=607&tbm=isch&sa=1&ei=q9OtXJ7PEo6hmwWz1ICwCA&q=უჯრედის+აგებულება&oq=უჯრე&gs_l=img.1.2.35i39j0l8j0i5i30.22728.23520..26952…0.0..0.110.410.2j2……1….1..gws-wiz-img.Mye6CUiedz8

https://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი