ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში (მესამე ნაწილი)

 
კინომატოგრაფიული და თეატრალური ელემენტები კინოში

იმისათვის, რომ ფილმის შეფასებას კრიტიკულად მივუდგეთ, საჭიროა ცოტა რამ ვიცოდეთ იმ კინემატოგრაფიულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ფილმის გადაღების პროცესში გამოიყენება. თუ ვსწავლობთ ფერწერას, აუცილებელია ფუნჯის ხმარების, ფერისა და კომპოზიციის შერჩევის და სხვა ელემენტების ცოდნა. ასევეა ფილმის შესწავლის დროს, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რა გავლენას ახდენს მაყურებელზე გადაღების ტექნიკა და თეატრალური ელემენტები. ეს ტექნიკა თავის თავში შეიძლება მოიცავდეს  კადრის ფორმირებას და კადრების სინქრონიზაციას,  გადაღების კუთხეს,  კამერის მოძრაობას, ასევე ხმასა და მონტაჟს. თეატრალურ ელემენტებს კი განეკუთვნება: კოსტიუმები, რეკვიზიტი, მსახიობთა შერჩევა და ა.შ. თითოეული კინემატოგრაფიულ მეთოდსა და თეატრალურ ელემენტს ფილმის შემქმნელი იყენებს სრულიად კონკრეტული მიზნის მისაღწევად. სწორედ, ამიტომ გვჭირდება ფილმის ანალიზის დროს ამ მეთოდებისა და ელემენტების ცოდნა.

ფილმის შექმნა

ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, კინოს გადაღება კოლექტიურ პროცესს წარმოადგენს, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ზოგიერთი კინომცოდნის (შესავალი – დევიდ ბორდველი და კრისტიან ტომპსონი – 2006) აზრით, ფილმის გადაღებისას რეჟისორი (ფილმის შემოქმედი) 5 ძირითად ჯგუფს ეყრდნობა:

1.ჯგუფი, დამდგმელი მხატვრის ხელმძღვანელობით, რომელიც პასუხს აგებს ფილმის გარეგნულ მხარეზე. დამდგმელი მხატვარი ხელმძღვანელობს ადამიანებს, რომლებიც ქმნიან კოსტიუმებს, მსახიობებს უკეთებენ მაკიაჟს, აგებენ რეკვიზიტს და სხვა. ამავე დროს, ამ ჯგუფში შედიან მხატვრები, რომლებიც ესკიზებსებისა და კომიქსების მეშვეობით ქმნიან კადრების ჩანახატებს. 

2.რეჟისორის მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც უგვარებს მას სხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობას. 

3. ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს დამდგმელი ოპერატორი, და რომელიც პასუხისმგებელია კამერის მოძრაობაზე, ფოკუსზე, კადრის ფორმირებაზე და კადრების სინქრონიზაციაზე,   განათებისა და სხვა მრავალი ფუნქციის შესრულებაზე.

4.„ხმის ჯგუფი”, რომელსაც ხელმძღვანელობს ხმის ოპერატორი, და რომელიც პასუხისმგემელია დიალოგების ჩაწერასა და სხვადასხვა სახის ხმის ეფექტების შექმნაზე.

5.როლებს შესაძლებელია ასრულებდნენ ცნობილი ვარსკვლავები, ან ჩვეულებრივი მსახიობები. მათი მუშაობა ყველაზე შესამჩნევი და თვალნათელია.

ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ  სხვა ჯგუფები იწყებენ მუშაობას. ამ ჯგუფების ფუნქციაში შედის გადაღებული მასალის დამუშავება. კერძოდ, გადაღებული მასალის რედაქტირება და მონტაჟი, ხმოვანი ეფექტების შექმნა, კადრს მიღმა ხმის დადება, გახმოვანება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა კომპიუტერული ეფექტებისა და ანიმაციის შექმნა  და ა.შ. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფილმის შექმნაში უამრავი  ადამიანი იღებს მონაწილეობას და ამიტომ ის კოლექტიურ პროდუქტად შეიძლება ჩავთვალოთ.

