პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნეკერაზე

“დღეს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი პოეტი და მთარგმნელი, 34 წლის ნინო ნეკერიშვილი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას ნინა სტარკ-ნე­კე­რის სა­ხე­ლით იც­ნობ­და. მისი ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბია: ჯონ ბო­ი­ნის “ბიჭი ზო­ლი­ან პი­ჟა­მა­ში”, კა­სან­დრა კლე­რის “მე­ქა­ნი­კუ­რი პრინ­ცე­სა” და “ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის ქა­ლა­ქი”… ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტურ კრე­ბულ­ში.” – აი, ამ მშრალ ნეკროლოგს გადავაწყდი ინტერნეტში წეღან, როცა ნეკერას ლექსს ვეძებდი და ამ სიმშრალემ კიდევ უფრო გამიგლიჯა გული შუაზე. მის ავტორს, ცხადია, არაფერს ვერჩი, უბრალოდ ვერაფრით ვიგუე, რომ შესაძლებელი ყოფილა ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობარზე რამის უემოციოდ დაწერაც, ხოდა, ამან ნეკერას საფლავის ნახვაზე უფრო მეტად შემაძრწუნა.

ამ ბლოგის წერას მაქსიმალურად ვწელავდი, ვერაფრით დავჯექი დასაწერად. ეს, ალბათ, ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ ნეკერაზე მოზრდილი რეკვიემი დავწერე, რომელმაც მთლიანად გამაცალა სიქა, ბოლომდე დამცალა. მაგრამ ლექსში ყველაფერს ვერ იტყვი.

ნეკერას წასვლა პირველი დიდი დარტყმაა ჩემი თაობის მწერლებისთვის. თითქმის ყველა თაობას ჰყავს უდროოდ წასული მწერალი ან პოეტი: ზოგი ავტოკატასტროფაში მომკვდარა, ზოგს ბრმა ნაწლავი ან გული გასკდომია, ზოგი ომში ან ჩხუბში დაღუპულა, ზოგი ზღვაში დამხვრჩვალა, ზოგს თავი ჩამოუხრჩვია და ასე უსასრულოდ… მაგრამ ჩვენი თაობა ამ მხრივ განსაკუთრებული აღმოჩნდა: ჩვენმა მეგობარმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა (ნეკერაზე დაწერილი ჩემი რეკვიემი ასე მთავრდება: “საკუთარ ძილშიც შეიძლება მხარი აგექცეს, / და სიმზრის ნაცვლად სიკვდილში რომ გადაიპარო.”). დიახ, ის ძილიდან სიკვდილში სრულიად მოულოდნელად, გაუფრთხილებლად და უსინდისოდ გადაიპარა. ჩემმა ერთმა ძმაკაცმა ამას წინათ ასეთი რამე თქვა: ” – ეგ ისეთი მაიმუნი გოგოა, ადრე იმიტო წავიდა, რო იქ ჩვენთვის კაი ადგილები შეარჩიოსო”.

ნეკერა თერთმეტი წლის წინ გავიცანი. ჯერ ვირტუალურად, ლიტერატურული საიტებიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ჩემო ასოციალურობის გამო ვერიდებოდი (დღემდე ვერიდები) ლიტერატურულ შეკრებებზე სიარულს, მაგრამ ერთხელაც გავბედე და ლიტ. კაფე “ქარავანში” (არ ვიცი ახლა არსებობს თუ არა) წავედი გივი ალხაზიშვილის საღამოზე. არავის ვიცნობდი, ჩემთვის ვიდექი ბოლოში, უცებ საიდანღაც ნეკერა გაჩნდა და მომესალმა, ფოტოდან მიცნო და სხვებიც გამაცნო.

მერე კვირა არ გავიდოდა, რომ ორ-სამჯერ არ შევხვედრილიყავით ეს ახალდამეგობრებული ხალხი, გოგოები და ბიჭები (ზოგი დამწყები მწერალი და პოეტი, ზოგი კი უბრალოდ გართობის მიზნით ან მკითხველის სტატუსით დარეგისტრირებული ლიტ. საიტებზე), თუ ციოდა, სახინკლეები გვქონდა აკლებული. ათონელზე ერთი იაფიანი სახინკლე იყო, არ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ჩვენ “ბომჟიატნიკს” ვეძახდით. უფროსი, რომელსაც მალხაზა ერქვა, ნისიაზეც გვაქეიფებდა. საბერძნეთიდან ერთი მეგობარი ხშირად მიგზავნიდა ხოლმე სასმელებს მოზრდილი ყუთით, სადაც მუდამ ბლომად ელაგა ვისკები, კონიაკები, არყები, აბსენტი და ა. შ. მალხაზას დუქანში ამ ყველაფერს ვეძგერებოდით ხოლმე და ხინკალს და მწვადს ვაყოლებდით და ვკითხულობდით ლექსებს. ზამთრობით ჩემს სახლშიც ვიკრიბებოდით ხოლმე ხშირად. ზაფხულობით კი ნარიყალა და “ქართვლის დედის” მიმდებარე ტერიტორია გვქონდა ამოჩემებული ასაკლებად.

ყველაფერი თვალწინ მიდგას, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ერთი კადრი მახსოვს: 2008 წლის აგვისტო იყო, რიცხვი არ მახსოვს, ომის საწინააღმდეგო აქცია რომ გაიმართა, მანდ მივდიოდით. ყველანი ცისფერი გალერეის წინ ვიყავით შეკრებილნი და ნეკერას ველოდებოდით. არ ვიცი, რატომ ჩამრჩა ასე ზუსტად ეს კადრი: მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსული, კრემისფერ შორტებში და ზოლიან მაისურში გამოწყობილი ნეკარა, რომელიც რაღაცნაირად მოდის, თითქოს მორბის, მაგრამ არც მორბის, უფრო მოკუნტრუშებს, ჩქარობს, რადგან ყველანი მას ველოდებით…

ნეკერა ჩემი პირველი დადნაფიცი იყო, დიახ, და-ძმად გავიფიცეთ მთელი რიტუალებით და ამბებით. ბოლო წლებში ისე ხშირად ვეღარ ვახერხებდით შეხვედრას. ბოლოს აღმაშენებელზე ვნახე, ქუჩაში შემხვდა. ” – ბიჭო, შენ და ანა არ რიგდებითო?!” – მკითხა. ” – არ ვიცი, ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია-მეთქი”. ” – რა გჭირთ ამ ჩემს ძმაკაცებს, ლამის ყველას ცოლი რომ გაგექცათო!” – მოჭუტა თვალები და გაიღიმა თავისი საფირმო ღიმილით…

მისმა წასვლამ სრულიად დამანგრია ფსიქოლოგიურად, რამდენიმე ღამე არ მიძინია. დღემდე მაქვს უმწვავესი ნევროზული და პანიკური შეტევები, დაძინება მიჭირს, ეს ყველაფერი იმდენად გაუსაძლისია, რომ ამ დღეებში მკურნალობას ვიწყებ. არც გასვენებაში ვყოფილვარ და არც მანამდე, ჩემი მეგობრები კი ყოველდღე მანდ იყვნენ. მე კი ეს უბრალოდ არ შემეძლო. მხოლოდ წინა კვირას გავბედე და მივედით მე და ჩემი ძმაკაცი მის საფლავზე. ფოთოლიც არ იძვროდა, ისეთი მშვიდი ამინდი იყო, უცებ თბილმა ნიავმა წამოუბერა და ისევ ჩადგა. მე მჯერა, რომ ის ნეკერა იყო!

ამ ბლოგს კი ვამთავრებ ნეკერას ლექსით, რომელიც ძალიან მიყვარს:

მამას

 

მა,

მუხლზე სული შემიბერე,

ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.

თოვლზე დახატული ბაჭია

ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.

 

მა,

შენი პატარა ნინუცა,

ახლა სევდიანი ქალია,

იმდენჯერ დაუშვა ხელები

უღონოდ… იმდენის ვალი აქვს…

 

მა,

შენი გულისთვის რამდენი

ვითმინე, რამდენსაც ავიტან…

გამიშვი… უფლება მომეცი

ზეციურ

მამასთან წავიდე.

 

მა,

შენ ხომ იცი რა ძნელია,

ყოველთვის იარო სწორი გზით…

გამიშვი, რომ გზები ამებნეს

და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე…

 

მა,

შენი პატარა გოგონა

ახლა სულდაღლილი ქალია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი