შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

აგრესია ბავშვებში ანუ როგორ გადავარჩინოთ მერცხლის ბუდეები?

არდადეგებზე ეზოში ხმაურმა იმატა.  ბავშვები სიცხეს სადარბაზოში აფარებენ თავს. სართულებზე ასაკობრივ ჯგუფებად  გადანაწილდნენ. მეორეზე მეხუთე-მეექვსე კლასელი 4 ბიჭი ცხოვრობს, მათი ლოკაციაც იქ არის. ხან თამაშობენ, ხან კამათობენ, ჩხუბამდე საქმე არ მიდის. შეიძლება იმიტომაც, რომ ერთი ენერგიული ბებია სწორედ მასინ გამოჩნდება, როცა სიტუაციის განმუხტვაა საჭირო.

სადარბაზოში  მერცხლებს რამდენიმე ბუდე აქვთ. მესამე სართულზე მარტოხელა სანტექნიკოსი ცხოვრობს. მერცხლებთან გამორჩეულად მეგობრობს. ფრინველებმა კიდევ ერთი ბუდის აშენება დაიწყეს. სანტექნიკოსი ყოველ ავლა-ჩავლაზე ბიჭებს მერცხლების გონიერებასა და შრომისმოყვარეობაზე ელაპარაკება. უამრავი ფოტოც გადააღებინა, როცა ბუდეს აშენებდნენ: დააკვირდით, როგორ ელოდებიან, რომ ამოყვანილი კედელი გაშრეს და გამაგრდეს, მერეღა აგრძელებენო… ბუდეში  ბარტყებიც გამოიჩიკნენ და დაფრთიანებას ელოდნენ…

ერთ დღეს  ხმაური ატყდა.  სანტექნიკოსი ბრაზობდა: რომელმა ველურმა და უღმერთომ ქნა ეს ამბავი, ვინ დაუნგრია ბუდე მერცხლებსო? ბუდე ჩამოშლილი იყო. მერცხლები იქვე ტრიალებდნენ. ერთი ბარტყი დაბლა ეგდო. ხმაურზე ბავშვები მოგროვდნენ. ბიჭები ბარტყის შველას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ…

აღმოჩნდა, რომ ამ სართულზე ,,დაბანაკებული“ გოგონები ,,ქალების ჩხუბს“ თამაშობდნენ,  ერთმანეთს  სათამაშოებს ესროდნენ. ერთი დათუნია ბუდეს მოხვდა და…  შემცბარმა სანტექნიკოსმა ბურტყუნით შეიჯახუნა კარი. თავიანთმა ბებიამ  გოგონებს რისხვა დაატეხა: არ გრცხვენიათ, თქვენ რომ სახლი დაგინგრიონ მოგეწონებათო? ნახეთ სულ ჭორფლებს დაგაყრით, ბუდე რომ მოუშალეთო.

ყველა გაიკრიფა.  ,,დამნაშავეები“ კიბეზე დარჩნენ, ერთმანეთს  შეშინებულები უყურებდნენ, ალბათ,  ჭორფლებსაც უთვალიერებდნენ.

კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვებში ძალადობრივი თამაშების რაოდენობა მატულობს. ეს შეუმჩნეველი არ რჩებათ მშობლებს, მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებს. ეს უკანასკნელები ამ მოვლენის ფესვებს საზოგადოებაში ხედავენ. დედამიწაზე ომები თითქოს შემცირდა, ცივილიზაცია სწრაფი ტემპით მიიწევს წინ, მაგრამ  ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად მაინც ვერ გრძნობს. ის არ არის თავისუფალი შიშისგან და საზრუნავისგან, როგორ დაიცვას თავი?

უბრალო ექსპერიმენტი _ ტელეარხების  ხუთწუთიანი გადათვალიერებაც კი, შეგვახსენებს, რომ გადაცემებსა თუ ფილმებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ძალადობას, შანტაჟის,  ქუჩის გარჩევების, ჩაგვრის, კონფლიქტების, დამცირების მრავალნაირი გამოვლინებით. იგივე ტენდენცია იკვეთება საბავშვო გადაცემებსა თუ ფილმებშიც. ტელევიზიას არ ჩამორჩება ინფორმაციის სხვა გამტარებიც.  ერთი შეხედვით, უწყინარი და ნეიტრალური სარეკლამო ბანერიც კი მომხმარებელზე ფსიქოლოგიური ძალადობის ინსტრუმენტია.