კინოგადაღება

რა არის კადრი? კინოგადაღების დროს  ჩვენ ხშირად გვხვდება სიტყვა „კადრი”.  ფოტოკადრისგან განსხვავებით, კინოკადრი წარმოადგენს  სხვადასხვა ხანგრძლივობის კინოფირის მონაკვეთზე  გამოსახულ ერთ უწყვეტ მოქმედებას, რომელიც მიმდინარეობს კინოკამერის ჩართვიდან  მის გამორთვამდე. კადრების გამყოფს წარმოადგენს ძალიან მცირე ზომის შავი მონაკვეთი (სწორედ ამას ვუწოდებთ ფოტოკადრს), რომელსაც სიმცირის გამო  ჩვენი თვალი ვერ აფიქსირებს. ის თვალის დახამხამებას უფრო წააგავს. 

კინოკადრი შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე. 
სხვადასხვა სიშორის კადრები

ფილმის გადაღებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადასაღები სცენების, ობიექტების და მოქმედი პირების ჩვენებას სხვადასხვა დისტანციიდან ანუ იმას, თუ რა მანძილიდან ვანახებთ მოქმედებას.  

1)ძალიან შორეული ხედი  (მინიმუმ – კილომეტრის მეოთხედი ან უფრო შორს) –  ეს დისტანცია გამოიყენება დიდი (ბატალური, პანორამული) სცენების გადასაღებად. როგორც წესი, ასეთ კადრებში გადმოცემულია გარეხედები მაგ., შენობის მიღმა ხედი ან პეიზაჟი. ასევე გამოიყენება ომის ამსახველ ფილმებში ან  ფილმკატასტროფებში. ასეთ კადრებში მცირე დეტალები თითქმის არ ჩანს, რადგანაც ისინი კონკრეტულ ინფორმაციაზე ზოგადი შთაბეჭდილების გადმოსაცემადაა გამიზნული. 

2)შორეული ხედი – ამგვარი რაკურსი ძალიან რთულად ექვემდებარება კლასიფიკაციას. როგორც წესი, ის დაახლოებით რეალური ზომის გამოსახულებას გადმოსცემს, რაც შეესაბამება კინოთეატრში რეალურ დისტანციას მაყურებელსა და  ეკრანს შორის. მაგ., მამაკაცის ფიგურის სიმაღლე დაახლოებით 1, 85 მეტრი იქნება. ამგვარ კადრში სრულად გამოჩნდება ადამიანის გამოსახულება – ეკრანის ზედა ჩარჩოსთან (ტელევიზორის ეკრანის ზედა ჩარჩოსთან) ადამიანის თავი, ხოლო ქვედა ჩარჩოსთან ფეხები. ამგვარ კადრებში ძირითადი აქცენტი  პერსონაჟზე კეთდება, თუმცა ფონი კარგად ჩანს და მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. 

3)საშუალო  ხედი –  ამგვარი დისტანცია გულისხმობს კადრებს, როდესაც მოქმედი პირები წარმოდგენილნი არიან წელს ზევით ან მუხლს ზევით. ჩვეულებრივ ასეთი კადრები გამოიყენება იმ სცენებისთვის, რომლებიც დიალოგებს გადმოსცემენ და რომელშიც  წარმოდგენილია ორი ან მაქსიმუმ სამი ფიგურა. ამ შემთხვევაში ფონი მინიმალურად ჩანს, რადგანაც ფილმის ავტორების ჩანაფიქრით, მაყურებელმა უკვე იცის, თუ სად მიმდინარეობს მოქმედება  და ძირითად აქცენტს დიალოგზე აკეთებენ. 

4)მსხვილი ხედი – ამგვარი დისტანციით გადაღებისას  ფონი თითქმის არ ჩანს და კადრები  ძირითადად პერსონაჟის სახისა და გამომეტყველების გადმოცემაზეა კონცენტრირებული, რაც  ძალიან ადიდებს ობიექტს. ამგვარი კადრის მიზანია, საგნების მნიშვნელობის ხაზგასმა, იქნება ეს ქაღალდზე დაწერილი სიტყვები თუ სახის გამომეტყველება. მას  მაყურებელი პერსონაჟის გონებაში  „შეჰყავს” და მისი ფიქრების თანამონაწილედ ხდის. რეჟისორი ამგვარ კადრებს ხშირად იყენებს იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კომფორტულად (მაგ., დედისა და შვილი სიყვარულის სცენა) ან უფრო უხერხულად ვიგრძნოთ თავი (მაგ,. ეროტიული სცენა). 

5)ძალიან მსხვილი ხედი – როგორც დასახელებიდან ჩანს, ასეთი კადრები, როგორც წესი, გამოიყენება იმისთვის, რომ მაყურებელმა დაინახოს, თუ რას განიცდის ადამიანის თვალი ან პირი, ან რომელიმე სხვა დეტალი. ამგვარი მსხვილი პლანი ძალიან ხელოვნურია და განკუთვნილია დრამატული ეფექტისთვის.  
გადაღების კუთხე

კადრის დისტანცია, პრაქტიკულად, არ შეიძლება გავმიჯნოთ გადაღების კუთხისგან. რა არის გადაღების კუთხე? ფილმის გადაღების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო გადასაღები სცენების სიახლოვესა და სიშორეს, არამედ გადაღების კუთხესაც, ანუ რა პოზიციიდან იღებს კამერა ამა თუ იმ კადრს. სწორედ ამას ეძახიან კინემატოგრაფისტები გადაღების კუთხეს. არსებობს მისი 5 ძირითადი სახე: 
1)გადაღების კუთხე – ვერტიკალური – ხედი ჩიტის გაფრენის სიმაღლდან  – ასეთ კადრებში ჩანს სცენები, რომლებიც შორი დისტანციიდან, პირდაპირ თავს ზემოდან, ვერტიკალური რაკურსით არის გადაღებული. ამ შემთხვევაში ნაცნობი ობიექტები შესაძლებელია საერთოდ ვერც ვიცნოთ. ამგვარი კამერის ამგვარი პოზიცია  მაყურებელს ღმერთის მსგავს პოზიციაში აყენებს, როდესაც მოქმედებას ზემოდან ადევნებს თვალს. ადამიანები შესაძლებელია ძალიან უმნიშვნელო, ჭიანჭველას მსგავსს  არსებებად მოგვეჩვენონ, რომლებიც ერთი  რომელიმე უფრო დიდი სურათის ნაწილად ჩავთვალოთ.  ამგვარი კადრების გადაღება ძალიან მოსწონდათ შესანიშნავ რეჟისორებს – ალფრედ ჰიჩკოკსა და ბრაიან დე პალმას. 

2)გადაღების კუთხე  – ზემოდან ქვევით – თუ მცირე კუთხით დახრილი კამერა, შედარებით მოკლე მანძილზე იღებს სუბიექტს ზევიდან  ქვევით, ამით რეჟისორი ხაზს უსვამს გადასაღები სუბიექტის სისუსტესა და უძლურებას. ამ შემთხვევაში პერსონაჟი გამოიყურება უფრო პატარა ზომის,  ვიდრე სინამდვილეში არის. 

3)გადაღების კუთხე   – ნეიტრალური – თუ კამერა დაყენებულია ადამიანის თვალის დონეზე და პირდაპირ იღებს ობიექტებს,  მაშინ ვიღებთ ბუნებრივ ეფექტს, რადგანაც, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ რაკურსით ვუყურებთ გარემოს.  ამგვარი გადაღების დროს კამერა ობიექტის პირდაპირ დგას. სხვაგვარად ამგვარ რაკურსს „თვალის დონის კადრს” უწოდებენ. გადაღების ასეთი კუთხე ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ის ყველაზე გავრცელებულია.

4)გადაღების კუთხე    – ქვევიდან ზევით – თუ მცირე კუთხით დახრილი კამერა იღებს სუბიექტს ქვევიდან ზევით, მაშინ ეს სუბიექტი გამოიყურება უფრო დიდად და მძლავრად, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა კადრებში გვხვდება. ასეთ კადრებს ჰეროიკული ფილმების გმირების ან დაბალი მსახიობების (მაგ. ტომ კრუზი) წარმოსაჩენად გამოიყენება.

5)გადაღების კუთხე   – დახრილი  – ქმნის ეფექტს კადრის გადასვლისა ვერტიკალურ – ჰორიზონტალურიდან დიაგონალურში. ასეთი რაკურსი ქმნის არამდგრად და  დაძაბულ ატმოსფეროს.
კამერის მოძრაობა

ფილმის გადაღების დროს, არსებობს კამერის მოძრაობის რამდენიმე ხერხი. ყოველ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და შედეგები.  პირობითად შეიძლება ეს მოძრაობა ორ ტიპად დავყოთ:

ერთი, როდესაც კამერის კორპუსი  უძრავია და მოძრაობს მხოლოდ მისი „თავი”. ეს თავი შეიძლება მოძრაობდეს მარჯვნიდან მარცხნივ და, პირიქით; ხოლო მთლიანი კამერა ჰორიზონტალურ ღერძზე უძრავად იდგეს. ასეთი გადაღების დროს, ავტორს ისეთი ეფექტის  შექმნა სურს, რომელიც ძალიან წააგავს ადამიანის მიერ საკუთარი ხედვის დონეზე გარემოს ჰორიზონტალურ დათვალიერებას.  სხვა შემთხვევაში, უძრავი კამერის თავი მხოლოდ ზევიდან ქვევით ან ქვევიდან ზევით მოძრაობს. ასეთი გადაღება წააგავს ისეთ შემთხვევას, როდესაც მაგალითად, ადამიანი თვალს აყოლებს (ათვალიერებს) მის წინ მდგარ მაღალ მთას ან შენობას.

რაც შეეხება მეორე ტიპს – ამ შემთხვევაში მთელი კამერა მოძრაობს. ის შეიძლება გადავაადგილოთ მანქანით ტრასაზე, ვერტფმრენით, საკუთარი ხელითა და ზურგით და სხვა ნებისმიერი მეთოდით.

გადაადგილებადი ობიექტის მიხედვით, მოძრაობები განსხვავდებიან:

1)მიმართულების მიხედვით:

·მარცხნიდან მარჯვნივ – არ ამძაფრებს მაყურებლის ემოციურ რეაქციას, რადგანაც იმეორებს ხედვის ტრაექტორიას კითხვის დროს და ყველაზე კომფორტულია იმ ერებისთვის, რომლებიც მარცხნიდან მარჯვნივ წერენ;

·მარჯვნიდან მარცხნივ – ხელს უწყობს მაყურებელში დრამატიზმის განცდის გაზრდას, რადგანაც ეწინააღმდეგება ტრადიციულ  თვალის დევნებას;

·კამერისკენ მოძრაობა წინ – ასახავს პერსონაჟის (ან სხვა ნებისმიერი ობიექტის) ლტოლვას შეიჭრას მაყურებლის სივრცეში (მეგობრული ან აგრესიული მიზნით);

·კამერიდან მოძრაობა უკან  – ობიექტი შორდება მაყურებელს, დისტანცია მასსა და მაყურებელს შორის იზრდება.  „საშიშროების” მდგომარეობა ნეიტრალდება  და დაძაბულობა კლებულობს.  

2)სისწრაფის მიხედვით: 

·ნელი – ძირითადად ასახავს თხრობის ეპიკურ ხასიათს და დამახასიათებელია საერთო და შორეული ხედისთვის;

·ინტენსიური –  მოქმედების დრამატიზაციის  ზრდაზე მიუთითებს;
·თანაბარი სისწრაფის – გამოხატავს მოვლენათა ბუნებრივ სვლას;
·აჩქარება – ასახავს პირობითობის საკმაოდ მაღალ ხარისხს და გამოიყენება უფრო  ფანტასტიკურ და კომედიურ ჟანრებში;
·შეჩერება – ასახავს არა მარტო დამუხრუჭებას, არამედ  ხშირად იღებს სიმბოლურ ელფერს.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტების გადაადგილება ეკრანზე, განვიხილოთ შემდეგი სცენა ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან „ახალი დროება”, სადაც ჩარლის გმირი თავის მეგობარ გოგოსთან ერთად აღმოჩნდება  სუპერმარკეტში, იპოვის ბორბლიან ციგურებს და იწყებს ეკვილიბრისტიკური საოცრებების დემონსტრირებას. ეს სცენა აგებულია ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილი ობიექტების მოძრაობის სრული კანონების დაცვით. 

ფერების როლი კინოფილმში

კადრის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერს, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, დრამატურგიული და აზრობრივი დატვირთვა აქვს. ფილმში გამოყენებული ფერები ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას (დამშვიდება, აღგზნება, დაღლა, დაძაბვა) ახდენენ  მაყურებლზე.  ფერს შეუძლია გადმოსცეს გმირის შინაგანი მდგომარეობა, მისი მსოფლმხედველობა, ასევე შეუძლია გადმოსცეს რეჟისორის მხატვრულ-ფილოსოფიური კონცეფცია. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა ფერის სიმბოლური ფუნქცია იყო რეჟისორი ეიზენშტეინი. მისი ფილმის – „ივანე მრისხანე” – ნადიმის სცენაში  რეჟისორი იყენებს სამ ფერს: ოქროსფერს (სიმბოლურად განასახიერებს ძალაუფლებას),  წითელს (სიმბოლურად განასახიერებს სისხლს) და შავს (სიმბოლურად განასახიერებს სიკვდილს). დასასრულს შავი ნელ-ნელა შთანთქავს სხვა ფერებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა უამრავი ფილმი, რომლებშიც ფერებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ.

ფილმის განათება

კინოკადრში სივრცის  ფორმირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხერხს წარმოადგენს განათება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათება განსაზღვრავს კინოგამოსახულების ხარისხს. მაგრამ, როგორც  ყველა ტექნიკური კინომატოგრაფიული ხერხი, იმავდროულად განათება და მისი ინტენსივობა  წარმოადგენს  მაყურებელზე ესთეტიკური  ზეგავლენის მოხდენის საშუალებას. ის იძლევა ინფორმაციას ობიექტების ფორმის, მოცულობის, ფაქტურის შესახებ, ასევე მათ სივრცეში განაწილებისა და მოქმედების ხასიათის შესახებ.

ასხვავებენ განათების სამ ძირითად ტიპს: 

1)მკვეთრი განათება ჩვეულებრივ დამახასიათებელია კომედიური და მუსიკალური ფილმებისთვის. 
2)მკრთალი განათება დამახასიათებელია დეტექტიური და დრამატული ფილმებისთვის.
3)მკვეთრი კონტრასტი (მკვეთრად არის განათებული  შორეული ან ახლო ხედები) დამახასიათებელია მელოდრამებისთვის და ტრაგედიებისთვის.

ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მაგალითით მოვიყვანოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კინოხელოვნებაში განათება, განსაკუთრებით ემოციური დატვირთვის გადმოსაცემად. კიდევ  ერთხელ გაიხსენეთ საშინელებათა ფილმები: თუ მოქმედება ვითარდება ისეთ შენობაში, რომლის ყველა ოთახი თუ სათავსო კარგადაა განათებული  და ამ შენობაში არ არსებობს ბნელი ან ნახევრადბნელი ადგილები, მაშინ შეუძლებელია ფილმის ავტორმა ამ ჟანრის ფილმისთვის დამახასიათებელ ეფექტს მიაღწიოს. საშინელებათა ფილმში აუცილებელია  მოკრძალებული  განათება  ბევრი ჩრდილებით და მკვეთრი კონტრასტით კეთილსა და ბოროტს შორის. მისტიკური და საიდუმლოებათა ფილმები ასევე მოითხოვენ  ნაკლებად მკვეთრ განათებას, რათა საგნები კარგად არ ჩანდნენ და ყოველ წუთს შესაძლებელი იყოს რაღაც მოულოდნელის გამოჩენა. ამგვარი განათების საწინააღმდეგოდ სულ სხვა ვითარებაა რომანტიკულ, კომედიურ ან  მუსიკალურ ფილმებში. აქ ყველაფერი მაქსიმალურად განათებული უნდა იყოს, რათა შეიქმნას მხიარულებისა და ზეიმის განცდა. 

არსებობს განათების ხერხი, რომელიც  ინდივიდუალური,  ფსიქოლოგიური განწყობის  გადმოცემას ემსახურება. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად ჩანს ჰიჩკოკის „ფსიქოში”, სადაც ფილმის პათოლოგიურ გმირს – ნორმან ბეითს  – სახის  ცალი მხარე ხშირად განათებული აქვს, ხოლო მეორე ჩაბნელებული. ასეთი ხერხით  ჰიჩკოკს სურს გადმოსცეს პერსონაჟის იდუმალება და გაორება ან  მის პიროვნებაში  დაინახოს ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების ბრძოლა. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესო იქნებოდა ქართული ფილმის – „ვედრების” განხილვა.
როდესაც პერსონაჟი კარგადაა განათებული, ეს მის მორალურ სისუფთავესა და წესიერებაზე მიუთითებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი