მიშო მასწავლებელი, ახალგაზრდა აღმზრდელი ბედიანიდან

ტყეში ჩაფლულ დაბა ბედიანს, ერთი უცნაური თვისება აქვს – თუ აქ მოხვდი, მუდამ აქ დაბრუნებაზე ფიქრობ.  პატარა დაბაში,  რომელიც წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის რამდენიმე ინსტიტუციაა, ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოა, მონასტერი, ბავშვთა ცენტრი და სკოლა. წლების წინ ბედიანს მხოლოდ ფსიქიატრიული საავადმყოფოს სახელით  იცნობდნენ. დაბა, რომელიც ძირითადად ბერძენი და სომეხი მოსახლეობით იყო დასახლებული, ქართული მონასტრისა და ბავშვთა ცენტრის გახსნის  შემდეგ გარე სამყაროსთვის უფრო ღია და მიმზიდველი გახდა.

25  წლის მიშო სულთანოვსაც  აქვს ბედიანში დარჩენისა და  ცხოვრების სურვილი. იგი თითქმის 14 წელია, ბედიანის ბავშვთა ცენტრში ცხოვრობს. სკოლაც აქ  დაამთავრა.  შემდეგ კი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა  აღმოსავლეთმცოდნეობაზე, კერძოდ, არაბისტიკაზე. მაგისტრატურა  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა საერთაშორისო ურთიერთობებზე, თუმცა ბედიანიდან საბოლოოდ არასოდეს  წასულა. იგი ყოველთვის რჩებოდა იმ მცირე ტიპის ოჯახური  ბავშვთა სახლის ნაწილად, რომელსაც ბედიანის ბავშვთა ცენტრი ჰქვია. პროფესია კი ოდნავ სპონტანურად აირჩია, თუმცა  არაბულმა მაინც დააინტერესა. არაბული ისწავლა და მოკლე პერიოდი არაბულენოვან და ინგლისურენოვან გიდადაც მუშაობდა. სანამ უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებდა, მსახიობობაზე ოცნებობდა. მის სურვილს ბავშვთა ცენტრის მესვეურები გაგებით მოეკიდნენ, ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში. მიშოც დადიოდა სხვადასხვა მასწავლებელთან, სანამ თავად არ დარწმუნდა, რომ მსახიობობა მისი საქმე არ იყო. თვითონ ამბობს, რომ ბავშვთა ცენტრის სისტემა მთლიანად ბავშვზე და მის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული, უბრალოდ არის რაღაცები, რაშიც თავად უნდა დარწმუნდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალ გარე სამყაროსთან ურთიერთობის დაწყება ძლიერი შიშებით ახსენდება. ბედიანში თავისუფლება ჰქონდა, უფრო შინაურ წრეში ტრიალებდა, სადაც ყველა იცნობდა და არ ჰქონდა აღიარების პრობლემა. ასე იხსენებს თბილისში სწავლის დაწყების პირველ წელს: „ძალიან დიდი შიში მქონდა ადამიანების. ცოტა გვიან გავაცნობიერე, რომ  ეს  ჩემი კომპლექსი იყო გარე სოციუმში გასვლის, უნივერსიტეტის. აქ დღეს ჩამოდიან ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე მე „შემაშინეს”, რომლებთანაც მე რაღაცებს ვერ ვამბობდი; არ ვიცოდი ისინი რას ფიქრობდნენ, რას ლაპარაკობდნენ, როგორ ლაპარაკობდნენ, რა ტერმინოლოგიას იყენებდნენ, რა ინტერესები ჰქონდათ, რაზე იცინოდნენ.  ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ არ დაეცინათ და უნივერსიტეტში ორი კურსის განმავლობაში ჩემი აზრის გამოთქმას ვერიდებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგონა  დამცინებდნენ. თბილისში  დავდიოდი შეშინებული. თუმცა სწორედ იქ გავიზარდე როგორც პიროვნება. მივიღე ცოდნა, გამიჩნდა უცხოეთში წასვლის შესაძლებლობები. მე ვიყავი ძალიან მონდომებული  და ჩემი თავი ახალი კუთხით აღმოვაჩინე. სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა, მარტო იმან გადაწყვიტა, რომ ინგლისური ვიცოდი. ინგლისურს რაც შეეხება, უნივერსიტეტმა ინგლისური განათლება საერთოდ ვერ მომცა. მე ვკითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს ინგლისურად, ვუყურებდი ფილმებს ინგლისურ ენაზე და არაფერი არ მესმოდა. მე მიყვარს ინგლისური და დღესაც, როცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ენა სრულფასოვნად შევისწავლე, ამის მიუხედავად, მაინც ვსაუბრობ ამ ენაზე”, – იხსენებს მიშო.

მიშოს მაინც უწევს იმის მტკიცება, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა ცენტრში ცხოვრობდა, ეს არ არის ისეთი ტიპის დაწესებულება, როგორიც ფილმებში უნახავთ ან თავად წარმოუდგენიათ.

„ბედიანს კარგი კიდევ ის აქვს, რომ როცა 18 წლის ხდები, ბავშვთა სახლიდან გიშვებენ, თუმცა მე უკვე 25 წლის ვარ, მაგრამ მაინც ბავშვთა სახლში ვარ. ამ სისტემიდან რომ წავიდე, ყოველთვის მექნება მისი დიდი მხარდაჭერა. და ეს არის ყველაზე მისი საუკეთესო მხარე. ეს არის ოჯახური ტიპის სისტემა. ყველას უკვირს, აქ ვინც მოდის, რომ ეს ბავშვთა სახლია, იმდენად ოჯახურ და  ბუნებრივ გარემოში ვცხოვრობთ. ყველას ასე წარმოუდგენია, რომ დიდ სასადილოში ვსაუზმობთ ყველა ერთად, ვიღაცა ცუდად რომ იქცევა, თითებზე სახაზავს ურტყამენ, როგორც ფილმებში უნახავთ  სკოლა-ინტერნატებზე. აქ ჩამოსულები სულ სხვა რეალობას ხედავენ”.

ბედიანის ბავშვთა ცენტრის არსებობა უკვე ათზე მეტ წელს ითვლის.  მიშო ამბობს, რომ  იმ აღსაზრდელებს, რომლებსაც აქ ცხოვრება სურთ, ცდილობენ საკუთარი საქმე გამოუნახონ. ზოგი მეფუტკრე ხდება, ზოგი – მეურნე, ზოგი ნელ-ნელა ბავშვთა ცენტრის საქმეების ხელმძღვანელობას ითავსებს, ზოგი მიდის და მასაც ეხმარებიან დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობაში, ზოგიერთს სწავლაში და ა.შ.  ყველა სხვადასხვა საქმეს და პასუხისმგებლობას ინაწილებს. მიშოს ბავშვებთან ურთიერთობა მოსწონს. ამბობს, რომ როდესაც პატარა იყო, მას აკვირდებოდნენ, ახლა როდესაც გაიზარდა, სხვა ბავშვებს თვითონ აკვირდება. ცდილობს, გამოიცნოს, რა სწყინთ, რა უხარიათ, რაზე ბრაზობენ ან რატომ ჩხუბობენ  ბავშვები; ცდილობს, ყველას ინდივიდუალურად მიუდგეს, ზოგი დაამშვიდოს, ზოგი შეარიგოს და გაამხნევოს. ბავშვებთან ურთიერთობას ყოველთვის აანალიზებს და ცდილობს მუდმივად იყოს დამკვირვებლის როლში, რომ არაფერი გამოეპაროს.

„პატარებს ფაქიზი სული აქვთ და ყველაფერი მათ ენაზე უნდა უთარგმნო. მთავარია, მათი აზრები დაიჭირო და ამ ენაზე ელაპარაკო. რაც უფრო ახლოს ხარ მათ აზრებთან, უფრო მეტად ხვდებიან შენს სათქმელს და გითვალისწინებენ“, – ამბობს მიშო.

ბედიანის ბავშვთა ცენტრმა წელს ბანაკის საპილოტე მცდელობა განახორციელა. თბილისიდან ჩამოსულ ბავშვებსა და ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს მიშო ხელმძღვანელობს. მან დაგეგმა  აქტივობები, ბანაკის დღის წესრიგი და მას უწევდა სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება. როდესაც ბანაკზე, აქტივობებზე და ბავშვებზე ლაპარაკობს, ხშირად იმეორებს, რომ კარგი იქნება, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ბედიანისა და წალკის რეგიონის შესახებ. ბანაკის ერთ-ერთი მიზანი ესეცაა, თბილისში დაბრუნებულმა ბანაკის ბავშვებმა ყველას გააგებინონ ბედიანის შესახებ, ხოლო ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებმა კავშირი გააბან სხვა გარე სამყაროსთან. მიშო ფიქრობს, რომ ბედიანი მაინც მოწყვეტილია ცივილიზაციისგან, სხვა რეალობისგან  და სხვა საზოგადოებისგან, ამიტომ აქაურ ბავშვებსაც სჭირდებათ განსხვავებული თანატოლების ნახვა.

„სოფლის ყველა ბავშვი დადის ჩვენთან ერთად სტადიონზე და მათაც ძალიან უხარიათ და ეცნობიან თავისნაირ ადამიანებს. დაინახეს ლურჯი თმა და ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ როდესაც თბილისში ჩავლენ  უკვე ეცოდინებათ,  რომ თმა ლურჯადაც იღებება  და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, – ჰყვება ის მათი საერთო შთაბეჭდილებების შესახებ.

როდესაც მიშოს საკუთარ გამოცდილებაზე ვეკითხები, თუ საიდან ახერხებს ბავშვებთან ასეთ ურთიერთობას, მპასუხობს, რომ სტუდენტობის დროს ანიმატორად მუშაობდა გარკვეული ხანი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში ყოფნის დროს მიიღო. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იყო ესპანეთი, სადაც  ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა და საცხოვრებლად ესპანური სოფელი ზუსტად იმიტომ აირჩია, რომ სურდა ბედიანში გამოეყენებინა იქ მიღებული გამოცდილება. ახლა ამბობს, რომ ბანაკის აქტივობების დაგეგმვის დროს, თითქმის 80 %-ით იქ მიღებულ გამოცდილებას  დაეყრდნო.

„ყველა ადგილს თავისი რეალობა აქვს.  ესპანეთში, რომ წავედი, ვნახე, როგორი განსხვავებულია ყველაფერი და რა სხვანაირია ჩვენთან რეალობა. ეს იყო მცირე კულტურული შოკი. იქნებოდა ეს ქალის, ერთმანეთის თუ სოფლის მიმართ პატივისცემა. მე ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი მოხალისედ და იქ ვნახე, როგორ უვლიდნენ ერთმანეთს, გარემოს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. სოფელი იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცოდი, როდესაც ბედიანში დავბრუნდებოდი, აქ რამე პროექტი უნდა გამეკეთებინა, როგორც ჩვენი მასპინძლები აკეთებდნენ თავიანთ სოფელში. ცხოვრობდნენ სოფელში, მაგრამ აკეთებდნენ მრავალ  პროექტს. საქართველოში, როდესაც დავბრუნდი მეგობართან ერთად ორგანიზაცია დავაფუძნე  და სხვადასხვა აქტივობა ჩავატარეთ. ჩემმა მეგობარმა ამ ორგანიზაციის ფარგლებში ერთი ასეთი აქტივობა მოიფიქრა – ველოტური მოაწყო და წალკის სოფლებში აგროვებს ისტორიებს. ესპანეთში ცხოვრების დროს კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდა ჩემთვის შოკისმომგვრელი. როდესაც, საღამოს  სასეირნოდ გავიდოდით, მთელი სოფელი ცდილობდა  სადღაც ხევში, თუ რაიმე პარკი ეგდო, როგორმე ამოეღოთ.  ორგანიზებულად იკრიბებოდნენ, ჯოხებით შეიარაღდებოდნენ, გაწევდნენ და გამოწევდნენ ტოტებს, რომ ერთი პარკი აეღოთ. მაშინ ცოტა დავეჭვდი, ჩამოსულებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ხომ არ აკეთებდნენ… ერთხელ მარტო წავედი სასეირნოდ და გზაზე კაცი დავინახე, რომელიც მიწაში იჩიჩქნებოდა. მე  ნაბიჯს შევუნელე, კარგა ხანს მუშაობდა და ძალიან დავინტერესდი რას აკეთებდა, თხრიდა და თხრიდა.  თურმე პარკის ნაგლეჯი იყო მიწაში ღრმად ჩამარხული და როდესაც ამოაგდო მიწიდან, წაიღო და ნაგვის ურნაში ჩააგდო. მერე შევადარე ჩვენს რეალობას.  შეიძლება ჩვენ არ ვყრიდეთ ნაგავს,  მაგრამ ნაგავი სხვამ თუ დაყარა იმას არ ავიღებთ. იქ ყველა უფრთხილდებოდა თავიანთი სოფლის სისუფთავეს. შემდეგ, როდესაც საქართველოში  ჩამოვედი, ვიძახდი – ავიღოთ, ავიღოთ ეს ნაგავი. მერე და მერე არავინ მისმენდა. ამას ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ”.

ბანაკისა და ბედიანის ბავშვთა ცენტრის ბავშვები „მიშო მასს” ეძახიან. თვითონ კი ფიქრობს, რომ ჯერ ვერ გადაუწყვეტია ვინ იქნება, აღმზრდელი, მასწავლებელი თუ რამე სხვა საქმეს გამონახავს. ესპანეთში დარჩენასაც სთავაზობდნენ, მაგრამ ამბობს, რომ ვერ წყდება აქაურ რეალობას, ვერ წყდება ბედიანს  და სურს, აქ მიაღწიოს წარმატებას. აქ დარჩეს.

„ესპანეთში ცხოვრების დროს, ადგილობრივი სოფლელი  მიყვებოდა, როგორ ალაგებდა მისი მეგობარი ყუთებს ძალიან კარგად და როგორი მაგარი პროფესიონალია თავის საქმეში. ჩვენთან კი კონსტრუირებულია ყველაფერი, დაყოფილია კასტებად, პატარა წრეებად და ამ წრეებზე მორგებულ კრიტერიუმებს თუ არ შეესაბამები, ახლოს არ მიგიშვებენ, არ მიგიღებენ. ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა ადამიანის აღიარების, უნდათ რაღაც გრანდიოზულ წარმატებას მაღწიო. თუ ვერ აკმაყოფილებ მათ კრიტერიუმებს, არ მიგიღებენ თავიანთ  სოციუმში. იქ კი ყველა დაფასებულია,  დამლაგებელიც და მზარეულიც. როდესაც ჩვენი პროგრამა დამთავრდა, ღონისძიება მოვუწყვეთ მზარეულს, ნამცხვრები გამოვუცხვეთ და ვცდილობდით ასე გამოგვეხატა მადლიერება გაწეული შრომისთვის. თავიდან მეც ასე ვიფიქრე – რაში სჭირდება  დამლაგებელს ასეთი რამ და ეს ჩემი ბრალი არ იყო. ეს იყო ქართული სოციალური ყოფის გამოძახილი. ჩვენთან ქალი ტრიალებს, კაცი თუ მოვიდა უნდა ადგეს და  ისევ დატრიალდეს. იქ კი ყველაფერს მართლა თანაბრად ინაწილებდნენ, კაცები  ჭურჭელს რეცხავენ, გარემოს ასუფთავებენ ”.

ბანაკის შემოქმედებითი მხარის დაგეგმვა მას მოუწია. ცდილობდა ბავშვებში მოსმენის უნარები, ერთმანეთის პატივისცემა და ემპათია გაეღვიძებინა. სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ცდილობდა, ბავშვებს კრეატიული აზროვნება დაეწყოთ და გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახლებური სიცოცხლე  შეეძინათ.

„მთავარია, ბავშვებმა დაიწყონ ფიქრი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი” – ამბობს ახალგაზრდა აღმზრდელი და ყოველ საღამოს ფილმების ჩვენების წინ, წინასწარ უყურებს ფილმს, რომ ძალადობის შემცველი კადრები არ გაიპაროს, რომ ბავშვებმა ნაკლები აგრესია ნახონ. ფიქრობს, რომ ირგვლივ ძალიან დიდი რაოდენობით აგრესიაა და ამაზე ყველამ უნდა იფიქროს.

„როცა ბავშვებს ვუყურებ, არიან ძალიან აგრესიული და ერთ-ერთი სემინარი, რომელიც მე ესპანური გამოცდილების შედეგად აქ გამოვიყენე ეხება არა ძალადობრივ კომუნიკაციას. ისეთი მიმართვები, როგორიც არის –  დებილო, მახინჯო, რაც ძალიან ხშირია და ბუნებრივი გახდა ყველასთვის. ეს  ძალიან კომპლექსური საკითხია და ყველა უნდა ვეცადოთ ამაზე გვქონდეს რეაგირება. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს. ვერ ვუშველით მხოლოდ შენიშვნით – ნუ გაქვს ეს ცუდი თვისება! ახლავე მოიშორე!  ახლა ზუსტად ამ თემის შესახებ ვკითხულობ წიგნს. ავტორი,  მარშალ  როზენბერგი, კარგად ხსნის, როგორ შეცვალოს ბავშვების აღზრდით დაკავებულმა პირმა ბავშვის ძალადობრივი ქცევა, სიყვარულად აქციოს აგრესია. ბავშვთა ცენტრშიც არის ასეთი პრობლემები და საერთოდ, ეს უნივერსალური პრობლემაა. და ასეც შეიძლება იფიქრო, რახან ყველგან არის, ე.ი. არა უშავს და მეორე კუთხითაც იფიქრო,  რახან ყველგან არის,  ე.ი ძალიან დიდი პრობლემაა. მე ასე ვუყურებ, რომ დიდი პრობლემაა. სწორედაც, ძალიან ცუდია, რომ ყველგან ხდება და თავი არ უნდა დავიმშვიდოთ”.

მიშოს  ცხოვრება, განვითარების ბევრ ეტაპს მოიცავს და მუდმივად აღმოჩენების ძიებაშია. თვითონ ამბობს, რომ ცხოვრება არაფრით ემორჩილება და არც რაიმე დასახული მიზანი აქვს ჯერჯერობით, თუმცა მაინც სურს დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება.

„თუ მე ცხოვრებაში მივხვდები, რისი კეთება მიყვარს და არ მოვიტყუებ საკუთარ თავს, რომ მიყვარს, მაშინ ჩავთვლი, რომ ბედნიერი ვარ და საკუთარი ცხოვრების გზა ნაპოვნი მექნება. მე რომ მართლა ვიცოდე, რის კეთება მინდა, თავს მოვიკლავდი და ბოლომდე მივყვებოდი იმ საქმეს. თუმცა, მგონია რომ ყველაფერი წინ მაქვს და ნელ-ნელა ყველაფერს გავიაზრებ”.

 

 

 

 

კომენტარები

comments