ახდენს თუ არა, ასეთი გარემო ბავშვებზე გავლენას? ბავშვები კონკრეტული ეპოქისა და კონკრეტული რეალობის პირმშოები არიან. მათი ბუნებრივი სწრაფვაც ამ გარემოში თავის დამკვიდრებას უკავშირდება.  თუ ეს გარემო აგრესიით არის დატვირთული, ბავშვების თამაშებშიც, რომელიც ერთგვარი სამზადისია ცხოვრებაში შესასვლელად, ანალოგიური აგრესიები აირეკლება.

როგორ უნდა მოიქცნენ უფროსები, როცა ისინი ბავშვის თამაშებში აგრესიას შენიშნავენ? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს სპეციალისტები არ იძლევიან, მაგრამ დაბეჯითებით გვირჩევენ, დავაკვირდეთ  ბავშვის მიერ არჩეულ აგრესიულ როლებს და ჩავწვდეთ ამ თამაშის მნიშვნელობას ბავშვისთვის.

თამაშის დროს როლში აგრესიის გამოვლინება სხვადასხვაგვარია, ასევე განსხვავებულია ბავშვისგან მისი მიმღებლობის მოტივები. მაგალითისთვის ფსიქოლოგები საბავშვო ბაღში ანას და გოგას თამაშს გვთავაზობენ: ანა ნაჭრის სათამაშო სახლში შედის, გოგა  ფეხებს ურტყავს კედლებს,  სხვადასხვა სათამაშოებს ისვრის შიგნით და ყველანაირად ცდილობს სახლის დანგრევას. როცა სახლი სათამაშოებით ამოიტენება, ანა იწყებს ყვირილს ,,მიშველეთ, ვკვდები!“ და იღებს მომაკვდავის სახეს… ბავშვები ამას რამდენჯერმე იმეორებენ, შემდეგ მათი ფანტაზია სიუჟეტს მკვეთრად ცვლის.   როცა სახლი ნასროლი სათამაშოებით აივსება და ანაც ყვირილს იწყებს,  გოგა უცებ, მნგრეველისა და მოძალადის როლს მიატოვებს და გმირისა და მხსნელის როლში გვევლინება; ,,ნუ გეშინია, მოვდივარ შენს გადასარჩენად!“ ყვირის ის, ანას თავზე დაყრილი ნივთებისგან ათავისუფლებს და  სამშვიდობოზე ხელჩაჭიდებული გამოჰყავს.

როგორც ირკვევა, ბავშვებმა პირველი სიუჟეტი  ტერორისტების მიერ სახლების დარბევის შესახებ მოსმენილი ამბის შთაბეჭდილებით შექმნეს. ნანახი თუ მოსმენილი ბავშვში სხვადასხვაგვარ შფოთს იწვევს, მას უჩნდება ამ შფოთთან გამკლავების მოთხოვნილება.

მათ არ შეუძლიათ უბრალოდ დაივიწყონ ის, რამაც მათ ნეგატიური ემოციები აღუძრა, მაგრამ არც ამგვარი ფაქტების მიღება შეუძლიათ. მათ სჭირდებათ, გადაამუშაონ ახალი ინფორმაცია, დაძლიონ შფოთი და შეიქმნან განცდა, რომ  შეუძლიათ  ასეთ სიტუაციასთან გამკლავება.  ამ მიზანს ისინი თამაშით აღწევენ.

ამიტომაც თავდაპირველ სიუჟეტში მათ გაიმეორეს საშიში ამბის ის გარეგნული ასპექტები, რომელიც მათმა ბავშვურმა გონებამ აღიქვა _  თამაში დასაწყისში მარტივი და სასტიკია: სახლში ადამიანია, მეორე ადამიანი ანგრევს სახლს და პირველი კვდება. გოგა მონდომებით ასრულებს მნგრეველის როლს. მაგრამ სწორი იქნება, ამ როლის არჩევისთვის  ის  ცალსახად მივიჩნიოთ მოძალადედ?

ჯერ ერთი,  ეს არის სიუჟეტური თამაში, რომელშიც პარტნიორების ურთიერთობა  შეთანხმებულია. აგრესორს ჰყავს დამხმარე  _ ნებაყოფლობითი მსხვერპლი. ამჯერად არ ვსაუბრობთ ბიჭზე მოძალადის და გოგონაზე მსხვერპლის როლის გაპიროვნებაზე, რაც თამაშის დამატებითი აზრობრივი ხაზია (ქცევის სოციალური სტერეოტიპების გავლენა).

მეორეც, ბავშვებმა  საგანგაშო სიტუაციის გათამაშების შემდეგ  თამაშში ახალი შინაარსის შემოტანა შეძლეს. სავარაუდოდ, როგორც კი ანამ და გოგამ (მათი ასაკობრივი  შესაძლებლობის შესაბამისად) გაიგეს რა არის ტერორისტობა, როგორია დანგრეულ სახლში მყოფის განცდა, რა ცუდად გამოიყურება სიკვდილი,  მათ შეძლეს  თავიანთ შიშებთან გამკლავება. გოგას დისკომფორტი გაუჩნდა ტერორისტული ქცევის და იმ საშინელი სიტუაციის  გამო, რომელიც  გაითამაშეს.  მისმა გამოთავისუფლებელმა ფანტაზიამ  გამოსავალი მხსნელის როლში გადასვლაში იპოვა და ეს განახორციელა კიდეც.

ბავშვებმა, თამაშის საშუალებით,  წარმოსახაში მიაგნეს ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსავალს. ამ თამაშით, გოგამ შეძლო დაეძლია მოსმენილით აღძრული შფოთი, მოერგო მოძალადის როლი და თვითონვე შეეცვალა ძალადობა ქომაგობითა და სიკეთით. ასეთ შემთხვევაში, კარგია, რომ თამაში ფინალამდე ბავშვების სცენარით მივიდა და ისინი შფოთისგან გათავისუფლდნენ.  ამიტომ დაკვირვება და სიტუაციებში ჩაღრმავება უფროსებს ნამდვილად სჭირდებათ. აჩქარებული დასკვნები და დამოძღვრის ტონი მოკლე დროს ითხოვს, მაგრამ სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა.

ასე დარჩნენ კიბის ბაქანზე მოთამაშე გოგონები რთულ განცდებში, როცა მათთან სასაუბროდ ვერავინ მოიცალა. ვინ იცის, რამდენჯერ გაახსენდებათ დანგრეული ბუდის ამბავი და ყოველი ჭორფლის გამოჩენას გარდაუვალ განაჩენად მიიჩნევენ, რადგან არავინ დაინტერესდა, რომელი ,,ქალების ჩხუბს“ თამაშობდნენ ისინი, იქნებ, მათაც რომელიმე შფოთთან უნდოდათ გამკლავება, სინამდვილეში კი ახალი შფოთით (ბუდის დანგრევის, ბარტყის სიკვდილის და ჭორფლების გამო) დაიმუხტნენ…

რა თქმა უნდა, მერცხლის ბუდეების გადასარჩენად ბავშვების აგრესიული ქცევების პრევენციაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სანამ ბავშვის აგრესიულ თამაშებს შევაჩერებთ, შევეცადოთ ჩავწვდეთ, რა ცოდნას, აზრებსა და ფანტაზიებს ავითარებს ის ამ თამაშში.

  • რას განიცდის ახლა ბავშვი?
  • რომელი გარეგანი შთაბეჭდილებებით შეიძლება აღძრულიყო ეს განცდები?
  • სინამდვილეში ვისთან აიგივებს თავის თავს?
  • თავის ფანტაზიას მიმართავს თუ არა იმისთვის, რომ მოძალადის როლი პოზიტიური როლით ჩაანაცვლოს?
  • რამდენად კარგად ახერხებს ამას?
  • თამაშს შეუძლია თუ არა, დაეხმაროს ბავშვს ემოციურ სტაბილიზაციაში?
  • რას სწავლობს ის ამ თამაშით?
  • თამაშის პროცესში უვითარდება თუ არა ურთიერთობის უნარები?

ამ კითხვებზე პასუხების მიგნება და გაანალიზება სწორ გზაზე დაგვაყენებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი