პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ილუსტრაცია თუ ტექსტი

წიგნში ილუსტრაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ ტექსტი? შესაძლოა, ეს შეკითხვა ზოგიერთ ადამიანს სულაც არ აღელვებს და არც მასზე პასუხის გაცემით შეუწუხებია ოდესმე თავი. მაგრამ არსებობენ პროფესიონალები, ვისთვისაც წიგნში ილუსტრაციის ადგილისა თუ როლის საკითხი პრიორიტეტული საფიქრალია. მათი საჯარო გამოსვლები და სოციალური სტატუსები კი ამ თემასთან დაკავშირებულ არაერთ მწვავე პრობლემას ეხება.

ბოლო დროს მხატვარ თათია ნადარეიშვილის სტატუსებმა არაერთხელ დამაფიქრა. თავის კოლეგებთან, ახალგაზრდა ილუსტრატორებთან ერთად ის ხშირად საუბრობს picturebook-ებზე, რომელთა მიმართ უფროსი თაობა სკეპტიკურადაა განწყობილი (არ ყიდულობენ საბავშვო წიგნებს, თუ ილუსტრაცია ტექსტს აღემატება). მსგავსი დამოკიდებულება გარდა იმისა, რომ ავტორებისა თუ მთარგმნელების გულისწყვეტას იწვევს, საქართველოში ამ ჟანრის წიგების შექმნასა და პოპულარიზაციასაც აფერხებს.

„საბავშვო წიგნებზე გულისამაჩუყებელი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად არ ვიცი, მთელი სამყაროა თავისი პერსონაჟებით, ჯადოსნური და არაჯადოსნური ადგილებით, სიცილებით, ტირილებით… როგორი სამწუხაროა, რომ ამ ვრცელი სამყაროს მხოლოდ ციცქნა ნაწილთან აქვთ ქართველ ბავშვებს შეხება… ძალიან გთხოვთ, ნუ ამბობთ ხოლმე ეს რა წიგნია, ორი წინადადება წერიაო picturebook-ებზე,“ – ეს ჩივილი თათიამ თარგმნის პროცესში გაგვანდო. მათი სტუდიის ბიბლიოთეკაში ბევრი სანტერესო სურათებიანი წიგნი უცხოენოვანია და ბავშვებისთვის ყოველ ჯერზე თარგმნა უწევთ. თუმცა მყიდველითა და მკითხველით განებივრებული არც ქართული picturebook-ებია. პროფესიონალი ქართველი ილუსტრატორების შექმნილი უნიკალური სურათებიანი წიგნები არც საკადრისი ტირაჟით იბეჭდება და მათ ვერც წიგნის მაღაზიების „ბესტსელერების“ თაროზე იხილავთ.

მაგალითისთვის რამდენიმეს გაგაცნობთ: „ზოლემია,“ (ილუსტრატორი სოფო კირთაძე, ტექსტის ავტორი ოთარ ყარალაშვილი) მამა ზებრას გამოღვიძებით და სარკეში აღმოჩენილი უცნაურბით იწყება. თანდათან „უცნაურობა“ ანუ გამქრალი ზოლები დანარჩენ პერსონაჟებსაც საგონებელში აგდებს: ითვლიან და იკვლევენ, მკურნალობენ და სიზმრებს არჩევენ; ეკა ტაბლიაშვილის „პატარა ობობას საათი“ ობობას ცხოვრების ერთ დღეზე მოგვითხრობს (მრავალსახელოანი პერანგის ჩაცმის თავისებურებებიდან ობობას ქსელის დიზაინის მრავალფეროვნებამდე); თათია ნადარეიშვილის „მდინარე“ ბავშვობისდროინდელი საყვარელი ადგილების ნოსტალგიით გაჯერებული წიგნია. ნაღვლიან განწყობას მდინარის უნიკალურობაც ამძაფრებს, მასში ქვები, თევზები, ლოკოკინები, ნიჟარები და ბაყაყები შავად მოჩანს; „პიპა ირჩევს პროფესიას“ (ილუსტრატორი ანა ჯანელიძე, ტექსტის ავტორი ალექს ჩიღვინაძე) იუმორით გვხიბლავს. „გამოუძინებელი“ კატის ფიქრებისა და კომპრომისული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ პატარებთან ერთად უფროსებიც არანაკლებ ვერთობით;

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სტუდია „ილუსტრატორის“ თაროებზე უამრავი საინტერესო უცხოენოვანი თუ ქართული სურათებიანი წიგნი აღმოვაჩინე, ბევრ მზა მაკეტსაც გავეცანი. Picturebook-ები იმედიანად ელიან გამომცემელებს და ქართველი მკითხველის ახლებურ დამოკიდებულებას.

წიგნის განათება

განვითარების ისტორიის მანძილზე წიგნი თანმხლებ ნახატებთან ერთად იცვლებოდა და იხვეწებოდა, დიზაინის ხელოვნების ტრანსფორმაცია დღემდე გრძელდება. თუმცა წიგნის გარეგნობის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა უცვლელი რჩება: ზოგი თვლის, რომ წიგნი მხოლოდ და მხოლოდ ყდაში მოქცეული აკინძული ფურცლებია, ყოველგვარი ნახატების გარეშე, რომელიც ისე უნდა წაიკითხო, თითქოს ავტორმა ესესაა დაასრულა და გადმოგვცა. ზოგიერთებისთვის კი წიგნი მთელი სამყაროა უამრავი ყურადღებამისაქცევი ნიუანსით იქნება ეს ქაღალდის ხარისხი, აკინძვის მეთოდი, შრიფტი თუ … ნახატები!!!

როგორი სკეპტიკურებიც არ უნდა ვიყოთ ილუსტრაციების მიმართ, გნამარტებას გვერდს მაინც ვერ ავუვლით. Illustratio კი ლათინურად განათებას ნიშნავს, ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია სინათლის მხარეზე დარჩებით თუ მოწინააღმდეგის ბანაკში გადახვალთ.

ხშირად ილუსტრაცია ლიტერატურული ტექსტის განუყოფელ ნაწილად იქცევა, თითქოს მხატვარი უფრო სრულყოფილს ხდის მწერლის ნაშრომს, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ტექსტი დაიწერა ილუსტრაციებისთვის და არა პირიქით, ან მწერალი და მხატვარი იმთავითვე თანამშრომლობდნენ. მსგავს სტერეოტიპებს, როგორც წესი, საბავშვო წიგნები გვიყალიბებენ, მათ ფურცლებზე გაცოცხლებული გმირები ისე ღრმად იბეჭდებიან ჩვენს ცნობიერებაში, ვერ ვუშვებთ, რომ შეიძლება არსებობდეს „სხვა“ მუმინი, ვინი ფუუჰი, ელისი, ჩეშირული კატა, კარლსონი, მერი პოპინსი, პეპი და ა.შ.

თუმცა პოლულარობამდე ბევრმა საბავშვო პერსონაჟმა თუ მათმა შემქმნელემა არც თუ იოლი და ორდინალური გზა გაიარა. დღეს საბავშვო კლასიკად აღიარებული წიგნების მიღმა ბევრი საინტერესო ისტორია იმალება. შესაძლოა ამ ისტორიებმა picturebook-ის ქართველი აპოლოგეტები გაამხნევოს. ჩვენ კი, როდესაც ძალიან პატარებისთვის წიგნებს შევარჩევთ, ილუსტრაციებზე ახლებური რაკურსით შეგვახედოს.

საბავშვო ილუსტრაციის ოქროს ხანა

უოლტერ კრეინი, რანდოლფ კალდეკოტი და კეიტ გრინევეი ინგლისური საბავშვო ილუსტრაციის ოქროს ხანის ფუძემდებლებად ითვლებიან. მათი ზეგავლენით საბავშვო წიგნის მხატვრობა საგრძნობლად შეიცვალა. ტრანსფორმაციისა და წინსვლის ერთერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ იმ პერიოდში ინგლისში გრავირების ცნობილი ოსტატი ედმუნდ ევანსი მოღვაწეობდა. ევანსი ლამაზი და იაფი საბავშვო წიგნების შექმნაზე ოცნებობდა. ამ მიზნით მან შეზღუდული რაოდენობის საღებავების გამოყენებით ბეჭდვის მეთოდი შეიმუშავა და 30 წლის განმავლობაში უამრავი სავაბშვო წიგნი გამოსცა.

ფერმწერსა და დიზაინერ უოლტერ კრეინს უდიდესი წვლილი მიუძღვის წიგნის გრაფიკის განვითარებაში. თავის საქმიანობაში მას ბავშვების ფსიქოლოგიის კარგი ცოდნაც ეხმარებოდა, რისი დამსახურებითაც ერთერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო წიგნის მხატვრად აღიარეს ინგლისში. ილუსტატორმა და მწერალმა კეიტ გრინევეიმ 1868 წელს საკუთარი ილუსტრაციით პირველი მისალოცი ბარათი დაბეჭდა, მომავალში კი ისეთი პოლპულარული გახდა, რომ 1955 წელს მისი სახელობის პრემია დააწესეეს, რომელსაც საბავშვო წიგნების საუკეთესო ილუსტრატორებს ბრიტანეთში დღემდე გადასცემენ. რანდოლფ კალდეკოტს ბავშვობიდან უყვარდა ცხოველების ხატვა და გამოჭრა. 1861 წელს მისი პირველი ილუსტრაცია გაზეთში დაბეჭდეს, 1876 წელს მისი ფერწერული ტილო სამეფო სამხატვრო აკადემიაში გამოფინეს. 1877 წელს კი ედმუნდ ევანსმა რანდოლფ კალდეკოტს საბავშვო წიგნებისთვის ილუსტრაციების დახატვა შესთავაზა. ეს წამოწყება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მხატავრი გარდაცვალებამდე ყოველწლიურად ორ წიგნს ასურათებდა. მისმა ილუსტრაციებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს, 1938 წლიდან აშშ-ში დააწესეს კალდეკოტის მედალი, რომელსაც საბავშვო და საყმაწვილო წიგნების საუკეთესო ილუსტრატორებს ყოველწლიურად გადასცემენ.

ბეატრიქს პოტერიდან დღემდე

„ბაყაყი სამაჭანკლოდ მიდის“ რანდოლფ კალდეკოტის ილუსტრირებული, ცნობილი საბავშვო წიგნია. ამ წიგნისთვის შესრულებული ორი ჩანახატი 1884 წელს ბეატრიქს პოტერის მამამ შეიძინა და დიდი ბიძგი მისცა საკუთარი ქალიშვილის შემოქმედებას.

მსოფლიოში ცნობილი საბაშვო მწერლისა და ილუსტრატორის, ბეატრიქს პოტერის შესახებ ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთერთ წერილში („ბაჭია პიტერი, ბატი ტასიკო (იგივე ჯემაიმა) და … ჩვენ“) უკვე გიამბეთ. აქ იმას დავამატებ, რომ პოტერის „სევდიანი მეთევზე“ სწორედ კალდეკოტის ჯენტელმენი ბაყაყის ზეგავლენით შეიქმნა. ბიატრიქს პოტერმა სულ 23 ეგრეთწოდებული „პატარა წიგნი“ დაწერა და დაასურათა. ისინი მრავალ ენაზეა გადათარგმნილი და დღემდე საოცრად პოპულარულია. მისი გმირები, განსაკუთრებით კი ბაჭია პიტერი, ყველა დროის პატარებს ძალიან მოსწონთ და უყვართ. თუმცა… პირველ მცდელობაზე ავტორმა ექვსი გამომცემლობისგან მიიღო უარი. საბოლოოდ კი მკითხველის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, წიგნის ტირაჟი ექვსჯერ გაიმეორეს და 20 000 ეგზემპლარი გაყიდეს. ბაჭია პიტერი რბილი სათამაშოს სახითაც დაპატენტდა და არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა.
საკუთარი წიგნის გმირებს ცნობილი ფინელი ავტორი ტუვე იანსონიც ხატავდა და მუმინების შესახებ დაწერილი წიგნებით საქვეყნოდ გაითქვა სახელი. 1950-60-იან წლებში მისმა წიგნებმა პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა. თუმცა თავად საკუთარ ლიტერატურულ მოღვაწეობას სერიოზულად არასოდეს უდგებოდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, მხატვარი ვარო. რეალობა კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მისი ნახატები ზღაპრებთან შედარებით ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდნენ. ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში ტუვე იანსონის წიგნების შესახებაც გესაუბრეთ, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ და მხოლოდ იმას შეგახსენებ, რომ წერილს „მუმინტროლი ბოლო ზარზე“ ერქვა.

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი ვინი ფუუჰი ალან ალექსანდრე მილნმა გამოიგონა, ცნობილმა კარიკატურისტმა ერნესტ შეპარდმა კი თავის გრაფიკულ ნახატებში გააცოცხლა. ილუსტრაციები იმდენად ჰარმონიულად შეერწყა მილნისეული თხრობის შინაგან ლოგიკასა და ტექსტის კომპოზიციას, რომ შეპარდს ხშირად მილნის თანაავტორადაც კი მოიხსენიებდნენ. 1969 წელს ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმში შეპარდის შექმნილი ფუუჰის ილუსტრაციების 300-მდე ესკიზი გამოიფინა. 2000 წელს კი ზეთის საღებავში შესრულებული, ფუუჰის ერთი უიშვიათესი პორტრეტი 285 000 დოლარდ გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ შეპარდის ქალიშვილი მერი ასევე ილუსტრატორი გახდა და მან პამელა ტრევერსის „მერი პოპინსი“ დაასურათა.

მსოფლიოში ყველაზე მეტად ილუსტრირებადი წიგნი ინგლისელი მათემატიკოსის, პოეტისა და მწერლის ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ გახლავთ. სხვადასხვა ქვეყანაში ილუსტრაციების 300-მდე ვარიანტია აღრიცხული და ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება. პირველი ილუსტრაციები კეროლმა თავად დახატა, თუმცა საბოლოოდ ინგლისელ მხატვარ-კარიკატურისტს ჯონ ტენიელს მიმართა. ტენიელისეული ილუსტრაციები დღეს ელისის შესახებ დაწერილი წიგნებისთვის „კანონიკურადაა“ აღიარებული.

ცნობილ ილუსტრატორებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება. მით უმეტეს, რომ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის სამყაროში გაბედულად აბიჯებენ კომიქსები, გრაფიკული რომანები, უტექსტო წიგნები. მაგრამ ჩვენი წერილის მთავარი მიზანი მხოლოდ ფაქტების მოწოდება როდი იყო. ილუსტრაციის მნიშვნელობის გააზრება საბოლოოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში უნდა დაგვეხმაროს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ილუსტრაციები საგრძნობლად შეიცვალა. ადრე ტქსტს ზუსტად მისდევდა ნახატი და მას დიდი თუ პატარა ერთნაირად აღიქვამდა. დღესდღეისობით ილუსტრაცია გაცილებით მრავლისმთქმელი გახდა და მხოლოდ ტექტის განმარტებით აღარ შემოიფარგლება. ამის გამო ნებისმიერი მკითხველი თავისებურად აღიქვამს დახატულს. განსაკუთრებით საინტერესო კი ბავშვების ხედვაა. ისინი საკუთარი წიგნების დამზადებას, ამბების შეთხზვას და ხატვას იწყებენ. მსგავსი ქმედება კი მიგვანიშნებს, რომ წიგნის მაღაზიაში კარგი არჩევანი გაგვიკეთებია, რომ ამიერიდან მასწავლებლებმა და მშობლებმა აქტუალურ კითხვას „რისი თქმა სურდა მწერალს?“ თამამად უნდა დავამატოთ არანაკლებ მნოშვნელოვანი – „რისი თქმა სურდა ილუსტრატორს?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი