შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რამდენიმე რჩევა გარე შეფასების გაკვეთილისთვის

ცვლილებების დაანონსებისას დადასტურდა, რომ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული უფროსი მასწავლებლები მოქმედი პროცედურის და შეფასების რუბრიკის მიხედვით გაივლიან გარე დაკვირვებას და შეფასდებიან.

შემდგომში როგორ შეიცვლება ეს კომპონენტი, მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ რადგან მიმდინარე სემესტრში საკმაო რაოდენობის პედაგოგი ელოდება გარე დაკვირვებას, საჭიროდ მივიჩნიეთ, წინა გამოცდილებისა და გარედაკვირვებაგავლილთა რეფლექსიების განზოგადების საფუძველზე რამდენიმე რჩევა მიგვეცა დაინტერესებული მკითხველისთვის.

გაკვეთილისთვის მზადებისას შეფასების რუბრიკის კრიტერიუმები რომ თქვენი საუკეთესო მრჩეველია, ყველას კარგად მოგეხსენებათ და ამაზე თქვენი ყურადღების შეჩერება აღარ ღირს.

პირველი, რის შესახებაც მინდა ვილაპარაკო, არის ემოციური წონასწორობის შენარჩუნება გარე დაკვირვების დროს. თავის მართვის, ემოციების მართვის უნარი (რაც პროფესიონალიზმის ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმია და ამაზე დაკვირვებაც ხდება) თქვენი საუკეთესო მეკავშირე იქნება. სამსახურებრივი ჩარჩოს გარედან თუ შევხედავთ სიტუაციას, ადვილად დავასკვნით, რომ ცხოვრებაში გარე დაკვირვებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება და არ ღირს ამ ერთი სამუშაო მომენტის გამო ნერვიულობა და ძრწოლა. ემოციებს აყოლილი, აკანკალებული მასწავლებელი ვერც შთაბეჭდილებას მოახდენს და არათუ საუკეთესო პროფესიული უნარების წარმოჩენას, არამედ საშუალო დონის გაკვეთილის ჩატარებასაც კი ვერ შეძლებს. დაძაბულობა შესაძლოა მოსწავლეებსაც გადაედოთ, ასე რომ, თავსაც და გაკვეთილსაც საფრთხეს შეუქმნით. იყავით მშვიდად და ბუნებრივად და ყველაფერი გამოგივათ. არ დაგავიწყდეთ, თქვენ წამყვანი მასწავლებლობა გსურთ და კოლეგებს ემოციების მართვის მაგალითიც უნდა მისცეთ.

კიდევ ერთი რამ, რასაც გარე დამკვირვებელთა უმრავლესობა გირჩევდათ, გაკვეთილის რეალისტური დაგეგმვაა. დაგეგმეთ 45 წუთში მიღწევადი მიზანი და მასზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც ამ დროში ჩაეტევა. თორემ რა ხდება? – მასწავლებელი ჩქარობს, მოსწავლეებსაც აჩქარებს, სიჩქარეში ლოგიკური ხაზი უმრუდდება ან საერთოდ უწყდება… მერე აქტივობის ან გაკვეთილის ვეღარ ასწრებს შეჯამებას, რითაც ზარალდება შეფასების კომპონენტი, განსაკუთრებით – განმავითარებელი შეფასება, რაზეც რეფლექსიაში მასწავლებლები თვითონვე სინანულით მიუთითებენ. ამის მიზეზი არარეალისტური დაგეგმვაა. ყველა აქტივობას ერთ გაკვეთილში ვერ ჩატევთ, შეარჩიეთ ის და იმდენი, რომელითაც 45 წუთში მიზანთან მიიყვანთ მოსწავლეს.

ზოგჯერ მასწავლებლები მოსწავლის არასწორი მოსაზრების მისაჩქმალავად მასზე არ რეაგირებენ. წინარე და მით უფრო ახალ მასალაზე მუშაობისას მოსწავლეთა მიერ საკითხის ზუსტად და ამომწურავად წარმოჩენა, სახელმძღვანელოს ახალი პარაგრაფის „გადმომღერება“ ქმნის ბუნებრივი (დაუდგმელი) გაკვეთილის განცდას? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ მოსწავლის მიერ გამოთქმული არც ერთი მოსაზრება, განსაკუთრებით – მცდარი. კი ნუ უგულებელყოფთ, მიეცით ისეთი კორექტული უკუკავშირი, რომ მცდარი მოსაზრების ავტორმაც სხვა თანაკლასელებთან ერთად გააგრძელოს ძიება და მათთან ერთად მივიდეს საჭირო დასკვნამდე. ასეთი მიდგომა თქვენ პროფესიონალიზმის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებს კი – თავისუფალი აზროვნებისას. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას.

ზოგჯერ გაკვეთილზე ყველა მოსწავლე არ ერთვება დისკუსიაში და ამას ნებით თუ უნებლიეთ მასწავლებელი უწყობ ხელს, როცა აქტიური მოსწავლეების წარმატებული პასუხების „მძევლად“ იქცევა, პასიურ მოსწავლეებს კი „თამაშგარე“ მდგომარეობაში ტოვებს.

კიდევ ერთი, მონათესავე ხარვეზი მასწავლებლის დომინანტის როლში დარჩენაა, როცა პედაგოგი თავს ვერ აღწევს საკუთარი ცოდნისა და უნარების (თუნდაც საუკეთესოს) წარმოჩენის სურვილს. თავადაც მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფესიონალიზმი თქვენი ცოდნისა და უნარების მოსწავლეთა გააქტიურებისკენ მიმართვას გულისხმობს. მიენდეთ მათ, დაუთმეთ ასპარეზი, შეაშველეთ კითხვები, მოახდინეთ პროვოცირება. ფასილიტატორად დარჩენა ძნელია, მაგრამ საჭირო.

ნუ დაკარგავთ დროს იმისთვის, რომ მოსწავლეებს „აუხსნათ“, სინამდვილეში კი გარე დამკვირვებელს მიანიშნოთ, რომელი აქტივობა შეფასების რუბრიკის რომელ კრიტერიუმს ეპასუხება და როგორ. ამის აღმოჩენა მისი მოვალეობაა და არა თქვენი. თქვენი საზრუნავი მოსწავლეა. გაკვეთილის მიზანში დამკვირვებელი ხომ არ ფიგურირებს? ჰოდა, გაკვეთილის დროც მთლიანად მოსწავლის საჭიროებებისთვის უნდა დაიხარჯოს.

დროის დასაზოგავად შემოგთავაზებთ კიდევ ერთ რჩევას გარე დამკვირვებელ კახაბერ ჩაკვეტაძისგან:

„თუ გაკვეთილის მსვლელობის დროს ჯგუფური მუშაობა გჭირდებათ, შეიძლება მოსწავლეები თავიდანვე დასხდნენ ჯგუფებად, ოღონდ მიეცით ნება, სხვა აქტივობების დროს ისე შეიცვალონ მიმართულება, რომ უხერხულად არ ისხდნენ: ხედავდნენ დაფას, ეკრანს, თვალსაჩინოებას, ერთმანეთს. შეეცადეთ, ჯგუფებმა თვითონ გადაინაწილონ ფუნქციები (თუ კარგად არ არიან გაწაფული ჯგუფურ მუშაობაში, ფუნქციების გადანაწილებაში დაეხმარეთ). თუ კლასში რამდენიმე ჯგუფი გყავთ და მათ ერთი და იგივე დავალება მიეცით, ჯობია, ერთმა ჯგუფმა გააკეთოს პრეზენტაცია და სხვებმა შეავსონ. ამითაც დროს დაზოგავთ“.

ამასთან, თუ მოსწავლეები მეთოდს იცნობენ, თუ შეფასების რუბრიკა ნაცნობია მათთვის, მოკლედ შეახსენეთ, მიანიშნეთ (ვიზუალიზებულ მასალაზე), მეტზე კი დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ. დროის კონტროლი მნიშვნელოვანია, რათა გაკვეთილი შეჯამებისა და შეფასებების გარეშე არ დაასრულოთ. ცვლილებების შემთხვევას რეფლექსიაში მოიხსენიებთ და მათ მიზნობრიობას დაადასტურებთ. და აქვე: შეეცადეთ, რეფლექსიით უპასუხოთ მისი შეფასების კრიტერიუმებს, რადგან აქ მაქსიმალური შეფასება გჭირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი