ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ გაათავისუფლეს მასწავლებელი Pink Floyd-ის The Wall-ის ჩვენების გამო

ეს ამბავი აშშ-ში მოხდა.

დატვირთული სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებელმა კლასში გამოკითხვა ჩაატარა, რა ფილმის ნახვას ისურვებდნენ მოსწავლეები. მათ აირჩიეს Pink Floyd-ის “The Wall”.

მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა ფილმი, თუმცა ჩვენებამდე გააფრთხილეს, რომ ის შეიცავდა ძალადობის სცენებს, უხამსობას, ზრდასრულ ადამიანებზე გათვლილ შინაარსს: როკვარსკვლავის წარუმატებელი ქორწინება, ნარკოტიკების მოხმარება, მძიმე პარანოია, დანგრეული კარიერა… ამიტომ, მასწავლებელს ურჩიეს, შინაარსი მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარებისთვის მოერგო და ფილმი ისე ეჩვენებინა.

მასწავლებელმა არ გაითვალისწინა ეს რეკომენდაცია. ის ერთ-ერთი მოსწავლის რჩევას დაეყრდნო, რომელსაც ფილმი რამდენჯერმე ჰქონდა ნანახი. მასწავლებელმა მოსწავლეს ჰკთხა, რამდენად შეიძლებოდა ამ ფილმის ჩვენება სკოლაში. მოსწავლის განმარტებით, ფილმში მხოლოდ ერთი “ცუდი სცენა” იყო.

მასწავლებელმა ჩათვალა, რომ ფილმის ჩვენება “უსაფრთხო” იქნებოდა. მან მოსწავლეს სთხოვა, ფილმის ჩვენების დროს ეკრანზე დაეფარა ის კადრები, რომლებშიც ჩანდა სიშიშვლე ან სხვა მოსწავლეების ასაკისთვის შეუსაბამო სცენები: “Young Lust”-ის ნაწილი; ყვავილების გარდაქმნა ადამიანის სხეულის ორგანოებად და შერწყმა; ძალადობრივი თვითგვემის სცენა; ბავშვების “გატარება” ხორცსაკეპ მანქანაში.

როგორც ჩანს, მოსწავლემ კარგად შეასრულა მასწავლებლის თხოვნა და ფილმის ჩვენების დროს შეუსაბამო კადრები დაფარა. მოსწავლეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

საღამოს, ჩვენების დროს, საკლასო ოთახში სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი შევიდა, მოგვიანებით კი მასწავლებელს მოსთხოვეს, ფილმი განათლების საბჭოსთვის გადაეცა. საბჭომ ჩათვალა, რომ ფილმი ამორალური ხასიათისა იყო და შეიცავდა განათლების, ოჯახის, სამართლებრივი სისტემის, პოლიციის საწინააღმდეგო პროპაგანდას. ასეთი ფილმის ჩვენება კი 14-17 წლის ასაკის მოსწავლებისთვის არ იყო ნებადართული, ამიტომ გადაწყვიტეს, მასწავლებლისთვის კონტრაქტი შეეწყვიტათ.

მასწავლებლის აზრით, Pink Floyd-ის “The Wall”-ს ჰქონდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულება, რადგან წარმოაჩენდა რეპრესიული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებებსა და საფრთხეებს, ადამიანების ურთიერთგაუცხოებას. საბჭომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და მას სწავლების უფლება ჩამოართვა.

მასწავლებელმა სასამართლოს მიმართა. მოსამართლე სკოტ რიდმა მიიჩნია, რომ მასწავლებელი ფილმის ჩვენების დროს იყენებდა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას – სიტყვის თავისუფლებას, აღუდგინა მას ჩამორთმეული უფლებები და მოპასუხეს დააკისრა მისთვის განაცდურის, ემოციური სტრესით გამოწვეული ზიანის, სახელისა და რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის, ახალი სამუშაო ადგილის ძიების დროს გაწეული ხარჯების და სასამართლო და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

განათლების საბჭომ გაასაჩივრა განაჩენი, ზემდგომმა სასამართლომ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოსამართლე ტედ მილბურნის მოსაზრებით, სიტყვის თავისუფლება საკლასო ოთახში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა მასწავლებლის ქმედება, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ იყო დაცული სიტყვის თავისუფლებით, კერძოდ, მან არ ნახა ფილმი, სანამ მოსწავლეებთან ჩვენებას მოაწყობდა; არ აუხსნა, არ განუმარტა მათ ნამუშევრის შინაარსი.

მოსამართლის განცხადებით, კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლებით დაცულია ისეთი ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით ექსპრესიული და კომუნიკაციურია. მასწავლებელს ფილმის ჩვენების დროს არც კი უცდია, მოსწავლეებისთვის აეხსნა ფილმის არსი, მას მოსწავლეებთან კომუნიკაციის განზრახვა არ ჰქონია. მასწავლებლის განმარტება, რომ ფილმს აქვს საგანმანათლებლო ღირებულება, რადგან აჩვენებს ავტორიტარული სისტემის ნაკლს, იყო ფაქტის შემდგომი თავის მართლების მცდელობა და, შესაბამისად, საქმის მიმართ არაპროფესიონალური დამოკიდებულება.

საბოლოოდ ეს საქმე მასწავლებელმა წააგო. დისკუსიისთვის კი დღესაც გამოდგება:

* ჰქონდა თუ არა მასწავლებელს კონსტიტუციური უფლება, მოსწავლეებისთვის ეჩვენებინა ფილმი The Wall, რომელიც ასახავდა სკოლაში არსებულ მჩაგვრელ გარემოს?

* ფილმის ჩვენების უფლების [სიტყვის თავისუფლების] დაცვას ხომ არ აქვს უპირატესი ინტერესი, ვიდრე ამორალური სიტყვებისა თუ სცენებისგან მოსწავლეთა დაცვას?

* რა გავლენას ახდენენ უსიყვარულო, რიგიდული, ავტორიტარული მშობლები, მასწავლებლები, მოსამართლეები და სახელმწიფო მოხელეები ინდივიდებსა და საზოგადოებაზე?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი