სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

საქართველოს ლეგენდარული ხეები

მხცოვანი ხეები ხშირად ადამიანებზე მეტს გვიამბობენ წარსულსა თუ დღევანდელ დღეზე. ლეგენდრულ ხეებს საქართველოს ყველა კუთხეში ნახავთქალაქებსა თუ სოფლებში, და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უამრავია, მაინც ვცადე, რამდენიმე ლეგენდარული ხის ისტორია მომეკვლია. ზოგი რამ ადგილობრივებისგან გავიგე, წყაროებიც ქექე... ამ საქმიდ რაც გამოვიდა, ავად ხეები გვეტყვიან.

 

წაბლის ხე ქვიშხეთში

ხაშურთან ახლოს, სოფელ ქვიშხეთში, ისტორიული ქართლისა და იმერეთის საზღვარზე, მოხუც წაბლის ხეს ნახავთ, რომლის უკანაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის თითქმის 600 წელია. 600 მძიმე და ქარიშხლიანი წელი.

აქვეა სოფელი ტაშისკარიც – ადგილი დიდი გამარჯვებისა. 500 წელი გავიდა ტაშისკარის ბრძოლიდან. 1609 წლის 16 ივნისს ქართლის პატარა სამეფომ ლეგენდარული დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის სარდლობით ოსმალთა და ყირიმელ თათართა ბევრად აღმატებული ლაშქარი დაამარცხა.

ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ…

გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ტაშისკარის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ დაღლილ გიორგი სააკაძეს სწორედ ამ წაბლის ქვეშ დაუსვენია. მაშინ ეს ხე ასი წლისაც არ იყო, მაგრამ მის ტოტებსა და მერქანზე უკვე იწერებოდა საქართველოს ისტორია. ისტორია დიდი ბრძოლებისა, დიდი გამარჯვებებისა და, სამწუხაროდ, ბევრი მარცხისაც, მაგრამ, როგორც ხედავთ, ისევე როგორც ეს ხე – საქართველოც მარადიულია!

 

ჭადრი რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდგარი ერთ-ერთი ჭადარი უტყვი მოწმეა 90-იან წლებში საქართველოში გაჩაღებული ძმათამკვლელი ომისა. თუ ამ ხეს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ მის მერქანში ღრმად ჩამჯდარ საზენიტო ჭურვსაც. 20 წლის წინ თბილისში ამბობდნენ, ხეში ჩარჩენილი ჭურვი მოქმედია და ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდესო. შიშის წლებში ხომ ყველაფერი ფეთქდებოდა და ყოველთვის იყო აფეთქების მოლოდინი.

ამჟამად ჭურვი განაღმული და სრულიად უვნებელყოფილია, მაგრამ ისტორიას თავიდან ვერ დაწერ და, სამწუხაროდ, ვერც ამ ჭურვს დავაბრუნებთ უკან – საარტილერიო ქვემეხში.

 

ხეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

“ოდესღაც, ჯონი ვაისმიულერის მოულოდნელი ყივილი აღაფრთოვანებდა ყმაწვილებს. ის ლიანებს ეჭიდებოდა, გაქანდებოდა და ასე დაფრინავდა ჯუნგლებში, ხიდან ხეზე. ეს იყო ტარზანი”, – წერს აკა მორჩილაძე, იგივე გიო ახვლედიანი თავის დოკუმენტურ რომანში “ჩრდილი გზაზე”.

ტარზანი ამერიკელმა რეჟისორმა სედრიკ გიბონსმა 1934 წელს გადაიღო და ნაალაფარი ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა თბილისელ ბიჭებში. ყველა ტარზანს ბაძავდა, ყველა ხეზე ებღოტებოდა, ყველა ტარზანივით კიოდა და ცდილობდა, კენწეროზე აცოცებულიყო. ეს იყო გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისური ესთეტიკა – ბიჭუნები ხეებზე.

მერე ტრაგედიაც დატრიალდა…

1956 წლის 9 მარტს თბილისში დიდი მღელვარება იყო. გარდაცვლილი სტალინის კულტის დასაცავად აგორებული დემონსტრაცია ეროვნულ–ნაციონალურ მოთხოვნებში გადაიზარდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჯარი გამოიყვანა. ჯარი, რომელმაც ხალხის დასაშინებლად ჯერ ჰაერში ისროლა, თუმცა…

ჯარისკაცებმა ხალხის თავს ზემოთ ისროლეს, თავს ზემოთ კი ხეები იყო. ლავრენტი ბერიას მიერ თბილისის მარჯვენა სანაპიროზე 30-იან წლებში დარგული ჯერ კიდევ პატარა ხეები. როგორც აკადემიკოსი ნურბეი გულია იხსენებს, ხეებზე მსხდომი ტარზანნანახი ბიჭუნები მოწყვეტით ცვიოდნენ ძირს. პირველი ტყვიები ხეებზე მსხდომმა თბილისელმა “ტარზანებმა” მიიღეს.

ჯარისკაცები პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე და სისხლისღვრაც დაიწყო. იმ დღეს გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი დღემდე არ დაუდგენელია. მომხდარი ამბების საექსპერტო კომისიის წევრის, ვინმე მათიაშვილის აღიარებით, რუსთაველის პროსპექტზე 27 კაცი დაიღუპა, ძირითადად – სტუდენტები და უფროსკლასელები, ხოლო პარკში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყდა, ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულიყო. ისტორიკოს ვახტანგ გურულის აზრით, მსხვერპლთა რიცხვი 80-მდეა.

ამის შემდეგ თბილისში ტარზანი წლების განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

 

450 წლის მუხა კახეთში, სოფელ ჯუგაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუგაანი, გადმოცემის მიხედვით, თავად დავით აღმაშენებელს დაუარსებია იმ ჩვენთვის დაუვიწყარ მე-12 საუკუნეში. შეხედეთ ამ საოცარ მუხას, რომლის ასაკიც, სავარაუდოდ, 450 წელს ითვლის. წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე თითქმის ხუთი საუკუნის ხეა! ხის ძირში დაინახავთ უზარმაზარ გამჭოლ ფუღუროს, რომელიც ამ ხესთან ერთად გაიზარდა, გაფართოვდა, დაბერდა, მაგრამ მუხას მაინც ვერაფერი დააკლო. პირიქით!

ამ დიდ, ბებერ და ფესვუხმობ ხეს ადგილობრივები „თევდორეს მუხას“ ეძახიან. ალბათ თავადაც ხვდებით, რომელ თევდორესაც გულისხმობენ – თევდორე მღვდელს, კაცს, რომელმაც მღვდლის ანაფორით დაწერა სამოქალაქო გმირობის ისტორია. რატომ თევდორეს მუხა? ამის ამხსნელი ადამიანები, სავარაუდოდ, აქვე მდებარე სასაფლაოზე წვანან. მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა, მაგრამ თევდორე მღვდლის სახელს ეს დიდებული ხე ძველებურად ინახავს. ინახავს და გვარწმუნებს, რომ კარგი საქმეები დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

 

900 წლის მუხა წინანდალში

ტურისტებისა თუ დამთვალიერებლების ინტერესს წინანდალში უმთავრესად ალექსანდრე ჭაჭავაძის სასახლე და სასახლის ულამაზესი ეზო იპყრობს თავისი სატრფიალო ისტორიებითა და სხვა ამბებით. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ აქვე, წინანდლის პარკთან, არანაკლებ მშვენიერი სანახაობა ელოდება უძველესი, 900 წლის მუხის სახით.

თუ გადმოცემას დავუჯერებთ, ეს 32 მეტრი სიმაღლისა და თითქმის 3 მეტრის სიმსხო მუხა დავით აღმაშენებლის შვილის, დემეტრე მეფის დროს ადგილობრივმა გლეხებმა დარგეს და მისი ერთ–ერთი ფუნქცია ტერიტორიის მონიშვნა იყო. სწორედ აქ მთავრდებოდა ლეგენდარული თელიანის ველი და ეს იყო საზღვარი სავენახე ტერიტორიისა.

ამ ხის დარგვიდან წინანდლის თელიანი ველის ვენახებში რთველი 900–ჯერ გაიმართა. 900–ჯერ დაიწურა ყურძენი და უამრავი თაობა შეიცვალა. მუხა კი დღესაც დგას, დღესაც იფოთლება და შეიძლება კიდეც იწყინოს, მოხუცი ხარო, რომ უთხრათ. მართლაც, 900 წლის მოხუცი სად გაგონილა?!

კახეთის სიღრმეში გაცხადებული უთხოვრის საიდუმლო

კახეთში ულამაზესი ტყეებით დაბურული მრავალი ხეობაა. მათ შორის უმშვენიერესია მდინარე ალაზნის ზემო წელში 9 კმ-ზე გადაჭიმული ბაწარას ხეობა. ის მდინარე ალაზანს მარჯვენა მხრიდან მიუყვება. ხეობის ფართობი დაახლოებით 2000 ჰექტარია და მთლიანად ნაკრძალად არის გამოცხადებული. ხეობის ბიომრავალფეროვნება დიდი ხანია პროფესიონალი თუ მოყვარული ნატურალისტების ყურადღებას იქცევს. დიახ, ხეობა ცოცხალი რელიქტის, მეზოზოური ეპოქიდან შემორჩენილი საოცრების, იდუმალებით მოცული უთხოვრის საუფლოა.

ამ ხეობაში დაახლოებით 220 000 ძირი უთხოვარი დგას. 100 მათგანის ასაკი 1000 წელზე მეტია. მათ სათავეში უდგას 1800 წლის პატრიარქი, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს ხეობას და მთლიანად კახეთს.

უთხოვარი ადგილობრივი ქისტებისთვისაც პატივდებული მცენარეა, უფრთხილდებიან, არ ჭრიან, იცავენ.

ქართველებისთვის უთხოვარს საუკუნეების განმავლობაში საკრალური დანიშნულება ჰქონდა, ბზასა  და ქართულ მუხასთან ერთად წმინდა ხედ მიიჩნეოდა.

მცენარის სახელიც მის ღირებულებაზე მეტყველებს. ერთხელ ვაჭრები მისულან თამარ მეფესთან და უთხოვიათ, ეს ხეები მოგვყიდეო (მერქანის თვისებების გამო მას გემთმშენებლობაში იყენებდნენ). თამარს უარი უთქვამს – ეს ხე არავინ მთხოვოსო. უფრო მეტიც – მისი მერქანი სისხლივით წითელია და ჩვენს წინაპრებს მისთვის ქრისტეს სისხლით შეღებილი ხე უწოდებიათ. აი, ასეთი უდიდესი საგანძურია ამ საოცრად ლამაზ ტყეში და ჩვენი ვალია, დავიცვათ როგორც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ისტორიული მემკვიდრეობის ჰარმონიის დასტური.

 

თელავის ჭადარი

900-წლოვანი ჭადარი თელავის სავიზიტო ბარათია. მისი ზუსტი ასაკი არავინ იცის, სავარაუდოდ, 900-დან 1000 წლამდეა. ხე თელავისა და კახეთის ათასწლოვანი ისტორიის მოწმეა. მის კალთებქვეშ აღიზარდა და სამშობლოსთვის იცოცხლა პატარა კახმა, მეფე ერეკლე II-მ.

ეს აღმოსავლური ჭადარია, რომლის სიმაღლე 40 მეტრია, გარშემოწერილობა კი – 12 მეტრი. ამ ჭადარს ბევრი რამ ახსოვს. მის ჩრდილში თელაველებს უმასპინძლიათ დიდი ილიასთვის, ნიკო მარისთვის, მარჯორი ურდროპისთვის. 1911 წელს აქ, ილიაობაზე, აკაკი წერეთელმა დიდებული სადღეგრძელო წარმოთქვა, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: “მე ვერ მოვესწრები იმ მომავალი გმირის მოსვლას, მაგრამ გულში იმედით კი ჩავალ საფლავში და ჩემი უკანასკნელი სიმღერა იქნება: არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს-მეთქი. ახლა კი ამ უზომო თანადგომისათვის გულითად მადლობას გწირავთ ბატონებო, იმ გმირის სახელით, რომელსაც თქვენ ელით”.

მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჭადრის გარშემო შადრევნებით მდიდარი დიდი ხეხილის ბაღი ყოფილა გაშენებული. დღეს კი ავად არის ჩვენი ჭადარი, შველას ითხოვს…

 

ცაცხვი ზემო კრიხში

რაჭაში, ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ტაძართან, დგას უზარმაზარი ცაცხვები და უთხოვრები. ვარაუდობენ, რომ გიგანტები ეკლესიის თანამედროვეები არიან, ეკლესია კი X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული.

ცაცხვების ბუნების  ძალიან საინტერესო ძეგლია. ერთ-ერთი ხის ფუღუროში მეორე ცაცხვია ამოზრდილი, რაც მნახველის დიდ ინტერესს იწვევს. ფუღუროში რამდენიმე ადამიანი თავისუფლად თავსდება. არც იქვე მდგარი უთხოვარია პატარა. ადგილობრივები მას „თამარის ხეს“ უწოდებენ – გადმოცემის თანახმად, ის თამარ მეფემ თავისი ხელით დარგო.

ინტერესს არ არის მოკლებული გადმოცემაც, თითქოს თამარიც ამ ეკლესიაშია დაკრძალული. ალბათ, ამ ყველაფრის გამო არ ნელდება დღემდე ინტერესი ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ტაძრის მიმართ და არ იკლებს ტურისტთა ნაკადი.

ეკლესიის გარშემო არსებული ბუნების ულამაზესი ძეგლები შველას ითხოვენ. ერთი უზარმაზარი ცაცხვი უკვე მოთხარა ქარმა. დროზე უნდა გატარდეს ზომები, რათა დანარჩენი ხეები მაინც შემოვუნახოთ შთამომავლობას. ტაძრის გარშემო ასევე არის ბზის უძველესი კორომი, რომლიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა, საწუხაროდ, ბოლო წლებში ბზებსაც გაუჩნდა დაავადება და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

 

მუხა სოფელ ბუგეულში

გიგანტი მუხა დგას სოფელ ბუგეულშიც, გიორგობიანების ეზოში. გადმოცემის თანახმად, ის თითქმის 6 საუკუნისაა. გიორგობიანების ოჯახი საუკუნეების განმავლობაში უფრთხილდებოდა და უვლიდა ამ ხეს და XX საუკუნის 60-70 წწ-ში ფულად დახმარებასაც კი იღებდა მის დასაცავად.

დროთა განმავლობაში სოფელმა მასზე ლეგენდაც შექმნა: თუ ხეს რომელიმე ტოტი შეახმებოდა ან მოსტყდებოდა, გიორგობიანების ოჯახში ან სოფელში მამრობითი სქესის ადამიანი გარდაიცვლებოდა.

ამჟამად მუხა მძიმე მდგომარეობაშია, მასში არსებული ფუღურო იმდენად გადიდდა, რომ სამი ადამიანი თავისუფლად ეტევა. საჭიროა სათანადო ზომების დროულად მიღება, რომ ეს უნიკალური ხე გადავარჩინოთ და შთამომავლობას შემოვუნახოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი