სამშაბათი, მარტი 31, 2026
31 მარტი, სამშაბათი, 2026

ცარციდან ხელოვნურ ინტელექტამდე-  მასწავლებელი და სწავლება  ციფრულ ეპოქაში

ჩემი სასკოლო ცხოვრება ცარცით დასვრილ  ხელებს   და  გაცრეცილ, უღიმღამო დაფის საწმენდ ტილოს უკავშირდება. თეთრი ცარცის  სხვადასხვა ფერის ცარცებით ჩანაცვლებამაც მოუსწრო ჩემს სასკოლო ცხოვრებას, თუმცა, ფერის ცვლილება სასწავლო გარემოს  სახეცვლილებას არ უკავშირდებოდა.

დღეს სწავლება თითქმის აღარ ასოცირდება დაფასთან, ცარცთან და რვეულში ჩანაწერებთან.  საკლასო სივრცეში სწავლა უმეტესად  ციფრულ პლატფორმებზე, ონლაინ რესურსების გამოყენებით და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სწავლება აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. ის უფრო   ინტერაქტიური, თანამშრომლობითი და პერსონალიზებული პროცესია, რომელშიც მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს, ხოლო მასწავლებელი ხშირად ასრულებს მეგზურის  და სწავლის პროცესის ორგანიზატორის როლს.

ამ ცვლილებებს,  რომელსაც დღეს განათლების ციფრული ტრანსფორმაციის  პროცესად მოიხსენიებენ, გულისხმობს   სწავლების მეთოდების, სასწავლო რესურსების, კომუნიკაციის ფორმებსა და მასწავლებლის პროფესიულ როლის ცვლილებას.

მაინც რა არის განათლების ციფრული ტრანსფორმაცია?

განათლების ციფრული ტრანსფორმაცია გულისხმობს ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში ისე, რომ შეიცვალოს არა მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ სწავლების მიდგომები და სასწავლო გამოცდილება.  პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს:

  1. ციფრულ ინფრასტრუქტურას;
  2. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ციფრულ კომპეტენციებს;
  3. მრავალფეროვან ციფრულ სასწავლო რესურსებს;
  4. ინოვაციურ სასწავლო მოდელებს.

ციფრული განათლების განვითარებას რამდენიმე პედაგოგიური მოდელი აღწერს. მათ შორისაა SAMR მოდელი.

SAMR მოდელი აღწერს ტექნოლოგიის ინტეგრაციის ოთხ დონეს –  ტექნოლოგია ცვლის ტრადიციულ ინსტრუმენტს, ტექნოლოგია აუმჯობესებს სწავლების ტრადიციულ პროცესს, სწავლების ამოცანები ნაწილობრივ იცვლება და იქმნება ისეთი სასწავლო აქტივობები, რომელთა   შექმნა ადრე შეუძლებელი იყო.

 

დონე აქტივობის აღწერა ტექნოლოგიური როლი
Substitution ჩანაცვლება მოსწავლეები ნაბეჭდი წიგნის ნაცვლად ციფრულ ფორმატში კითხულობენ ტექსტს ტექნოლოგია უბრალოდ ცვლის ტრადიციულ ინსტრუმენტს.
Augmentation გაძლიერება საკვანძო სიტყვების საპოვნელად მოსწავლეები ტექსტში იყენებენ “Search” ფუნქციას  და ამატებენ ციფრულ კომენტარებს. ტექნოლოგია მცირე ფუნქციურ გაუმჯობესებას იძლევა.
Modification მოდიფიკაცია მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ Padlet-ის დაფაზე, სადაც აზიარებენ ციტატებს და ერთმანეთის ანალიზს კომენტარებით სცემენ პასუხს. სწავლების ამოცანები მნიშვნელოვნად გარდაიქმნება და ხდება თანამშრომლობითი.
Redefinition ხელახალი განსაზღვრა მოსწავლეები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს პერსონაჟის ალტერნატიული ისტორიის შესაქმნელად, შემდეგ კი ქმნიან ციფრულ პოდკასტს ან ვიდეო-ესეს. იქმნება ახალი სასწავლო აქტივობები, რომლებიც ადრე შეუძლებელი იყო.

 

მეორე პედაგოგიური მიდგომა  TPACK მოდელია, ის  ხაზს უსვამს  ცოდნის სამი  სფეროს მნიშვნელობას: საგნობრივ,  პედაგოგიურ და   ტექნოლოგიურ ცოდნას.

ტექნოლოგიის ეფექტიანი გამოყენება სწორედ ამ სამი კომპონენტის სწორ შერწყმას მოითხოვს. იმისათვის, რომ ტექნოლოგიების ინტეგრაცია იყოს წარმატებული, მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბალანსი შემდეგ კომპონენტებს შორის:

  საგნობრივი ცოდნა (CK): რას ვასწავლით? (ისტორიული ფაქტები, მათემატიკური ფორმულები)

პედაგოგიური ცოდნა (PK): როგორ ვასწავლით? (ჯგუფური მუშაობა, პროექტზე დაფუძნებული სწავლება) .

ტექნოლოგიური ცოდნა (TK): რა ინსტრუმენტს ვიყენებთ? (Padlet, Kahoot, AI პლატფორმები) .

როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ეს მოდელები პრაქტიკული კუთხით, როგორია  ეფექტური სწავლების ფორმულა, ვნახოთ კონკრეტული მაგალითებზე.

პრაქტიკული მაგალითი: ბიოლოგიის გაკვეთილი „ეკოსისტემები“

პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე ვნახოთ,  როგორ თავსებადია  ეს სამი კომპონენტი ერთად რეალურ გაკვეთილზე:

საგნობრივი (CK): მასწავლებელმა ზუსტად იცის კვებითი ჯაჭვისა და ეკოსისტემის ბალანსის პრინციპები.

პედაგოგიური (PK): მასწავლებელი ირჩევს კონექტივიზმის  მიდგომას , სადაც სწავლა ინფორმაციის მოძიებისა და კავშირების დამყარების პროცესია.

ტექნოლოგიური (TK): კლასი იყენებს სიმულაციურ პროგრამას ან ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას ვირტუალური ეკოსისტემა.

შედეგი (TPACK): მასწავლებელი იყენებს ტექნოლოგიას არა უბრალოდ „ჩვენებისთვის“, არამედ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა პრაქტიკულად დაინახონ, როგორ მოქმედებს ერთი ცვლადის შეცვლა მთელ ეკოსისტემაზე. ეს ავითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.

თანამშრომლობითი ტექსტის ანალიზი

ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი ქმნის Padlet-ის ვირტუალურ დაფას.

მოსწავლეები: აზიარებენ ციტატებს, წერენ პერსონაჟების ანალიზს, კომენტარებით სცემენ პასუხს თანაკლასელებს.

ამ მიდგომით  ვითარდება თანამშრომლობა,  მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას,  ტექსტის ანალიზი ხდება მრავალმხრივი.

 

ხელოვნური ინტელექტი ტექსტის ანალიზში

ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები AI ინსტრუმენტს სთხოვენ ტექსტის რეზიუმეს ან პერსონაჟის ანალიზს. შემდეგ ისინი ადარებენ AI-ის პასუხებს საკუთარ ინტერპრეტაციას.

ამ მიდგომით:

  • ვითარდება ანალიტიკური აზროვნება;
    • მოსწავლეები სწავლობენ AI-ის კრიტიკულ გამოყენებას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე:

„კლიმატის ცვლილება ჩემს რეგიონში“

მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს, ქმნიან დიაგრამებს,  ამზადებენ პრეზენტაციებს , რაც ავითარებს  კვლევით უნარებს და სწავლა უკავშირდება რეალურ პრობლემებს.

ციფრული ქვიზი, როგორც შეფასების ინსტრუმენტი

ისტორიის გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი იყენებს Kahoot პლატფორმას სწრაფი შეფასებისთვის. მოსწავლეები ტელეფონებით ერთვებიან ქვიზში, რომელიც თამაშის პრინციპზეა შედგენილი.

მიკრო-სცენარი:
ერთ-ერთ კითხვაზე მოსწავლეთა უმრავლესობამ არასწორად უპასუხა. მასწავლებელმა თამაში შეაჩერა, განმარტა საკითხი და შემდეგ დამატებითი კითხვა დასვა. ამ მიდგომით:

  • იზრდება ჩართულობა;
    • მასწავლებელი სწრაფად აღმოაჩენს ცოდნის ხარვეზებს;
    • შეფასება ხდება თამაშის ფორმატში.

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, თანამშრომლობასა და პრობლემის გადაჭრაში.

ციფრული ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას ეხება. ამიტომ:

ნუ დავიწყებთ ინსტრუმენტით (TK).

დავიწყოთ სასწავლო მიზნით (CK) და იმით, თუ როგორ სჯობს ამ მასალის მიწოდება (PK).

ტექნოლოგია (TK) შევარჩიოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა გვეცოდინება, როგორ გააძლიერებს შერჩეული ტექნოლოგია სწავლის არსს.

ეს მიდგომა მასწავლებლებს დაეხმარება, თავი დააღწიონ „ტექნოლოგიას ტექნოლოგიისთვის“ და გადავიდნენ რეალურ, გააზრებულ სწავლებაზე.

TPACK მოდელზე დაფუძნებული თვითშეფასების კითხვარი.

ეს ინსტრუმენტები მასწავლებლებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ციფრულ ტრანსფორმაციაში და დაინახონ, რამდენად ჰარმონიულადაა გაერთიანებული ამ ინსტრუმენტებში საგნობრივი, პედაგოგიური და ტექნოლოგიური ცოდნები.

შეკითხვა თვითრეფლექსიისთვის პასუხი (1-5) შესაბამისი კომპონენტი
რამდენად თავდაჯერებულად ვფლობ ჩემი საგნის იმ საკვანძო საკითხებს, რომლებსაც ვასწავლი? CK (საგნობრივი)
შემიძლია თუ არა, შევარჩიო სწავლების ისეთი მეთოდი (მაგ. ჯგუფური მუშაობა), რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება კონკრეტულ თემას? PK (პედაგოგიური)
ვიცი თუ არა, რომელი ციფრული ინსტრუმენტი (მაგ. Kahoot, Padlet) გამოვიყენო სასწავლო მიზნის მისაღწევად? TK (ტექნოლოგიური)
შემიძლია თუ არა ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი აქტივობის შექმნა, რომელიც მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებაში დაეხმარება? TPACK (ინტეგრირებული)
ვეხმარები თუ არა მოსწავლეებს ციფრულ გარემოში ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და გადამოწმებაში? TPACK + ეთიკა

 

აქტივობის შეფასების სქემა (SAMR მოდელი)

ეს სქემა დაგვეხმარება განსაზღვროთ, რა დონეზე ხდება ტექნოლოგიის ინტეგრაცია კონკრეტულ გაკვეთილზე.

დონე შეფასების კრიტერიუმი შედეგი
Substitution ტექნოლოგია უბრალოდ ანაცვლებს ძველ ინსტრუმენტს (მაგ. რვეულის ნაცვლად Word-ში წერა). ფუნქციური ცვლილება არ არის.
Augmentation ტექნოლოგია მატებს ეფექტურობას (მაგ. ავტომატური მართლწერის შემოწმება ან სწრაფი ძებნა). მცირე გაუმჯობესება.
Modification აქტივობა იცვლება და ხდება უფრო ინტერაქტიური (მაგ. ერთობლივი მუშაობა ონლაინ დაფაზე). სწავლის პროცესის გარდაქმნა.
Redefinition იქმნება ისეთი დავალება, რომლის მსგავსიც ადრე წარმოუდგენელი იყო (მაგ. AI-თან დებატები ან ვირტუალური ლაბორატორია). სრული ინოვაცია.

 

ციფრული განათლება გარკვეულ გამოწვევებსაც მოიცავს. მათ შორისაა:  ციფრული უთანასწორობა, ინფორმაციის სანდოობის პრობლემა, ონლაინ გარემოში ყურადღების დეფიციტი, მონაცემთა უსაფრთხოება. ამიტომ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის  პასუხისმგებლობიანი  და გააზრებული გამოყენება.

ციფრული ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, ეხება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას. ტექნოლოგია არ ცვლის მასწავლებელს − ის აძლიერებს მის შესაძლებლობებს.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მასწავლებლებისთვის:
• ტექნოლოგია ყოველთვის დაუკავშირეთ სასწავლო მიზანს;
• გამოიყენეთ ინტერაქტიური აქტივობები;
• წაახალისეთ თანამშრომლობა;
• ასწავლეთ მოსწავლეებს ინფორმაციის კრიტიკული შეფასება;
• გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი.

ციფრული ეპოქა განათლებას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ტექნოლოგიები ქმნის უფრო მოქნილ, ინტერაქტიურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს. თუმცა, წარმატებული ტრანსფორმაცია დამოკიდებულია ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე.  ინტეგრირებული ტექნოლოგია არ ცვლის სწავლების არსს, ის აძლიერებს მას და ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობით, კრიტიკულ შემოქმედებით აზროვნებას.

გამოყენებული ლიტერატურა

 

დამატებითი პრაქტიკული რესურსები

Guidelines on tackling disinformation (2022)  გზამკვლევი მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე (ევროკომისია).

Guidance for Generative AI (2023)  იუნესკოს სახელმძღვანელო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე.

Design Thinking for Education (2015) დიზაინ-აზროვნების გამოყენება სწავლებაში (TPACK-ის რეალიზაციისთვის).

Project-Based Learning (PBL) რესურსები პროექტზე დაფუძნებული სწავლებისთვის (კვლევითი უნარების განსავითარებლად).

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“