ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აირჩიე სიკეთე, დადებითი განწყობა და… გატეხილი ცხვირი

„აირჩიე სიკეთე“ – ამ სერიით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ უკვე რამდენიმე წიგნი შესთავაზა  ბავშვებსა და მოზარდებს. ორიგინალური ყდებითა და სანიშნებით გამორჩეული წიგნები, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს დააყენებს კითხვის ხასიათზე. დღევანდელ წერილში კი თანამედროვე ნორვეგიელი ავტორის, არნე სვინგენის ბესტსელერზე გესაუბრებით, რომელსაც „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ ჰქვია და სწორედ ზემოხსენებული სერიიდან გახლავთ. წიგნმა არა მარტო უცხოელი, ქართველი მკითხველის მოწონებაც დაიმსახურა. მისი მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე 2018 წლის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა საუკეთესო ნათარგმნი წიგნის ნომინაციაში.

დადებით განწყობა საახალწლო არდადეგებზე ბოლომდე რომ შეინარჩუნოთ, ჩემი აზრით, წიგნზე უკეთ არაფერი დაგეხმარებათ. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ კი ზედგამოჭრილია მოკლე საახალწლო არდადეგებისთვის: აღმოჩენებითა და მოულოდნელობებით აღსავსე თინეიჯერების ცხოვრებას აღწერს, გამოუვალი მდგომარეობებიდან თავის დსაღწევად სასარგებლო რჩევებით გვამარაგებს და რაც მთავარია, მარტივად და სწრაფად იკითხება.

გატეხილი ცხვირი გარეკანზევე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ჭრილობაზე გადაჯვარედინებული სახვევებისა და ხავერდის ფარდებს მიღმა შესაძლოა იმთავითვე ვერც შეამჩნიოთ საპირფარეშო ოთახის ჩაჟამებული ინტერიერი. რატომ შეურჩია ილუსტრატორმა პატარა ტანის, ყავისფერთმიან, ცისფერთვალება ბიჭს ამგვარი ფონი, რა თქმა უნდა არ გაგიმხელთ. ავტორს (და მასთან ერთად მთავარ გმირსაც) სურს პირველივე გვერდებიდან გამოცანების ამოსახსნელად განეწყოთ:

„არაფერია, ასეთებიც ხდება.

იატაკზე ვწევარ. სულ რამდენიმე წუთის წინ ფეხზე ვიდექი. სამყაროს ვერტიკალურად აღვიქვამდი და თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. ზოგი დარტყმა შოკსა ჰგავს.“

გატეხილი ცხვირის პატრონი ამბის დასაწყისში 12 წლისაა, სახელად ბარტი ჰქვია და თვლის, რომ „უღიმღამო გარეგნობა“ აქვს: „ვინმე თუ შემომხედავს, გვერდით გახედვისთანავე ვავიწყდებიო.“ მოზარდებისთვის ჩვეულ თვითკრიტიკაში ბადალი არ ჰყავს – ამაში წიგნის გვერდებზე დასმული უამრავი შეკითხვაც დაგარწმუნებთ:

ჩემს ასაკში ოპერას ვინმე უსმენს?.. ჩემს შარვალს რამე სჭირს?..  ნეტავ მართლა ასე ფიქრობს?.. ნეტავ, რა იგულისხმა?.. მეც მასავით ლამაზი ღიმილი მაქვს?.. დავიჯერო, როდესაც გოგნები ბიჭებს ამ სიტყვებს ეუბნებიან, ათას ისეთ რამეს არ გულისხმობენ, რის აზრზეც არ ვარ?.. ყველაფერში კონკურენცია რა საჭიროა?.. ნუთუ, არ შეიძლება კარგი საქმე ისე ვაკეთოთ, რომ ყველა, უბრალოდ, კმაყოფილი დარჩეს?..

ბარტი ამ კითხვებს ხმამაღლა როდი აჟღერებს – მიაჩნია, რომ დასცინებენ. დაცინვის მოთმენა და სხვისთვის თავის დახრა კი გარანტირებული ჩაგვრის წინაპირობაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში გამობრძმედილ ბიჭუნას საკუთარი პოზიციების დაცვის სხვა მეთოდებიც აქვს: არ ამბობს, კრივზე რომ დადის, ძალების გამოცდას თავი რომ აარიდოს; ცრუობს, ჩემო ჰობი სერიული მკვლელევის სურათების შეგროვებააო და ზედმეტი საუბრისგან თავს იძვრენს; გადაწყვეტს, ზაფხულის ზეიმზე საკუთარი სიმღერით ყველა გააოცოს და ამ გზით ქედმაღალ თანაკლსალებს  დაავიწყოს მიყრუებული უბნის ღარიბულ ოთახში „სუმოისტ დედასთან“ ერთად რომ ცხოვრობს. ბარტის თანაკლასელი ბიჭებიდან რამდენიმეს მხოლოდ წინდა აცვია იმ ფასის, რაც მისი მთელი ტანსაცმელი ღირს. მათთვის კონკურენციის გაწევა რთულია, ამიტომაც ბარტს თავი „მგლებში გაზრდილ იმ ველური ბიჭად მიაჩნია, რომელმაც არ იცოდა, ადამიანები როგორ ცხოვრობდნენ.“

ცხორების სირთულეებს იოლად რომ გაუმკლავდეს, დედას ბარტი კრივზე  დაჰყავს. ბარტი მშვენივრად ხვდება, კრივი მისი სპორტი რომ არ არის, თუმცა მშობლის გულისტკენას ერიდება და თავს იმხნევებს: „ცხოვრებაში ყველაფერს სიხარულით ვერ შეხვდებიო.“ გარდა ამისა, „კიდევ არის რაღაც, რაც ამ ყველაფერს მთლიანად აბათილებს,“ რაც მის სხეულს ცეცხლივით ედება და გულ-მუცელს უწვავს. ეს სიმღერა გახლავთ – ისეთი მაგარი სიმღერა, „რომლის ხმასაც შეუძლია შუშა დაამსხვრიოს და ყველა სასმენი არხი ერთიანად აავსოს.“

არნე სვინგენი გთავაზობთ ბარტთან ერთად გაიაზროთ, როგორია, როდესაც საუკეთესო გოგონას გვერდით ზიხარ და ის მონდომებას არ იშურებს შენს დასახმარებლად; როდესაც დაბადების დღე ერთდროულად სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებითა და გულისტკენით; როდესაც შუღამის სამ საათზე დედა გაღვიძებთ და სამასჯერ მაინც გიმეორებთ, მიყვარხარო; როდესაც მამას მთელ მსოფლიოში დაეძებ და ოცნებობ, მასთან ერთად ყველა თემატური პარკი მოიარო; როდესაც ყველაზე წყალწაღებული მეზობელი შენი მფარველი ხდება; როდესც ხვდები, რომ ბებოები ყველანაირი უსიამოვნების გასაქარწყლებლად არსებობენ და მათთვის სახელმწიფომ სპეციალური ჯილდო უნდა დააწესოს; როდესაც ძალიან გინდება საკუთარი ბიჭური ოთახი გქონდეს, გონზე მოსასვლელად რამდენიმე წუთით მაინც რომ ჩაიკეტო…

გისურვებთ, ამ ორიგინალურ ბალადაში ბარტთან ერთად თქვენც ჩახვდეთ ისეთი დაუსრულებელი წინადადებების არსს, რომლებიც გაცილებით მეტს გამოხატავენ, როცა ყველა სიტყვას არ ამბობ; აღმოაჩინოთ ისეთი ჯადოსნური სიტყვები, მთელ თქვენს სათქმელს რომ დაიტევს და ძახილის ნიშნით დაგვირგვინდება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი