ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს თანატოლებთან კონფლიქტების მოგვარებაში

ბავშვის, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანის ცხოვრება უღრუბლო და კონფლიქტებისაგან სრულიად თავისუფალი ნამდვილად არ არის. ის ძალიან ხშირად წინააღმდეგობებსა და უთანხმოებებს მოიცავს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში გარდაუვალია და ადვილი ნამდვილად არ არის მათი თავიდან აცილება. ამასთან ერთად, თავად ბავშვისთვის თანატოლებთან კონფლიქტი შეიძლება ძლიერი შოკი იყოს და მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე იმოქმედოს. უფროსებს, როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს ხშირად ძალიან გვაშინებს კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში, რადგან მივიჩნევთ, რომ იქ, სადაც წინააღმდეგობაა, იქ ყოველთვის აგრესია, წყენა და ჩხუბია. თუმცა, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონფლიქტი, როგორც უფროსების, ასევე ბავშვების ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

როგორ მივუდგეთ უფროსები კონფლიქტურ სიტუაციებს ბავშვის ცხოვრებაში – ვიჩქაროთ დასახმარებლად, დავიცვათ მოზარდი, თუ გვერდიდან დავაკვირდეთ და არ ჩავერიოთ. უპირველეს ყოვლისა, სასურველია, რომ კონფლიქტთან მიმართებაში გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • კონფლიქტი ყველას ემართება. კონფლიქტები გარდაუვალია, მათი თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია – ბავშვები კამათობენ, ჩხუბობენ, თანაკლასელებთან წინააღმდეგობაში შედიან, არ ეთანხმებიან მასწავლებლებს, „ეჯახებიან“ უფროსკლასელებს. მოსაზრებებისა და ინტერესების კონფლიქტი გარდაუვალია. ხანდახან ეს სიტუაციები შემოიფარგლება სიტყვიერი შელაპარაკებით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ის ჩხუბამდე მივიდეს და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კონსტრუქციულად მოგვარებული კონფლიქტი არის ნაბიჯი ურთიერთობების განვითარებისა და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ;
  • ბავშვის დახმარება კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებაში არ ნიშნავს კონფლიქტის მის ნაცვლად გადაჭრას – ბუნებრივია, რომ ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს, მხარი დავუჭიროთ მას და მინიმუმამდე დავიყვანოთ თანატოლთან კონფლიქტის ნიადაგზე მასში დაფიქსირებული შფოთვა და სტრესი, მაგრამ ბავშვის ნაცვლად სიტუაციის მოგვარება იმ ბავშვთან და მასწავლებლებთან მოლაპარაკებებით, ვინც ის გაანაწყენა, ხდება იმის საფუძველი, რომ ჩვენ მას ვართმევთ ფასდაუდებელ გამოცდილებას და შემდგომი შეჯახებისას ის კვლავ უმწეო და უსუსური აღმოჩნდება სირთულეების წინაშე. უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების დახმარება მსგავს სიტუაციებში გულისხმობს მოსმენის, ბავშვთან ერთად სიტუაციის განხილვის და კონფლიქტიდან კონსტრუქციული გამოსავლის ძიების უნარს, თუმცა, უკეთესი იქნება ბავშვმა თავად მოაგვაროს კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის არ არის სასურველი ბავშვებს შორის კონფლიქტში, კამათში ჩარევა. ისევე, როგორც სხვა საქმიანობის, კონფლიქტის მოგვარების სწავლა მხოლოდ მასში მონაწილეობით არის შესაძლებელი. ხელს ნუ შევუშლით ბავშვს მიიღოს ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება;
  • ბავშვის ყველაფრისგან დაცვა შეუძლებელია – გარე სამყარო უსაფრთხო ადგილი არ არის და ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ ყველა სირთულე, რომლებსაც ბავშვი შეეჯახება. მშობლების შფოთვა და წუხილი გასაგებია, ცხოვრებისეული გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს „იწინასწარმეტყველონ“, როგორ განვითარდება სიტუაცია და ეშინოდეთ, რომ მომდევნო ჯერზე ჩხუბისას მათი შვილი კანზე სილურჯეების და თავზე კოპების გარეშე ვერ გადარჩება. თუმცა, ბავშვის ინტერესების დაცვის მოტივით, მისი თანხმობის გარეშე, ხანდახან კი მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც თანატოლებთან მის ურთიერთობებში ჩარევით ჩვენ ბავშვს ვართმევთ შესაძლებლობას, გამოიმუშაოს საჭირო უნარები სირთულეებთან გასამკლავებლად;
  • ბავშვთა შორის კონფლიქტით გამოწვეული საფრთხის გადაფასება არასასურველია – ხშირად პატარებს შორის კონფლიქტი შეიძლება არც იყოს ისეთი სერიოზული, როგორც ეს უფროსებს გვეჩვენება. არ არის გამორიცხული, რომ გადავაფასოთ სიტუაციის სირთულე და დავამატოთ მას ჩვენი საკუთარი შფოთვა, განცდები და ხშირად პირადი გამოცდილებაც. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ვერ დაგვეხმარება ბავშვთან მუშაობისას კონფლიქტის მოგვარებაში;
  • პასუხისმგებლობის გადანაწილება ბავშვთა შორის კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი პრინციპია – თუ კონფლიქტურმა სიტუაციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მშობლები და მასწავლებლებიც ჩაერთნენ მასში, მისი მოგვარება მხოლოდ ყველა ჩართული, დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს პასუხისმგებლობის თავისი საკუთარი არეალი და კონფლიქტის სხვა მონაწილეებზე გავლენის საკუთარი ბერკეტები. მასწავლებელი პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე. მის პასუხისმგებლობაში შედის მშობელთა დროული ინფორმირება აღმოცენებული სირთულეების შესახებ, ბავშვთა შორის დიალოგის ხელშეწყობა და კონფლიქტის მართვა. მშობელი პასუხისმგებელია შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მის აღზრდაზე, უცხო საზოგადოებაში ქცევის წესების დაცვაზე. ის ასევე მოქმედებს, როგორც ბავშვის წარმომადგენელი საკითხის ოფიციალური განხილვის შემთხვევაში. ბავშვი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. თუმცა მას ყოველთვის არ ყოფნის რესურსი ამისათვის, განსაკუთრებით თუ ის დაწყებითი კლასების მოსწავლეა. ქცევის ნორმების დარღვევაზე უფროსების კონსტრუქციული რეაგირება სწორედ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რა გააკეთოს თანატოლებთან კონფლიქტის დროს:

  • ავუხსნათ, გავაგებინოთ ბავშვს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ საუბრით შეიძლება. სწორედ საუბარია კონსტრუქციული ურთიერთობის საფუძველი. ვასწავლოთ ბავშვს დიალოგის წარმართვა და ამის მაგალითი ჩვენ თავად მივცეთ – ისე გამოვხატოთ ბავშვთან ჩვენი პოზიცია, რომ არ დავუკარგოთ მას ჩვენი მოსმენის სურვილი. მშობლის პირველი ნაბიჯი ბავშვთა შორის კონფლიქტში ჩარევისას ხშირად საკუთარ შვილთან ხანგრძლივი მონოლოგია, რომელიც მოიცავს შიშს, შფოთვას, ასევე იმ საფრთხეების პროგნოზირებასაც, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, ან შეიძლება კიდევ მოხდეს. ასეთი მონოლოგის მთავარი ნაკლია მეტყველების ციკლურობა, როდესაც ყველაზე სწორი აზრი (რა თქმა უნდა, არაერთხელ თქმული) ჟღერს კვლავ და კვლავ. ამის გამო ბავშვი წყვეტს მშობლის სიტყვებზე რეაგირებას და მის მონოლოგს ხმაურად აღიქვამს. ბავშვის ყურადღების შენარჩუნება მხოლოდ დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. დიალოგის პროცესში შეიძლება შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია, მივაღწიოთ შეთანხმებას სამომავლო ქცევის წესებზე, თავად ბავშვისგან გავიგოთ სიტუაციასთან დაკავშირებული მისი აზრები და განცდები;
  • ბავშვთა შორის კონფლიქტში ჩარევისას არასოდეს დავიკავოთ რომელიმე ერთი მხარის პოზიცია მაშინაც, თუ ჩვენთვის აშკარაა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ჩვენს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ბავშვები უსამართლოდ და მიკერძოებულად აღიქვამენ. ისინი აღარ გააგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას, თუ ჩვენ არბიტრის როლში აღგვიქვამენ;
  • კონკრეტული სიტუაციის განხილვისას ნუ შევეცდებით მოსამართლის როლში ყოფნას და იმის განხილვას, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. უმჯობესი იქნება, თუ პირად კონფლიქტებს სამართლებრივ პროცესად არ გადავაქცევთ. შევეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს, რომ ვინც არ უნდა დაიწყოს კონფლიქტი, ყოველთვის ორივე მხარეა პასუხისმგებელი მოვლენების შემდგომ განვითარებასა და შედეგზე. ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს;
  • როდესაც ბავშვებს კონფლიქტის მოგვარებასა და დაგროვილი წყენისა და ბრაზისაგან განთავისუფლებაში ვეხმარებით, დავრწმუნდეთ, რომ ისინი ერთმანეთის პირად შეურაცხყოფაზე არ გადავლენ. თუ ბავშვი საუბრობს იმაზე, რამ გაანაწყენა და გააღიზიანა, მან უნდა აღწეროს პარტნიორის ქმედებები, სიტყვები და არა მისი ფიზიკური და პიროვნული ნაკლოვანებები;
  • მნიშვნელოვანია, რომ თავად ჩვენ შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა ბავშვთა შორის კონფლიქტების მოგვარებისას;
  • შევეცადოთ ნათელი მოვფინოთ კონფლიქტურ სიტუაციას, წარმოვაჩინოთ ორივე მხარის რეალური პრობლემები და ინტერესები;
  • შევაფასოთ გარემოებები და ბავშვის ქცევის მოტივები, გამოვარკვიოთ, დავადგინოთ კონფლიქტების მიზეზები, რამ გამოიწვია ის. თითოეულ მხარეს ვთხოვოთ ახსნას საკუთარი სურვილები, გრძნობები და განცდები. ამავდროულად თითოეულის ყურადღება მივაპყროთ მეორის სიტყვებს იმისათვის, რომ მათ გაიგონ ერთმანეთის ქცევის მიზეზები;
  • არასოდეს დავტოვოთ კონფლიქტი გადაუჭრელი, მოუგვარებელი. გამწვავებული კონფლიქტის დროს გადავრთოთ ბავშვის ყურადღება სხვა მიმართულებით, მივცეთ საშუალება, დაწყნარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდეთ პრობლემას და მის განხილვას;
  • მივცეთ ბავშვებს საშუალება, გაიაზრონ და გადაამუშაონ ის, რაც მოხდა. გავხდეთ შუამავალი საუბრის პროცესში. დავსვათ შეკითხვები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს გაიგონ მომხდარის აზრი, ასევე როგორ შეიძლებოდა კონფლიქტის თავიდან აცილება, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყველამ მიიღოს ის, რაც სურს და არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად, როგორ მოიქცნენ შემდეგ ჯერზე მსგავს სიტუაციაში;
  • ყურადღება გავამახვილოთ ბავშვების გრძნობებზე, ვასწავლოთ მათ ბრაზის ამოცნობა და მართვა. მთავარია კომპრომისამდე მისვლა და ბავშვებისთვის იმის დამტკიცება, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერა და მისი გვერდში დგომა. ხშირ შემთხვევაში კონფლიქტურ სიტუაციებში ბავშვები თავად აგვარებენ პრობლემას და მშობლებამდე ინფორმაცია არც კი მიდის. მაგრამ, თუ კონფლიქტი სერიოზულია და სიტუაციაში სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს ესაჭიროება მშობლის მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა დაიკავოს პოზიცია – „ჩემი შვილი ყოველთვის მართალია, გარშემომყოფები კი მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან, მიკერძოებულები არიან“, მაგრამ ბავშვთან საუბარი, კონფლიქტურ სიტუაციაში მისი ქცევის განხილვა არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების თანდასწრებით. უკეთესი იქნება ეს გადავდოთ სახლში დაბრუნებამდე. მშობლის მხარდაჭერა ყველა ბავშვს ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა ბავშვი არასწორია, ცდება, დამნაშავეა. მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვის პიროვნება კი არ განვსაჯოთ, არამედ შევაფასოთ მისი კონკრეტული ქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ ბავშვმა ეჭვი შეიტანოს მშობლის სიყვარულში, რაც სამყაროსადმი მისი ნდობის საფუძველია.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა ვმართოთ სიტუაცია, კონფლიქტები ბავშვის ცხოვრებაში მომავალშიც მოხდება. თუმცა, დიალოგისთვის მისი მზაობა, გულწრფელობა და მშობლებისათვის სირთულეების გაზიარების სურვილი დაეხმარება ბავშვს, რომ სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიიყვანოს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთა კონფლიქტების პრევენცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე დაფიქსირებული კონფლიქტების წარმატებით მოგვარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“