იქ, სადაც მასწავლებელს უსმენენ, ქვეყანას ნათელი მომავალი ელოდება; იქ, სადაც მასწავლებელს აკნინებენ, ქვეყანა წარსულში ბრუნდება
აი, სადაცაა ახალი წელი გვესტუმრება, მე კიდევ ერთი ფიქრი გამიჩნდა? ნეტავ რას სთხოვდა მასწავლებელი თოვლის პაპას, რა საჩუქარი გაუხარდებოდა?
მასწავლებელი ისეთი ბუნების ადამიანია, დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე თვალები აუციმციმდებოდა და ისევ მოსწავლეების საჭიროებები გაახსენდებოდა – პროექტორი, პრინტერი, ლამინირების აპარატი, სტიკერები, ჭკვიანი დაფა – ჩვენი ცხოვრება ხომ კარგი გაკვეთილის გარშემო ტრიალებს; ყველაზე ბედნიერები და აღფრთოვანებულები მაშინ ვართ, როდესაც გაკვეთილი შედგება ხოლმე. თითქოს გულიც გადაგვეშლება და მეცხრე ცასაც ვსტუმრობთ. თუმცა ამ მეცხრე ციდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მადლიერების ნაცვლად საყვედურების სიტყვა გესმის – სად გაქრა ჩვენი ძალისხმევა? რატომ არ ჩანს? რატომ არავინ ხედავს? რაც არ უნდა უანგაროდ და ენთუზიაზმით უდგებოდეს მასწავლებელი საკუთარ პროფესიას, იმის შეგრძნება, რომ ის მოსწონთ, აფასებენ გაწეულ ძალისხმევას, მაინც ადამიანური და ბუნებრივია. ყველას გვჭირდება შექება, წახალისება, მით უმეტეს ჩვენში არსებული ბავშვი ხომ არასდროს არ იზრდება და ბავშვებს მოგეხსენებათ, როგორ უყვართ წამახალისებელი სტიმულები.
მოდი, გულწრფელები ვიყოთ და ამდაგვარი წახალისება ყველა პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ადამიანურია – თავი კარგად რომ ვიგრძნოთ, რომ ვჭირდებით, სწორ ადგილას ვართ; მხოლოდ ის განცდა, რომ ამდენი დაკარგული დროით, ენერგიითა და რესურსით ვიღაც ბედნიერდება და პრობლემებს აგვარებს, მხოლოდ ეს შეგრძნებაც საკმარისია – რომ ვთქვათ, უჰ, კიდევ კარგი მასწავლებელი ვარ. ამგვარი განცდისგან მოდის სწორედ ის გამაოგნებელი და გასაგიჟებელი ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი, ნამდვილი მასწავლებელი რომ ყოველდღიურად ამჟღავნებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს მასწავლებელი თითქოს დაბალ ღობედ იქცა. რაღაცნაირად იმ კომიკურ სიტუაციამდე მივედით, რომ ყველაფერი მასწავლებლის ბრალია, ყველა პრობლემა, ყველა გამოწვევა, სოციალურ ქსელებში ვისაც არ ეზარება ვრცელ ვიდეოებს იწერენ, აი როგორ არ დადეს მასწავლებლის საჩუქრისთვის თანხა! იფ, ძალიან კარგი! მაგათ ხომ ისედაც მაღალი ხელფასი აქვთ! მაინც არაფერს აკეთებენ! და კომენტარებში მიდის მასწავლებლის გარშემო მითებისა და ლეგენდების, ნამდვილი ამბებისა და გამოგონილის გარჩევა-ანალიზი.
რა თქმა უნდა, თანხის აგროვება და მატერიალური საჩუქრები არავითარ შემთხვევაში ნორმალურად არ უნდა მივიღოთ, თუმცა ასეთი შემთხვევები რატომღაც მასწავლებელს ბრალდება. არადა, ამდაგვარი მანკიერი პრაქტიკის სათავე ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ.
მოდი, იქიდან დავიწყოთ, უნდა გამოვხატოთ თუ არა მასწავლებლის მიმართ მადლიერება? ჩატჯიპიჯის ვკითხე, როგორ გამოხატავენ მასწავლებლის მიმართ მადლიერებას სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში? აი, რა მიპასუხა, გავამუქებ, ჩემი აზრით, საკვანძო ფრაზებს.
ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა თემაა — მასწავლებლისადმი მადლიერება არის ის „უხილავი საძირკველი“, რომელზეც განათლების სისტემის რეალური ხარისხი დგას. ფორმები განსხვავებულია, მაგრამ არსი ყველგან ერთია: მასწავლებელი აღიქმება როგორც სწორი ღირებულების მატარებელი და არა „მომსახურე პერსონალი“.
იაპონია
იაპონიაში მასწავლებლის მიმართ პატივისცემა ყველას გენეტიკურ კოდში აქვთ.
სიტყვა „სენსეი: ნიშნავს „იმას, ვინც შენამდე იყო გზაზე“. ეს არა ფორმალური ტიტულია, არამედ ღირებულებითი სტატუსი.
მოსწავლეები, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულებისას, დაბალი ხმით, თავაზიანად და რიტუალურად ესალმებიან მასწავლებელს.
მშობლები არასოდეს აკნინებენ მასწავლებელს ბავშვის თანდასწრებით — კრიტიკა ხდება დახურულ კარს მიღმა, კორექტულ ფორმატში.
საჩუქრები იშვიათია და სიმბოლური: წერილი, ბარათი, წიგნი — მატერიალური გადაჭარბება უხერხულად ითვლება.
სტრატეგიული ხედვა: მასწავლებლის ავტორიტეტის შედეგია კლასის დისციპლინა, ისე, რომ მკაცრი კონტროლი საჭირო არ ხდება.
ფინეთი
ფინეთი მასწავლებელს ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევს.
მასწავლებლობა პრესტიჟულია — მხოლოდ საუკეთესო კადრები ხვდებიან ამ პროფესიაში.
მშობლები მასწავლებლის გადაწყვეტილებებს ენდობიან. ხშირია ფრაზა:
„თუ მასწავლებელმა ასე თქვა, ე.ი. ასეა საჭირო“.
მადლიერება გამოიხატება ნდობით, არა გადამეტებული ემოციით.
საჯარო სივრცეში მასწავლებლები ხშირად მოიხსენებენ როგორც „საზოგადოების საყრდენს“.
სამხრეთ კორეა
აქ პატივისცემა ისტორიულად კონფუციანურ ღირებულებებს ეყრდნობა.
მასწავლებლის მიმართ მიმართვა მკაცრად იერარქიულია.
არსებობს Teacher’s Day, როცა მოსწავლეები მათ წერილებს, ყვავილებს, ხელნაკეთ ნივთებს ჩუქნიან.
მშობლები მასწავლებელს ხშირად საჯაროდ მადლობას უხდიან — სკოლების სოციალურ არხებშიც კი.
კულტურული პარადოქსი: მაღალი აკადემიური წნეხის მიუხედავად, მასწავლებელი რჩება მორალურ ავტორიტეტად.
გერმანია
გერმანიაში პატივისცემა გამოიხატება სტრუქტურითა და წესრიგით.
მიმართვა ფორმალურია (Herr/Frau + გვარი).
მასწავლებლის პროფესიული საზღვრები მკაცრად არის დაცული.
მადლიერება ხშირად წერილობითაა, წლის ბოლოს ან სკოლის დასრულებისას.
საზოგადოებრივ დისკუსიებში მასწავლებლის აზრი ითვლება ექსპერტულად.
საფრანგეთი
საფრანგეთში მასწავლებელი არის ინტელექტუალური ავტორიტეტი.
მოსწავლეები მასწავლებელს მიმართავენ ოფიციალურად.
სკოლაში ცოდნა და მასწავლებელი ასოცირდება რესპუბლიკურ ღირებულებებთან.
მადლიერება ხშირად გამოიხატება დისკურსით — წერილები, ესეები, საჯარო სიტყვები.
კულტურული ნიუანსი: მასწავლებელი არის არა „მეგობარი“, არამედ „მენტორი“.
აშშ
აქ მადლიერება უფრო ემოციური და საზოგადოებრივად ხილულია.
Teacher Appreciation Week — ღია კამპანია მადლობისთვის.
მოსწავლეები და მშობლები ხშირად წერენ საჯარო პოსტებს, წერილებს, რეკომენდაციებს.
საჩუქრები ნებადართულია, მაგრამ ეთიკის ფარგლებში.
დიდი ბრიტანეთი
ბრიტანეთში პატივისცემა არის თავშეკავებული, მაგრამ სტაბილური.
მადლობა ხშირად გამოიხატება მოკლე წერილებით, ბარათებით.
მასწავლებელი დაცულია სკოლის ადმინისტრაციული სისტემით.
მშობელი იშვიათად აყენებს მასწავლებელს საჯარო კრიტიკის ქვეშ.
თავაზიანობა + ინსტიტუციური პატივისცემა.
ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა – მასწავლებლის ავტორიტეტი დაცულია, საჯარო კრიტიკას ერიდებიან, პატივს სცემენ და მათ აზრს ითვალისწინებენ. ენდობიან, სჯერათ მათი.
ჩვენთან მასწავლებლის ავტორიტეტი ჩამოშლილია, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის თავად მასწავლებლებისგან და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც. თუმცა ფაქტი ისაა, რომ დღეს საქართველოში მასწავლებლის ავტორიტეტი ძალიან დაბალია, ანუ ის, რაზეც განათლების სისტემა მყარად უნდა იდგეს, მოშლილია. ისევ ჩატჯიპიჯის ვეკითხები, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მასწავლებლის ავტორიტეტს.
მასწავლებლის ავტორიტეტი ქვეყნისთვის არ არის ემოციური კატეგორია და არც მხოლოდ ეთიკური საკითხი. ეს არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს სახელმწიფოს ინტელექტუალურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობაზე. სადაც მასწავლებლის ავტორიტეტი მაღალია, ქვეყანა მუშაობს გრძელვადიან რეჟიმში და არა „აქ და ახლა“ გადარჩენაზე.
თუ პრაგმატულად, სისტემურად და ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე შევხედავთ, სურათი ასეთია:
მასწავლებელი არის პირველი ინსტიტუციური ფიგურა, ვისგანაც ბავშვი სწავლობს, როგორ მუშაობს ცოდნა, პასუხისმგებლობა და შრომა.
თუ მასწავლებლის სიტყვას აქვს წონა, ბავშვი სწავლობს:
რომ ცოდნას აქვს ღირებულება;
რომ ავტორიტეტი მოდის კომპეტენციიდან და არა ძალაუფლებიდან;
რომ გრძელვადიანი ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი შედეგი.
ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ხარისხზე — მომავალ ინჟინრებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე, მეწარმეებზე.
სუსტი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია ვერ ქმნის ძლიერ ლიდერებს.
ქვეყანაში, სადაც მასწავლებელი აღიქმება როგორც ავტორიტეტი:
სკოლებში ნაკლებია კონფლიქტი;
ნაკლები რესურსი იხარჯება კონტროლსა და რეპრესიულ მექანიზმებზე;
იზრდება თვითდისციპლინა და შიდა მოტივაცია.
ბავშვი, რომელიც პატივს სცემს მასწავლებელს:
უკეთ იაზრებს წესებს.
სწავლობს განსხვავებულ აზრთან თანაარსებობას.
ხედავს, რომ კრიტიკა შეიძლება იყოს არგუმენტირებული და არა აგრესიული.
ასეთი მოქალაქე მომავალში:
არ ემორჩილება ბრმა პოპულიზმს;
არ ურევს თავისუფლებას ქაოსში.
ეს არის დემოკრატიის იმუნური სისტემა.
თუ მასწავლებლის ავტორიტეტი შერყეულია, ქვეყანა იწყებს ღირებულებით ფრაგმენტაციას — საზოგადოება იყოფა ხმაურიან ჯგუფებად, სადაც ცოდნას აღარ აქვს ცენტრალური ადგილი. ავტორიტეტის დაკარგვა იწვევს მორალურ დეზორიენტაციას.
კიდევ რა ხდება, როცა მასწავლებლის ავტორიტეტი სუსტია?
სკოლა გადაიქცევა სერვისად,
მშობელი — მენეჯერად,
ბავშვი — „კლიენტად“.
ასეთ სისტემაში კი –
ქრება პასუხისმგებლობა,
იკარგება საზღვრები,
ცოდნა დევალვირდება
და ქვეყანა იწყებს იმპორტირებულ აზროვნებაზე დამოკიდებულებას.
მასწავლებლის ავტორიტეტი არ არის მასწავლებლის პრივილეგია.
ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების რბილი ფორმა.
იქ, სადაც მასწავლებელს უსმენენ, ქვეყანას ნათელი მომავალი ელოდება.
იქ, სადაც მასწავლებელს აკნინებენ, ქვეყანა წარსულში ბრუნდება.
მგონი, ძალიან მარტივია, გავიზიაროთ ჩვენი პრობლემების სათავე და საფუძველი. მასწავლებლის ავტორიტეტის დაკნინება მხოლოდ ინსტიტუციების ბრალი როდია. ამ ამბავში ყველას ჩვენი წილი მიგვიძღვის; ყველას, ვინც საჯაროდ განვიხილავთ, რომ ფულის აკრება მასწავლებლისთვის შეურაცხყმოფელი არ არის, თუმცა ისევ მასწავლებელს ვსაყვედურობთ საჩუქრების აღებასა და შერგებას. მადლიერების ალტერნატიულ გზებს კი არც ვეძებთ.
და ყველაზე მთავარი – მას, ვისაც ჩვენს ყველაზე სანუკვარ არსებებს ვანდობთ, მოფრთხილება სჭირდება, სიტყვიერად, მენტალურად, ემოციურად. მგონი ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რა გზას გავდივართ მასწავლებლები, მაშინ, როცა ჩვენი ავტორიტეტი შერყეულია, ყველა პრობლემის სათავედ მოვიაზრებით, მილიონ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ზურგით დავათრევთ, ვგეგმავთ, ვწერთ, ვხსნით, ვარკვევთ, ვარჩევთ. პარალელურ რეჟიმში კი დიდი განხილვა მიდის, უნდა ვაჩუქოთ თუ არა მასწავლებელს საჩუქარი? რა უხერხულია.
ჰოდა, მე თოვლის პაპას მივწერდი:
„გამარჯობა თოვლის პაპავ, მასწავლებელი ვარ. წელს, მგონი, კარგი გოგო ვიყავი, ვასწავლიდი პირნათლად. იცი, რა მომიტანე? მე კი არა, მოდი, საქართველოს მასწავლებლებს მოუტანე: ავტორიტეტი და ნდობა. თუ ეს ორი გაჩნდება, მეტი არც არაფერი გვინდა. ჰოდა, კიდევ, კარგი იქნება აშვაგანდას დიდი შეფუთვა. ამბობენ ნერვებს ამშვიდებს და სიმშვიდე მოაქვსო. ეს კი ამ ეტაპზე ძალიან, ძალიან გვჭირდება“.


