პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ისევ მშობლისა და სკოლის ურთიერთობაზე

– დიახ, მე ჩემს შვილს ვასწავლი, რომ თუ ვინმე რამეს დაუშავებს, მაშინვე დაუბრუნოს სამაგიერო: დაარტყამენ – დაარტყას! შეურაცხყოფენ – შეურაცხყოს… სხვისი დახმარების იმედით ამ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდება, – დაბეჯითებით ამბობს ახალგაზრდა ქალი და თანამოააზრეებსაც ეძებს, – თქვენ სხვანაირად ზრდით?

ეს ქალბატონი მშობელიცაა და მასწავლებელიც. თუ წარმოვიდგენთ, რომ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს ოჯახიდან ამგვარ შეგონებებს (სხვადასხვა ინტერპრეტაციით) ატანენ, სასკოლო სივრცეში დაგროვილი ძალადობრივი განწყობების ერთი სათავე უკვე მონიშნული გვექნება. ეს სიტუაცია მეორე სათავესაც (მასწავლებელი, რომელიც კონფლიქტის „მოგვარების“ გზად ესკალაციას ირჩევს) იტევს. როგორ ჩამოყალიბდება სოციალური ურთიერთობები სივრცეში, სადაც ასეთი განწყობები იყრის თავს?

ფაქტია, რომ სკოლაში სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს სასკოლო საზოგადოების შემადგენელ ერთობებს შორის (მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია, მშობლები…) არსებული დამოკიდებულებები. სამწუხაროდ, მასწავლებლები და მშობლები არცთუ იშვიათად ერთმანეთისგან მტრის ხატს ქმნიან. ბავშვზე ერთობლივი ზრუნვის ნაცვლად მათი ძალისხმევა დაპირისპირებასა და ბრალის გადატანაზე იხარჯება და მოსწავლე ამ სიტუაციის მძევლად იქცევა.

მასწავლებლის ნაამბობიდან: „სკოლაში აღიარებულმა მოსწავლემ დაწყებითი საფეხურის ზედა კლასში ჩემს საგანში კარგი შედეგი ვერ აჩვენა, მიმდინარე დავალებები, შემაჯამებელი სამუშაო მაღალ შეფასებას არ იმსახურებდა. ამას მოჰყვა აგრესია მშობლის მხრიდან, რომელიც ჩემს პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მშობელს ასეთი პრეტენზია- სკანდალები წინა წელსაც ჰქონია. მაშინ ჩემმა კოლეგებმა კომპრომისი არჩიეს და სკანდალების თავიდან ასაცილებლად მოსწავლეს მხოლოდ მაღალ შეფასებას უწერენ. ბავშვს მართლაც აქვს კარგი უნარები სწავლისთვის, მაგრამ ჩემს გაკვეთილზე გამომწვევად იქცევა, არ ერთვება აქტივობებში. მშობელმა ჩემთან კომუნიკაცია შეწყვიტა (ან არ მესალმება, ან ხმამაღლა მაკრავს სხვადასხვა იარლიყს)… სექტემბერი მოდის და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, სკოლისგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ… მეც ხომ მაქვს ღირსება, უფლებები?!“

ამ სიტუაციაზე მსჯელობისას კოლეგების ერთი ნაწილი პედაგოგს ურჩევს, კიდევ ერთხელ შეხვდეს და ესაუბროს მშობელს და მოსწავლეს. სხვები შეურაცხყოფის შემთხვევაში სამართალდამცავების ჩარევას მიიჩნევენ საჭიროდ.

ერთი რამ ცხადია: მასწავლებელს, რომელიც საგნის კარგი მცოდნე და პროფესიონალია, ამ თემაზე საუბრისას ძალიან უჭირს ემოციების მოთოკვა და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებაზე ფიქრი. მას არ აქვს იმედი, რომ ეს სტრატეგია შედეგს გამოიღებს. ანუ მცირდება მისი თვითეფექტურობის განცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი მშობლისგან წამოსული უარყოფითი ემოციებით დაიმუხტა და სიტუაციაზე პასუხისმგებლობის აღება უჭირს. ეს კი აუცილებლად მოახდენს გავლენას საკლასო და სასკოლო სიტუაციაზე, სწავლა-სწავლების ხარისხზე.

მშობლებსა და პედაგოგებს შორის დაძაბულობას ფსიქოლოგების ნაწილი ასე ხსნის: მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობა ერთიმეორისგან მიუღებელი ქცევითი სტერეოტიპის გამოვლენის მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ღრმავდება უნდობლობა. ამ სუბიექტების კომუნიკაციურ პრაქტიკაში დაძაბულობის ზრდა გამოიხატება ეფექტური თანამშრომლობის ხერხების უღიარებლობით, პირდაპირი ან ირიბი, ვერბალური ან არავერბალური აგრესიით, სხვადასხვა ქმედების დროს დეზინტეგრაციით.

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაძაბულობის სათავეა შეჩვეულ და ახალ სოციალურ როლებს შორის არსებული განსხვავება. ერთი მხრივ, ბავშვმა სკოლაში პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დონეზე ჩადებული ქცევის სტერეოტიპების სოციალური ურთიერთობების სფეროს სტერეოტიპებად გარდაქმნის მექანიზმი უნდა აითვისოს. იმავდროულად, პედაგოგმა, რომელიც სოციალური ურთიერთობებით წარმოქმნილი ქცევითი სტერეოტიპების ჩარჩოში მოქმედებს, უნდა მოახერხოს სასკოლო საზოგადოებაში პიროვნებათაშორისი ურთიერთობების გამოვლინებათა ზეგავლენებთან ისე ადაპტირება, რომ განაწყენებულის ქცევის დონეზე არ დაეშვას.

ამ პარალელურ პროცესებში წარუმატებლობა სკოლის საგანმანათლებლო ველზე მარტო დაძაბულობას კი არ იწვევს, არამედ მოიყოლებს კონფლიქტებს, სტრესებს, აგრესიას, სხვა დესტრუქციულ პროცესებსა და მოვლენებს, რომლებიც ანგრევს ნდობას სუბიექტებსა და იმ ერთობებს შორის, რომლებსაც ეს სუბიექტები განეკუთვნებიან. თანაც ამ სიტუაციაში მუშაობს „თოვლის გუნდის“ ეფექტი და მრავალ სოციალურ პრობლემას აღრმავებს.

ამიტომ არის აქტუალური სკოლაში ეგრეთ წოდებული მშობელთა პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც, სასურველია, მცირე შიდა კვლევებს ეფუძნებოდეს. ეს კვლევები მშობელთა ცნობიერების დონის, მათი ღირებულებების სისტემის, სკოლასთან დაკავშირებული მოლოდინების შესწავლას და გაანალიზებას უნდა ისახავდეს მიზნად. თუ სკოლაში მშობელთა გაცნობა-შეცნობის მარტივი სისტემა გააზრებული და გააქტიურებული იქნება, მაშინ მასწავლებლები, დამრიგებლები მშობლებთან თანამშრომლობის კონკრეტულ, საჭიროებაზე მორგებულ მიზნებს დაისახავენ, რომ ზემოთ ნახსენები ურთიერთქმედება პოზიტიურ კალაპოტში მოექცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი