პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბავშვი და ძილი, სწორი მიდგომები და რეკომენდაციები

ყველა მშობელი შფოთავს, როცა ბავშვის ძილი დრო ახლოვდება. მიზეზი უბრალოა: ბავშვებს არ უყვართ დაძინება. გამოდის, რომ როდესაც მათ დასაძინებლად ვაგზავნით, ვაძალებთ იმის გაკეთებას, რაც არ სურთ.
რატომ არ უყვართ ბავშვებს დაძინება? ყველა ვყოფილვართ იმ ფაქტის მომსწრე, რომ ძალიან დაღლილი და ფეხზე მთვლემარე ბავშვიც კი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მიდის დასაძინებლად. რატომ ხდება ასე?
მიზეზი მრავალგვარია:
1. დასაძინებლად წასვლა მათთვის რაიმე საინტერესო საქმიანობასთან, სასიამოვნო საზოგადოებასთან განშორებას ნიშნავს;
2. ბავშვებს ჰგონიათ, რომ ჩვენ, მოზრდილები, არ ვწვებით დასაძინებლად. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის ნებასაც მათ არ ვრთავთ;
3. უფრო ხშირად, გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი უბრალოდ ჯერ არ დაღლილან;
4. ზოგჯერ ბავშვებს სიბნელის ეშინიათ;
5. შესაძლოა, ამის მიზეზი საშიში სიზმრები იყოს;
6. შესაძლოა, ბავშვს საწოლში ჩასველებულს, გაყინულს, შეშინებულს გაუღვიძია და არ ავიწყდება ის უსიამოვნო შეგრძნება, როცა თავს მარტოდ მიტოვებულად, დავიწყებულად გრძნობდა და მისი ძახილი დიდხანს რჩებოდა უპასუხოდ;
7. ასევე არაა გამორიცხული, რომ დასაძინებლად წასვლის ხვეწნას ბავშვი თვითდამკვიდრებისა და მშობლებზე ზემოქმედებისთვის იყენებს;
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვი ხალისიანად წავიდეს დასაძინებლად? ჩვენ უნდა ავუხსნათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძილი, მაშინაც კი, როდესაც მას ეს არ სურთ.
ეს სწორი მიდგომაა. იმ ფაქტს, რომ ბავშვებს დასაძინებლად წასვლა არ უყვართ, ჩვენ ხაზგასმით იმიტომ არ აღვნიშნავთ, რომ უფრო მკაცრი ზომებისკენ მოგიწოდოთ. სრულიადაც არა, ეს ჩვენი ყურადღების ცენტრში მიზეზთა გამო მოექცა:
1. ჩვეულებრივი ახსნა-განმარტებებით, ჯილდოებითა და საჩუქრებით სტიმულირება უშედეგოა. ეს პრობლემა ყოველდღიურია და ყოველდღე ახალ-ახალ მასიმულირებელ საგნებზე მოგვიწევს ფიქრი. საერთოდ, არ შეიძლება ბავშვებთან მერკანტილური ურთიერთობის დამყარება. ასეთ შემთხვევაში, როცა ცუდ ხასიათზე ვიქნებით, მაშინ მათ გაუკვირდებათ, რატომ არ გვინდა მორიგ “გარიგებაზე” წასვლა. და მაინც, ვერცერთი ბავშვი ვერანაირი საჩუქრის გამო ვერ მიეჩვევა დასაძინებლად სიხარულით წასვლას;
2. დიდი გაგება, კეთილგანწყობა, მოთმინებაა საჭირო, რომ ვასწავლოთ ადამიანს ის, რისი სწავლაც არ უნდა, და პირიქით, რა ადვილად ისწავლება ყველაფერი, რაც გვაინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში არცერთი ბავშვი არ დაინტერესდება ამ გაკვეთილით, სანამ ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. აი, ამიტომაა ეს ამოცანა რთული ჩვენთვის, მშობლებისთვის. რატომ ვკარგავთ მოთმინებას. მოუთმენლობას მივყავართ სიმკაცრისაკენ. სიმკაცრე კი წარმატების გარანტია არ არის. ამას გარდა, როდესაც ვფიქრობთ, რომ სიმკაცრე ხსნის პრობლემას, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებთ, მარტოოდენ სიმკაცრით ვერ ვასწავლით ბავშვს გაიგოს ძილის აუცილებლობა. ასე მხოლოდ იმ აზრს შევაჩვევთ, რომ მას ასეთი მომთხოვნი მშობლები ჰყავს. ხდება პირიქითაც – ბავშვი იბნევა და არ შეუძლია, გაიგოს, მისი ყოველთვის ალერსიანი და კეთილი მშობლები ძილის მოახლოებისას რატომ ხდებიან ასეთი უსიამოვნო და მტრულად განწყობილნი.
მაინც როგორ მოვიქცეთ? უპირველეს ყოვლისა, გავნსაზღვროთ, რის მიღწევა გვინდა – ჩვენ არ უნდა შევაძულოთ მას დაწოლის დრო; ჩვენ გვინდა მას გავაგებინოთ დაწოლის აუცილებლობა; მისი სურვილის მიუხედავად, ჩვენ გვინდა ბავშვს ვასწავლოთ მიეჩვიოს იმას, რაც საერთოდ ჩვევად უნდა ექცეს.
ამ მიზნების განსახორციელებლად შეგიძლიათ სხვადასხვაგვარად მოიქცეთ:
1. ნუ ეცდებით, რაიმე ასწავლოთ ბავშვს სიცოცხლის პირველ წელს. ძუძუზე მყოფ ბავშვში ძილის მოთხოვნილება ჯერ ისევ ძლიერია;
2. გაკვეთილი შეფარვით პირველ წელსაც შეიძლება დაიწყოთ:
ა) ნუ დააძინებთ პატარას დღისით და დღის მეორე ნახევარში იმდენად გაართეთ, რომ დაიღალოს;
ბ) მხოლოდ მაშინ ნუ ამოგყავთ საწოლიდან ან ეტლიდან, როცა ტირის, არამედ ხანდახან უმიზეზოდაც გეჭიროთ ხელში;
გ) შეეცადეთ, რაც შეიძლება ადრე მოათავსოთ ცალკე ოთახში;
დ) ჩააქრეთ შუქი და გამოდით ოთახიდან;
ე) როგორც კი ბავშვი იტირებს და იყვირებს, დაუყოვნებლივ მიდით მასთან, თუ ჩასველებულია, საფენი გამოუცვალეთ, დაალევინეთ ჩაი ან წყალი და ალერსით დაამშვიდეთ. ნუ აიყვანთ ხელში და ნუ მისცემთ საწოვარიან ბოთლს. ნაზად გადაუსვით ხელი, დაელაპარაკეთ, დაე, იგრძნოს თქვენი ალერსიანი და მშვიდი გარემო.
3. ზოგჯერ ხდება, რომ ბავშვი ღამით ძალიან აღელვებული იღვიძებს. თუ სიცხე არ აქვს და საწოლში არაფერი აწუხებს, შესაძლოა ცუდმა სიზმარმა შეაშინა. ბავშვები ვერ არჩევენ სიზმარს სინამდვილისგან. შესაძლოა, ზოგჯერ სიზმარში ჩვენ გროტესკულად შეცვლილებს გვხედავენ. თუ ბავშვმა ცუდი სიზმარი ნახა, სჯობს გავაღვიძოთ, შუქი ავანთოთ, ხელში ავიყვანოთ და როცა დაწყნარდება, დაველაპარაკოთ, ცოტათი გავართოთ კიდეც, სანამ ისევ დავაწვენთ დასაძინებლად. ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ბავშვს არ დარჩეს ძილისადმი უსიამოვნო დამოკიდებულება.
4. როდესაც ბავშვი 1.6-2 წლის ხდება, საქმე ცოტათი რთულდება. მან უკვე იცის სიტყვების ”ძილი ნებისა” მნიშვნელობა, მაგრამ ზოგჯერ თავს იკატუნებს, ვითომ ვერ იგებს. ასეთ შემთხვევებში თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ და სიტყვას საქმე მივაყოლოთ. თუ თქვენ უკვე წარმოთქვით “ძილი ნებისა”,  ბავშვი კი ტირილს იწყებს, შემდეგნაირად მოიქეცით:
ა) მოიფიქრეთ რაიმე მარტივი რიტუალი და შეასრულეთ ყოველთვის, როცა დაწოლის დრო მოახლოვდება. ბავშვი შეეჩვევა ამ რიტუალს და იმ აზრსაც, რომ ძილის დრო მოახლოვდა. ასეთი რიტუალი შეიძლება გახდეს რაიმე მარტივი მოქმედება, მაგალითად, ფანჯრის გაღება, ფარდების გაწევა, ლოგინის გაშლა და ა.შ. მისი ყურადღება ამ და სხვა უმნიშვნელო წვრილმანებზე უნდა გადაიტანოთ;
ბ) როდესაც ოთახიდან გადიხართ, მიეცით მას რაიმე საგანი, მაგალითად, დათუნია ან თოჯინა. უთხარით პატარას, რომ არ გააღვიძოს დათუნა, რომელსაც უკვე სძინავს;
გ) თუ ბავშვი თქვენი გასვლის შემდეგ ისევ დაიწყებს ტირილს, დაბრუნდით მასთან, თუ ტირილს გააგრძელებს და უთხარით, რომ თქვენ იქვე ხართ, გვერდით ოთახში, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ დედას უყვარს ის და კვლავ ერთად იქნებიან, როცა გათენდება, ეს ყველაფერი უთხარით წყნარად და დამაჯერებლად;
დ) თუ ბავშვი ისევ იტირებს, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ნუ დაბრუნდებით. შემდეგ დაბრუნდით და ალერსისა და საყვედურის გარეშეც დააწყნარეთ, ოფლი მოწმინდეთ, მიეცით წყალი, უსურვეთ ძილი ნებისა და გამოდით. თუ საჭირო გახდა, გაიმეორეთ ქმედება. რა თქმა უნდა, ბავშვის ტირილი, რა თქმა უნდა, შეგაშფოთებთ, მაგრამ თუ ყველაფერს რჩევების მიხედვით გააკეთებთ, შედეგს მიაღწევთ;
ე) ასე გაგრძელდება ცვალებადი წარმატებით რამდენიმე კვირა. არაა საჭირო, სხვა ღონისძიებებს მიმართოთ, მაგრამ ზემოთ ქმულსაც ნურაფერს გამოაკლებთ;
5.  თუ ბავშვს სიბნელის ეშინია, საკმარისია, ოთახში დატოვოთ ღამის ლამპა. საღამოობით, როცა ჯერ კიდევ ადრეა ძილი, შეიძლება მოიგონოთ რაიმე თამაში: ჯერ დარჩით ცოტა ხნით სიბნელეში ბავშვთან ერთად, შემდეგ უფრო ხანგრძლივად, მერე შეიძლება სულ მარტო დარჩეს ცოტა ხნით სიბნელეში, შემდეგ – უფრო ხანგრძლივად;
6.  თუ ბავშვი ღამით იტირებს, მისი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის მიდით მასთან;
7.  ასევე ასაკის მიუხედავად, დააკვირდით, საკმარისად აქტიურია თუ არა ბავშვი დღის განმავლობაში და დაიღალა თუ არა საღამომდე, შესაბამისად გადაწყვიტეთ დღის ძილის საკითხი;
8. უმჯობესია, რომ ბავშვი ერთსა და იმავე დროს წვებოდეს დასაძინებლად. თუმცა, ამ წესის მკაცრად დაცვა არაა აუცილებელი. პლუს-მინუს ნახევარი საათი ნორმალურია. ეს ნახევარი საათი, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ჯილდოდ გამოვიყენოთ.
9. როდესაც თქვენი შვილი 3-4 წლის გახდება, გამოიყენეთ მისი ფიქრის უნარი. აი, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ის წუწუნებს და არ უნდა დასაძინებლად წასვლა:
ა) აუხსენით მას, რომ ყველა მისი მეგობარი (სახელები ჩამოუთვალეთ) უკვე დაწვა დასაძინებლად;
ბ) უთხარით, რომ ასევე იქცევა ყველა მისი მეგობარი და ამაში განსაკუთრებული არაფერია;
გ) ბავშვის ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ნაამბობზე, რომ თქვენც პატარაობისას ამ დროს წვებოდით დასაძინებლად. მას ესიამოვნება, თუ ეტყვით, რომ თქვენ ჯერ იმიტომ არ იძინებთ, რომ მასთან მიხვიდეთ, თუ ის დაგიძახებთ;
დ) ალერსიანად, თუმცა მტკიცედ აუხსენით მას, რომ ყველა ბავშვს უკვე სძინავს, რომ ამ დროს თამაში აღარ შეიძლება, რომ გუშინ და გუშინწინ ამ დროს უკვე ეძინა და ხვალაც ასე იქნება, რომ ჩვენ ყოველთვის ისე ვერ მოვიქცევით, როგორც ჩვენ გვინდა;
ე) გაახსენეთ რაიმე სასიამოვნო, რაზედაც შეიძლება იფიქროს და უსურვეთ ძილი ნებისა;
10.  ჩვენ ჯერ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, რომ სანამ ბავშვი დასაძინებლად დაწვება, ზღაპარი უნდა მოისმინოს. ძალიან კარგია, თუ პატარას მამა გაართობს. შემდეგ, როცა ბავშვი დაწყნარდება, უთხარით „ძილი ნებისა“ და გადით ოთახიდან, თუ ცელქობას არ შეწყვეტს, მსგავს გართობას ნუღარ შესთავაზებთ;
11.  საბოლოოდ, ნუ გექნებათ იმედი, რომ მანამდე გადაწყვეტთ ამ პრობლემას, სანამ ბავშვი ხუთი წლის ან მეტის არ გახდება.
გაგება, მოთმინება, სწორი მოქმედება, დაჯილდოება – როცა თქვენი შვილები ისწავლიან, შეეგუონ იმ აზრს, რომ აუცილებელია დასაძინებლად დაწოლა, ამასთანავე, ისინი რაღაც უფრო მნიშვნელოვანსაც ისწავლიან, არ აყვნენ თავიანთ სურვილებს და არ დარჩნენ იმედგაცრუებული. ეს კი უკვე ფსიქოლოგიური მომწიფების დასაწყისია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი