პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სწავლება, სწავლა და პრაქტიკული ეთიკა

ეთიკის ნორმების სწავლება 
2010 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი და მოსწავლის ქცევის კოდექსი. ეს ის ძირეული დოკუმენტებია, რომლებიც სკოლის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის საწინდარს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, რთულია, მასწავლებელმა მოსწავლის ქცევის ფორმირება შეძლოს, თუ მოსწავლის ქცევის კოდექსს ტრადიციული დიდაქტიკური მეთოდით შეასწავლის.  მოსწავლეებისათვის უფრო სასარგებლოა იმ ეთიკური ნორმების გაცნობა და გათავისება, რომლებიც მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის მიღმაც გამოადგებათ. 

რატომ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ეთიკის ნორმების ინტეგრირება საგნის სასწავლო კურსში? 

გარდა იმისა, რომ ეთიკის ნორმების სწავლა მოსწავლეს მორალურ სტანდარტებზე დააფიქრებს, ამას სრულიად პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, კვლევის ეთიკის დაცვის გზით მას უყალიბდება აკადემიურ გარემოში ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვების, დამუშავებისა და ანგარიშგების პასუხიმგებლობის გრძნობა. ამასთან, მოსწავლე შესაბამისი ცოდნითა და უნარებით არის მომზადებული უმაღლეს საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.  

როგორ უნდა ისწავლებოდეს ეთიკა?

ეთიკის, ისევე, როგორც სამოქალაქო თვითშეგნების, ცალკე საგნად სწავლება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. მოსწავლეს ექმნება წარმოდგენა, თითქოს ეთიკა დასასწავლი დისციპლინაა, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან ცოტა რამ აქვს საერთო. გარდა ამისა, კვლევები (მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა) ცხადყოფს, რომ ეთიკის, როგორც დამოუკიდებელი საგნის, სწავლება ვერ აყალიბებს მოსწავლეებს უფრო შეგნებულ, კეთილსინდისიერ მოქალაქეებად. მიუხედავად ამისა, თუ ეთიკური ნორმების სწავლება მათ პრაქტიკულ გამოყენებასთანაა დაკავშირებული, მოსწავლეები მეტად თავისუფლდებიან დოგმატური აზროვნებისგან და ტოლერანტურ მოქალაქეებად ყალიბდებიან. ამასთან, მათ მეტი პასუხისმგებლობა უჩნდებათ, შექმნან ახალი და ღირებული ცოდნა. 

ნებისმიერი საგნის მასწავლებელი, გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად, მოსწავლეებს უყალიბებს გარკვეულ უნარებს, შეხედულებებსა და თვისებებს, რომლებსაც ისინი სამომავლოდ (სკოლის კედლებს მიღმა) მორალური დილემების გადაჭრისას გამოიყენებენ. ამ გადაწყვეტილებების სისწორე სწორედ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებულ ეთიკურ ნორმებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პრაქტიკული ეთიკის სწავლების ყველაზე მარტივი მაგალითია ის, რომ მოსწავლეებმა ხელი უნდა ასწიონ მანამ, სანამ მასწავლებლისგან საუბრის დაწყების უფლებას მოიპოვებენ. ეთიკის პრაქტიკული ნორმების დამკვიდრებით მოსწავლეები სწორი და არასწორი ქმედებების დიფერენცირებას, შემდეგ კი ამგვარი კატეგორიზაციის შეფასებას/გადაფასებას სწავლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეთიკა მორალურ კატეგორიას განეკუთვნება, არსებობს ცხადი პრაქტიკა, თუ როგორ შეიძლება ეთიკური ქცევის ჩამოყალიბება როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სწავლებისას. 

ეთიკის სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებში
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ყურადღება მიაქციონ, რამდენად სწორად ასახავენ მოსწავლეები კონკრეტული ექსპერიმენტის თუ სასწავლო პროექტის ფარგლებში მიღებულ მონაცემებს. აღნიშნულ საგნებში ექსპერიმენტული და პრაქტიკული დაკვირვებების შეჯერება მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, რაც მათგან მეტ ძალისხმევას და დროს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ხშირია რისკი, რომ მასწავლებელმა მეტი ყურადღება დაუთმოს უშუალოდ სამეცნიერო კვლევის ჩატარების პროცესს, ვიდრე მიღებულ შედეგს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი დარწმუნდეს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების  სიზუსტეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეებს გაუჩნდებათ განცდა, რომ შედეგების შეცვლითა და “გალამაზებით” მათი სამეცნიერო პროექტი უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს. 

კვლევის ეთიკა. პლაგიარიზმი და შემოქმედებითობა
თანამედროვე სწავლა და სწავლება კვლევის ელემენტებსაც გულისხმობს. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად სთხოვენ მოსწავლეებს საშინაო დავალების მოსამზადებლად სხვადასხვა დამატებითი წყაროს მოპოვებას როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. ეს უმნიშვნელოვანესია მოზარდის მედია და ციფრული წიგნიერების დონის ასამაღლებლად. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ცოდნის ახალი წყაროების აღმოსაჩენად არსებითია სწავლის პროცესის დივერსიფიცირებისათვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეთ აღნიშნული გზით მოპოვებული რესურსების გამოყენების შესახებ. 

21-ე საუკუნეში მოსწავლეებისათვის სირთულეს არ წარმოადგენს ნებისმიერ საკითხთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის მოპოვება. ხშირად მოსწავლე ყურადღებას არ აქცევს მოპოვებული წყაროს სანდოობას და მეტიც, პირდაპირ იწერს მას. მასწავლებლისათვის, როგორც წესი, სირთულეს არ წარმოადგენს მოსწავლის ორიგინალური და სხვა წყაროდან გადმოწერილი ნაშრომების დიფერენცირება. მიუხედავად ამისა, მოსწავლის შრომისა და ძალისხმევის წასახალისებლად, ხშირად უგულებელყოფენ ასეთ ფაქტებს და მაღალ შეფასებებს აძლევენ ამ “ნაშრომებს”. პლაგიარიზმის – სხვისი ნამუშევრის/იდეების საკუთარ ნამუშევრად/იდეებად წარმოჩენის _ ასეთი “წახალისებით” მოსწავლეს უჩნდება განცდა, რომ მასწავლებელი მუდმივად ელის მისგან ახალ, ორიგინალურ პროექტებს. მაშინ, როცა ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შექმნა რთულია, მოსწავლისათვის სხვისი აზრების საკუთარ ნააზრევად წარმოდგენა უფრო მომგებიანი ხდება. ამდენად, აუცილებელია, პედაგოგმა ცხადად აუხსნას მოსწავლეებს, რომ მათგან არავინ ელის მუდმივად შემოქმედებით და ინოვაციურ იდეებს. ნებისმიერი წარჩინებული მოსწავლისგან მასწავლებელი, როგორც წესი, უნდა ითხოვდეს მხოლოდ სანდო ინფორმაციის მოპოვებას, ინფორმაციის სწორად მოხმობას, ციტირებას და შეგროვებული მონაცემების სწორ ინტერპრეტაციას.  

გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ პლაგიარიზმით ისინი ახალ ცოდნას ვერ შეიძენენ და სირთულეს შეიქმნიან სწავლის შემდეგ საფეხურებზე. ამის თავიდან ასარიდებლად მასწავლებელს შეუძლია:

·მოსწავლეებს მისცეს ისეთი დავალება, სადაც უფრო მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შეძენა, ვიდრე ინოვაციური და კრეატიული იდეების წარმოდგენა;

·სთხოვოს მოსწავლეებს, გამოიყენონ მრავალფეროვანი წყაროები და სწორად მოახდინონ ამ წყაროების ციტირება;  

·აღნიშნოს, რომ ისევე, როგორც ბეჭდურ მასალაზე მუშაობისას, მიუღებელია ვებგვერდიდან მასალის გადმოწერა წყაროს და ავტორის მითითების გარეშე. ის ფაქტი, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ მასალას არ ჰყავს ავტორი და მისი გამოყენებისას არ არის აუცილებელი წყაროს და შესაბამისი ბმულის მითითება; 

·აუხსნას მოსწავლეებს, როგორ ხდება სხვების აზრების ციტირება და პერიფრაზირება.  
ეთიკური სასწავლო გარემოს შექმნა 
სკოლაში მასწავლებლებისა და თანატოლების მიერ შექმნილი გარემო მოსწავლეების ქცევის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. სამართლიანობის განცდის დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოსწავლეს გაუჭირდეს იმის გაცნობიერება, რატომ უნდა დაიცვას ეთიკური ნორმა. 

მაშინ, როდესაც მოსწავლეებისათვის დასახული მიზნები მაღალია, ყოველთვის იზრდება სხვისგან გადაწერის, ან ე.წ. “შპარგალკების” გამოყენების ალბათობა. “შპარგალკის” გამოყენების განსაკუთრებით დიდი ცდუნება უჩნდებათ მოსწავლეებს მაშინ, როდესაც სკოლას ამთავრებენ ან უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ გადაწერის და “შპარგალკების” მიმართ საზოგადოებაში ამბივალენტური დამოკიდებულებაა, რაც მოსწავლეს/აბიტურიენტს აფიქრებინებს, რომ ასეთი წყაროს გამოყენება დასაშვებია, თუ არ მოხდა მისი აღმოჩენა. 
ეთიკური დამოკიდებულება მიღწევების კეთილსინდისიერი დემონსტრირების მიმართ სწორედ სკოლაში ყალიბდება. ეთიკური ნორმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დასაცავად მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს  კონკრეტული წესები, რომელთა დაცვაც ყველა მოსწავლისათვის აუცილებელი იქნება. მაგალითად, გარდა იმისა, რომ საკონტროლო თუ შემაჯამებელი შეფასების დროს მასწავლებელმა მოსწავლეები არ უნდა დასვას ერთმანეთის გვერდით, არ უნდა მისცეს ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამოყენების საშუალება, მან უნდა მოიფიქროს ისეთი კითხვები, რომლებიც მოსწავლის ცოდნის გადამოწმების საშუალებას მისცემს. როგორც კვლევა ცხადყოფს, იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი ერთსა და იმავე კითხვას სხვადასხვა ფორმულირებით უსვამს მოსწავლეს, მარტივი ხდება იმის დიფერენცირება, მოსწავლემ იცის კონკრეტული საკითხი თუ არა. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული ჰქონდეს ამ წესების დაცვის აუცილებლობა, თითოეულმა მოსწავლემ იცოდეს, რომ ერთგვარი პრივილეგიებით არავინ ისარგებლებს.

 

და ბოლოს, ეთიკური ნორმების სწავლებისას მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ სხვა საკითხებისგან განსხვავებით, ეთიკური ნორმების სწავლება ცოდნის მუდმივ განმტკიცებას და მასწავლებლისგან პრაქტიკული მაგალითის ჩვენებას მოითხოვს. მოსწავლეებს კი უნდა სჯეროდეთ, რომ მთავარი ახალი ცოდნის მიღებაა და არა წარჩინებულობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი