პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პროფესია – მასწავლებელი. ირა ძირკვაძე

წალკიდან ოცი კილომეტრის დაშორებით სოფელი გუმბათი მდებარეობს. სოფელში, უკვე ოცი წელია,  აჭარელი ეკომიგრანტები არიან ჩასახლებული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. ირა ძირკვაძე, 23 წლის მასწავლებელიც ამ სოფლის მკვიდრია. იგი გუმბათის ერთსართულიან სკოლაში, სადაც 78 ბავშვი სწავლობს, ქართულს და ინგლისურს ასწავლის. თბილისში , არაბისტიკის შესწავლის შემდეგ , ირა საკუთარ სოფელში დაბრუნდა და ბევრი მისი თანასოფლელივით, ქალაქში აღარ უძებნია სამსახური. ირა იმაზე წუხს, რომ სოფელი იცლება, ახალგაზრდები საკუთარ ადგილს და სამსახურს ვერ პოულობენ სოფელში, რაც შემდეგ იქაურობის  მიტოვების მიზეზი ხდება. თუმცა, ვერც იმაში ხედავს ვერაფერს გასაოცარს, რომ საკუთარ სოფელში დაბრუნდა და სკოლაში  დაიწყო მასწავლებლად  მუშაობა.

 

,,ყველაზე რთული იყო მასწავლებლად შესვლა იმ საკლასო ოთახში, რომელიც  ჩემი ბავშვობის მოგონებებს ინახავს. გუმბათელებს ჯერ გაუკვირდათ ჩემი მასწავლებლად დაბრუნების ამბავი. ხშირად მეუბნებოდნენ მსგავს სიტყვებს : განა  იმისთვის ისწავლე ოთხი წელი, რომ ისევ გუბათში დაბრუნებულიყავი?! ნელ-ნელა გაიაზრეს, რომ ჩემი დაბრუნება ცუდი კი არა, კარგია”.

 

1990 -იან წლებამდე  გუმბათში ბერძნები ცხოვრობდნენ, ახლა კი ბერძენთა  მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი.   უმრავლესობამ სოფელი 90-იანი წლების მიწურულს დატოვა და  საბერძნეთს  მიაშურა. სხვადასხვა არტეფაქტებისა  და  ზეპირი გადმოცემების საფუძველზე  ვარაუდობენ, რომ ბერძნების ჩამოსახლებამდე აქ ქართული სოფელი იყო, რომელიც გაუდაბურდა და შემდეგ თურქეთიდან ჩამოსახლებულმა  ბერძნებმა სოფელს ახალი სიცოცხლე დაუბრუნეს. ახლა გუმბათს, აჭარელი ბავშვების მხიარული ხმები და შეძახილები  ახალისებს. ირა  ასეთ პროექტსაც ახორციელებდა:  ,,აღმოაჩინე შენი სოფელი”. მოსწავლეებთან ერთად დადიოდა სოფელში და ისტორიულ ამბებს აგროვებდა. პროექტის ჰონორარით ველოსიპედი იყიდა და ველოსიპედიანი  მასწავლებლის დანახვა სოფელში აღარავის  უკვირს. თავიდან კი :

 

,,პირველად ველოსიპედებით რომ წავედით გუმბათის გარშემო სასეირნოდ, რამდენიმე შემხვედრმა მითხრა, როგორ რისკავ, რომ ასე დაჰყვები მოსწავლეებსო. მაგრამ, მე ასე ვფიქრობ: თუ მოსწავლეებს დაანახებ რომ ენდობი, ისინი არასოდეს გაგიცრუებენ იმედებს”- იხსენებს ირა ძველ ამბებს.

 

ნოემბრის მიწურულს გუმბათის დილა მკაცრია და სუსხიანი. ადგილობრივები ზამთრისთვის ემზადებიან – თივას აწყობენ, შეშას იმარაგებენ. დილაადრიან სოფლის ორღობეებში თავსაფრიანი ქალები წყლის მოსატანად მიიჩქარიან, ზოგიერთი პირუტყვს მიერეკება. სოფელი არც გაზიფიცირებულია  და ასევე,  სასმელი წყლის პრობლემაც დგას.  სხვა პრობლემებიც არ აკლიათ: კარტოფილი მოჰყავთ დიდი რაოდენობით, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებენ.   ამ  და კიდევ ბევრ სხვა მიზეზთან ერთად  გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ აღარ მოუწევთ ქალაქში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს სოფლისკენ გული. ირა, ის სასიამოვნო გამონაკლისია, რომლის სოფელში დაბრუნებას ცვლილებები მოჰყვა და ახალი იმედები გააჩინა.

 

 

თუ თანმიმდევრობის  კანონს მივყვებით, ირასთან სტუმრად ჩასულები ჯერ მის სახლში ვხვდებით. სადაც აჭარული კერძებით გვიმასპინძლდებიან და იგრძნობა ძალდაუტანებელი  კეთილგანწყობა. ღუმელთან თბება ირას ბებო – მარიაჩკა. ტრადიციულ, მუსლიმურ თავსაბურავში გამოწყობილი და ოდნავ გოროზი გამომეტყველებით. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.  ირა მშობლებთან საუბრობს. მათი   მეგობრული დამოკიდებულება ირას მიმართ, იმაზეც მაფიქრებს, რატომ არის ასეთი ლაღი და პოზიტიური ახალგაზრდა მასწავლებელი და რატომ სჯერა იმ საქმის, რასაც ასე გულწრფელად აკეთებს. მის უკან – მისი  ოჯახია, ირას  ყველა საუკეთესო გეგმის და მიზნის მხარდამჭერი.

 

ირას ორივე მშობელი მასწავლებელია. დედა – ციცინო გობაძე ქართულს ასწავლის, მამა- ლევან  ძირკვაძე რუსულს და გეოგრაფიას. ირა ამბობს, რომ მშობლების პროფესიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ  და შემდეგ უკვე  საყვარელი პროფესიაც აპოვნინა.  წიგნები და განათლების თემებზე  საუბარი, ირას ბავშვობიდან ახსოვს. ახლა კი სამი მასწავლებლისგან შემდგარ ოჯახში ხშირად ხდება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, დისკუსია,  ერთმანეთს გაკვეთილებზეც ესწრებიან და ცდილობენ, საკუთარ პროფესიაში ერთმანეთის საუკეთესო პროფესიული მიდგომები გამოიყენონ. ირას დედას,  შვილის ახლებური და თანამედროვე მიდგომები მოსწონს. მოსწონს მისი თავისუფლება და სილაღე, მისი დამოკიდებულება ბავშვებთან, რომ არავის განასხვავებს და ცდილობს ყველასთან გულწრფელი იყოს.

 

პატარა სოფელი, რომელიც ვერც გზებით და ვერც გამართული ინფრასტრუქტურით თავს ვერ მოიწონებს, გადარჩენას განათლების გზით ცდილობს. ირასგან ვიგებთ, რომ გასულ წელს სოფლიდან 7 სტუდენტი წავიდა ქალაქში სასწავლებლად და მათგან ექვსმა დაფინანსება მოიპოვა.  ეს კი პატარა სოფლისთვის, რომელიც ასე მოკლებულია ცივილიზაციის სიკეთეებს, არც ისე ჩვეულებრივი ამბავია და ეს ამბავი განსაკუთრებით ძირკვაძეების ოჯახს ახარებს, რომელიც  გუმბათელი ბავშვების სამომავლო განათლებასთან გადაჯაჭვულია.

 

ირა სკოლაში წასასვლელად ემზადება. დღეს განსაკუთრებული დღეა მისთვისაც და მისი მოსწავლეებისთვისაც. ახალგაზრდა მასწავლებლის  სახლთან  მოსწავლეები იკრიბებიან, ველისიპედებით არიან…  მოკლე დოკუმენტურ ვიდეოს  ვიღებთ. ირა ველოტურს გეგმავს. ამ ამბავს ყველა ბავშვი  ყიჟინით ხვდება, თან ახალი თავგადასავალიც მოსწონთ. გუმბათელი ბავშვები არც ისე განებივებულები არიან სიახლეებით.

 

გიგი მიქელაძე, ნიკა კახაძე, ელენე მიქელაძე, თორნიკე მუშარბაძე, ლიზი ბერიძე, საბა საგინაძე, ლუკა გორგაძე, საბა ჭელიძე და გიორგი ბოლქვაძე – ირას მოსწავლეები არიან. ირა ამჯერად, ქართულის გაკვეთილს ატარებს.  ბიჭები უფრო აქტიურობენ, ვიდრე გოგონები. საკუთარ სურვილებზე და მისწრაფებებზე ყვებიან. რა უნდათ მომავლისგან, რატომ უნდა ისწავლონ, რას მოელიან განათლებისგან ; ასევე იმასაც ყვებიან,  რა არ აქვთ სოფელში, როგორ ოცნებობენ კარგ გზაზე, რომ უკეთესად ისეირნონ ველოსიპედებით და მომავალში ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ გაჭირვებაში მყოფ თანასოფლელებს დაეხმარონ.

 

,,საოცარი მოსწავლეები მყავს: გულწრფელები, მოუსვენრები, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულები;  წერენ ლექსებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს, ხატავენ მათთვის საინტერესო პერსონაჟებს; აკვირდებიან ყოველ დეტალს, ზოგჯერ მთავაზობენ, რომ საშინაო დავალება მათთან ერთად მეც დავწერო. საგაკვეთილო აქტივობებში ცვლილებები შეაქვთ. უხარიათ სიახლეები და ძალიან ჭკვიანურ შეკითხვებს სვამენ და ცდილობენ ყველაფერი  ობიექტურად შეაფასონ. ერთი მოსწავლე მყავს , წერა ეზარება ხოლმე. ერთ დღესაც გაბრწყინებული თვალებით მეუბნება :,,მას., რა მაგარი იქნება ისეთი კალამი რომ არსებობდეს, ვუთხრა რისი დაწერაც მინდა და თვითონ დაწეროს.”  წარმოგიდგენიათ, ლუკა რომ დიდი გაიზრდება  და თუ სამყარო მას დაეხმარება, შეიძლება გამომგონებელიც გახდეს. მერე რა, წერა თუ არ უყვარს, სამაგიეროდ, ფიქრი და ხატვა უყვარს.”

 

ახალგაზრდა მასწავლებელში ყველაზე დიდ, პროფესიულ დისკომფორტს მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი იწვევს და წუხს, რომ ჟურნალში ჩაწერილი ქულები სათანადო ინფორმაციას ვერ გვაძლევს მოსწავლის შესახებ და უფრო სხვა რამ არის საჭირო და მოსაფიქრებელი.

 

,,ყველაზე მეტად, მე და ნიშნები, ე.წ ქულები, ვერ ვუგებთ ერთმანეთს. მოსწავლეებს ისე სწყინთ დაბალი ქულის მიღება და ისე გაფაციცებული თვალებით შემოგყურებენ მაღალი ქულის მოლოდინში, სურვილი მაქვს ყველას ათიანები ჩამოვუწერო და გავახარო. მაგრამ, სამართლიანობის შეგრძნება მაინც სწონის ამ ყველაფერს და მიწევს რეალურად შეფასება. ვფიქრობ, მოსწავლეებთან ბევრი გვაქვს სამუშაო ნიშნებთან დამოკიდებულებაზე, რათა მათთვის ღირებული და მნიშვნელოვანი მხოლოდ დამსახურებულად, საკუთარი ცოდნის შესაბამისად მიღებული ნიშანი იყოს.  ნიშნების ნაცვლად, ყოველი სემესტრის ბოლოს სიამოვნებით დავწერდი თითოეული მოსწავლის დახასიათებას, თუ რა ისწავლა, რაში სჭირდება დამატებითი მეცადინეობა ან რას აკეთებს კარგად, ან რა უნდა გამოასწოროს. ოღონდ არა ისეთს, ადრე რომ წერდნენ :,,არის კარგი მოსწავლე, წერს კარგად და კითხულობს.”  უფრო დაკონკრეტებით რომ იყოს დახასიათებული მოსწავლის შესაძლებლობები.  ეს იქნება ინფორმაცია მასწავლებლისთვის, რათა უკეთესად დაგეგმოს შემდეგი სემესტრის თემები. მშობლისთვისაც კარგი იქნება ასეთი ინფორმაციის მიწოდება, რომ უკეთ დაინახოს მისმა შვილმა  რისი სწავლა შეძლო კარგად და რა მიმართულებით აქვს დამატებითი სამუშაო.”

 

ირას იმაზეც ვკითხეთ, თუ რა წინაღობები და გამოწვევები ხვდება ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლაში და ასევე, რა შეიძლება გახდეს ახალგაზრდა მასწავლებლისთვის იმედგაცრუების მიზეზი, თუ კი გადაწყვეტს თავისი პროფესიული არჩევანი სკოლას დაუკავშიროს.

 

,,როგორც ახალბედა მასწავლებელს, პირველ რიგში, დისკომფორტს მიქმნის მასწავლებლების მიმართ უნდობლობა. გვამოწმებენ, გვთხოვენ დამამტკიცებელ საბუთებს, რომ რაღაც ჩავატარეთ. გვთხოვენ, ვავსოთ შაბლონები, ყველა საბუთი ვაჩვენოთ რესურსცენტრის თანამშრომელს. ზოგჯერ მგონია, რომ ამ გარე ფაქტორების მოწესრიგება უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე მოსწავლის აღზრდა და მათთვის ცოდნის გადაცემა. გვთხოვენ , რომ აუცილებელია შემაჯამებელი გაკვეთილი და შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ არ უხსნიან, რომ ეს სამინისტროს ან რესურსცენტრის წარმომადგენლისთვის კი არ გვჭირდება, არამედ შემაჯამებელი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გაიგეს ჩვენმა მოსწავლეებმა და რა ვერ გაიგეს.  ხოლო შეფასების რუბრიკა იმისთვის გვჭირდება, რომ მოსწავლეებს გავაგებინოთ, თუ როგორ შეფასდებიან. საგანმანათლებლო სივრცეში  მუდმივი რეფორმები და მასწავლებლების ცდების ობიექტებად გამოყენებაც დამღლელია. თითქოს სულ შიშშია მასწავლებელი, რადგან მის პროფესიაში არ არის სტაბილური მდგომარეობა და სწორედ ეს იწვევს იმედგაცრუებასაც და ამ პროფესიის არაპოპულარობასაც”.

 

,,რთულია მასწავლებლობა, ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. ერთი კარგი გაკვეთილის ჩატარება პედაგოგისგან ძალიან დიდ ენერგიას, შრომას  და დროს მოითხოვს. მეოთხე გაკვეთილის შემდეგ  შინაგანად ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე, მაგრამ ერთი უბრალო მოსალმება მოსწავლეებისგან, რომლებიც მუდამ სითბოჩაღვრილი თვალებით შემომციცინებენ,  ყველაფერს მავიწყებს. ადამიანებს ხომ  ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია სამყაროს წინაშე და ვფიქრობ, რომ მე ყველაზე კარგად ჩემს პიროვნულ ვალდებულებებს მასწავლებლობით შევასრულებ. მასწავლებლობა ხომ იმასაც ნიშნავს, რომ გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა, სხვა ადამიანებისთვისაც იყო მნიშვნელოვანი და სხვებიც   საკუთარივით   შეიყვარო”.

 

ირა ორი წელია ,  რაც მასწავლებელია და უკვე მოიპოვა ბავშვების სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა მასწავლებელია, ყოველდღიურად ცდილობს, უფრო მეტი ისწავლოს და საკუთარი ცოდნა გუმბათელ მოსწავლეებს გაუზიაროს. ირა იმაზეც დარდობს, რომ გუმბათელი  ბავშვები ქალაქელი ბავშვებისგან განსხვავებით მოკლებული არიან ბევრ შესაძლებლობებს, ამიტომ ყოველი ახალი სამუშაო დღე  მისთვის გამოწვევაა, იპოვოს საკუთარ თავში ძალა და ენერგია, რომ  მოსწავლეების  ცხოვრებაში სასწაულები მოახდინოს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი